ვისთვის გამოჰქონდა სამედიცინო ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს ქალიშვილობის „ვერდიქტი“ და რა აღმოაჩინა მან კანონიერი ქურდის კუჭში
32 წელია, რაც ალექსანდრე გეჯაძე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მუშაობს, მის პროფესიულ „ანგარიშზე” ბოლო პერიოდის ბევრი რეზონანსული და გახმაურებული საქმეა. თუმცა, ის დროც ახსოვს, როცა ეგრეთ წოდებულ „არამიანცის” მორგში კოლეგებთან ერთად, გაკვეთის რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა, და ისიც, თუ როგორ უწევდა ახალდაქორწინებულ წყვილებთან „ქალწულობის ინსტიტუტის” დაცვა. დღეს ალექსანდრე გეჯაძე დამოუკიდებელ სასამართლო-ექსპერტიზის ცენტრს „ვექტორს” ხელმძღვანელობს, სადაც დღეს თანამედროვე მეთოდიკით ისეთი ექსპერტიზის ჩატარებაც კი ხდება, რაც ერთი შეხედვით ფანტასტიკის სფეროს შეიძლება მიაკუთვნოთ.
ალექსანდრე გეჯაძე: დამოუკიდებელი სასამართლო-ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი” 2005 წელს დაარსდა. მე თავად პროფესიით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გახლვართ. 2004 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის უფროსის მოადგილედ. ჩვენი ცენტრის საქმიანობის მთავარი მიმართულება თავიდანვე იყო სამედიცინო-საექსპერტო საქმიანობა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საექიმო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით. ვატარებდით გვამების ექსპერტიზას იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო სექტორის მიერ გაცემული დასკვნები ეჭვსა და უნდობლობას იწვევდა. ჩვენს საქმიანობას მალევე დაემატა და დღემდე ვმუშაობთ ცოცხალ პირთა ექსპერტიზაზე – თუ რა ხარისხის დაზიანება მიიღო ადამიანმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, შეეძლო თუ არა საკუთარი ხელით მიეყენებინა ესა თუ ის დაზიანება, ხომ არ არის ცდომილება ამ დაზიანებების ხანდაზმულობაში და ასე შემდეგ. ვმუშაობთ სქესობრივ სფეროში ჩადენილ ფაქტებზე: ვადგენთ, აქვს თუ არა ადგილი გაუპატიურების მცდელობას, საქალწულე აპკის დარღვევის ხანდაზმულობას, სქესობრივი შეუღლების უნარს, ანუ აქვს თუ არა მამაკაცს ფიზიკური შესაძლებლობა და პოტენციალი სქესობრივი აქტის დამყარებისთვის, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, როცა სქესობრივ ძალადობაში ხანდაზმულ მამაკაცებს ამხელენ. ჩვენთან ხდება კომპლექსური გამოკვლევები. ჩვენს ცენტრთან თანამშრომლობენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: კარდიოლოგი, უროლოგი, მეან-გინეკოლოგი. ჩვენი ექსპერტები არიან ისეთი ცნობილი ექიმები, როგორებიც არიან: ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორი პალიკო კინტრაია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შარაშიძე, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი თამაზ არეშიძე, ანგიოლოგი მერაბ ბოხუა და ასე შემდეგ. გარდა სამედიცინო პროფილისა, ცენტრი მუშაობს სხვა მიმართულებითაც. ცენტრის დაფუძნებიდან საკმაოდ მალე, შეიქმნა საჭიროება, რომ გაგვეფართოებინა ჩვენი რესურსი და დავიწყეთ მუშაობა საფინანსო-საბუღალტრო, საინჟინრო და ყველა სახის სასაქონლო ექსპერტიზაზე, მოძრავი და უძრავი კვლევის ობიექტებზე, ავტოტექნიკურ, კრიმინალისტიკურ და გრაფიკულ ექსპერტიზაზე. ეს უკანასკნელი მოიცავს კვლევას ესა თუ ის ხელმოწერა კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნის თუ არა. გრაფიკული ექსპერტიზის დროს უკვე იმის დადგენაც კი ხდება, მარცხენა ხელითაა დაწერილი თუ მარჯვენათი, ფეხზე მდგომმა მოაწერა ხელი თუ მჯდომიარემ. დაკვეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების გამოცდილება. ვმუშაობთ ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე – არის თუ არა აუდიო ან ვიდეომასალაში მონტაჟი. ჩვენი მიმართულებაა ასევე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზებიც – რეალურად ვინ არის გამოსახული ამა თუ იმ მასალაზე. მაგალითად, ჩვენ დაგვიკვეთეს ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის შვილთან იყო დაკავშირებული. ჩვენ გადმოგვეცა ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც უნდა გამოგვეკვლია, რა ეჭირა ხელში პატარა „გრეჩიხას” რესტორანთან მომხდარი გახმაურებული ინციდენტის დროს. ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ მას ხელში არ სჭერია დანის მსგავსი ობიექტი. ამ დასკვნამ არსებითად შეცვალა გამოძიების პოზიცია. 2005 წლიდან ხელისუფლების ცვლილებამდე ყველაზე მასიურად დაკვეთები იყო პატიმრების ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე. ჩვენი ცენტრის მიერ გაკეთებული დასკვნები მიდიოდა სტრასბურგის სასამართლოში, რადგან დაკვეთების უმეტესობა იმ პერიოდის ცნობილ ადვოკატებს ეკუთვნოდა, რომელთა ერთი ნაწილი დღეს პოლიტიკაშია. ისინი ძირითადად გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდნენ, შესაბამისად, ჩვენი ცენტრის მიერ გაცემული დასკვნები ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო რეზონანსულ თემებზე.
– თქვენ მუშაობდით ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორისაა, გარდაცვლილი სერგო თეთრაძის საქმეც. თქვენმა ცენტრმა სახელმწიფო ექსერტიზისგან განსხვავებული დასკვნა დადო. გარდაცვალებიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი, გვამის ექსჰუმაციის შედეგად, გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა?
– ექსჰუმაცია ეფექტურია და თითქმის ყოველთვის იძლევა შედეგს, როცა დაზიანებულია ძვლოვანი სხეული. რა დროც არ უნდა იყოს გასული გარდაცვალებიდან, თუნდაც ათი წელი, ძვლის დაზიანების შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას წყალი არ გაუვა. როცა აფრასიძეების საქმეზე ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ აფრასიძეს თითი მოაჭრეს და ისე მოხსნეს ბეჭედი, მე ვამბობდი, ჩატარებულიყო ექსჰუმაცია და იმის მიუხედავად, რომ დრო იყო გასული, მაღალი ალბათობით კვალი უნდა ყოფილიყო დარჩენილი. იგივეს ვამბობდი ზურაბ ჟვანიას საქმეზეც. როცა ითქვა, რომ მას თავში ჩაარტყეს საფერფლე. ექსჰუმაცია აუცილებლად დადებდა ამ ვერსიის „პასუხს”. ექსჰუმაციის შედეგი საეჭვოა მაშინ, როცა პრობლემა დგას რბილ ქსოვილებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვალების ვადას – დროის პერიოდს, როცა გარდაიცვალა ობიექტი და ნიადაგს, სადაც დასაფლავებულია გვამი. ნესტიან ნიადაგში ლპობის პროცესი სწრაფად მიდის, არის შემთხვევები, როცა გვამის გამოშრობა ხდება ჩირივით და ცხედარი უფრო შენახულია. ჩვენ რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ვმუშაობდით, ძალიან შეგვიშალა ხელი დრომ, რომელიც მისი გარდაცვალებიდან იყო გასული. მოგეხსენებათ, ამ საქმეში ძალიან ბევრი გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები იყო. სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში შეყვანიდან მესამე თუ მეოთხე დღეს გარდაიცვალა. სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებამ დადო დასკვნა, რომ სიკვდილი განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ. ჩვენ გამოვითხოვეთ გარდაცვლილის დოკუმენტაცია თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი პოლიკლინიკიდან. ძალიან საინტერესო ფოტო წარმოადგინა ჭირისუფალმა, რომელიც გადაუღეს გარდაცვლს. თუმცა, მისი გამოჩენა გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახმა უფრო ადრე ვერ შეძლო. ფოტოზე გარდაცვლილს სახის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები. ჩვენ ჩავატარეთ გვამის ექსჰუმაცია. ეს მოხდა გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და დავადგინეთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა, რაც არ იყო აღნიშნული სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში. ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ სიკვდილი, მაღალი ალბათობით, განპირობებული იყო ტრავმული გენეზით, თუმცა, გვამის ხანდაზმულობის გამო ამის კატეგორიული მტკიცება ვერ მოხერხდა.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, 26 მაისის მოვლენების დროს აღმოჩენილი ორი ცხედრის სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მათი გარდაცვალების მიზეზი გახდა ელექტროსადენები. მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. მოხდა გვამების ექსჰუმაცია და გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, რომელთაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინეს პირველად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში.
ჩვენი ცენტრი მუშაობდა სულხან მოლაშვილის საქმეზეც. ეს დაკვეთა მოდიოდა შალვა შავგულიძისგან, რომელიც სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო. ჩვენ შევისწავლეთ პატიმრობაში მყოფი სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტთა კომისიამ დადო დასკვნა, რომ სულხანს ჰქონდა არაერთი დაავადება, მათ შორის ღვიძლის ვირუსული C ჰეპატიტი. ამაზე დიდი ამბავი ატყდა, წერილით მომმართა იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც გვადანაშაულებდა არაობიექტურობაში და უამრავ პრეტენზიას გვიყენებდა. ამ წერილს დღემდე ვინახავ რელიკვიად. ამის შემდეგ სულხან მოლაშვილი გამოიკვლია ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ, რომელმაც მხოლოდ ჩვენ მიერ გახმაურებული დიაგნოზის შემდეგ აღმოუჩინა მას C ჰეპატიტი. ჩვენი დასკვნა გაიგზავნა სტრასბურგში, საიდანაც სახელმწიფოს დაევალა სულხან მოლაშვილის განკურნება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.
ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, ცენტრი ჩართულიყო იმ გახმაურებულ საქმეებში, რომლებიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. როცა წარმოგვიდგინეს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ფოტომასალა, ჩვენ ვნახეთ გარკვეული დაზიანებები, რომლებიც ფეთქებადი ტრავმის კვალი იყო და გამოვთქვით მზადყოფნა, ჩავრთულიყავით ექსჰუმაციის პროცესში. სახალხო დამცველიც დაგვიკავშირდა ამ თხოვნით, მაგრამ ამისი უფლება არ მოგვცეს. თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაში დაგვტოვეს მაშინ, როცა ხდებოდა ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცხედრის გადასვენება გროზნოდან როსტოვის ოლქის სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაში. ჩვენ მაშინაც გამოვხატეთ მზადყოფნა, ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში შექმნილი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ფარგლებში, ჩავსულიყავით როსტოვში და ერთად გამოგვეკვლია ცხედარი. საგარეო საქმეთა სამინისტროში საბუთები მზად იყო, მაგრამ ჩვენი ვიზიტი არ შედგა. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დამდგენი კომისია რომ შეიკრიბა პარლამენტში, ჩვენ გამოვთქვით ინიციატივა, ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი. არსებობდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის არქივში ინახებოდა საწოლის კიდე, რომელზედაც აღმოჩენილი იყო ნატყვიარი. მე განვაცხადე, იმის დასადგენად, იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. იმ სიგრძის და კონსისტენციის საწოლზე, იმ ადგილზე, სადაც მოხდა გარდაცვალება მოგვეხდინა გასროლის იმიტირება, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემდა. ეს წინადადება მოიწონეს, დაგვპირდნენ, რომ ყველა პირობას შეგვიქმნიდნენ ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მაგრამ ინიციატივა დარჩა ინიციატივად და გაგრძელება აღარ მოჰყოლია.
– პროფესიით ექიმი ხართ, რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ასეთი მძიმე სფერო – მუდმივად გვამებთან „ურთიერთობა”?
– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გვამებთან ასოცირდება, თორემ აქ ძალიან საინტერესო მიმართულებებია ცოცხალ პირთა ექსპერტიზაშიც. ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი ტომა პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა სამედიცინო ექსპერტი გახდა და გვამებზე დაიწყო მუშაობა. მე არ ვიცი, ამას როგორ შეხვდა ვასილ პავლოვიჩი, მაგრამ ტომა პროფესიონალი სამედიცინო ექსპერტი დადგა. მგონი, დღესაც მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში მუშაობს გამსვლელ ექსპერტად. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი მივხვდი, რომ ავადმყოფთან ურთიერთობას ეს საქმე მერჩია. მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა სასამართლო მედიცინით დავინტერესდი. როგორც კი ლექციები დამიმთავრდებოდა, მორგში მივდიოდი, სადაც არაოფიციალურად ვმუშაობდი – სანიტრის თანაშემწე ვიყავი. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი გივი კალანდაძე, მისი დამსახურებაა, რომ მე ამ სფეროში დავრჩი. მან მასწავლა და შემაყვარა ეს საქმე. თავიდან ძალიან გამიჭირდა – ფსიქოლოგიურად რთული იყო. ადამიანს ვუყურებდი, როგორც გარდაცვლილს და ეს იყო მძიმე. მერე და მერე, ეს ემოციები გაქრა, ყველა გვამს პროფესიონალურად, როგორც კვლევის ობიექტს, ისე ვუდგებოდი (იცინის). 32 წელია, ამ საქმეში ვარ, სულ ცოტა, 15 წელი მომიწია გვამებზე მუშაობამ. ეგრეთ წოდებულ „არამიანცის” ცნობილ მორგში 20-25, ზოგჯერ 35 გვამს ვკვეთდით თითო ექსპერტი თვეში.
– კომუნისტებს ამაშიც ჰქონდათ გეგმა?
– არა, ამ მხრივ გეგმა არ არსებობდა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ იყო ამდენი კრიმინალური შემთხვევა. ექსპერტიზა ხდებოდა იმ გვამებზეც, სახლში უცაბედად რომ გარდაიცვლებოდა ადამიანი, რომელიც არ იყო სამედიცინო აღრიცხვაზე. ოფიციალურად უნდა დადგენილიყო გარდაცვალების მიზეზი, თუმცა თუ ჭირისუფალი არ ითხოვდა, გარეგანი დაზიანებებით ვდებდით დასკვნებს. ექსპერტად ვმუშაობდი იმ პერიოდში, როცა მოხდა თვითმფრინავის გატაცება. მე ვიყავი ჩართული გია ტაბიძის გვამის გაკვეთაში. ძალიან კარგად მახსოვს ერთი საქმე. ცნობილი კანონიერი ქურდი იყო ტატო ხუნდაძე. 20 წელი ციმბირში ჰქონდა მოხდილი, ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ერთხელ სოლოლაკში ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს მფრინავის ფორმაში გამოწყობილი პიროვნების გვამი. მოიყვანეს ჩვენთან მორგში, არც პირადობა ჰქონდა, არც არაფერი. ერთადერთი, რაც ჰქონდა ტანზე, იყო სპეციფიური სვირინგები, რაც მიუთითებდა მის კავშირებს შავ სამყაროსთან. სამი-ოთხი დღე იკვლევდა სისხლის სამართლის სამძებრო და ბოლოს, როგორც იქნა დაადგინეს, რომ კანონიერი ქურდის, ტატო ხუნდაძის ცხედარი იყო. გვამს გაკვეთის დროს კუჭიდან პატარა კონტეინერი ამოვუღე. გვერდით სანიტარი მედგა, ვეხუმრე: პეტია, ავშენდით, ამ კონტეინერში ან ბრილიანტებია, ან რაღაც სხვა მსგავსი-მეთქი, გავხსენით კონტეინერი და ნარკოტიკით იყო სავსე. ეტყობა, ვიღაც დაადგა კუდზე, ცხონებულმა ნარკოტიკი გადაყლაპა და ასფიქსიით გარდაიცვალა.
– ამიტომაცაა, სულ რომ ამბობდნენ, ეს საქმე ყოველთვის სარფიანი იყოო.
– ამაზე მე გავჩუმდები. დასამალი არაფერია, მაგრამ მაშინ ხელფასზე არავინ ცხოვრობდა, მით უფრო, რომ ჩვენს სფეროში ძალიან დაბალი ხელფასი იყო. ეს საქმე მომხიბვლელი იყო იმ მხრივაც, რომ საჭირო ხალხი ვიყავით ძალოვანი სტრუქტურისთვის. გვქონდა გავლენიანი კავშირები, რაც იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი იყო.
– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ძალიან აქტუალური იყო „ქალწულობის ინსტიტუტის” დაცვაშიც. ბევრი ასეთი ისტორიის მომსწრე და მკვლევარი ყოფილხართ?
– უფ, ეს მართლაც ძალიან აქტუალური თემა იყო კომუნისტურ წყობაში. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა. „ქალიშვილობის ინსტიტუტი” მაშინ იყო მყარი, როცა მე ახალგაზრდა ექსპერტი ვიყავი. მოაწერდნენ ბატონო ხელს, გადაიხდიდნენ დიდ ქორწილს და მერე ცოლ-ქმარი გუგულებივით მოდიოდნენ ჩვენთან ქალიშვილობის „ვადების დასადგენად“ (იცინის). ეზოში ცალკე ჯგუფად იდგნენ ბიჭის გულშემატკივრები, ცალკე – პატარძლისა და ელოდნენ ჩვენს ვერდიქტს – იყო თუ არა პატარძალი ქალიშვილი. თუ დავდებდით დასკვნას, რომ საქალწულე აპკი შესაბამისი მორფოლოგიიდან ახალი დარღვეული იყო, ატყდებოდა ხოლმე ხალისიანი ხვევნა-კოცნა. თუ დასკვნა უარყოფითი იყო, გოგოს მხარე პირდაპირ გადადიოდა შეტევაზე მეორე მხარესთან ლანძღვა-გინებით. ასეთები ძალიან ბევრი იყო.