კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ხდება ის, რაც ხდება...

ლიზა მხიარული ღიღინით შევიდა ოთახში და პირდაპირ ნინის მაგიდას მიადგა.

– როგორ ხარ, საყვარელო?

– არა მიშავს. მეგონა, აღარ მოხვიდოდი. ექიმთან იყავი?

– არა, ლევანს გავყევი თავის ახალ კაფეში. მენიუს გადავხედე და დიზაინერსაც რაღაც მითითებები მივეცი. მინდა, კარგი საღამო გამოვიდეს. ცოცხალი ბენდიც გვეყოლება და კარგად გავერთობით. შენ ხომ მოდიხარ? 

ნინიმ მხრები აიჩეჩა.

– არა, არა, უარს არ მივიღებ! თომა და შენ, ორივე უნდა მოხვიდეთ. კიდევ რამდენიმე დაქალს დავურეკე...

ნინიმ ერთბაშად მოიწყინა.

– რა იყო? შენ რაღაც გაწუხებს.

– არა, არ ვიცი... 

მითხარი... რამე პრობლემაა?

– ქეთისაც ეპატიჟები?

– ჯერ არ დამირეკავს, მაგრამ, ვფიქრობ. რა, არ უნდა დავპატიჟო?

– შენი ნებაა. თუ გინდა, ალბათ, უნდა დაპატიჟო, მაგრამ, მაგ შემთხვევაში მე აღარ წამოვალ.

ლიზამ თვალები მოჭუტა:

– ჰო?! რატომ?

– იმიტომ, რომ არ მინდა, თომა ისევ გამოიყენო. არ მომწონს ეს ამბავი. აღარ მინდა, ამ ფარსში მონაწილეობა მივიღო.

– კარგი. არ დავურეკავ ქეთის... შენი და თომას ყოფნა ამ ივენთზე ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ, მგონი, დიდად არ გაამართლა ჩემმა იდეამ. ასე რომ, არანაირი საქმიანი დვიჟენიები. ვერთობით!..

ნინიმ გაიღიმა:

– მაშინ, წამოვალ. ისე, ქეთისგან არაფერი ისმის?

– არა. თვითონ არ შემხმიანებია და მეც თავს ვიკავებ. დროს მივცემ. შეიძლება, ჯერ მისი ქმრის ყურამდე არც მისულა თომას ამბავი. უჰ, ცოტა დავიღალე სხვის პრობლემებზე ფიქრით. ჩემს მდგომარეობაში, რაც მეტ პოზიტივს მივიღებ, მით უკეთესია.

ნინიმ თანამშრომელი დაკვირვებით შეათვალიერა:

– მოგიხდა, ხომ იცი, ორსულობა.

ლიზამ თეატრალურად ამოიოხრა:

– კარგი რა... ლოყები დამიმრგვალდა. სარკეში რომ ვიხედები, გული მისკდება. მაგრამ, ლევანს მოსწონს და ეს უკვე პოზიტივია, – გადაიკისკისა ლიზამ, – არ გინდა, დღეს ცოტა ადრე წავიდეთ და „ვიშოპინგოთ“? ივენთისთვის რამე ახალი მჭირდება.

ნინიმ თავი გააქნია:

– ვერა. ხელფასამდე ფული ცოტა დამრჩა და ვერაფერს ვიყიდი. გაუთვალისწინებელ ხარჯს ჩემი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს.

– ეგ რა პრობლემაა... ფულს მე მოგცემ. გასესხებ ანუ... როცა გექნება, მაშინ დამიბრუნე... უარი არ მითხრა, თორემ მეწყინება. ლევანმა უნდა ნახოს, როგორი „ვიპ-მეგობრები“ მყავს.

– ამისთვის აუცილებელია, ახალი კაბა და ფეხსაცმელი მეცვას? – გაეცინა ნინის, – საოცარი ვინმე ხარ.

– სასურველია. თუმცა, თუ დამპირდები, რომ განსაკუთრებულად გამოიპრანჭები, ძველი ტანსაცმელიც წავა.

– რატომ უნდა გამოვიპრანჭო განსაკუთრებულად, ვისთვის?

– შენთვის, გოგო, შენთვის! როცა ქალი მაგარ ფორმაშია, გაცილებით თავდაჯერებული ხდება და ყველა კაცის ყურადღებას ეგრევე იპყრობს.

– არ მჭირდება ყველა კაცის ყურადღება.

– ჰო, რა თქმა უნდა. არ გჭირდება. მარტო თომას ყურადღებაც გეყოფა. ვერ დაგაჭკვიანე, რა...

– რას მერჩი, ლიზა? არ მიყვარს ეს კეკლუცობა და ყველა შარვლიანთან ფლირტი და რა ვქნა?!

– გოგო, ყველა შარვლიანს უნდა ეფლირტავ-ეკეკლუცო, რომ ერთი შარვალ-კოსტიუმიანი გამოიჭირო. ამაშია საქმე, – დამოძღვრა ლიზამ.

ნინიმ ხელი აუქნია – გეყოფა, თავი დამანებეო, მაგრამ ლიზა არ მოეშვა.

– მოკლედ, ივენთზე უნდა ბრწყინავდე.

– ჰო, კარგი, ვიკაშკაშებ. როდის არის?

– ერთ კვირაში. უფრო ადრე არ ხერხდება. ინტერიერისთვის აქსესუარები იტალიაში შევუკვეთეთ და ჩამოსვლას ვერ ასწრებს.

– ეტყობა, მართლა რაღაც ძალიან სერიოზულს აპირებს შენი ქმარი.

– უსერიოზულესს... – წაუსტვინა ლიზამ, – უკვე ვფიქრობ, ხომ არ დავანებო ბანკში მუშაობას თავი და მენეჯერად ხომ არ გადავკვალიფიცირდე. კლიენტების მოზიდვა ნამდვილად არ შემეშლება, – აკისკისდა ლიზა, – ლევანსაც გაუხარდება, იქვე რომ ვეყოლები და მშვიდად იქნება. ანუ, გადავწყვიტე. ხომ წამოხვალ ჩემთან? ხელფასს იმაზე მეტს გადაგიხდი, ვიდრე აქ გაქვს. უცხოეთში საქმიან მივლინებებშიც ერთად ვივლით.

– არა. გმადლობ. ბანკშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს, – იუარა ნინიმ, – თუმცა, გეთანხმები, რომ შენთვის ზედგამოჭრილი იქნება.

– ჰო, აბა რა... მე ძალიან ნიჭიერი ვარ... – შეიფერა ლიზამ, – ყველა საქმე გამომივა, რასაც ხელს მოვკიდებ.

ნინიმ ღიმილით შეხედა და თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია. 

***

რამდენიმე საათის შემდეგ თომამ ნინი ლანჩზე დაპატიჟა იქვე ახლოს მდებარე კაფეში. სალათა შეუკვეთეს და, სანამ ოფიციანტი შეკვეთას მოუტანდა, თომამ მომენტით ისარგებლა და საუბარი გაუბა.

– მომისმინე, ნინი... იმ თქვენს დაქალს პრობლემა მოუგვარდა?

გოგომ მხრები აიჩეჩა:

– აბა, რა გითხრა, არაფერი ვიცი. დაივიწყე ეს ამბავი.

თომამ გაოცებით შეხედა. ნინიმ შენიშნა მისი მზერა და გაწითლდა: 

– არა, შენ კარგად ვერ გამიგე. არ იფიქრო, რომ ქეთის პატივს არ ვცემ ან არ მინდა, ქმართან პრობლემა მოუგვარდეს. უბრალოდ, იმას ვგულისხმობდი, შენი როლი უკვე შეასრულე-მეთქი. ვწუხვარ, რომ, უნებლიეთ, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენე.

– არა, რას ამბობ, ეგ არც მიფიქრია. ხომ იცი, შენი გულისთვის მე... ყველაფერს...

ნინიმ ფრთხილად მოჰკიდა ხელზე ხელი და სათქმელი აღარ დაასრულებინა:

– ვიცი. ყველაფერი ვიცი. შენ კარგი ბიჭი ხარ, ძალიან კარგი...

ბიჭს სახე გაუბრწყინდა.

– ნინი, შენ არ იცი, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს ეგ სიტყვები ჩემთვის. ალბათ, ცოტა უფრო თამამი რომ ვიყო, აჯობებდა, მაგრამ, არ მინდა, რამე დაგაძალო.

– თომა, ხომ გითხარი, კარგი ბიჭი ხარ-მეთქი.

ბიჭმა სევდიანად შეხედა:

– ჰო, მაგრამ, ეს მაინც არ არის ის, რისი მოსმენაც შენგან მინდა.

– რა ვიცი, წეღან რომ გითხარი, კარგი ბიჭი ხარ-მეთქი, ძალიან გაგიხარდა, – ეშმაკურად გაეღიმა ნინის.

– გამიხარდა... თუმცა...

– კარგი, რა, სალათა უკვე მოიტანეს. ვჭამოთ და სამსახურში დავბრუნდეთ. შესვენება ერთ საათს გრძელდება. რომ დავიგვიანოთ, საყვედური არ აგვცდება.

– ლიზასთვის ხომ არ უნდა გვეთქვა, კაფეში რომ მოვდიოდით? იქნებ, შიოდა, ფეხმძიმეა მაინც. უხერხულად გამოვიდა, – უცებ შეწუხდა თომა.

– ლიზას თავისი ეკოლოგიურად სუფთა საკვები თან დააქვს, თანაც, მე შენ მაგივრადაც ვუთხარი, ხომ არ შემოგვიერთდები-მეთქი და უარი მივიღე, – დაამშვიდა ნინიმ, – არ გინდა, რომ აწყენინო?

– რატომ უნდა ვაწყენინო, შენი მეგობარია. თან, მართლა არ ჩანს ცუდი ადამიანი. შენ მართალი იყავი.

– ოჰო! აზრი შეგიცვლია ლიზაზე.

– არანაირად. რასაც ვფიქრობდი მასზე, ანუ იმას, რომ ასეთ ქალს არასოდეს შევიყვარებდი, ისევ ისე ვფიქრობ, მაგრამ, მეგობრობა შეიძლება.

– ჰოდა, მაგ მეგობარმა ივენთზე დაგვპატიჟა ორივე – მე და შენ.

– რაზე დაგვპატიჟა? – ვერ მიხვდა ბიჭი.

– მისი ქმარი ახალ კაფეს ხსნის და წვეულებას აწყობს. ლიზა ამბობს, რომ განსაკუთრებულად ემზადებიან. გავერთობით.

– შენ აპირებ წასვლას?

– ჰო, რატომაც არა?! ლიზას ქმარი სულ ორჯერ მყავს ნანახი, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. 

ბიჭმა გაუღიმა, თუმცა, მერე რაღაცამ ჩააფიქრა:

– დარწმუნებული ხარ, რომ იქაც ქეთის თაყვანისმცემლის როლი არ უნდა შევასრულო?

ნინიმ გადაიკისკისა:

– არა, რა თქმა უნდა! თუ გინდა, ჩემი თაყვანისმცემელიც ნუ იქნები. სრული თავისუფლება გაქვს. იქ, ალბათ, ბევრი ლამაზი ქალი იქნება და გაერთე, როგორც გაგიხარდება.

– ამას რატომ ამბობ? გაბრაზდი, ეს რომ გკითხე? უბრალოდ, მაინტერესებდა, რა უნდა გამეკეთებინა. სერიოზულად გეუბნები, ჩემთვის პრობლემა არ იყო თქვენი დახმარება.

– ვიცი, მაგრამ, შენი მისია ამოწურულია, ქეთი თვითონ მიხედავს საკუთარ ქმართან ურთიერთობას. დავბრუნდეთ ოფისში?

– კი. როდის ვერთობით?

– ერთ კვირაშიო, ასე მითხრა ლიზამ.

– ნინი, რაღაც მინდა გკითხო და... – ბიჭი შეყოყმანდა.

– მკითხე.

– არა, იყოს, სხვა დროისთვის გადავდოთ.

– რამე სერიოზულია? – შეფიქრიანდა ნინი და თომას ინტერესით მიაჩერდა.

– არა, არაფერი განსაკუთრებული... საღამოს კინოში ხომ არ წავსულიყავით?

ნინიმ გაიღიმა და თითქოს გულზე მოეშვა:

– უცნაური ვინმე ხარ. ჯერ არავის შემოუთავაზებია ჩემთვის კინოში წასვლა ასეთი ფორმით.

– ანუ, წამოხვალ?

– რატომაც არა!

ნინიმ ჩანთა ამოიღო და უცებ მისმა მობილურმა დარეკა. გოგომ ეკრანს დახედა და ნირწამხდარმა ტელეფონი სწრაფად ჩაიტენა ჯიბეში, ბიჭის ცნობისმოყვარე მზერას კი ნაძალადევი ღიმილით უპასუხა:

– ერთი აბეზარი კლიენტია. შეიძლება, ბანკში მივიდა და, რომ ვერ მნახა, დამირეკა.

– პრობლემური კლიენტი გყავს? მერე, მოიშორე და გადაეცი „პრობლემურების“ განყოფილებას.

– ჰო, ალბათ, ასეც მოვიქცევი... – ჩაილაპარაკა ნინიმ და ამოიოხრა.

***

გიგიმ მობილური დააგდო და მაგიდის ზედაპირს ხელისგული დასცხო გამეტებით...

– რა გჭირს? – ხმაურზე შემობრუნდა ლაშა, – ამ ბოლო დროს მოულოდნელი ამოვარდნები გაქვს.

– შენ ხომ გაქვს ერთი დიდი და სერიოზული ჩავარდნა.

ლაშამ მხრები აიჩეჩა:

– ვერ გავიგე, იქნებ დამიკონკრეტო, რას გულისხმობდი. ოღონდ, ცოლი და ოჯახი არ მიხსენო, თორემ, სერიოზულად ვიჩხუბებთ.

– საერთოდ არ გეტყვი არც ერთ სიტყვას. არ მაქვს ჩხუბის თავი, ისედაც უგუნებოდ ვარ.

– ოჰო, შენგან მიკვირს. ანუ, ყველაფერზე შეგიძლია „ღადაობა,“ საკუთარი პრობლემის გარდა?!

– ლაშა, ხომ შევთანხმდით, რომ აღარაფერს გეტყოდი, რატომ მიწვევ? – გაღიზიანდა გიგი და კარისკენ გაიხედა. სწორედ იმ დროს ოთახში ზუკა შემოვიდა და გიგიმაც მაშინვე მასზე გადაიტანა ყურადღება.

– იკადრე მობრძანება? საინტერესოა, სად დახეტიალობ? აქ საქმე თავზე გვაყრია, ამას კი საერთოდ არ აინტერესებს! ვახო ისეა შენზე გაბრაზებული...

– სულაც არ არის გაბრაზებული. ახლა ვიყავი მასთან და ფანტასტიკურ გუნებაზეა, რას იგონებ? – ხელი უდარდელად აიქნია ზუკამ.

– არა, მაინც სად იყავი?

– რა შენი საქმეა! – ზუკამ ხმაურით გამოსწია სკამი და თავისი კომპიუტერი ჩართო.

– ნუ იღრინები. ადამიანურად მაინტერესებს.

– რომ მერე არაადამიანურად მომიშალო ნერვები? არა, გმადლობ. გიცნობ, რაც ხარ და, ჯობია, შენგან თავი შორს დავიჭირო.

– მართლა? კარგი, ოღონდ, მერე არ ინანო, – ირონიულად ჩაიცინა გიგიმ.

– რატომ უნდა ვინანო? – გაეღიმა ზუკას, – არ მაქვს უფლება, რაღაც ჩემთვის დავიტოვო და ყველაფერი შენთან არ ჩამოვფქვა?

– შენი ნებაა-მეთქი, ხომ გითხარი. მაგრამ, მეც აღარ ჩამოგიფქვავ რაღაც-რაღაცეებს და, ვნახოთ, ვინ უფრო დაზარალდება.

– არაფერი გამოგივა, – თავი კატეგორიულად გადააქნია ზუკამ, – სიტყვასაც ვერ დამაცდენინებ.

– მე ჩემი გითხარი. ოღონდ, მერე საყვედურები არ იყოს... – გააფრთხილა გიგიმ.

– სულ ტყუილად ცდილობ, შანტაჟზე წამომაგო... ასე გაცილებით დაცულები ვიქნებით ორივე, – ჯიუტად გაიმეორა ზუკამ, თვალები კი უცნაურად აუბრჭყვიალდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3