კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– ვატო, ძმაო, ბოდიშს გიხდი. არ მეგონა, თუ სულხანა ენას ვერ დაიტევდა პირში და პროსტო, როგორც ჩემს ძმას, ისე მოვუყევი ეს ამბავი.

– აბა, რის ბოდიში, – შეწუხდა ვატო, ზურას კი გაეცინა და გვითხრა:

– ერთი თქვენ მოგცლიათ. რას ებოდიშებით ერთმანეთს. „ჩორტაობა“ მოწამლული ხილია და ვინც მაგას შეჭამს, დიზინტერია დაემართება. მე არ ვჭამ. აი, სულხანას კი, უკვე კუჭი აეშალა და ახლა, ალბათ, შარვალში გასდის.

ზურას სიტყვებზე ყველას გულიანად გაგვეცინა, მან კი ვატოს უთხრა:

– ჩათვალე, რომ საქმის კურსში უკვე ვარ და სხვა ძმებსაც ვეტყვი შენს ამბავს. შენ კი, არ შეგვარცხვინო და კაცურად შეუბერე. ისე, არ გირჩევ ყომარს. მოდი, ყომარი ყომარბაზებს დარჩეთ, ქურდებმა კი ქურდული ვქნათ. ახლა მე წავედი და სულხანა რომ მოვა, ერთი „პაჩკა“ თქვენ დაიტოვეთ, ერთი კი სახლში ამომიტანოს.

ზურა წავიდა. ოც წუთში სულხანა მოვიდა, ზურას სიტყვები გადავეცით. მანაც ერთი კოლოფი სიგარეტი დაგვიტოვა და შემდეგ მწევარი ძაღლივით მოკურცხლა ზურასთან.

სულხანა მთელი ცხოვრება შნირად დარჩა და ქურდობა არ ეღირსა. ჩვენ კი ის სიახლოვეს აღარ გაგვიკარებია და მეც ყოველთვის ენას კბილს ვაჭერდი. სხვისგან საიდუმლოდ ნათქვამს ყოველთვის საიდუმლოდ ვინახავ. უახლოესი ძმაკაცებისგანაც კი და არა იმიტომ, რომ მათ არ ვენდობი, არამედ იმიტომ, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამოირიცხოს და აღარასოდეს განვიცადო ისეთი წამები, როგორც მაშინ განვიცადე.

ჩემი ქურდული კარიერის განმავლობაში, სულხანასნაირ ჩორტავიკებსაც შევხვედრივარ და მასზე უარესებსაც. კარგად ვიცი, თუ რა საშინელი უბედურება შეიძლება, მოჰყვეს ასეთ რამეს. ზოგჯერ, ზოგიერთი უსინდისო ქურდი, ყველაზე ჭორიკანა ქალზე მეტად ენაჭარტალაა და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ. მარტო „სემიონისა“ და „კლიშეს“ ისტორია რად ღირს და მათი ამბავი უნდა იყოს ყველა ქურდისთვის მაგალითი, რომ ენას კბილი დააჭირონ და ყველაფერი არ თქვან, რაც ენაზე მოადგებათ.

სემიონი ცნობილი ოდესელი ქურდი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ერთხელ ბუტირკის ციხეში ვიხდიდი სასჯელს. სემიონიც იქ იმყოფებოდა. სხვა ქურდებთან ერთად და ყველანი ერთ საკანში ვისხედით. ერთ დღეს ჩვენთან კლიშე მოიყვანეს. კლიშეც ავტორიტეტული, ახალგაზრდა ქურდი იყო ციმბირიდან. სემიონი და კლიშე ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთი ბუტირკაში გაიცნეს. სემიონი  თუ სიტყვაძუნწი, შუა ხნის მამაკაცი იყო, კლიშე, პირიქით, ბევრს ლაპარაკობდა, ძალიან იმპულსური და მოძრავი ახალგაზრდა გახლდათ. ყბედალოსი არ იყოს, მასაც ბევრი ლაპარაკი უყვარდა. თუმცა, ჩვენი ძმაკაცისგან განსხვავებით, ინტიმური ამბების მოყოლა იცოდა და ამით იწონებდა ხოლმე თავს. ერთ დღეს კლიშემ მთელ კამერას მოგვიყვა, თუ როგორ გულაობდა ერთ ოდესელ ლამაზ ქალთან ორი თვე და ისეთი ინტიმური დეტალები გაამხილა, რომ ქალებს მოწყურებულ პატიმრებსაც კი გვეუხერხულა.

– მოკლედ, ძმებო, როგორც მისწორდებოდა, ისე ვხმარობდი და რას მეუბნებოდა, იცით? – იცინოდა კლიშე.

– მაინც, რას გეუბნებოდა? – ჰკითხა სემიონმა, რომელიც მანამდე ხმას არ იღებდა და ჩუმად უსმენდა კოლეგის ტრაბახს.

– რას და, მაგარი კაცი ხარ, ჩემი ქმარი კი პედარასტიაო და მაგისთანებს, – სიცილით თქვა კლიშემ – თურმე გეოლოგი ყოფილა და თვეობით ექსპედიციებში იკარგებოდა.

– მერე და არ გეშინოდა, მისი ქმარი რომ წამოგდომოდა თავზე და დაეცხო? – ჰკითხა კლიშეს ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ.

– ხუმრობ? – პედარასტმა რა ძირში უნდა მომჭამოს. დამდგომოდა და მასაც მის ცოლთან ერთად ვიხმარდი, მიუგო კლიშემ. 

– ბოლო-ბოლო, რა მოხდა, რატომ წამოხვედი მისგან? – ჰკითხა კლიშეს ისევ იმ ჩვენმა კოლეგამ.

– იმიტომ, რომ ჩემგან დაფეხმძიმდა და მინდოდა, მე ბავშვი, შარი და სკანდალები?

– გააჩინა მერე?

– აბა, მე რა ვიცი, მაგისი ბოზი დედაც და მაგის პედერასტი ქმარისაც, – მიუგო კლიშემ კოლეგას და გაფითრდა. მას მგლური თვალებით უყურებდა სემიონი, რომელიც დოინჯშემოყრილი შუა კამერაში იდგა და კაციჭამიას ჰგავდა. მან ორიოდე წუთი თვალით გაზომა კლიშე, შემდეგ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და კბილებში გამოსცრა:

– ესე იგი, ქმარი პედერასტია, შენგან დაფეხმძიმდა, ყველანაირად ხმარობდი და მის ქმარსაც იხმარდი ხომ?

ქურდებით სავსე საკანი ადგილიდან არ იძროდა და ყველანი დაძაბულები ვადევნებდით თვალს ჩვენს კოლეგებს. კლიშეს სიფითრემ გაუარა, ზიზღნარევი მზერა ესროლა სემიონს და ძერზკად მიუგო:

– ჰო. მერე, შენ რა?

სემიონმა უცებ ბებუთი დააძრო სახელოდან, კლიშეს მზის წნულში ბოლომდე ჩაასო და სანამ დაჭრილი პირიდან სისხლს ამოაღებინებდა, უთხრა:

– აი, რა. ის ბოზი ჩემი ცოლია!

ქურდული გაგებით სემიონი მართალი არ იყო, რადგან კლიშე მეძავთან ატარებდა დროს და ნამდვილად არ იცოდა, რომ ქურდის ცოლთან იწვა. ეს სემიონმაც კარგად იცოდა. ამიტომ, მან მკვდარ კლიშეს სისხლიანი ბებუთი ამოაძრო, ჰაერში შემართა და თქვა:

– ძმებო! მე ქურდი ვარ და ვიცი, რომ ქურდულად არასწორად მოვიქეცი. თუმცა, მე კაცი ვარ, ჩემი თავმოყვარეობა გამაჩნია და სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. მშვიდობით!

სემიონმა ბებუთი მზის წნულში ჩაირტყა, სისხლი ამოაღებინა და მკვდარი დაეცა შუა საკანში.

ამ ტრაგიკული ისტორიის მორალი კი ისაა, რომ აღვირახსნილობა დამღუპველია. კიდევ ის, რომ ადამიანმა ენას კბილი უნდა დააჭირო და ბევრი არ ილაპარაკო, რათა შენი ცუდი საქციელი ცუდადვე არ დაგხვდეს წინ, შენ თუ სხვებს...

ბუტირკაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქურდული სამყარო აალაპარაკა და სემიონის მომხრეები სემიონს ამართლებდნენ, კლიშეს მომხრეები კი – კლიშეს. ჩემი აზრით, კი ორივე დამნაშავეა. სემიონი იმიტომ, რომ ქურდული კანონების თანახმად, ქურდს ცოლი არ უნდა ჰყავდეს და ეს კანონი სემიონმა დაარღვია, კლიშე კი იმიტომ, რომ ამპარტავანი იყო, ბევრს ლაპარაკობდა და შედეგმაც არ დააყოვნა...

მავანი, ალბათ, ჩემზე იტყვის, – რა ალაპარაკებს, მასაც ხომ ჰყავს ცოლი და შვილიო. მე კი ვუპასუხებ, – თათია მე ცოლად არ მომიყვანია, ჩემი ვაჟი კი ღმერთის საჩუქარია, მასზე უარს არ ამბობენ და ყველაფერი ღვთიური, ყველაფერ ქურდულზე ბევრად მაღლა დგას. თუ ამაში ვინმე შემომედავება, მაშინ თქვას, რას ვამბობ არასწორს. თუმცა, ვერავინ დამისაბუთებს, რომ ღვთიურზე მაღლა დგას რამე და ყოველი ასეთი მცდელობა უნაყოფო იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქურდი ვარ და ქურდულად ვცხოვრობ, ყველგან შემიძლია გავიმეორო, რომ ღვთისმსახურება ჩემს პროფესიაზე მაღლა დგას და არ არსებობს ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც ახლო მაინც მივა მასთან. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შუამავლის ფუნქცია გენიჭება ღმერთსა და ადამიანს შორის და ცოდვების მიტევების უფლება გეძლევა. მიტევება კი ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა. არ არსებობს ადამიანი, ვინც ცოდვებს არ სჩადის და მიტევებას არ საჭიროებდეს. თვით წმინდანებიც კი თხოულობდნენ მიტევებას, საკუთარ თავს ცოდვილებად მიიჩნევდნენ და რაღა უნდა ვთქვათ ჩვეულებრივ, რიგით მოკვდავზე, ამ შემთხვევაში ქურდზე, რომელიც მუდმივად ცოდვებშია საკუთარი ცხოვრების სტილის გამო. არ ვიცი, რა დოზით ვარ მორწმუნე, ღმერთი რომ არსებობს და ის ყოვლის შემძლეა, ამას წყალი არ გაუვა. თვრამეტი წელი პატიმრობაში მაქვს გატარებული, უმეტესი მათგანი – უმძიმეს პირობებში. გარკვეული პერიოდი გაუსაძლის ყოფაშიც კი ვყოფილვარ და რომ არა უფლის ნება და შეწევნა, აქამდე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. თუმცა, ღმერთმა არ გამწირა, ღვთიური საჩუქარი მიბოძა და დიდი იმედით ველოდები ჩემს ცოლ-შვილთან შეხვედრას. არის განა იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე უფლის წყალობა და თუკი არ შეიგნე, არ შეისისხლხორცე ეს, წყალობა ისევე დაგტოვებს, როგორც გეწვევა.

ციხეებსა და კოლონიებში ბევრი უღმერთო და არამორწმუნე ადამიანი შემხვედრია, მათ შორის ქურდებიც. ყველანი ღმერთის არსებობას უარყოფდნენ და ამას ასე ასაბუთებდნენ:

– ღმერთი რომ არსებობდეს, ასე არ გაგვწირავდა და ასეთ გაუსაძლის პირობებში არ ჩაგვაგდებდაო, რაც, ისეთი სისულელე და უაზრობაა, რომ განხილვადაც კი არ ღირს. თუმცა, პატიმრებს უყვართ კამათი და ამ თემაზეც ძალიან ხშირად მიკამათია ადამიანებთან.

ერთხელ, მაგადანის სტროგაჩებში ვიხდიდი სროკს. ზამთარი იდგა, ისეთი ცივი და სუსხიანი, რომ იქაურობისთვისაც კი ანომალია იყო. ზონის ბარაკებში ოცდაოთხი საათი ღუმელები ენთო, მაგრამ მაინც გვციოდა და ბარაკშიც კი თბილი ბუშლატები გვეცვა. ჩვენს ბარაკში, ისევე, როგორც მთელ ზონაში, ერთადერთი ქურდი ვიყავი. ზონა შავი იყო. ამიტომ, პატივს მცემდნენ და ისე მეპყრობოდნენ, როგორც ეს შავი სამყაროს უმაღლეს წარმომადგენელს შეეფერება. მიუხედავად ამისა, პატიმრებს თანასწორივით ვექცეოდი და ვცდილობდი, ჩემი პრივილეგიებით არასდროს მესარგებლა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ამას გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვდა. ამის გამო, პატიმრებთან ახლობლური ურთიერთობები ჩამომიყალიბდა და ისინიც საკმაოდ თამამად მეკამათებოდნენ. კამათი ზოგჯერ საკმაოდ ცხარე ხასიათსაც იღებდა, თუმცა, ზღვარს არასდროს სცდებოდა და ნაწყენიც არავინ რჩებოდა. ჩემთან ერთად იჯდა ვინმე „კამეჩი“. მან შემნახველი სალარო გაძარცვა, სამი ადამიანი მძიმედ დაჭრა, თხუთმეტი წელი ჰქონდა მისჯილი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა დახვრეტას, რომ დაჭრილები სიკვდილს გადაურჩნენ. თუმცა, სამუდამო ინვალიდებად დარჩნენ. ჩემთან ერთად აგრეთვე იჯდა ერთი ბერიც. მას თხუთმეტწლიანი სროკი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ ოცდაათ აპრილს საპირველმაისოდ გამზადებული ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა, რომელიც ერთ-ერთ სამთავრობო შენობაზე იყო მიმაგრებული. ბერს ბართლომე ერქვა და რომ ჰკითხეს, რაც ჩაიდინე, რატომ ჩაიდინეო. მან მიუგო: სატანას მოციქულის ხატი გავანადგურეო. ბართლომე ჯერ საგიჟე-საგიჟე ატარეს, ბოლოს კი მაგადანში გაამწესეს და იმედოვნებდნენ, უმძიმეს პირობებს ვერ გაუძლებს და მოკვდებაო. ბართლომეს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და თუკი არაფერს ჰკითხავდი, შეეძლო, დიდი ხნის განმავლობაშიც კი არ ამოეღო ხმა. კამეჩი კი, პირიქით, პერმანენტულად ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, კამათობდა და ასე გაჰყავდა დრო. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ კამეჩი ურწმუნო იყო. მას მიაჩნდა, რომ ღმერთი არ არსებობდა და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი წყვეტდა საკუთარ ბედს. ის ხშირად მეკამათებოდა ამ თემაზე და ეს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ მთელი ბარაკი აუმხედრდებოდა, ის კი ჩუმდებოდა. ერთ ყინვიან დღეს, როდესაც პატიმრები უზარმაზარი ღუმელის ირგვლივ ვიყავით შეკრებილნი, ჩეფირს ვსვამდით და ვაბოლებდით, კამეჩმა თქვა:

– ესაა საქმე? ისე ყინავს, რომ არაფერი გვშველის და თუ დროზე არ მოიმატა ტემპერატურამ, ყინულის ლოლოებად ვიქცევით.

ჩვენთან ერთად თაღლითობისთვის ათწელიწადმისჯილი „კრაბი“ იხდიდა სასჯელს, რომელსაც ნახევარი ასტრახანი დიდ მაყუთში ჰყავდა გადაგდებული. მან ეშმაკურად ჩაიცინა და კამეჩს უთხრა:

– სანამ შენ აქ ხარ, სულ ასე ვიქნებით. ზაფხულშიც კი.

 – ეგ, ვითომ რატომ? – დაინტერესდა კამეჩი.

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ შენ აქ ერთადერთი ურწმუნო ხარ. კაცი, რომელიც ამტკიცებს, ღმერთი არ არსებობსო.

კამეჩს მეტი არ უნდოდა, პონტი უკვე შეგდებული იყო და კრაბს შეუტია:

– რა ტყუილს ვამბობ?

– აბა, მართალი ხარ? – ერთხმად თქვეს, სხვა პატიმრებმა.

კამეჩი ზეზე წამოდგა, დოინჯი შემოიყარა და თქვა:

– ღმერთი რომ არსებობდეს, დავუშვათ, მე ღირსი ვარ, მაგრამ ბართლომემ რა დააშავა. ხომ იასნია, რომ თხუთმეტი წელი ტუფტაზე მისცეს. მე სამი ადამიანი დავაინვალიდე. მაგან კი მხოლოდ სურათი დაწვა და ორივეს ერთი სროკი აგვკიდეს. სადაა ღმერთის სამართალი ამ შემთხვევაში?

პატიმრები გაჩუმდნენ, სიტყვა კვლავ კრაბმა აიღო და მიუგო:

– ეს ღმერთის სამართალი კი არა, მთავრობის უსამართლობაა და ყველაფერი ერთმანეთში გერევა.

– არაფერიც არ მე-რე-ვა, – დამარცვლით მიუგო კამეჩმა კრაბს, – რატომ არ დაეხმარა ღმერთი ბართლომეს? აი, რას ვგულისხმობ მე.

კრაბი გაჩუმდა. სხვებიც დუმდნენ. უცებ, ბართლომემ თავი ასწია და კამეჩს უთხრა:

– ღმერთი რომ არ დამხმარებოდა, ახლა ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა და ამ ორმოცდაათგრადუსიან ყინვაში რა გამაძლებინებდა? სასჯელი კი სწორედაც რომ ღმერთმა გამომიტანა და უფრო მსუბუქი, ვიდრე მეკუთვნოდა.

– რისი თქმა გინდა, რომ დახვრეტას იმსახურებდი? – ირონიით ჰკითხა ბართლომეს კრაბმა.

– კი. სიკვდილს და მხოლოდ უფლის დიდი წყალობაა, რომ ცოცხალი დამტოვა.

– რისთვის, ლენინის სურათის დაწვისთვის? – უფრო დიდი ირონია ჩააქსოვა თავის სიტყვებში კამეჩმა.

– სურათის დაწვა არაფერია. მთელი უბედურება ისაა, რომ, როცა სურათს ცეცხლი წავუკიდე, უკანა მხარეს ვიდექი და არ ვიცოდი, რომ სურათის წინ უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, იყვნენ. ხომ შეიძლებოდა, რომ ცეცხლი ბავშვებს მოსდებოდა და დაღუპულიყვნენ? აი, ამის გამო ვიყავი სიკვდილის ღირსი და ღმერთმა დამინდო. მე, ჩემო კეთილო, შენზე მეტად ვარ დამნაშავე და უფალმა შემინდო. თხუთმეტი წელი კი ბევრი არაფერია. პირიქით, დრო მაქვს ფიქრისთვის და ვეცდები, რომ გამოვსწორდე.

კამეჩმა თავისი პოზიციის დაცვა სცადა და ბართლომეს უთხრა:

– შენ ახლა ჩემს გასამტყუნებლად იბრალებ რაღაც აბსურდს, თორემ კარგად იცი, რომ არც ისეთი დამნაშავე ხარ, როგორც დაგსაჯეს.

– არა, ჩემო კეთილო, ნამდვილად არა, – თავი გააქნია ბართლომემ – მე აქ ყველაზე ცოდვილი და დამნაშავე ვარ და ამას გულწრფელად ვაღიარებ უფლის და თქვენ წინაშე.

– კი მაგრამ, რატომ ხარ დამნაშავე, – ახლა უკვე მე ვკითხე ბართლომეს.

– იმიტომ, ჩემო გიორგი, რომ ღვთის მსახურს მეტი მოეთხოვება და ასეც მოხდა. ღვთის მსჯავრი ყველა დანარჩენზე სასტიკიცაა და მოწყალეც, გააჩნია, რას დაიმსახურებ. მე უფალმა შემიწყალა და მადლობელი ვარ მისი. თუმცა, შეეძლო, რომ უსასტიკესად დავესაჯე და არც ეს იქნებოდა დიდი დანაკლისი – ამ ქვეყანას ერთი ბოროტმოქმედით ნაკლები ეყოლებოდა.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ დღესდღეობით ყოფილი უღმერთო კამეჩი მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დიდი იერარქია. რაც შეეხება ბართლომეს, ის დღეს წმინდანადაა შერაცხული და მის საფლავს ყოველდღე ათასობით ადამიანი აკითხავს მოსალოცად. ალბათ, ბევრს გაუკვირდა კამეჩის მართლმადიდებლად მოქცევის ამბავი. მით უმეტეს, მისი უმაღლესი საეკლესიო იერარქობა და ბართლომეს წმინდანობა, მაგრამ ეს უტყუარი ფაქტია. ციხეში როგორც ნაძირლები, ასევე წმინდანებიც სხედან და ესეც უფლის ნებაა. ციხე ჩვენი პლანეტის მიკროსამყაროა. ზოგჯერ ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი. თუ კი იქ თავის გატანა ვერ შეძელი, ან ძალიან დაეშვები, ან სულაც დაიღუპები. ბევრი მაგარი ბიჭი მინახავს სვაბოდაზე, რომლებიც ციხეში ჩამჯდარან და საქათმეში მოხვედრილან ან თვითმკვლელობით დაუსრულებიათ სიცოცხლე. რიგითი მაგარი ბიჭები იქით იყვნენ და ზოგჯერ საკმაოდ სახელიანი ქურდებიც კი გაუტეხავს პატიმრობას.

ეგრეთ წოდებული ანდროპოვის პერიოდი მძვინვარებდა. ძველ „კაგებეშნიკ“ ანდროპოვს ქვეყანაში რკინის დისციპლინის დამყარება ჰქონდა გადაწყვეტილი და ყველა სფეროს რკინის ღვედები მოუჭირა. მათ შორის, რა თქმა უნდა, შავ სამყაროსაც და უპირველესად, ჩვენ – ქურდებს. ანდროპოვმა ხრუშჩოვისეული გამოცდილებით ისარგებლა. მან ყველა ქურდი ერთად შეგვყარა, რომ ერთმანეთი დაგვეჭამა და ასე გავენადგურებინეთ. იმ დროს სროკზე ვიყავი და სასჯელს ვიხდიდი ტიუმენის ¹13 შრომა-გასწორების კოლონიაში, რომელიც უმძიმესი საპატიმრო რეჟიმით იყო ცნობილი. ზონაში ორი ქურდი ვიმყოფებოდით და რეჟიმის სადისტი უფროსის, მაიორ კორობკოს სისასტიკეებს ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებოდით. რა ზომებს არ მიმართავდა კორობკო, რომ გავენადგურებინეთ. ხანგრძლივი დროით გვსვამდა ხოლმე წყლიან კარცერში, თანაც, ზამთარში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მინუს ოცდაათი გრადუსი იყო, მაგრამ მაინც ვერ გაგვტეხა. ახალი წლის დამდეგს, როდესაც მე და ჩემი კოლეგა ახალი გამოსული ვიყავით კარცერიდან ერთკვირიანი ტყვეობის შედეგად, კორობკომ თავის კაბინეტში აგვიყვანა, ბადრაგი გაუშვა, ფურცელი და პასტა დაგვიდო მაგიდაზე და გვითხრა:

– დაწერეთ, რომ ქურდობაზე უარს აცხადებით და რეჟიმს გაგიუქმებთ, შეგიმსუბუქებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქვე გამოემშვიდობეთ სიცოცხლეს.

– ამისთვის დაგვიბარეთ? – უთხრა ჩემმა კოლეგამ, ლატვიელმა „არტურმა,“ რიგიდან – სულ რაღაც სამ-სამი თვე დაგვრჩა გასვლამდე და როგორმე გავუძლებთ.

– ვერ გაუძლებთ, – თავი გაიქნია კორობკომ, – იქ, სადაც ხვალ ეტაპით მიემგზავრებით, სამი თვე კი არა, სამ საათსაც კი ვერ გაძლებთ. მაგრები ხართ, ვიცი, ვერ მოგტეხეთ და ყველა ჩემს პრესს გაუძელით, მაგრამ ახლა ნამდვილი ჯოჯოხეთი გელოდებათ და ადამიანურად ძალიან მეცოდებით. თავს ზემოთ ძალა არ მაქვს, თორემ არ გაგიშვებდით აქედან. ამის ერთადერთი საშუალებაა „ატკაზნიკობა“ და თუკი ქურდობაზე უარს წერილობით განაცხადებთ, მაშინ აქ დაგტოვებთ და მშვიდობიანად წახვალთ სახლებში.

– არა! – ერთხმად ვიუარეთ მე და არტურმა. კორობკომ კი მხრები აიჩეჩა და გვითხრა:

– რა გაეწყობა, არა და არა. მაშინ ეტაპისთვის მოემზადეთ, ხვალ დილით მაგადანის ციხეში მიემგზავრებით და გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მეცოდებით.

მაიორმა, რომელიც ჯოჯოხეთურად გვაწამებდა, ხუთ-ხუთი კოლოფი „პრიმა“ გვიგრევა, დილით კი პირადად აგვიყვანა საეტაპო მატარებელში და უკან გაბრუნდა.

მაგადანის ციხე, სოლიკამსკის „ბელი ლებედის“ ყაიდაზე იყო მოწყობილი და იქ ქურდები უნდა გავეტეხეთ და გავენადგურებინეთ.

ვლადიმირ ვისოცკის ერთი სიმღერა აქვს, სადაც პატიმარი ამბობს: „ციმბირიდან ციმბირში წამიყვანესო“ და ეს ფრაზა სწორედ ჩვენზე იყო ზედგამოჭრილი. მაგადანის ციხეში რომ შეგვიყვანეს, ზედამხედველმა თავის კოლეგებს დაუყვირა:

– კიდევ ორი მოიყვანეს, უკვე სამოცნი არიან.

სამოცი ქურდი ორ ოც-ოც ადგილიან საკანში ვიყავით მოთავსებული და სხვა რამეებს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამის გამო იყო იქ აუტანელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო. გარდა ამისა, ორივე საკანში მხოლოდ პარაშა იყო და გამავალი კანალიზაცია იქ არ არსებობდა. ერთადერთ ნახევარკვადრატულმეტრიან ფანჯარას ორმაგი დამრეცი გისოსები ჰქონდა და საკანში ოთხი პატარა ჰორიზონტალური სხივი აღწევდა. საკნის ელექტროგანათება ძალიან ბჟუტავდა და თვალებს ტკენდა. ისეთი ტემპერატურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილად გვეცვა, გვციოდა. პარაშა გარედან არავის გაჰქონდა და გამოგვიცხადეს, რომ მორიგეობით უნდა გაგვეტანა ფეკალური მასები.  მაგრამ, ქურდები ვიყავით და ხელს ვინ მოჰკიდებდა მას. გარდა ამისა, საკანი ძალიან ნაგვიანდებოდა კედლისა და ჭერის მტვრით და ყელამდე სიბინძურეში ვისხედით. ცოცხს კი ვინ აიღებდა ხელში? აბანოში არ დავყავდით, რა თქმა უნდა, შეგნებულად და ისე ვყარდით, როგორც ნაგვის ნარჩენები. ჩვენთვის არც პრაგულკა იყო და ოცდაოთხი საათი გამოკეტილები ვიყავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასეთი რეჟიმი პირადად ანდროპოვს შეუდგენია და უთქვამს: „ქურდების დრო უნდა დამთავრდეს. ან დაგვნებდებიან, ან ვირთხებივით დაჭამენ ერთმანეთს და გადაშენდებიან“. ორი თვის თავზე პარაშის კასრი ფეკალური მასებით გაივსო და შიგნით აღარ ეტეოდა. შიგ მოსაქმება აღარ შეიძლებოდა, რადგან ფეკალიები უკვე საკნის იატაკზე გადმოვიდოდა. სუნს ვინ დაეძებდა, ჩვენი საკანი ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცა და იქ საკვების მიღება შეუძლებელი გახდა.

– ერთი თვეც როგორმე უნდა გავუძლოთ, – მითხრა არტურმა, როდესაც საკნის იატაკზე ფეკალიებმა იწყეს გადმოსვლა.

– სხვა რა გზა გვაქვს, – მივუგე  კოლეგას და გავირინდე. ამ დროს კარმუშკა გაიღო და ბალანდიორმა დაიძახა:

– სადილია. მოიტანეთ მისკები! 

 კარმუშკასთან ერთ-ერთმა ძალიან სახელოვანმა ჩემმა კოლეგემ მიირბინა, რომლის ვინაობასაც არ ვამხელ, და აყვირდა:

– ჩქარა, ჩქარა, გამიყვანეთ აქედან, აღარ ვარ ქურდი და წერილობით დავადასტურებ ამას, – ჩვენი კოლეგა ღრიალებდა და თან, ტიროდა.

მე ძალიან შემეცოდა ჩემი გატეხილი კოლეგა და ალბათ, სხვა ჩემს კოლეგასაც, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მომდევნო ერთ კვირაში კიდევ ოთხი ქურდი გატყდა. მერვე დღეს, ჩვენთვის მოულოდნელად, ციხის საკნის კარი გაიღო და რვა ჩმორმა პატიმარმა ფეკალიებით სავსე უზარმაზარი კასრი გაიტანეს.

– ნაღდად რაღაც მოხდა ზემოთ ხელისუფლებაში – მითხრა არტურმა. 

– ვნახოთ, – მოკლედ მივუგე კოლეგას.

ნახევარი საათის შემდეგ ახალი პარაშის კასრი შემოიტანეს. შემდეგ დერეფანში გაგვიყვანეს და დაგვამწკრივეს. ჩმორმა პატიმრებმა კი ჩვენი საკნის დაგვა-დასუფთავება დაიწყეს, დეზინფექცია ჩაუტარეს, ახალი თეთრეული მოგვიტანეს და პრაგულკაზეც გაგვიყვანეს. სწორედ პრაგულკაზე შევიტყვეთ, რომ ერთი კვირის წინ იური ანდროპოვი გარდაცვლილა და ქურდები მისმა სიკვდილმა გადაგვარჩინა.

ერთი კვირის შემდეგ მაგადანის ციხე დაშალეს და ქურდები სხვადასხვა ზონაში გადაანაწილეს. მე და არტური კი ციხეში დაგვტოვეს, რადგან სულ რაღაც სამ-სამი კვირა გვქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე და სვაბოდაზეც იქიდან გაგვიშვეს. ანდროპოვისეულმა ანტიქურდულმა კამპანიამ ჩვენ ვერ მოგვსპო, მაგრამ საგრძნობი ზარალი მოგვაყენა – ექვსასი საბჭოთა ქურდიდან ორასმა ვერ გაუძლო რეპრესიებს. თბილისში რომ დავბრუნდი, ქალაქი საკმაოდ შეცვლილი დამხვდა. ხალხი შუბლგახსნილი და ღიმილიანი სახეებით დადიოდა. ყველას უხაროდა ანდროპოვის სიკვდილი და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. სამი დღის შემდეგ მშობლიურ უბანს ბერძენაც დაუბრუნდა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გასროკეს წელიწად-ნახევრით, რომ ქურდი იყო. მაშინ ანტიქურდული მუხლი არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსში და ნარკომანობისთვის დააპატიმრეს. არადა, ბერძენა პლანსაც კი არ ეკარებოდა. ერთი სიტყვით, ბერძენაც ანტიქურდული, ანტიანდროპოვისეული კამპანიის ბადეში მოჰყვა და ისეთივე პირობებში იმყოფებოდა მორდოვიის დედაქალაქ სიკტივკარის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში, როგორშიც მე – მაგადანში. ის ძალიან გამხდარი და სიტყვაძუნწი მეჩვენა, თუმცა, რომ დამინახა, სახე გაუბრწყინდა, გადამეხვია და მითხრა:

– სიმართლე გითხრა, აღარ მეგონა, თუ ოდესმე იქიდან გამოვაღწევდი და მთაწმინდაზე დავდგამდი ფეხს. დიდება უფალს, რომ ანდროპოვი ჩააძაღლა და გადავრჩით, თორემ უკვე თავის მოკვლის ზღვარზე ვიმყოფებოდი.

– ბევრი ჩვენიანი გაფუჭდა?

– სიკტივკარის ციხეში ოთხმოცი ქურდი ვიჯექით და ოცმა ქურდობაზე უარი თქვა, ათმა კი თავი მოიკლა.

– ანდროპოვის დედაც... – ვთქვი მე, – მთავარია, ყველაფერი დასრულდა და ჯობია, დავივიწყოთ.

– იმ ჯოჯოხეთს რა დამავიწყებს, – თავი გააქნია ბერძენამ – მოდი, ჯერ მამადავითზე ავიდეთ და ვილოცოთ, მერე კი ფუნიკულიორის რესტორანში მოვჯდეთ და ჩვენი გადარჩენა აღვნიშნოთ.

– მოსულა, – ვუთხარი ბერძენას. ამ დროს ტელეფონის გაბმული ზარი გაისმა, ბერძენა ყურმილს დასწვდა, მე კი მანიშნა, პარალელური ტელეფონის ყურმილი აიღეო და უპასუხა:

– გისმენთ.

– ბერძენ, ძმაო, ორი კვირაა, გადაბმული გირეკავ მთელი დღის განმავლობაში და ძლივს არ დაგელაპარაკე! – გაისმა ტელეფონში ყბედალოს ხმა.

– ყბედალო, შე ძველო, – ერთდროულად მივუგეთ ჩვენს ძმაკაცს.

– შენც მანდ ხარ, კობრა! – წამოიძახა ყბედალომ, – კაროჩე, ბევრს არ ვილაპარაკებ. თვითმფრინავის რეისზე რეგისტრაცია დაიწყო და აეროპორტიდან ვრეკავ. მოსკოვიდან თბილისში მოვფრინავ და მაქსიმუმ ოთხ საათში თბილისში ვიქნები. უფრო სწორად, ოთხ საათზე, ახლა თორმეტია და ბერძენ, შენთან მოვალ.

– ბევრი ბარგი გაქვს? – ჰკითხა ბერძენამ.

– საერთოდ არ მაქვს.

– მაშინ, ეგრევე ფუნიკულიორის რესტორანში ამოაჭერი. იქ ვიქნებით და მაგრად შევუბეროთ, – უთხრა ბერძენამ.

– მარტო არ ვარ, ერთი ჩვენი ძმა მახლავს თან.

– მერე რა, იმასთან ერთად ამოდი. ჩვენ ვიცნობთ?

– არა. მოკლედ, ოთხზე რესტორანში ვიქნებით. ნახვამდის, – თქვა ყბედალომ და ყურმილი დაკიდა.

მე და ბერძენა კარგა ხანს გავჩერდით მამადავითის ეკლესიაში და იმდენი ვილოცეთ, რაც მთელი ცხოვრება ერთად აღებული არ გვილოცია. ოთხის ნახევარზე კი ფუნიკულიორის რესტორანში ავედით, სადაც სულ ორი სუფრა იყო გაშლილი. ბერძენას კლასელმა და ბავშვობის ძმაკაცმა დიტომ, რომელიც რესტორნის დირექტორი იყო, რომ დაგვინახა, სიხარულისგან კინაღამ გადაირია, თავისი უზარმაზარი ტორებით ორივე ჩაგვიხუტა და როხროხა ხმით მოგვიკითხა:

– როგორ ხართ, ტო, როდის გამოხვედით?

– მე – სამი დღის წინ, ბერძენა კი – რამდენიმე საათის წინ, – ვუთხარი დიტოს.

– კაროჩე, ბევრი რომ არ გავატრაკოთ, ჩემს კაბინეტში ზღაპრულ სუფრას გავაშლევინებ და შევუბეროთ. მარტო თქვენ ორნი ხართ?

– ყბედალო და ერთი ჩვენი ძმაც შემოგვიერთდებიან, – ვუთხარი დიტოს, რომელმაც თავის კაბინეტში წაგვიყვანა, გზად კი უფროს მიმტანს გასძახა:

– მირიან, უმაღლესი კატეგორიის სუფრა გაშალეთ ნახევარ საათში ხუთ კაცზე ჩემს კაბინეტში!

– გასაგებია, ბატონო დიმიტრი, – თქვა მირიანმა და დაფაცურდა.

– უმაღლესი კატეგორიის სუფრა რაღაა? – ჰკითხა ბერძენამ დიტოს, როდესაც მის კაბინეტში შევედით და სავარძლებში მოვკალათდით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3