წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს
თბილისის ქუჩების ცნობილ სახეს, წვერულვაშიან ლამარა გეწაძეს რუსთაველზე შევხვდით და მასთან საუბარს ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ.
– მე არც გიჟი ვარ, არც მათხოვარი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც მაწანწალა. მე ვარ მოხეტიალე მარტოსული და ესაა სასჯელი, რომელიც ღმერთმა მარგუნა ჩადენილი ცოდვებისთვის. ნაგვიდან მხოლოდ პურს და „ბიჩოკებს“ ვიღებ, რადგან პურის მეტს, სხვას არაფერს ვჭამ და ბევრს ვეწევი. თუმცა, არც ესაა მთავარი. ბუნკერებს იმიტომ ვამოწმებ ხოლმე, რომ იქ ჩვილი ბავშვი არ იყოს ჩაგდებული და შემთხვევით სანაგვე მანქანამ არ გაიყოლოს. ზოგჯერ ნაგავში ცოცხალ ბავშვებსაც ყრიან. იქნებ გამიმართლოს და რომელიმე მათგანი გადავარჩინო. თავის დროზე ასე, ბუნკერ-ბუნკერ დავეძებდი ჩემს პირმშოს და ერთ-ერთი სახლის სარდაფში ცხვირპირმოჭმულს, ხელფეხმოკვნეტილს მივაგენი. ვირთხებს ის ნაგვიდან გამოეთრიათ და ჭამდნენ.
– გეტყობათ, რომ ენაც გიჭრით და გონებაც და ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
– განა ასეთი ბანჯგვლები და წვერ-ულვაში მქონდა ადრეც? იცი, რა გოგო ვიყავი? ქალაქში რომ გამოვიდოდი, ასობით მოშურნე და მოტრფიალე თვალი შემომცქეროდა ერთდროულად. არც ვინმეზე ნაკლები ჭკუა-გონება მქონდა. სკოლა რომ დავამთავრე, ქართული და რუსული ენების გარდა, ინგლისური და გერმანულიც ვიცოდი. მოგვიანებით, ფრანგული და იტალიურიც შევისწავლე და დღემდე არ დამვიწყებია არც ერთი. უმაღლესი განათლება რუსეთში მაქვს მიღებული. მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ექიმი-კარდიოლოგი ვარ. ისეთი ამაყი ვიყავი, რომ რწყილს არ დავისვამდი თავზე. თაყვანისმცემლები ბუზებივით მეხვეოდნენ, მაგრამ, ახლოს არავის ვიკარებდი – ფარულად ვტკბებოდი მათი ტანჯვით. ერთ ზაფხულს სოხუმში ჩავედი დასასვენებლად ჩემს ნათესავებთან. იქაც მრავალი თაყვანისმცემელი გამიჩნდა. იქვე ძმები მურად და დაურ თარბები ცხოვრობდნენ, რომლებსაც შევუყვარდი და ორივემ ცალ-ცალკე, ფარულად ამიხსნა სიყვარული. ძმების ვარიანტი „საკაიფოდ“ მეჩვენა, მათ შორის „ჩორტი“ ჩავაგდე და ერთმანეთს გადავკიდე. მურადი უფროსი იყო და დაურს ჩემთან ურთიერთობა აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯით დაემუქრა. ძმების ურთიერთქიშპი დიდ სიამოვნებას მგვრიდა და მურადი რომ გამეხელებინა, დაურს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში შევთავაზე მალულად შეხვედრა. ვიცოდი, მურადი მითვალთვალებდა და დაურს რომ შევხვდი, სამიოდე წუთში მისი უფროსი ძმაც გამოჩნდა. ძმები ჯერ სიტყვიერად შელაპარაკდნენ, შემდეგ მუშტი-კრივი გააჩაღეს. ჩხუბის დროს მურადმა ხანჯალი იშიშვლა და დაურს მკერდში აძგერა. ამის დანახვაზე მე დაჭრილთან მივვარდი კივილით და დაურს მაჯებში ჩავავლე ხელები, რომ არ წაქცეულიყო. ამდროს მისი პირიდან სისხლის ნაკადმა იფეთქა და მკერდზე შემომესხა. მურადი ერთხანს უაზროდ იდგა და სისხლიანი ხანჯალი მარჯვენა ხელში ეჭირა. შემდეგ გამოერკვა, მიწაზე გაშხლართულ ძმას მიუახლოვდა, დაიჩოქა, ხანჯლის წვერი გულზე მიიდო, ყუა კი მკვდარი ძმის მკერდს დაადო და მთელი ძალით მიაწვა. რამდენიმე წუთში მურადმაც დაურის ბედი გაიზიარა და მის გვერდით განუტევა სული. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ორივე ძმის ცოდვა ჩემს კისერზე იყო და მეც იქვე ჩავიკეცე უგონოდ. სოხუმიდან ჯერ თბილისში გამოვემგზავრე, შემდეგ კი მოსკოვში დავბრუნდი. დიპლომი ავიღე და გავიგე, რომ სამუშაოდ ანგოლაში გამანაწილეს. თარბების თავს დატრიალებული უბედურება ჯერ კიდევ თვალწინ მედგა და სიახლის განცდამ გუნება გამიხალისა. თუმცა, რა ვიცოდი, რომ წინ ახალი საშინელება მელოდა.
– ანგოლაშიც ვინმე მოკლეს თქვენ გამო?
– ანგოლაში საბჭოთა სპეცნაწილებში დავიწყე მუშაობა – ექიმ-კარდიოლოგად. ჩვენ იქ არალეგალურად ვიმყოფებოდით კუბელებთან ერთად. ექიმობის გარდა, სამხედრო საქმემაც დამაინტერესა და შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, რომ სხვადასხვა სახეობის იარაღიდან არ გამესროლა. ჩვენ იქ პოლიგონი გვქონდა, სადაც თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი. თაყვანისმცემლები არც ანგოლაში მომკლებია, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ისე მეჭირა თავი, ვერავინ მიბედავდა გრძნობების გამჟღავნებას. სამხედრო პოლიგონის უფროსი, მაიორი ვიტალი მასლოვიც ჩემზე იყო შეყვარებული. ოღონდ მეთქვა და საბრძოლო მასალის მთელ მარაგს მასროლინებდა. ერთხელ ვიტალის პოლიგონზე მივადექი და ყუმბარმტყორცნიდან სროლა ვთხოვე. მან შესაბამისი მოწყობილობა გამოიტანა. ასეთი სროლისთვის სპეციალური სახლი-სამიზნეები იყო აგებული და სროლის დაწყებამდე, მათ ყოველთვის ათვალიერებდნენ, რომ იქ, შემთხვევით ვინმე არ ყოფილიყო. ახლო-მახლო ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა და ზანგის პატარა ბავშვები ხშირად შემოდიოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. იმ დღეს ანგოლელების რელიგიური დღესასწაული იყო. ყველანი იქ იყვნენ წასულები და ვიტალის სამიზნეები არ დაუთვალიერებია. დავიწყე სროლა და ოთხი სამიზნე ოსტატურად დავაზიანე. შემდგომი სროლისთვის რომ მოვემზადე, სამიზნეების მხრიდან კნავილის მსგავსი ხმა შემომესმა და იქით გავემართეთ. ერთ-ერთ ნაგებობაში რომ შევედით, ჩვენ წინ საზარელი სურათი გადაიშალა. ბეტონის იატაკზე მუცელგაგლეჯილი ზანგის ქალი ეგდო, ხოლო მისგან ორიოდე მეტრში, ჭიპლარმოუჭრელი ბავშვი იკრუნჩხებოდა. ორივენი ცოცხლები იყვნენ. ბავშვი კნაოდა, ქალი კი მასთან მიხოხებას ცდილობდა. როგორც ეტყობა, ქალი აუტანელმა სიცხემ შეაწუხა და თავი გრილ ნაგებობას შეაფარა, სადაც ჩაეძინა. ჩემმა ნასროლმა ჭურვის ტალღამ ქალს მუცელი გაუგლიჯა. დედა-შვილმა ჩემ თვალწინ დალიეს სული. მე თვალებზე ბინდი გადამეფარა. ვიტალიმ კი დამაიმედა, თუმცა ამ მდგომარეობით ისარგებლა და მას შემდეგ, რაც დედა-შვილი მიწაში ღრმად ჩაფლა, ცოლობა მთხოვა. მეც დავთანხმდი. მე ოცდასამი წლის ვიყავი, ვიტალი მასლოვი კი – ოცდათვრამეტის. შოკიდან ვერ გამოვდიოდი, ყოველდღე დახოცილი დედა-შვილი მედგა თვალწინ და სიგიჟის ზღვარზე ვიმყოფებოდი. იქ გაჩერება აღარ შემეძლო, ამიტომ მოსკოვში დავბრუნდით, მაგრამ, ნეტავ, ანგოლაში დავრჩენილიყავით.
– მოსკოვში რაღა შეგემთხვათ?
– ვიტალი გენერალურ შტაბში მოეწყო, მე კი – კარდიოლოგიურ კლინიკაში და შოკიდან ნელ-ნელა გამოვედი. ძალიან მინდოდა შვილი, მაგრამ ვიტალი უშვილო აღმოჩნდა. სამი წელი უშედეგოდ მკურნალობდა. მაშინ გამოსავალი მე ვიპოვე და ხელოვნური განაყოფიერება ჩავიტარე, რაშიც 5 ათასი მანეთი გადავიხადე. მაშინ ეს ახალი ხილი იყო და ექსპერიმენტები მიმდინარეობდა. ვიტალის, რა თქმა უნდა, ეგონა, რომ მისგან დავფეხმძიმდი და სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. იმ პერიოდში ჩვენთან ჩემი ნახევარძმა ცხოვრობდა, რომელიც საავიაციო ინსტიტუტში სწავლობდა. მამით ერთნი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს სრულიად არ ვგავდით. ის ნახშირივით შავი იყო, კეხიანი ცხვირი ჰქონდა და მარცხენა ლოყაზე – ჯვრის ფორმის ხალი. ბიჭი გავაჩინე და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ძველი უბედურებები აღარ მახსოვდა. თავიდან ვიტალიც გახარებული იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა ჩვილი, მით უფრო ჩემს ნახევარძმას ემსგავსებოდა და ცხრა თვის ასაკში მას გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა. ვიტალი ჩემს ნახევარძმაზე ეჭვიანობდა და ის ჩვენგან წავიდა, ბინა სხვაგან იქირავა. როცა ჩემი ქმრის ფანტაზიებმა პიკს მიაღწია, მე ვიტალის ყველაფერი მოვუყევი. თუმცა, მან არ დაიჯერა. ერთ დღეს ვიტალი და ჩემი ძმა ერთად დავსვი და ის გამომიტყდა, რომ თავისი სპერმა თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში 100 მანეთად ჩააბარა. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა აღმოჩნდა და ჩემი ძმის სპერმით გამანაყოფიერეს... მე და ვიტალი ორი კვირა უსკანდალოდ ვცხოვრობდით. ერთ დღეს, დილით სამსახურიდან დავბრუნდი და ჩემი შვილი სახლში ვერ აღმოვაჩინე. ვიტალი გალეშილი მთვრალი დამხვდა და მიპასუხა: შენი ნაბიჭვარი ნაგვის ბუნკერში ჩავაგდეო... მე ჯერ ეს ბოროტი ხუმრობა მეგონა და ვიფიქრე, ვიტალის დედამ ხომ არ წაიყვანა-მეთქი, რომელიც ასიოდე მეტრში ცხოვრობდა. როცა ვერც იქ აღმოვაჩინე ჩემი შვილი, მისი ძებნა ბუნკერ-ბუნკერ დავიწყე და ნახევრად შეჭმული ვიპოვე. ბავშვი ხელში ავიყვანე, ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე. თვალწინ ჩემ მიერ დახოცილი ზანგი დედა-შვილი წარმომიდგა. შეჭმული ბავშვი ჩემს ჟაკეტში გავახვიე და სახლში ავედი. გალეშილ ვიტალის ეძინა. მე ის საწოლზე მაგრად მივაბი, პირი ჩვრებით ამოვუვსე, რომ არ ეყვირა და ტანსაცმელი წელზემოთ გავაძრე. შემდეგ დიდი ლანცეტი ავიღე, ჩემს ქმარს მკერდი გავუპე და გული ამოვუღე... გული რომ ამომქონდა, ის ჯერ კიდევ ფეთქავდა. მილიციაში ჩემი ფეხით მივედი და მას მერე მეხსიერება დავკარგე. მხოლოდ თერთმეტი წლის შემდეგ აღმიდგა გონება და გავიგე, რომ 2 წელი ციხეში ვიჯექი, 9 წელი კი – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. აზრზე რომ მოვედი, ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა. სიცოცხლე შემძულდა და ვენები კბილებით გადავიღრღენი. ოცი წლის წინ კი, სიზმარში უფალი გამომეცხადა და მითხრა, რომ საგიჟეთიდან გამწერდნენ. მართლაც, სამი კვირის მერე გამიშვეს და ჩემს ბინაში დავბრუნდი. ერთ ღამეს კვლავ უფალი გამომეცხადა და მითხრა, რომ მოხეტიალე უნდა გავმხდარიყავი, რათა ჩემი ცოდვები დამდაბლებით გამომესყიდა. ბინა გავყიდე, ფული უმწეო ბავშვთა ფონდს მივეცი და მას მერე ქვეყანაზე დავხეტიალობ. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ თხუთმეტი წლის წინ თბილისში დავბრუნდი. მას მერე ბუნკერ-ბუნკერ დავდივარ, ვათვალიერებ, ვეძებ გადაგდებულ ბავშვებს და ვფიქრობ, – იქნებ ბედმა გამიღიმოს, რომელიმე მათგანი გადავარჩინო, უფალმა ჩემი ცოდვები შემინდოს და თავისთან მიმიღოს...