ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:
– მაინც, რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?
– უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.
– მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, – ჩაილაპარაკა სტალინმა.
***
საზეიმოდ ხსნიან სერგო ორჯონიკიძის ძეგლს. ერთმა პარტმუშაკმა ნოდარ დუმბაძეს გადაულაპარაკა – ძეგლისთვის ეს შეუფერებელი ადგილი რატომ შეურჩევიათო.
– რაც კარგი ადგილი იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და, რაც დარჩა, აგიაო, – მწარედ ჩაიღიმა ნოდარმა.
***
აკაკი მასკარადზე იყო, მაგრამ, მოწყენილი და მოღვრემილი დადიოდა.
ერთი ბებერ დედაკაცად ჩაცმული „მასკა“ აეკვიატა და საშველს არ აძლევდა:
– რას მოგიწყენია? წამალი მე ვიციო.
– არა, ჩემო კარგო, ძველი აფთიაქიდან მე წამალს არა ვხარჯამო, – უთხრა აკაკიმ.
***
ბერი მაჭუტაძე სადილად ერთ ოჯახს ეწვია. ოთხშაბათი იყო. სხვებს ხორცი მოართვეს, ბერმა კი ლობიო მოატანინა. ერთმა ღარიბმა თავადმა ლობიოს დანახვაზე შესძახა:
– ბერო, ეგ რა არისო?
– ეგ ის არის, რასაც სხვის სახლში მარხვაშიაც არ კადრულობ და შენსაში – ხსნილშიაც კი ნატრულობო, – მიუგო ბერმა.
***
„სმა-ჭამა დიდად შესარგიო“, – ტყუილად არ უთქვამს რუსთაველს. ბაგრატ ბატონიშვილმა, როგორც ქართველმა, კარგად იცოდა ეს მეთერთმეტე მცნება. იმასთან კაცი რომ შევიდოდა, აგრე მოიკითხავდა ხოლმე:
– როგორ გიკითხო, რასა იქმ, რა გიჭამია დღესაო?