როგორია 2014 წელს ქართული საზოგადოების ფსიქოემოციური მატრიცა და რა პროგნოზს აკეთებს მალხაზ გველუკაშვილი
მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც პატიმრობიდან შარშან ამ დროს გათავისუფლდა, საზოგადოებაში აქტიურად აღარ ჩანს. პოლიტიკური რეალობით იმედგაცრუებული, მთლიანად პროფესიონალურ საქმეებში გადაერთო. ქართული პოლიტიკური რეალობის, პოლიტიკური ელიტისა და ჩვენი საზოგადოების ძირითად მახასიათებლებს ის მეტაფიზიკის კანონებით ხსნის, რომლის მიხედვითაც, აქტიურ და წინააღმდეგობებით სავსე 2014 წელს გვპირდება.
მალხაზ გველუკაშვილი: ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად არ ვჩნდები, უფრო პროფესიონალურ საქმიანობას ვეწევი, ვწერ მასალებს და აქტიურად ვაქვეყნებ სოციალურ ქსელებში. მეცნიერება დღეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეობრივი აქტივობა. რა აზრი აქვს? ვისთან ერთად ვიყო აქტიური? იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, ციხეშიც კი ვიჯექი. არ მესმის, რატომ გამომიშვეს. უარს არ ვიტყვი, უკან რომ შემაბრუნონ, რადგან, გარეთ უკეთესს ვერაფერს ვხედავ. გარეთ უფრო მძაფრად ხედავ, როგორ დეპრესიულ მდგომარეობაშია საზოგადოება, რომელიც უკვე „გაიჭედა”. როცა არ არსებობს მიზანი ხალხში და ქვეყანაში, არც არაფერი გამოდის. დავიღალეთ ამდენი საუბრებით სამართლიანობის აღდგენაზე. რაც არ ყოფილა, რა უნდა აღდგეს? სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს, რომ წინ წავიდეთ და ერთი და იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ვინ მართავს ქვეყანას, ვის რისი უნარი აქვს და რა იცის? ადამიანების დიდი ნაწილი უკვე გარკვეულია და აზრზე მოვიდა, რომ არ შეიძლება ასე ბრმად ცხოვრება, უმიზნოდ სიარული, არჩევნის გაკეთება გარკვეული მომენტიდან გამომდინარე და არა გააზრებულად. ვერ ვხედავთ, რომ იმავე შედეგს ვიღებთ მუდმივად? ის, რომ არაფრის მაქნისი და უუნარო პარლამენტი გვყავს, არაა ჩვენი შეცდომა?! იქ არის ხალხი, ვისთვისაც ხმა არავის მიუცია, არადა, რომ ჰკითხოთ, მათ შეცვალეს ხელისუფლება. სინამდვილეში, ეს ხელისუფლება არავის შეუცვლია, არც „გრეჩიხას” დროინდელ გამოსვლებს და არც ამათ; რომ არ ყოფილიყო ციხის ამბები, არც არაფერი შეიცვლებოდა ამ ქვეყანაში.
– რა ეტაპზეა დღეს ჩვენი საზოგადოება?
– ქვეყანა არ უნდა განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, როგორც ცალკე სისტემა. ჩვენ ვართ გლობალური სისტემის ნაწილი და ყველაფერი განისაზღვრება იმით, თუ საით მიდის სამყარო, სად არის ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და რა არჩევანი გვაქვს გაკეთებული ამ სამყაროში. ნებისმიერი დღევანდელი ფაქტი არის იმ წინა პერიოდების გაგრძელება, რაც, ხშირ შემთხვევაში, დაფარულია ხოლმე. ის, რაც ხდება ჩვენთან, არის რეზონანსი იმ მუდმივი პროცესის, რაც ხდება მთელ სამყაროში. ჩვენ ვერ ამოვვარდებით იმ საერთო კონტექსტიდან და, გეტყვით, რომ, არა მარტო ჩვენთან, დღეს ყველგან რთული სიტუაციაა. რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ფსიქოემოციურ პორტრეტს, ის ყოველწლიურად იცვლება განწყობების მიხედვით. ჩვენი საზოგადოება არის დეპრესიული და „გაჭედილი”; ხვდება, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა. 2014 წელი ანტაგონისტური, წინააღმდეგობრივი წელია, როდესაც იწყება შინაგანი დაპირისპირებები. ჩვენს საზოგადოებას წინა წელი ჰქონდა ერთიანზე, რაც 19-ის პოზიციაზე „მეს” მოტივაციითა და ნათელში გასვლის იმედით მოდიოდა. 2014 წელს ჩვენს საზოგადოებას მატრიცის ძირითადი ხაზი აქვს 2-ზე, და ზის 20-ის პოზიციაზე. ოკულტური მეცნიერებების მიხედვით, 20-ის პოზიცია ნიშნავს უმაღლეს სამართალს. წელს ჩვენი საზოგადოება მოითხოვს უმაღლეს სამართალს, შესაბამისად, ეს იქნება უაღრესად დაძაბული წელი. ხალხს ექნება უფრო დიდი ენერგია, რადგან, მძლავრობს ციფრი 2, რომელიც წინააღმდეგობათა ერთობლიობაც გახლავთ. ეს არის ბინერულ-ანტაგონისტური ციფრი, რომელიც დაკავშირებულია მოძრაობასთან; შესაბამისად, წელს ჩვენი საზოგადოება იქნება მოძრავი პოზიტიური მხრიდან, მაგრამ, თუ ამ ციფრს საზოგადოებასთან კავშირში ნეგატიური კუთხით განვიხილავთ, მაშინ, აუცილებლად ღმერთის მფარველობა დაგვჭირდება. საზოგადოების ძირითადი მოთხოვნები გაივლის მატერიალურ ასპექტებზე, სამართალიც მატერიალურია. შუა, 4-5-6-ის დიაგონალი არის იმდენად მძლავრი, რაც არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში არც ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ძირეული მოთხოვნები დაკავშირებული იქნება წმინდა მატერიალურ-სოციალურ საკითხებთან. 2014 წელს საზოგადოებამ, შესაძლოა, ფეხზე დაიკიდოს კანონი და გახდეს შურისმაძიებელი, რაც არ იყო გასულ წელს, რადგან, წელს მატრიცაში არ გვაქვს 8 – კანონის ციფრი. რადგან მთელი წყობა, როგორც უკვე გითხარით, ზის მეოცე არკანზე, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა აღსრულდეს უმაღლესი სამართალი. ძველად მეოცე არკანს, იცით, როგორ ხატავდნენ? ამ პოზიციაზე მიცვალებულებიც კი დგებიან საფლავებიდან და ღმერთს შესთხოვენ შველას; ყველა პასუხს აგებს – ცოცხალიც და მკვდარიც. მეოცე არკანით ხატავდნენ მეორედ მოსვლის, საყოველთაო განკითხვის პოზიციას. საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება წინააღმდეგობრივი პოზიცია, თუმცა, ეს არის მშვიდ სიტუაციაში განხილული სურათი. ექსტრემალურ ვითარებაში წლის ციფრი იქნება სამი ორიანი, რაც გააძლიერებს ექსტრემალურ გამოვლინებებს, შვიდიანების გაძლიერება კი მიუთითებს, რომ საზოგადოება თვითონ იფიქრებს საკუთარი თავის დაცვას სიტუაციის გაცნობიერების შემდეგ. არის შანსი, საზოგადოებამ თქვას თავისი სიტყვა, რაც არ იქნება სასიამოვნო ახალი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის.
– როგორია იმ ადამიანების ფსიქო-ემოციური მატრიცა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ?
– მე მაინც პრეზიდენტით დავიწყებ ამ დახასიათებას, თუმცა, მისი პრეზიდენტობის მე ნაკლებად მჯერა. გიორგი მარგველაშვილი ბუნებით მშვიდობისმოყვარეა, მგრძნობიარეა და მსუბუქად მშიშარა და, ეს ყველაფერი, მისი ძალაცაა და სისუსტეც. მას შეუძლია, ინტუიტიურად იგრძნოს, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ სხვები, რის გამოც ის საკმაოდ ტაქტიანი, დიპლომატიური და მომთმენია. კარგად მუშაობს კოლექტივში, შეუძლია, ჰარმონიულად შეეწყოს წინააღმდეგობრივ პოზიციებს. მისი ჰიპერმგრძნობელობა, შესაძლებელია, გახდეს მისი ჩავარდნის მიზეზი. ამიტომ, ის ხშირად ინტუიციურად ცდილობს, დამალოს საკუთარი აზრები და გრძნობები. გაურბის კონფრონტაციას და საკმაოდ დელიკატურია. დიპლომატიური ოსტატობა და ორგანიზატორული ნიჭი საშუალებას აძლევს, გადაწყვიტოს რთული ამოცანები. აქვს დაცულობისა და კომფორტის ძლიერი მოთხოვნილება. უყვარს მშვიდი გარემო. მისი ძირეული მახასიათებლებია: შრომისმოყვარეობა, სიფრთხილე, ინიციატივა; მისი მოტყუება არ შეიძლება, რადგან, ის ამას ცუდად იმახსოვრებს, მაგრამ, თავადაც უნდა მოერიდოს თავის მოტყუებას – მას აქვს ასეთი მიდრეკილება. მას არ უყვარს იმის გამომზეურება, რაც სულის სიღრმეში აქვს დამალული და, ამიტომ, ხშირად იყენებს ფარად იუმორსა და არაფრისმთქმელ სიტყვებს. ზედმეტად მგრძნობიარე და დამოკიდებულია სხვათა შეხედულებებზე, რის გამოც ხშირად იმყოფება დამუხრუჭებულ მდგომარეობაში. უყვარს სწავლა. აქვს ანალიზისა და აბსტრაგირების უნარი, თუკი, რა თქმა უნდა, ცოდნის სიღრმე შეუწყობს ხელს. პრაგმატული და რეალისტია. შორსაა ტრადიციული ღირებულებებისგან. ამჯობინებს თავისუფლებას, რომელზეც თავისი შეხედულებები აქვს. ურჩევნია, იმსჯელოს ხელშესახები ფაქტის გარშემო. უჭირს ცხოვრების ემოციური ასპექტების სიღრმეებში გარკვევა. რაციონალისტია. აქვს მიდრეკილება ეგოცენტრიზმისკენ. მშვიდი და კომუნიკაბელურია. ახასიათებს სიზუსტე, კონკრეტულობა და ორგანიზებულობა. აკურატული და პუნქტუალურია. ხშირად ცდება, რადგან, სიღრმულად ვერ აღიქვამს არსებულ გარემოს, საზოგადოებას.
2014 წელი ძალიან მკაცრი იქნება პრემიერ-მინისტრისთვის. მისი ძირითადი ციფრი არის 5, რაც ადამიანს გარკვეული გამოცდების ჩაბარების წინაშე აყენებს. ძირითადი პოზიცია, რომელზეც ის დგას, მთავრდება აპრილში და მაისიდან ეწყება მკაცრი პოზიცია, ამიტომ, მისი მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მაისამდე. ირაკლი ღარიბაშვილის ბედისწერის პოზიცია მთლიანად გადის ცხრიანზე – არც ისეთი ამბიციურია, როგორც ჩანს ერთი შეხედვით; ყოველთვის სჭირდება ბიძგი, დიდი მხარდაჭერა და, შესაბამისად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოიპოვებს ის ამ მხარდაჭერას. პრემიერი წელს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნის პოზიციაზე დგას, იმის მიუხედავად, რომ მას აქვს დიდი შინაგანი ენერგია, რასაც გვიჩვენებს მისი სამი ორიანი; აქვს საკმაოდ სუსტი „მე”. ის არ უჩივის ინტუიციას, არის სამართლიანი, სკურპულოზური, ყურადღებას აქცევს დეტალებს, თუმცა, დიდი მათემატიკური ლოგიკით არ გამოირჩევა. შინაგანი ბუნებით არის შემოქმედებითი ტიპის ადამიანი, მთლიანად გახსნილი აქვს ციფრები 3, 6, 9, რაც იმის ნიშანია, რომ ყველა პრობლემას შემოქმედებითად უდგება. არის ნიჭიერი კაცი, კარგი მეხსიერებით, მაგრამ, ორი 9-იანი მიანიშნებს, რომ ახსოვს ყველაფერი, მათ შორის – წყენა და ბოღმა. მისი ჯიუტი ხასიათი მას მებრძოლ თვისებებს უყალიბებს, თუმცა, მასზე გავლენის მოხდენა არაა რთული. ბუნებით ლიდერი არაა. ფსიქოემოციური მატრიცის მაჩვენებლებით, ის არაა უარყოფითი ტიპი, მაგრამ, მასში დამოუკიდებელი ძალა არ არის მძლავრი. აქვს კარგი ადამიანური თვისებები, თუმცა, პოლიტიკური ლიდერისთვის ეს საკმარისი არ არის. ექსტრემალურ სიტუაციებში თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან, მას წლევანდელ წელს აქვს სამი ერთიანი, რაც საკუთარი „მეს” გამოვლინების გაძლიერებას ნიშნავს, თუმცა, პრემიერ-მინისტრს სიტუაციების ბოლომე მიყვანა საკმაოდ გაუჭირდება. გარკვეულ მომენტებში, მას შეიძლება მოუწიოს უკან დახევა იმ ტრადიციულ ღირებულებებზე, რაც აქვს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ მოსწონს და „მისი” არაა. ვინაიდან ახალი წელიწადი ასტრონომიული თვალსაზრისით იწყება 21 მარტს, ჩვენ ჯერ კიდევ წინა წლის გარდამავალ პროცესებში ვართ, ასე რომ, მარტიდან, შესაძლოა, დიდი ამბები გველოდეს წინ.