რას ტესტავენ „დიორის“ სამოდელო სახლში ქრისტინე ძიძიგურის სახეზე და როგორ გადაიღეს ის ფრანგული ჟურნალის ყდისთვის „ვერსაჩეს“ კაბაში
2013 წელი ქრისტინე ძიძიგურისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მთელი წლის განმავლობაში მან არაერთხელ იმუშავა „დიორთან“ და ამით ბავშვობის ოცნება აისრულა. თუმცა, 2014 წელს ის კიდევ უფრო მეტ წარმატებას ელოდება და, ამ მხრივ, გარკვეული გეგმებიც აქვს. წელს ქრისტინე ახალ წელს პარიზში შეხვდა და მეგობრებთან ერთად, ძალიან კარგად გაერთო.
ქრისტინე ძიძიგური: წლის ბოლოს ყოველთვის ვფიქრობ და ვაჯამებ იმას, თუ როგორი წელი მქონდა. ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი ყოველდღიური განვითარება – სწავლა, მუშაობა, კარიერა. შესაბამისად, წლის ბოლოს შედეგებს ყოველთვის ვადარებ წინა წლებისას და ამის საფუძველზე ვგეგმავ მომავალი წლის გეგმებს. ვითვალისწინებ: რა შეიძლებოდა, უკეთ გამეკეთებინა, რა უნდა შემეცვალა და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რისი დახვეწაც მინდა, ეს არის დროის მაქსიმალურად სწორად გამოყენება და მისი რაციონალურად ხარჯვა. ანუ, ეს არის ის, რის დახვეწაზეც ვმუშაობ ყოველ წელს.
– და როგორია შედეგები?
– უკეთესი შედეგები მაქვს, თან, წლიდან წლამდე უფრო ვსერიოზულდები, ასაკი მემატება, უფრო მოტივირებული ვხდები და მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს საქმეს.
– იყო 2013 წელს ისეთი რამ, რასაც მომავალში არ გააკეთებ და შეეცდები, აღარ გაიმეორო?
– კარიერის მხრივ, ასეთი არაფერი ყოფილა, რადგან ამ მხრივ მე არაფერს ვგეგმავ. ყველაფერს სააგენტო, ჩემი ბუქერები მიგეგმავენ. უბრალოდ, საკუთარ თავს რასაც მოვთხოვდი, ეს არის კიდევ მეტი ვარჯიში და უფრო კარგ ფორმაში ყოფნა. რაც შეეხება სწავლას, ძალიან ვჩქარობ, რომ შევიდე სორბონაში მაგისტრატურაზე. ფრანგულს ვისწავლიდი კიდევ უფრო კარგად და შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ იცი, რას არ გავაკეთებდი წინა წელთან შედარებით? უფრო სერიოზულ ბიჭებს მივანიჭებდი უპირატესობას – ზრდასრულებს, ჩამოყალიბებულებს. თუმცა, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და საერთოდ, ამ მხრივ, საკმაოდ სერიოზული ვარ. უბრალოდ, ამას უფრო მეტად გავითვალისწინებდი. ყველა ადამიანს უყვარს ფლირტი – სადმე, რომ მიდიხარ, ახალი ურთიერთობები რომ იწყება, ამას ხშირად მოჰყვება ფლირტი. ამიტომ, მეტ დროს დავუთმობდი ისეთ ადამიანს, ვისაც შეიძლება, უფრო სერიოზულად შევხედო. თუმცა, ყველაფერი დროს მოაქვს და მერე შენც სხვანაირად უყურებ.
– ჯერ არ დამდგარა ეს დროს?
– არა, ჯერ არ დამდგარა.
– 2013 წელს, ალბათ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „დიორის“ სახლში მუშაობა იყო, თან, არაერთხელ.
– ჩემი ოცნება იყო და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიქნებოდი „კრისტიან დიორის სახლში“ მოდელი – ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი, არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო?! თავიდანვე, როცა პარიზში ჩამოვედი, მაშინვე მომცეს მაღალი მოდის ბრენდების ხაზი: „შანელი“, „დიორი“, „ივ სენ ლორანი“, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და საკუთარი თავის, შესაძლებლობების მაინცდამაინც არ მჯეროდა. მერე, იზრდები, პროფესიონალი ხდები და შენი სახელი გაქვს, მოდის სამყაროში გიცნობენ – რა თქმა უნდა, თუ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებ. მაგრამ, აქ იმდენი ლამაზი და კარგი გოგოა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „დიორის” პარფიუმის სახლში ვიმუშავებდი და ჩემი სახე მათ სტანდარტებს მოერგებოდა. ახლა უკვე მათთან პერმანენტულად ვმუშაობ, ქასთინგზე უკვე აღარ მივდივარ, თვითონვე მირეკავენ. თუ გამოდის „დიორის“ ახალი კოსმეტიკური პროდუქცია, ყველაფერს ტესტავენ ჩემზე. ანუ, თუ ცოცხალი მოდელი სჭირდებათ სამუშაოდ, პრეზენტაციები აქვთ, ან შიდა შოუები, მირეკავენ. მაგალითად, მაკიაჟის სხვადასხვა სტილს მიკეთებენ. ეს უნდა წარვადგინო შოუზე და მერე იწყება შეფასებები. ძალიან საინტერესო სამუშაო მაქვს და, რაც მთავარია, ისეთი თავაზინები არიან, საოცარი პროფესიონალები, სულ სხვა სამყაროა. მათთან ურთიერთობაშიც ბევრ რამეს ვსწავლობ.
– 2013 წელს შენი მეორე ოცნებაც აისრულე – ლეონარდო დიკაპრიო გაიცანი. ამაზე ადრე ვრცლად მესაუბრე კიდეც.
– მართალი ხარ, ეს როგორ დამავიწყდა. კი, ჩემი ორი დიდი ოცნება ასრულდა 2013 წელს – „დიორის სახლში“ მოდელად მუშაობა დავიწყე და ლეონარდო გავიცანი, რომელიც ძალიან მიყვარს. შესაბამისად‚ შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი სხვა წლებთან შედარებით, ძალიან კარგი იყო.
– კიდევ რას გამოყოფდი გასული წლის ამბებიდან?
– პირველად გადამიღეს ჟურნალის ყდისთვის, მაგრამ ჯერ ვერ გამომიგზავნეს ფოტოები. ფრანგული ჟურნალია. „ვერსაჩეს“ კოლექცია მეცვა, საკმაოდ საინტერესო გადაღება მქონდა, ლონდონის მოედანზე. ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, რომ ჩანახატის დაწერაც კი მომინდა. თან‚ წინა საღამოდან ცოტას ვღელავდი. იმის მაგივრად, რომ კარგად გამომეძინა, პირიქით‚ ვერ დავიძინე. ინტერვიუც აიღეს ჩემგან, რომელიც იმავე ჟურნალში დაიბეჭდა, ანუ, ყდაზეც არის ჩემი ფოტო და შიგნითაც. გარდა ამისა, იტალიიდან მაქვს მიწვევა „ბალმანთან“ თანამშრომლობაზე. თებერვლის დასაწყისში გავემგზავრები – „ბალმან ჰეართან“ უნდა ვიმუშაო, ანუ თმის ხაზზე. პრინციპში, ჩემი ხაზი არის „ბიუთი“, რაც ძალიან მომწონს. თან, უფრო მეტია ანაზღაურება და საინტერესოცაა. კმაყოფილი ვარ, რომ ამ ხაზით ვმუშაობ. გარდა ამისა, გავხდი იტალიური ბრენდის „კომფორტზონ“ „სხეული“, რომელიც მოიცავს თავის მოვლის საშუალებებს. მათთან 6-წლიანი კონტრაქტი მაქვს. იმდენად გრძელვადიანი კონტრაქტი იყო, რომ იურისტთან და ჩემს ბუქერთან ერთად განვიხილე. მათ თუ რამე დასჭირდებათ: სატელევიზიო რეკლამები, ბროშურები, გარე რეკლამები, კოლექციის განახლება – მოკლედ‚ ყველაფერში‚ მე გამომიყენებენ. ისეთი პირობები შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. თავიდან 10 წელი იყო, მაგრამ 6 წლამდე დავწიეთ.
– როგორია საშობაოდ, საახალწლოდ მორთული პარიზი?
– აქ ყველა საშობაოდ უფრო ემზარდება, ვიდრე საახალწლოდ. თავიდანვე მქონდა დაგეგმილი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარებდი ახალ წელს. სამოსიც წინასწარ შევარჩიე.
– რა გაითვალისწინე საახალწლო სამოსის შერჩევისას?
– სიმართლე რომ გითხრა‚ ზოდიაქოს ნიშნებს არ ვაქცევ ყურადღებას, არც იმას – რისი წელია. რადგან მოდელი ვარ, სადაც უნდა წავიდე, ჩემი სტილიდან, ხაზიდან არასდროს ამოვვარდები. ამიტომ‚ არ აქვს მნიშვნელობა‚ რისი წელია. „აზაროს“ კაბა მაქვს ოქროსფერ ფერებში და ის შევარჩიე საახალწლოდ.
– რამე გაქვს უკვე 2014 წელს დაგეგმილი?
– უკვე ვიცი ორი შოუს პასუხი, რომლებიც იანვრის ბოლოს იქნება. 2 იანვარს დამეწყო ქასთინგები, თებერვალში „ბალმანი“ მაქვს და არის კიდევ სხვა რაღაცეები.
– თოვლის ბაბუას, ალბათ, შენთანაც მოაქვს საჩუქრები.
– კი, მოაქვს ხოლმე. მეც მიყვარს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის საჩუქრების გაკეთება. კათოლიკურ შობას აქ ძირითადად ოჯახებში ხვდებიან. ამიტომ, 21 დეკემბერს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ და აღვნიშნეთ. თან, ერთმანეთს საჩუქრები ვაჩუქეთ – ეს ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციაა.