მოითხოვეთ და მოგეცემათ
ანუ, შეუტიეთ თქვენც
ვირისა და ცხენის ხორცი იქით იყოს, ზედაც, „რუსთავი 2-ის“ მოთქმა-გოდება – ეს რას გვაჭმევენო (ცნობისთვის: 2012 წლიდან თვით სურსათის ეტიკეტირების დარღვევაზეც კი გაუქმებული იყო სასჯელი, თუმცა, ახლა მგოდებლებს მოწყენის მსგავსსაც კი ვერაფერს ვამჩნევდით), 2014 წლის 1 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდა, არც მეტი, არც ნაკლები, სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის.
პირველ ჯერზე წესის დამრღვევი 400 ლარით დაჯარიმდება, მომდევნოზე – 1 200-ით. მოთხოვნები კი შემდეგნაირია: სურსათის თითოეულ ერთეულზე საფუძვლიანად უნდა იყოს მიმაგრებული ეტიკეტი ქართულენოვანი წარწერით; სურსათის დასახელება და იქვე შემადგენლობა. რაც მთავარია, ეს უნდა ხდებოდეს გამოსაჩენ ადგილას და არა, ჩვეულებისამებრ, მოფარებულში.
აღნიშნული უნდა იყოს, შეიცავს თუ არა პროდუქტი საკვებდანამატებს და იწვევს თუ არა ალერგიას, ზედაც – ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ვიტამინებ-მინერალური ნივთიერებების ოდენობა და ჩამონათვალი.
ბუნებრივია, დამზადების თარიღი, ვარგისიანობა, შენახვისა და მოხმარების პირობებიც. მეტიც, თუ შენახვის ვადა მცირეა, კონკრეტულად ის თარიღიც უნდა იყოს დაკონკრეტებული ეტიკეტზე, რა ვადამდეც იგულისხმება მისი ვარგისიანობა.
რაც მთავარია, თუ პროდუქტში 0,9 პროცენტზე მეტია გენმოდიფიცირებული შემადგენელი, აუცილებლად უნდა მიეწეროს: „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“.
მეორე მხრივ, რაკი უკვე შეიარაღებული ვართ, სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებით, შევუტიოთ იმპორტიორებსა თუ სავაჭრო ობიექტებს, პრინციპით: მოითხოვეთ და მოგეცემათ!