ტყვიაზე აცრილები
და ვირით დანაყრებულები
მართალია, სურსათის უვნებლობის საკითხმა, მაშინ, როცა „დემოკრატიის შუქურა“ ვიყავით, ჩრდილში გადაინაცვლა: ოღონდ შემოსულიყო და ლამის კანიბალიც კი აღმოაჩენდა სათავისო სასუსნავს ამ ჩვენს ბაზარზე (საზღვარიც ღია იყო და შემოტანილ საქონელსაც არ ჰყავდა პატრონი).
თუმცა, ეს მაშინ იყო, ხოლო, ახლა, როდესაც თვით „რუსთავი 2-მაც“ კი ააფრიალა უფლებადამცველის დროშა, მის მახვილ თვალს ვერ გამოეპარებოდა და არც გამოჰპარვია კუმისის ჭალაში აღმოჩენილი ვირებისა და ცხენების არალეგალური სასაკლაო.
მათ მახვილ თვალს არ გამოეპარა, მთავარმა პროკურატურამ საქმე აღძრა (იმის გამოსავლენად, ვინ გაბედა), ხოლო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 16 იანვრიდან ხორცპროდუქტებით მოვაჭრე ყველა დაწესებულების შემოწმება დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია, რას გამოავლენს (და რით დაგვიხეთქავს გულებს), თუმცა, არა მხოლოდ ხორცით მოვაჭრე ხორცის გამომყენებელი ობიექტების შემოწმებაც არ გვაწყენდა (ვინაიდან, არავინ იცის დაზუსტებით, რისი ხორცი იმალება ხინკალსა თუ შაურმაში).
ამის პარალელურად, ისიც გაირკვა, რომ ირანიდან ტყვიის შემცველი მარილიც შემოჰქონდათ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, საქართველოს ბაზარზე არსებული საწვავი ტყვიით საფუძვლიანადაა გაჯერებული, წესით, უკვე საკმარისად უნდა ვიყოთ ტყვიაზე აცრილები.
მეორე მხრივ, თუ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ვერწმუნებით, ვირისა და ცხენის ხორცი საკვებად ვარგისია, ერთი ისაა, უნდა ვიცოდეთ, რას გვაჭმევენ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვირისა და ცხენის ხორცს (იქნებ, ძაღლისაც) არაერთი წელია, ვაგემოვნებთ (შემმოწმებელს, ბ-ნი ბენდუქიძის ძალისხმევით, წამლად რომ გეძებნა, ვერ იპოვიდი), იქნებ, ამიტომაც ვგავართ ვირისტვინნაჭამებს?!