რის დამალვა არ შეუძლია კრისტი ყიფშიძეს და რაში უშლის მას ხელს საკუთარი სტატუსი და ადგილი საზოგადოებაში
როდესაც კრისტი ყიფშიძეს ინტერვიუს ჩასაწერად შევხვდი, ის ტროსტით, თავზე შლაპით – მოკლედ, ჩარლი ჩაპლინის იმიჯით დამხვდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ცალ ფეხზე დაჭიმული მყესებია, რომელმაც ენერგიულ და მუდამ საქმიან კრისტის, ცოტათი შეუცვალა გეგმები.
კრისტი: საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჯდები. სულ მოძრაობაში ვარ, მიყვარს სადღაც წასვლა-მოსვლა, ფეხით შემიძლია, ძალიან ბევრი ვიარო, ამიტომაცაა ეს ჩემთვის რთული. „ჰოლიდეი ინში“, სადაც ახლა ვართ და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, ისეთი აურაა, ხვდები, რომ ძალიან გაწყნარებს. თან, აქ კვირაში სამჯერ დავდივარ ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ, მინიმუმ 3 საათი ვვარჯიშობ. ვერ ვჩერდები, სულ რაღაცას ვაკეთებ და წარმოიდგინე, ცოტა ხნის წინ, საღამოს, თოვლი, რომ მოვიდა თბილისში და არსად მოყინული არ იყო, მხოლოდ ერთადერთ ადგილას იდო 10-სანტიმეტრიანი ყინული, მაინცდამაინც მასზე დავაბიჯე, მოვსრიალდი, დავჯექი და მუხლი მივარტყი. ძალიან მეტკინა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. არ ვიცი, რატომ ვარ ასეთი, მაგრამ შემიძლია, ძალიან ძლიერი ტკივილი ავიტანო და გმირულად გადავიტანო. მე კი შემიძლია გადავიტანო, მაგრამ აღმოჩნდა, ჩემი ორგანიზმი ვერ გადაიტანს ამას – ამდენი ვარჯიში, ცოტა გადაღლა, დიეტა და მოკლედ, დილით გული წამივიდა. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ცუდად ვიყავი, მაგრამ მაშინ ვერც მივხვდი, რა მჭირდა, რისგან იყო ეს გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმ ფეხმა, გამოიწვია, რომელიც ვიტკინე. გადავიღე სურათი – მაქვს მყესების ძლიერი დაჭიმულობა. არ შეიძლება ბევრი სიარული, ცეკვა, ვარჯიში, პოდიუმზე გასვლა, მოკლედ – არაფერი. ყველაფერს ადვილად ვეგუები: ეს იმიტომ დამემართა, რომ მერე უფრო კარგი რამ მოხდეს – ვიწყნარებ ხოლმე თავს.
– როგორც ვიცი, სამსახურის მხრივ შენს ცხოვრებაში სიახლეებია.
– ვარ მაღაზიების – „დევიდ ჯონსისა“ და „ბონ ვიაჯოს“ ოფიციალური სახე და ეს არ ნიშნავს, მხოლოდ ფოტოების გადაღებას. დავამატე აქციები კრისტისგან. გარდა ამისა, ერთ-ერთ საიტთან გვქონდა მოლაპარაკება და საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარვდექი, როგორც ჟურნალისტი. ამ მაღაზიებში მოხდება ინტერვიუების ჩაწერა, ვისაუბრებთ მოდაზე. რესპონდენტებს, ალბათ, მე ავარჩევ და, გარდა ამისა, გამოკითხვების სახეც ექნება. მოკლედ, ხალხისთვის საყვარელი და საინტერესო რესპონდენტები გვეყოლება. რაც მთავარია, შემოქმედებითი ჯგუფი გვყავს, შოთიკო ბოჭორიშვილი კვლავ ჩემს გვერდითაა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაღაზია და კლიპში გადავიღეთ ჩვენი კონსულტანტები – ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. რაც მთავარია, ძალიან საინტერესო გამოვიდა.
– ცოტა ხნის წინ ინტერნეტში შენი მონაწილეობით ახალი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ბევრი გაკრიტიკებდა, ბევრს მოსწონდა.
– ბევრი მწერდა: არ გცივა? არადა, ეს ზაფხულში გადავიღეთ. ეს არ არის სარეკლამო რგოლი, კომედიური ჟანრის ფილმია. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თუმცა, ამას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რასაც ველოდებოდი კიდეც. მაგრამ, დიდად არ დავინტერესებულვარ, ცოტას გადავხედე. ყველას თავისი აზრი აქვს, არავის განკითხვას არ დავიწყებ. მე თვითონ ისეთი თვითკრიტიკული ვარ, რაც უნდა გავაკეთო, კმაყოფილი მაინც არ ვარ. ერთადერთი, რითაც ვარ – ეს ჩემი შვილია. მოკლედ, ეს არის 2-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც შვეიცარიაში იყო ფესტივალზე. თემა იყო საათები. გიგა აგლაძე, თეა და მე დიდი ხნის მეგობრები ვართ და მითხრეს: ვიცით, შენ ამას გააკეთებო და არა ის, რომ შიშველი უნდა გამოხვიდეო. შიშველი არც ვარ, საცურაო კოსტიუმი მაცვია. მთელი ზაფხული ასეთივე შორტებით დავდიოდი და რატომ გაუკვირდათ, არ ვიცი? რომ მითხრეს: შენ ამას შეძლებო, მეც დამაინტერესა, ჩემთვის საინტერესო იყო ასეთი სახის შექმნა. ინტერნეტ-რეკლამასავითაა, მაგრამ ეს უფრო არის კომედიური, გროტესკული, საერთოდ განსხვავებული ჟანრის ფილმი. ერთ მშვენიერ დღეს, იღვიძებს ქალი, რომელიც იკეთებს ორ საათს, ორივეს – კაცისას. ყრის სამოსს, წვავს და მერე გარბის ქუჩაში. ბოლოს კი კაცები მოჰყვებიან: ვეღარ ხვდები, ქალს მისდევენ თუ საათებს. მაგრამ, ეს ქალი იმდენად კმაყოფილია, სხვა არაფერი აინტერესებს.
– ასეთი ქალი ხარ?
– კი, ვარ. საერთოდ არ მიყვარს ტანსაცმელი, ძალიან მომბეზრდა სამოსი. ალბათ, ამ სფეროში 20 წელი რომ ტრიალებ – გაცმევენ, სულ ტანსაცმელზეა საუბარი, მერე, ეტყობა – უფასურდება.
– თუმცა, შენი სტილი გაქვს, რომელსაც ძალიან იხდენ.
– ეს ჩემი სამსახური, პროფესიაა. ამიტომ, არ მაქვს უფლება, რაღაც არ მოვიხდინო, ფორმაში არ ვიყო. წარმოიდგინე, რამდენ ჩვენებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არაფერი არასდროს არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს – უნდა მოვიხდინო. ცხოვრებაში ჩემი სტილი მაქვს, არ მიყვარს, როცა ვიღაცისნაირად მაცვია; ან მოდაში, რომ შემოვა, ყველა გიჟდება, გავარდებიან და ყიდულობენ.
– თქვი, თვითკრიტიკული ვარო და მოგეწონა იმ ვიდეოში შენი თავი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით?
– ვამბობ, რომ უკეთესი შემეძლო, რადგან ჩემი, არასდროს არაფერი მომწონს. როგორც კი მე რაღაც მომეწონება, იქვე დამთავრდება ჩემი კარიერა, რადგან ადამიანი სულ ახლის ძიებაში, ზრდაში, უფრო მეტისა და მეტის კეთებაში უნდა იყოს. უპრიველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გენეტიკას, რომლის მეშვეობითაც ვარ ასეთი. ვვარჯიშობ კვირაში სამჯერ, არ ვსვამ და ძალიან ცოტას ვეწევი. ვიცი, რამდენი ხანი მჭირდება ძილი და მაქსიმალურად კარგ ხასიათზე ვარ. დავდივარ ფეხით, ჯანმრთელად ვიკვებები, ხორცს არ ვჭამ, ვუვლი საკუთარ თავს და რაც მთავარია, ხაზს გავუსვამ ჩემს გენეტიკას – კარგი წინაპრები მყავდა. 36 წლის ასაკში, რომ კარგად გამოიყურები და ადამიანს მოუნდება, გადაგიღოს ფილმში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
– თან, შენი სამსახიობი ნიჭის გამოვლენაც გიწევს.
– რა თქმა უნდა და არ იცი, როგორ მიყვარს კამერა. მე და ობიექტივი შეყვარებულები ვართ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი და აზრი.
– კამერა ყველაზე ერთგული შეყვარებულია?
– კი და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს მიღალატებს.
– ბოლოს რომ ვსაუბრობდით, მითხარი: არ ვარ შეყვარებულიო. ახლაც მარტო ხარ?
– ჯერ არ გამოჩენილა. ძალიანაც რომ მინდოდეს, ამას ვერ დავმალავ. სხვათა შორის, რომ ვამბობ, შეყვარებული არ ვარ-მეთქი, ბევრს უკვირს, მაგრამ, ვერ ვხვდები, რატომ. ალბათ, ჩემი სტატუსი, რომ მაქვს და საზოგადოებაში რაღაცას წარმოვადგენ, იკეტება ჩემი აურა და არც არავინ მოდის ახლოს. ზოგადად, ძალიან მეგობრული, კონტაქტური ვარ, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ჩაკეტილიც. ყველასთვის გახსნილი და კეთილი კი ვარ და ამას არასდროს ვმალავ. მიხარია, რომ სიკეთის გაკეთება შემიძლია – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება, მაგრამ იმ რაღაცისთვის, ალბათ, ჩაკეტილი ვარ. ყველაფერი მაინც ბედისწერის ამბავია.
– როგორია შენი საახალწლო განწყობა?
– არასდროს არ მაქვს საახალწლო განწყობა. ჩემი დაბადების დღეც დიდად არ მიყვარს, ძალიან იშვიათად ვიხდი. ტრადიციებს მივყვები, მჯერა, რომ ახალ წელს ახალი ცხოვრება იწყება, ცუდი კი ძველს მიაქვს. ნაძვის ხესაც ნატაშკა რთავს და მე ერთადერთი, რაც მავალია: ეს არის ყოველ წელს ახალი სათამაშოების ყიდვა და ძველისთვის დამატება.
– სამზადისი არ გეხება?
– დედაჩემია ჩვენი შეფ-მზარეული და მე – მისი ასისტენტი. მიყვარს, რომ ვეხმარები: ვჭრი, ვთლი, ვრეცხავ, სუფრას ვშლი, ბაზარში სიარულიც მიყვარს – მარჯვენა ხელი ვარ. კიდევ გოზინაყს ვჭრი – მე მიყვარს ჭრა და ჭურჭლის რეცხვა. ზუსტად 12 საათზე თვალებს ვხუჭავ და სურვილებს ჩავიფიქრებ ხოლმე, მერე კი, ზოგჯერ მიხდება.