რატომ მოქმედებს საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის განსხვავებული ტარიფები და რატომ არის ტარიფში მუდმივად ასახული ინვესტორების მიერ გაწეული ინვესტიცია
კომპანია „სოკარგაზმა“, რომელიც საქართველოს რეგიონებში ანაწილებს ბუნებრივ აირს, სემეკს თხოვნით მიმართა, რომ ამ უკანასკნელმა მას კუმშვადობის კოეფიციენტი დაუდგინოს, რათა კომპანიამ ზამთრის პერიოდში დანაკარგები თავიდან აიცილოს. საბოლოოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს გარკვეულ თვეებში გაზი გაუძვირდებათ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საქართველოს საგაზო სექტორის აქილევსის ქუსლი: თვით დედაქალაქშიც კი, არათუ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, გაზის ტარიფი განსხვავებულია და, ამას გარდა, მაინცდამაინც არც ისაა ცნობილი, რამდენად მსუყე, ანუ, კალორიულია ჩვენს სახლებში შემომავალი ბუნებრივი აირი. საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე განგვიმარტავს, რას ნიშნავს კუმშვადობის კოეფიციენტი, როგორია ჩვენებური გაზის ხარისხი და რატომ არის ჩვენი მომხმარებელი ენერგოკომპანიების ბედნიერებისთვის გაჩენილი.
– განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს „კუმშვადობის კოეფიციენტი”, რატომ გახდა მნიშვნელოვანი კომპანიისთვის მისი შემოღება და რით დააზარალებს ის მომხმარებელს?
– კუმშვადობის კოეფიციენტი აღწერს იმ პროცესს, როდესაც სიცივის, ანუ, ტემპერატურული ცვლილების გამო, გაზი მოცულობაში მცირდება. საერთოდ, გაზის ტარიფი გარკვეული ტემპერატურისთვის დგინდება. ნომინალური ტემპერატურაა 20 გრადუსი. ზამთარში, როდესაც ტემპერატურა ქვემოთ იწევს, გაზი მოცულობას კარგავს და, მრიცხველი, რომელიც სახლში გვიყენია და რომელშიც შედის გაზი, აჩვენებს ნაკლებს, რითაც კომპანია შემოსავალს კარგავს.
– მაგრამ, ზაფხულში ხომ მეტ შემოსავალს იღებს კომპანია?
– დიახ, ზაფხულში გაზი ფართოვდება და ამ შემთხვევაში, ზაფხულის კოეფიციენტის შემოტანაა აუცილებელი.
– ანუ, ზამთარში ნაკლებს აჩვენებს, ზაფხულში – მეტს.
– რა თქმა უნდა. თითოეულ ასეთ მრიცხველს აქვს თავისი მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი, როდესაც შეუძლია გაზის რაოდენობის სწორად გაზომვა. თუმცა, მე არ ვიცი, რა ტიპის მრიცხველები უყენია „სოკარგაზს“.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან, ძირითადად, მზიანი დღეებია, უხეშად რომ ვთქვათ, წელიწადში ძალიან ცივი და ძალიან ცხელი დღეების რაოდენობა აბალანსებს ერთმანეთს და, ამდენად, კომპანიის დანაკარგი დიდი არ უნდა იყოს.
– დიდი დანაკარგი არ უნდა იყოს, გეთანხმებით, იმიტომ, რომ საქართველო არ არის მაღალი ტემპერატურული რყევების რეგიონში, თუმცა, ზოგიერთ რაიონში, ყაზბეგსა თუ ბაკურიანში, ტემპერატურულმა ცვალებადობამ, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აღრიცხვაზე. მაგრამ, აქ სხვა რამეშია საქმე. არსებობს მრიცხველები, რომლებსაც უყენიათ ტემპერატურული კორექციის კომპენსატორები, რომლებსაც, თუკი ტემპერატურა შეიცვალა, თავად გადაჰყავთ აღრიცხვის მექანიზმის სხვა რეჟიმში და ზუსტად აღრიცხავენ გაზის რაოდენობას ნებისმიერი ტემპერატურის დროს. ყოველგვარი სუბიექტური მომენტი გამორიცხულია და დაყვანილია ტექნიკის დონეზე. ასე რომ, ყველაზე მართებული იქნება, იმ რაიონებში, სადაც კომპანიას მიაჩნია, რომ, ტემპერატურული რყევების გამო კარგავს შემოსავალს, დააყენოს ისეთი მრიცხველები, რომ, არც მათ იზარალონ და არც მომხმარებელმა. ჩვენთან ზამთარშიც კი არის დღეები, როდესაც ტემპერატურა პლუს 10 გრადუსია, ამ დროს კი არაფერიც არ იკარგება. ახლა რაღაც კორექტირების კოეფიციენტს გამოიყვანენ, რომელიც ან დაემთხვევა რეალობას, ან – არა და, შეიძლება, თვითონ კომპანიამაც იზარალოს, რადგან, საშუალო ტემპერატურაზე გადაანგარიშება საკმაოდ რთულია და საკმაოდ დიდ ცდომილებას მოგვცემს.
– კუმშვადობის კოეფიციენტის ცვლილება იმოქმედებს ტარიფზე?
– არა, ტარიფი ტარიფად დარჩება, ოღონდ, თქვენს მრიცხველზე გაზომილი გაზის რაოდენობა გამრავლდება რაღაც კოეფიციენტზე, რომელსაც დაადგენს სემეკი და თქვენ გეტყვიან, რომ მიიღეთ არა 100 კუბური მეტრი გაზი, რაც თქვენს მრიცხველზეა, არამედ – 120 და 120 გამრავლდება ტარიფზე.
– ამას ვგულისხმობდი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ხარჯი გაეზრდება, რადგან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას ტარიფის უშუალო ზრდას დავარქმევთ თუ კუმშვადობის კოეფიციენტის შემოტანას.
– ხარჯი იზრდება, მაგრამ, ორი მომენტია გასათვალისწინებელი: თუ ზამთრის კოეფიციენტი შემოგაქვს, მაშინ, კეთილი ინებე და ზაფხულისაც შემოიტანე და, რაც ყველაზე მთავარია, „სოკარი“ ახალ რაიონებს ამრიცხველიანებს და იქ უნდა დაყენდეს თანამედროვე მრიცხველები, რომლებიც ამ პრობლემას თავად წყვეტენ და ჩვენ არანაირი შეხება და ეჭვი აღარ გვექნება. რაც დაგვეწერება მრიცხველზე, იმას გადავიხდით.
– რატომ არ უნდა „სოკარს“ მრიცხველების გამოცვლა? მით უმეტეს, რომ მაინც მომხმარებელს ახდევინებს, რატომღაც, ყველა კომპანია მრიცხველის ფასს.
– მე არ ვიცი, უნდა თუ არა.
– ფაქტია, არ უნდა, თორემ, რატომ მიმართავდა სემეკს კუმშვადობის კოეფიციენტის შემოტანის თხოვნით?
– ასეთი მრიცხველები ძვირი ღირს. ახლა მრიცხველში გახდევინებენ 125 ლარს, თანამედროვე ტიპის მრიცხველი კი, შეიძლება, 200 ლარი ან მეტი ღირდეს. ის, რომ ჩვენ გვახდევინებენ ამ მრიცხველის საფასურს, არ მიმაჩნია სწორად.
– რატომ არის საქართველოს სხვადასხვა რაიონში გაზის ტარიფი განსხვავებული?
– ეს, შესაძლებელია, იმიტომ, რომ ტარიფი ემყარება მომსახურების ღირებულებას და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჯდება ამა თუ იმ რეგიონსა თუ რაიონში ამ ბუნებრივი აირის მიტანა.
– იმდენად მცირე ტერიტორიაა საქართველო, რა დიდი განსხვავება უნდა მოგვცეს? ეს ხომ არ არის ათასობით კილომეტრებზე გადაჭიმული რუსეთი?
– ეს ცოტა რთული საკითხია: თეორიულად, განსხვავება ტარიფში შეიძლება იყოს. იმ რეგიონებში, სადაც გაზი არ იყო და ახლა შეიყვანეს, კომპანიამ ჩადო ინვესტიცია, რომ გაზი მომხმარებლამდე მიეყვანა და ის ინვესტორმა უნდა დაიბრუნოს, ამაში ვერავის შეედავები.
– არც ვედავები: რომ დაიბრუნებს ინვესტიციას, შემდეგ დააკლოს ტარიფი და ეს იყოს ასახული ხელშეკრულებაში.
– ჯერ ერთი, უნდა აღირიცხოს ინვესტიციების გონივრულობა და სისწორე, რომ მაქსიმალურად სამართლიანი ტარიფი დადგინდეს, რათა არც კომპანიამ იზარალოს და არც მომხმარებელი დარჩეს მოტყუებული. ამდენად, სკურპულოზურად უნდა დადგინდეს ტარიფი და, ტარიფის დადგენა მხოლოდ არითმეტიკა არ გეგონოთ, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ასე რომ, ტარიფებში, შესაძლოა, იყოს განსხვავება რეგიონების მიხედვით.
– თბილისში ახალი და ძველი აბონენტების ტარიფებს შორის განსხვავებასაც ეს მიზეზი აქვს?
– ახალ აბონენტად ითვლება ის, სადაც გაზი არ იყო და თავიდან გახდა შესაყვანი – გლდანი, მუხიანი… კომპანიამ ასე დასვა საკითხი: უნდა გავწიო დამატებითი ხარჯი და ეს უნდა ავსახო ტარიფში. თეორიულად, ეს მიდგომა სწორია.
– ვინმე ითვლის, რამდენით გაზარდა ტარიფი ჩადებულმა ინვესტიციამ, როდის ამოიღებს მას ინვესტორი და როდიდან და რამდენით შეუმცირდება მომხმარებელს ტარიფი? თუ, შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასჭირდება უკვე შეყვანილ სისტემას, ახლა იმაში ჩადებს ინვესტიციებს კომპანია და ტარიფი მაინც იგივე დარჩება?
– 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავი მარეგულირებელი კომისიის წევრი. სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა „თელასის“, „გარდაბნის“ პრივატიზაცია. მაშინ მოითხოვეს ამერიკელებმა ძალიან მაღალი ტარიფები ელექტროენერგიაზე. რა თქმა უნდა, ყველაფრის დათვლა შეიძლება ზუსტად: რა ინვესტიციებია ჩადებული, რა ვადით. მაგალითად, „ეი ი ესს“ ჩადებული ინვესტიციები უნდა დაებრუნებინა 8 წელიწადში და ამის შემდეგ ტარიფი უნდა შემცირებულიყო. არავინ უპირებდა მათ ამ ვადის გაგრძელებას. ჩვენ დროს ისინი ითხოვდნენ 22 თეთრს და 7 თეთრი მიიღეს, რის გამოც ამერიკის იმდროინდელმა ელჩმა კინაღამ გადაგვდგა, მაგრამ, ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო. ასეა თუ ისე, 2008 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გადასინჯულიყო.
– არადა, პირიქით, მოიმატა.
– იგივე დარჩა, უბრალოდ, საფეხურეობრივი ტარიფი დაწესდა.
– რაც მაინც მომატებაა.
– და დაემატა ის, რომ 2025 წლამდე ეს ტარიფი ექნება, რაც სწორი არ არის.
– ის მაინც თუ იცის ვინმემ, ამოიღო „რაომ“ ინვესტიციები?
– ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ 2008 წლიდან ტარიფი უნდა გადახედულიყო, რაც ნიშნავდა შემცირებას?! ბოლოს და ბოლოს, „თელასს“ ვალებულება ჰქონდა, აეშენებინა ჰიდროელექტროსადგური არაჩვეულებრივი პირობებით: ჩვენ ვიხდიდით იმ ელექტროსადგურის ფულს, იმიტომ რომ, ეს თანხა დევს ტარიფში. მაგრამ, „თელასმა“ არ ააშენა და ამის ხარჯზე 400 მილიონი ლარი უკვე მიიღო, შეიძლება, მეტიც. მათ 2008 წელს დადეს პირობა: არ შემიმციროთ ელექტროენერგიის ტარიფი და ამის ხარჯზე ავაშენებ ჰიდროელექტროსადგურსო. სხვა თემაა, იყო თუ არა გონივრული გადაწყვეტილება ჩვნი მხრიდან ამაზე დათანხმება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ახალი 100-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური არ გვაწყენდა; მაგრამ, რომ არ აშენდა?! რას ველოდებით?! რატომ არ დგება საკითხი, რომ ტარიფი შემცირდეს და დაგვიბრუნდეს ის 400 მილიონი, რაც მე და თქვენ გადავიხადეთ?!
– თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ელექტროენერგიის საფასურს, უჭრიან სადენებს. „თელასის“ მიმართ არ არის გათვალისწინებული სანქციები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო?
– არის ეს მექანიზმები, ძირითადად, ტარიფის საშუალებით. ერთი თეთრითაც რომ შეამციროს ტარიფი, წელიწადში ეს არის 17 მილიონი და 25 წელი უნდა ველოდოთ ჩვენი ფულის დაბრუნებას, ხოლო, თუ ამ ფულის რეალურ ღირებულებას გავითვალისწინებთ, არც კი ვიცი, რას მივიღებთ 20 წლის შემდეგ. ასე რომ, სერიოზული თემაა, რა ვადებში უნდა დააბრუნოს და როგორ. ბოლო 10 წელია, სემეკი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. თუ ახლანდელი ხელმძღვანელობა, როგორც ქვეყნის, ისე რეგულატორის, გადაწყვეტს, რომ რეგულატორი იყოს დამოუკიდებელი და ამას რეგულატორი შეძლებს, ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვისაც, მომხმარებლისთვისაც და ინვესტორისთვისაც.
– ისევ გაზის თემას დავუბრუნდეთ: სემეკმა უნდა გასცეს ნებართვა კუმშვადობის კოეფიციენტის დადგენაზე. რატომ უნდა გასცეს, თუ ზაფხულისთვის არ იქნება დადგენილი კუმშვადობის კოეფიციენტი?
– ეს შესაძლებელია მხოლოდ სემეკის ნებართვით და გარკვეული ვადით. როგორც ვიცი, ეს მოხდება რამდენიმე ქალაქში და ყველაზე ხანგრძლივი ვადა ამ კოეფიციენტის გამოსაყენებლად მიცემული აქვთ 2014 წლის ბოლომდე. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ეს იქნება უფრო ნაკლები ვადით – 3-4 თვით. რაც მთავარია, კუმშვადობის კოფიციენტი იმოქმედებს მხოლოდ წლის ბოლომდე. ჟურნალისტების მონიტორინგი სწორედ ამისთვის გვჭირდება, შეასრულებს თუ არა ამ პირობას კომპანია.