ქალური შურისძიება
გიორგი უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს ერიდებოდა, ეთქვა, რასაც ფიქრობდა, თუმცა, მერე მაინც გადაწყვიტა, დამალვას აზრი აღარ აქვსო და ისევ გულახდილობა არჩია:
– ბატონო ირაკლი, აზრი არ აქვს შეტყობინებას. ჯერ ერთი, ისე დანასისხლად არიან ერთმანეთში, რომ, მაინც არავინ მოინახულებს – არც ყოფილი ცოლი და არც შვილები, მოვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ქალიშვილი კიდევ შეიძლება, სანახავად მოვიდეს, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვარ.
– მაგრამ, ის სულ ნანიტას ეძახის.
– ჰო, ეს მეც ძალიან მიკვირს, ვერაფრით ამიხსნია, იმიტომ რომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცოლის სახელის ხსენებასაც კი გაურბოდა – ცუდად დაშორდნენ ერთმანეთს. ისე, რაღა დაგიმალოთ და, ლომის წილი ამაში ჩემს ძმას მიუძღვის. მე სიმართლის თქმა მიყვარს – არ შეიძლება უკვე ზრდასრული, ოჯახს მოკიდებული მამაკაცი თექვსმეტი წლის ლაწირაკი ბიჭივით ცხოვრობდეს. ამას ყველა ქალი ვერ აიტანს. უცნაურად და მოულოდნელად მოხდა მათი დაქორწინება, მაგრამ, დროთა განმავლობაში ნანიტას ძალიან შეუყვარდა დიმიტრი, სულ თვალებში უყურებდა, თან ჰყვებოდა, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა. ხომ იცით – ადამიანის ხასიათს ვერაფრით შეცვლი. ჩემი ძმა კეთილი ადამიანია, ცოლიც თავისებურად უყვარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახი მისი სტიქია არ იყო. ბოლო ხანებში მაინც, სანამ ერთმანეთს დაცილდებოდნენ, მთლად აიწყვიტა: ძმაკაცები, ქეიფები, ქალები... აღარც ცოლის ერიდებოდა, აღარც შვილების. მერე, ხომ იცით, გაღმა შეედავეო – სახლში მთვრალი მისული, ყველას ეჩხუბებოდა, ცოლს ბავშვების თვალწინ აყენებდა შეურაცხყოფას. მოკლედ, დიდხანს ითმინა ნანიტამ და, ბოლოს მაინც... ბევრჯერ ჩავერიე, მაგრამ, არაფერი გამომივიდა.
– მდაა!.. სამწუხარო ამბავია, მაგრამ, არცთუ გასაოცარი. დღეს ლამის ყოველ მესამე ოჯახში ანალოგიური სიტუაციაა.
– ბატონო ირაკლი, თქვენ არ იფიქროთ, რომ... მოკლედ, მგონი, მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დავტოვე – ალბათ, ფიქრობთ, ძმა უკვდება, ეს კი მასზე რაებს ლაპარაკობსო, მაგრამ, რატომღაც, თქვენთვის გულის გადაშლა მომინდა და... თანაც, ძალიან მწყდება გული, რომ ასე წარიმართა მისი ცხოვრება. არადა, მართლა კარგი ცოლ-შვილი ჰყავს... – გიორგიმ თვალზე მომდგარი ცრემლი უკან ჩაიბრუნა, – მე მაინც მიყვარს ჩემი ყოფილი რძალი. არ მინდა, მასზე ვინმემ ცუდი იფიქროს და, მით უმეტეს – თქვენ. ასეა თუ ისე, ეს მათი ურთიერთობა და მათი საქმეა.
– რას ვიზამთ, გიორგი ბატონო, ხშირად ისე ვინგრევთ ცხოვრებას, რომ, ვერ ვხვდებით, რას ვაკეთებთ, მერე კი ვცდილობთ, ყველაფერი სხვებს გადავაბრალოთ... – პროფესორი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და მერე ისევ განაგრძო საუბარი: – ჩემო გიორგი, კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, ოღონდ, სიმართლე უნდა მიპასუხოთ...
– რა თქმა უნდა, ბრძანეთ.
– რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ძმას ნარკოტიკებთან?
– როგორ გითხრათ... – შეიშმუშნა გიორგი, – ადრე, ახალგაზრდობაში, ხანდახან წაიმაიმუნებდა ხოლმე, მაგრამ, წამალზე „შემჯდარი“ არასდროს ყოფილა, ნამდვილად ვიცი. 15 წელზე მეტი იქნება, საერთოდ აღარ გაჰკარებია.
– სექსუალური ორიენტაცია?
– რას ამბობთ, ბატონო გიორგი, გამორიცხულია!
– გასაგებია, მაგრამ, აქაც ხომ არ უყვარდა ხანდახან „წამაიმუნება“?
– გამორიცხულია-მეთქი, ხომ გეუბნებით! მასეთ ტიპებს ახლოსაც არ იკარებდა. ნაცნობობასაც კი არ იკადრებდა ეგეთებთან! – გიორგის მღელვარებისგან ყელი გაუშრა და ერთი სირჩა კონიაკი კიდევ გადაკრა, მერე სავარძლიდან წამოდგა და ექიმს მიმართა:
– ბატონო ირაკლი, მითხარით, რა წამლებია საჭირო, ყველაფერს მოვიტან!
– ჯერჯერობით არაფერი, ჩემო კარგო, ყველაფერი გვაქვს. თუ რამე დაგვჭირდა...
– ირაკლი ექიმო, ირაკლი ექიმო! – ფეთიანივით შემოვარდა კაბინეტში ექთანი, – ავადმყოფმა თვალი გაახილა და კონტაქტშიც შემოდის!
ირაკლი და გიორგი სირბილით გავიდნენ კაბინეტიდან.
***
თვალი რომ გაახილა, ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა. კი არა, ისიც კი ვერ გაიხსენა, ვინ იყო. გონება დაძაბა. მაინც არაფერი გამოუვიდა.
ზემოთ რომ აიხედა, ახალგაზრდა ქალი დაინახა – ცისფერ ხალათსა და ჩაჩში გამოწყობილი, ღიმილით დაჰყურებდა და მკლავზე რაღაცის შემოხვევას ცდილობდა.
დიმიტრი გაუძალიანდა, მაგრამ, ქალი მოერია და თავისი გაიტანა. „მე ხომ ხელები აღარ მაქვს!“ – გაახსენდა ავადმყოფს და გაოცებულმა დაიხედა მკერდზე, სადაც მისი ორივე ხელის მტევანი მშვიდად იყო დაწყობილ-დალაგებული. „ეტყობა, ახალი ხელები ამომივიდა“, – გაიფიქრა კიდევ უფრო გაკვირვებულმა და შეეცადა, თითები აემოძრავებინა. გაუჭირდა, მაგრამ, მაინც შეძლო. რაღაც სუსტად და უღონოდ გაუხარდა. მერე ქალს დააკვირდა. მშვიდი სახე ჰქონდა, სათნო, მაგრამ, ყურებში რაღაც უცნაური შნურები ჰქონდა გარჭობილი.
„მგონი, წნევას მიზომავს“, – როგორც იქნა, მიხვდა დიმიტრი და კიდევ ერთხელ გაუკვირდა, რადგან, ვერ გაარკვია, სად იყო – სააქაოში თუ საიქიოში.
სხეულს საერთოდ ვერ გრძნობდა – რაღაცნაირ უწონადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე ეგონა, დაფრინავდა, უფრო სწორად, დანარნარებდა ჰაერში. უცბად ფეხი მოეფხანა, სადღაც მუხლსა და კოჭს შორის, მაგრამ, განძრევა არ შეეძლო და სახე შეეჭმუხნა. „აკი ფეხებიც აღარ მქონდა?!“ – გაიფიქრა გაკვირვებულმა, რადგან, ხმის ამოღება ვერ შეძლო.
– ას ათი სამოცზე, – ჩაესმა ქალის ხმა.
– კარგია, წნევა ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას, – გამოეპასუხა უჩინარი მამაკაცი. მერე ეს მამაკაცი, თითქოს ნისლიდან ამოყვინთაო, შენელებული მოძრაობით მიუახლოვდა და მის თავთან გაჩერდა.
– კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ბატონო დიმიტრი! – სასიამოვნო ბარიტონმა საბოლოოდ მოიყვანა გონზე.
„ვინ არის დიმიტრი? დიმიტრი... დიმიტრი... რა ნაცნობი სახელია, ღმერთო, გამახსენე! – გაიფიქრა დიმიტრიმ და, თავისი უმწეობით გაღიზიანებულმა, დაბნეულად გაიღიმა, – ჰო, – გაახსენდა უცებ, – დიმიტრი ხომ მე ვარ, მე ვარ დიმიტრი! რამ დამავიწყა საკუთარი სახელი? კეთილი იყოს თქვენი დაბრუნებაო! – სად ვიყავი, საიდან დავბრუნდი ან სად დავბრუნდი?“ – ავადმყოფი ისევ აფორიაქდა და სახე ოფლით დაეცვარა.
– ირაკლი ექიმო, რაღაც, ძალიან აწრიალდა, დამაწყნარებელი ნემსი ხომ არ გავუკეთო? – იკითხა ქალის ხმამ.
– რამდენი საათი გავიდა? თითქმის ხუთი? შეიძლება! – უპასუხა მამაკაცმა.
„ექიმი... ნემსი... ეტყობა, საავადმყოფოში ვარ. ნეტავი, რა დამემართა?“ – გაიფიქრა ისევ და ცისფერჩაჩიან ქალს ვედრებით შეხედა.
– ნუ გეშინიათ, ბატონო დიმიტრი, ახლა აღარაფერი გიჭირთ. დაწყნარდით, დამშვიდდით, დაგვიჯერეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თუ დაიძინებთ, რამდენიმე საათში უკეთ იქნებით! – ქალის მშვიდი ხმა მალამოსავით ედებოდა გულზე. მერე იგრძნო, როგორ ნელ-ნელა დაუმძიმდა ქუთუთოები და თეთრ ბურუსში ჩაიძირა.
რამდენ ხანს ეძინა, არ ახსოვდა. ცდილობდა, გამოფხიზლებულიყო და თვალი გაეხილა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა, თუმცა, რაც მის გარშემო ხდებოდა, ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს აღიქვამდა. თავს ძალიან მსუბუქად გრძნობდა. არაფერი სტკიოდა და თანდათან უბრუნდებოდა სიცოცხლეს. ისევ თვლემაში წავიდა, მაგრამ, მის სმენას მაინც მისწვდა კარზე დაკაკუნების ხმა.
– ვინ გნებავთ, ქალბატონო? აქ შემოსვლა არ შეიძლება, ეს რეანიმაციული განყოფილებაა! – ჩაესმა დიმიტრის.
– უკაცრავად, დიმიტრი ჩაჩავა აქ წევს? – იკითხა ქალის ხმამ, შემკრთალმა, დაძაბულმა და მორიდებულმა.
– აქ წევს, მაგრამ, მასთან შემოსვლა არ შეიძლება. ექიმმა რომ შემოგისწროთ, ორივეს შავი დღე დაგვადგება. ძალიან გთხოვთ, ახლავე დატოვეთ პალატა!
„რამდენი ლაპარაკი სცოდნია ამ ქალს, – აღშფოთდა ბურანში წასული დიმიტრი,– აბა, თუ გაჩუმდეს!“
– ქალბატონო, თუ შეიძლება, მხოლოდ დავხედავ და მაშინვე გავალ! – შეეხვეწა უცნობი.
– თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე... მე ცოლი ვარ.
პალატაში დამხვდურის ხმა მოლბა და ცნობისმოყვარეობის ტონალობაშერეულმა ჰკითხა:
– ცოლი?! კი მაგრამ... – მერე, ეტყობა, გადაიფიქრა, რის თქმასაც აპირებდა და დიდსულოვნად დართო ნება: დახედეთ, ოღონდ, სწრაფად, ექიმმა არ მოგისწროთ.
„ცოლი?! მე ცოლი მყავს? ნეტავი რა ჰქვია? “ – ისევ გაიფიქრა დიმიტრიმ და თვალების გახელა სცადა, მაგრამ, ვერ შეძლო – ძილ-ბურანიდან ვერ გამოდიოდა.
მერე იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ვიღაცა. საოცრად ჰაეროვანი და სასიამოვნო სურნელი მისწვდა მის ყნოსვას, სასიამოვნო და ნაცნობი. მერე ის ვიღაცა დაიხარა და ძალიან ნაზად აკოცა შუბლზე. დიმიტრი კანკალმა აიტანა, მაგრამ მაინც ვერ გაახილა თვალი – ეს ამბორიც ნაცნობი იყო, ნაცნობი და ახლობელი. მერე კი ძალიან ახლოდან გაიგონა:
– ქალბატონო, აქ ასი დოლარია, ლარებში გადახურდავებული. უჯრაში ჩავუდებ. ეგებ რამეში გამოადგეს. წვრილი ხარჯებისთვის...
„ხმა... ღმერთო ჩემო, ხმა... საიდან მეცნო – გაიფიქრა დიმიტრიმ, – „...ასი დოლარი მოგიტანეო... ასი დოლარი“... და უცებ გონება სადღაც სქელ ნისლში ჩაიძირა... ჩაიძირა და პირველი დეჟავÎუ დაემართა.
***
ამჯერად ჩხუბმა ისეთი სერიოზული სახე მიიღო, თვითონაც არ მოელოდა. თავზე დაალეწა ცოლს ყველაფერი, ყველანაირი საზიზღრობა უწოდა. მთელი ხმით ღრიალებდა და, რაც ხელში ხვდებოდა, კედელს ახლიდა. ძალიან უნდოდა, ერთი სიტყვა მაინც წამოსცდენოდა ნანიტას, თუნდაც ერთი საპროტესტო სიტყვა, მაგრამ, ქალი დუმდა, მაგრად მოეკუმა ტუჩები და, გაფითრებული, რაღაც გამაღიზიანებლად უმწეოდ იდგა. გაფართოებული, შიშჩამდგარი თვალებით მიშტერებოდა ქმარს და ხმას არ იღებდა.
– ხმა მაინც ამოიღე, შენი... – და დიმიტრიმ ცხრასართულიანი გინება მიაყოლა.
ნანიტა ისევ დუმდა. უბრალოდ, არ იცოდა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. არც იცოდა და არც სურვილი ჰქონდა, რამე მოემოქმედებინა. ამ წუთას გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა, უფრო სწორად, ორი კითხვა: „ნუთუ ეს კაცი მიყვარდა ოდესმე? ან, მიყვარდა კი?!“
– შენ გეკითხები, რატომ აიღე უკითხავად ჩემი უჯრიდან ასი დოლარი?
ნანიტამ იფიქრა, რომ, ჯობდა, შეეხსენებინა ქმრისთვის, შენ თვითონ მომეციო და გაუბედავად ჩაიჩურჩულა:
– გუშინ შენ არ მომეცი, გადაახურდავე და გადასახადები გადაიხადე, მე არ მცალიაო?!
დიმიტრის გაახსენდა, რომ მართლაც ასე იყო, მაგრამ, იხტიბარი არ გაიტეხა:
– როგორ, მე შენ ხელიდან ხელში მოგეცი ფული?!
– არა, შენ მითხარი, უჯრაში დევს, აიღე და დღესვე ყველა გადასახადი გადაიხადეო.
– ესე იგი, შენ თვითონ აიღე ფული ჩემი უჯრიდან...
– ჰო, მაგრამ, შენ არ მითხარი?
– გამოდის, რომ ისევ მე ვარ მტყუანი, შენი დედაც!.. – და დიმიტრიმ ისევ უშვერი გინების კორიანტელი დააყენა.
– ესე იგი, მოვიპარე? ქურდი ვარ?.. – ენა დაება ნანიტას.
– მარტო ქურდი კი არა, მაგარი ბანძი ქალი ხარ, გული მერევა, რომ გიყურებ! და, საერთოდ, ხმა აღარ ამოიღო, თორემ, ჩემი ხელით მოგახრჩობ! – დაიღრიალა დიმიტრიმ და ცოლისკენ გაიწია.
ნანიტასთვის უკვე სულერთი იყო, გაარტყამდა თუ არა ქმარი. კი არა, სადღაც, გულის სიღრმეში, კიდეც ინატრა, ნეტავი მართლა გამარტყასო. ეს, ალბათ, იმიტომ გაიფიქრა, რომ ამით წერტილი დაესმებოდა მათ ურთიერთობას, ერთად ყოფნას, სიყვარულს, ოჯახს; ამით საერთოდ ყველაფერი დამთავრდებოდა და, ამ ყველაფერთან ერთად, ბოლო მოეღებოდა მის ილუზიებსაც, რომ დიმიტრი შეიცვლებოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ერთად ყოფნის ცამეტი წლის თავზე მაინც დაერქმეოდა ყველაფერს თავისი სახელი.
ნანიტამ უფრო იგრძნო, ვიდრე დაინახა, როგორ დაიძრა მისკენ აჭარხლებული და მუშტმოღერებული ქმარი; იგრძნო და თვალები დახუჭა, მაგრამ, არ განძრეულა. დიმიტრიმ მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გაარტყა ცოლს. ლაწანი ისე გაისმა, რომ, ქმარმა კი არ გაიგონა, თითქოს დაინახა ეს საშინელი ხმა. ჭკუიდან გადასულმა მეორედაც დააპირა გარტყმა, მაგრამ, სანამ მუშტი ცოლის სახეს ხელმეორედ შეეხებოდა, ქალი კედელს ზურგით მიასკდა და ამჯერად უკვე დიმიტრიმ, უფრო იგრძნო, ვიდრე დაინახა, როგორ შენელებული კადრივით ნელ-ნელა ჩასრიალდა კედელს მიხეთქებული ქაღალდივით გათეთრებული და გულწასული ნანიტა. კაცი უცებ მოვიდა გონზე. ონკანს ეცა, ჭიქა წყლით აავსო და ქალს სახეში შეასხა, მერე ნჯღრევა დაუწყო და ისტერიულად უყვიროდა, თვალი გაახილეო. მერე დაინახა, როგორ გაახილა თვალები ნანიტამ; მერე მის მზერას გააყოლა თვალი და დაინახა სამზარეულოს კარში ჩამდგარი შიშისგან გაფითრებული თოკო, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშური სხეული დაძაგროდა, სახეზე კი საშინელი სიძულვილი აღბეჭდვოდა. მერე უფრო დაინახა, ვიდრე გაიგონა, როგორ ამოიხრიალა თოკომ: ყელს გამოგჭრი, ახვარო! – და როგორ ჩაიკეცა იატაკზე გულწასული...
ამ დეჟვÎუმ გაახსენა დიმიტრის, საიდან ეცნო უცხო ქალის ხმა, სურნელი და, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა, მთელი ხმით იყვირა:
– ნანიტააა!!
***
დიმიტრის მდგომარეობა კუს ნაბიჯით, მაგრამ, მაინც უმჯობესდებოდა. ძმამ, გიორგიმ, არაფერი დაიშურა, საუკეთესო ექიმები დაახვია თავს და, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ავადმყოფს კომპლექსური მკურნალობა დაენიშნა. მართალია, ჯერ ფეხზე ადგომის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ, ჯანმრთელობის საერთო სურათი აშკარად უკეთესი იყო. ძვირად ღირებულმა წამლებმა, სწორად დანიშნულმა მკურნალობამ, მედპერსონალის ყურადღებამ და, რაც მთავარია, გამოჯანმრთელების სურვილმა, შედეგი გამოიღო და ექიმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საერთოდ, ცოდვა გამხელილი ჯობს და, ექიმებს უყვართ ფულიანი, პატრონიანი და მორჩილი პაციენტები. შესაბამისად, დიმიტრი განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა.
მზია ექთანი, რომელსაც პროფესორმა სთხოვა, ავადმყოფს შენ მეტს ვერავის ვანდობო, თან ჰყვებოდა და თავს ევლებოდა დიმიტრის, როგორც ჭირვეულ ბავშვს, ისე უვლიდა: ხან ეფერებოდა და უყვავებდა, ხან უტატანებდა. ზრუნვას მონატრებულ დიმიტრისაც სიამოვნებდა ჭირვეული ბავშვის როლში ყოფნა და, ცოტა ხანში ისე შეეჩვია და მიეკედლა ექთანს, უიმისოდ ხუთ წუთსაც ვერ ძლებდა. საკმარისი იყო, მზია რამე საქმეზე გასულიყო, რომ დიმიტრი პანიკაში ვარდებოდა და პალატაში დაბრუნებულს საყვედურებით ავსებდა. მზიას ძალიან უხაროდა ეს ამბავი და თანდათან ისე გაუშინაურდა თავის „ობოლ ბიჭს“, რომ „შენობითაც“ დაიწყო მასთან ლაპარაკი და სხვა დროს ტაბუდადებულ და აკრძალულ თემებზეც შეეძლო, ეხუმრა. ერთადერთი, რასაც მზია მტკიცედ იცავდა, მიმართვის ფორმა იყო – „ბატონოს“ გარეშე დიმიტრის არ მიმართავდა. თავიდან, სანამ „ოფიციალურად“ გადავიდოდა „შენობით“ მიმართვაზე, ანუ, გაშინაურების გარდამავალ ეტაპზე (როცა „თქვენობით“ ვეღარ მიმართავდა, „შენობით“ კი ჯერ ვერ ბედავდა თუ ეხამუშებოდა), მზიამ თავისებური, რაღაც შუალედური ფორმა მოძებნა და პირველი პირის მრავლობით რიცხვში სვამდა ყველა ზმნას, რაც კი დიმიტრის პროცედურებთან და მოვლასთან იყო დაკავშირებული:
– აბა, ბატონო დიმიტრი, დავლიოთ წამალი!
– ბატონო დიმიტრი, ვარჯიშები გავაკეთოთ!
– ბატონო დიმიტრი, წნევა გავიზომოთ!
მერე კი ისე მიეჩვია ამ ფორმას, რომ, ერთხელ, როცა სანიტარი ოყნის ბალონითა და ჩაიდნით შემოვიდა ავადმყოფთან და დიმიტრი მის დანახვაზე დაიჭყანა, რადგან, საშინლად ეჯავრებოდა ეს პროცესი, მზია მიუახლოვდა საწოლს და დაყვავებით უთხრა:
– აბა, ბატონო დიმიტრი, ნუ დავიწყებთ ჭირვეულობას, ჩავიხადოთ და მარჯვენა გვერდზე გადავბრუნდეთ!
ხნიერ სანიტარს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, დიმიტრის კი ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო.
კაცი დავბერდი და ასე ხმამაღლა და თამამად ეს საქმე არავის შემოუთავაზებია, თანაც, სხვისი თანდასწრებით, – სული ძლივს მოიბრუნა და მზიას ხუმრობით დაუქნია თითი, – ფრთხილად იყავი, გოგო, ცეცხლს ნუ ეთამაშები! მართალია, განძრევა ამიკრძალა ექიმმა, მაგრამ, ერთხელაც იქნება, წამოვეგები შენს ანკესზე და მიყარე მერე კაკალი!
მოხუცი სანიტარი მთლად ბოლომდე ვერ მიხვდა ხუმრობას, მაგრამ, თავისი ჭკუით, „შეეშველა“ აწითლებულ და დაბნეულ მზიას:
– იი, ნეტაი რაი ბაქიბუქობ მანდა, რამი თავი მაინცა გქონდეი!
– შენ რა იცი, დეიდა მაყვალა, რისი თავი მაქვს. ხომ გაგიგია, ბებერი ხარისა რქებიც კი ხნავენო! ცოტა მოიცა, წამოვდგე ფეხზე! – შეეხუმრა დიმიტრი.
– წამოდგე, თორემა, შენცა, კრამიტები არ დალეწო! მაგაი რა ცოდნა უნდა, შვილო, ყოველდღე ტ...ში გიყურებ. რქები კიდენა, რისგანაც უჩნდებათ კაცებსა, ძაან კარგადაც ვიცი. ჰოდა, ეგეთ კაცებსა თავისი მამულის მოხვნა რომ შეძლებიყოთ, რქებიც აღარ ამოუვიდოდათ და ამ ანდაზასაც აღარ გამაიყენებდნენ თავის სასარგებლოთა.
– ჰაა, დეიდა მაყვალა, მოუკრეფავში ნუ გადახვედი! – დაუტატანა დიმიტრიმ.
– მოუკრეფავში რათ გადავედი, შვილო! ამ გასათხოვარ გოგოსა ეგრე რომ ეანგლები, ემანდ, მართლა გულში რომ ჩაუვარდე, მერმე?
– აბა, რას ამბობ, დეიდა მაყვალა! – გაბრაზდა მზია და პალატიდან გავარდა.
ეს ამბავი არ გახმაურდებოდა, მზიას იგივე შეცდომა მეორე დილით, ექიმების შემოვლის დროს რომ არ გაემეორებინა.
ორ სხვა პროფესორთან ერთად პალატაში შესულმა ირაკლი ქებაძემ დიმიტრი გასინჯა და მზიას ჰკითხა:
– როგორ არის ავადმყოფი, ყველაფერი რიგზეა? ხომ არ გაბრაზებს?
– არა, ირაკლი ექიმო, არ მაბრაზებს.
– ყველა პროცედურა ჩაუტარდა? ხომ არაფერი აწუხებს?
– დიახ, ირაკლი ექიმო: ნემსი გავიკეთეთ, წნევა გავიზომეთ, საუზმე მივირთვით, წამლები დავლიეთ, კუჭში გავედით... ყველაფერი რიგზეა, ოღონდ, ცოტა გაზები გვაწუხებს, – რიხით ჩააბარა ანგარიში ექთანმა.
პროფესორებმა მორიდებით ჩაიცინეს, ირაკლიმ კი თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა. სული რომ მოითქვა, ალეწილ და დაბნეულ მზიას ვითომ გაოცებულმა ჰკითხა:
– და, ამ ყველაფერს ერთად აკეთებთ ხოლმე? – მერე კი ღიმილით გახედა დიმიტრის.
– ოღონდ თქვენი დანიშნულება ზუსტად შემასრულებინოს და, არც მაგაზე იტყვის უარს, – გაეცინა დიმიტრისაც, – გუშინ ისეთი რამე მითხრა, სიცილისგან კინაღამ გული წამივიდა, მაყვალამ ძლივს მომაბრუნა.
მაყვალას ხსენებაზე ირაკლი დაახლოებით მიხვდა, რა შეიძლებოდა ეთქვა მზიას და გაეღიმა, მაგრამ, აღარაფერი უკითხავს.
რამდენიმე დღე დასჭირდა დიმიტრის განაწყენებული მზიას შემოსარიგებლად. ექთანი ისევ პირნათლად არსულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ, აღარ ესაუბრებოდა, აღარ ეხუმრებოდა და აღარანაირი ფორმით აღარ მიმართავდა – აღარც „შენობით“, აღარც „თქვენობით“. მხოლოდ „ბატონო დიმიტრი“ დატოვა ძალაში:
– ბატონო დიმიტრი, წამლის დალევის დროა!
– ბატონო დიმიტრი, ნემსის დროა!
– ბატონო დიმიტრი, ვარჯიშის დროა!
მზიას გულის მოსაგებად დიმიტრი ყველაზე დამჯერ ავადმყოფად იქცა: წამლებს სვამდა, გადასხმებს უსიტყვოდ იტანდა, თან, გულის მოსაგებად ელაპარაკებოდა, ეხუმრებოდა, „ეპადხალიმებოდა“, თავსაც კი აცოდებდა ხოლმე, მაგრამ, არაფერმა რომ არ გაჭრა, ერთ დილას ტაქტიკა შეცვალა – გაებუტა და გაფიცვა გამოუცხადა: სანამ არ შემირიგდები, არც ნემსს გავიკეთებ, არც წამალს დავლევ და არც საჭმელს შევჭამო.
მზიას ჯერ ეგონა, ვერ გაბედავს, შეეშინდება, უარესად არ გახდესო, მაგრამ, საღამოს მიხვდა, რომ დიმიტრი არ ხუმრობდა და დაუთმო – შეურიგდა, თუმცა, კარგადაც წააყვედრა; თანაც, რა დასამალია და, თვითონაც ერთი სული ჰქონდა, როდის შერიგდებოდნენ. სწორედ ამ შერიგების დროს სთხოვა დიმიტრიმ, ჩვენ უკვე და-ძმასავით ვართ და „შენობით“ მომმართე ხოლმეო. მზიას დიდად არ ესიამოვნა ეს „და-ძმასავით“, მაგრამ, პირველი პირის მრავლობითი და „თქვენობითი“ ფორმა მაინც ამოიღო ხმარებიდან.
– ოღონდ, იცოდე, „ბატონო დიმიტრის“ მაინც დაგიძახებ, ასე მსიამოვნებს, – უთხრა თავის გულაჩუყებულ პაციენტს და გაშიშვლებულ უკანალზე ნემსი დაარჭო.
***
დღის განმავლობაში დიმიტრი ცდილობდა, მხნედ და, შეძლებისდაგვარად, მხიარულად ყოფილიყო, საღამოს კი სევდა შემოაწვებოდა ხოლმე. მართალია, თვითონ უთხრა მედპერსონალს, ჩემს ოჯახს არ დაურეკოთო, მაგრამ, სადღაც, გულის სიღრმეში, უნდოდა, რომ ვინმეს დაერეკა ნანიტასთვის ან ბავშვებისთვის და მისი მდგომარეობა შეეტყობინებინა. მაგრამ, როგორც ჩანდა, ექიმს მისი თხოვნა შეესრულებინა, და, ეტყობა, გიორგიც მოერიდა, დაერეკა, რადგან, არც ყოფილი ცოლისგან და არც შვილებისგან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მართალია, სამივე განაწყენებული იყო, მაგრამ დიმიტრის ვერ წარმოედგინა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მამას ერთხელ მაინც თუ არ ნახავდნენ თოკო და ნუცა. ნანიტა კი...
„ნეტავი ნანიტა როგორ არის? – გაიფიქრა დიმიტრიმ, – იმასაც რამე ხომ არ სჭირს? ეს ავარია რომ არ მომსვლოდა, აქამდე უკვე ყველაფერი გარკვეული მექნებოდა. ვაითუ გადავდე, ჰა?“ – ამ ფიქრებმა ისე ააფორიაქა, რომ წნევამ აუწია და მზია იძულებული გახდა, დამაწყნარებელი ნემსი გაეკეთებინა.
საღამომდე ეძინა, მაგრამ, სულ შფოთავდა. უკვე ბინდდებოდა, როცა გაეღვიძა. მზიას დაუძახა და სთხოვა, ნუცასთან დაერეკა და მხოლოდ ის ეთქვა, რომ ავარია მოუხდა.
– სხვა არაფერი წამოგცდეს, გესმის? ბავშვებმა არაფერი არ უნდა გაიგონ, – გააფრთხილა ექთანი, – ჯერჯერობით, არც ნანიტამ. ახლავე დაურეკე, სახლში იქნება.
– მე აქამდეც მინდოდა დარეკვა, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე ვერ გავბედე. ახლავე გავალ ექიმის კაბინეტში, ნომერი მითხარი.
– მზია, როგორ გგონია, მოვა? – დაეჭვებით ჰკითხა დიმიტრიმ და ქაღალდის ნახევზე ტელეფონის ნომერი დაუწერა.
– აბა, რას იზამს, გული როგორ მოუთმენს, რომ არ მოვიდეს? ყველანი მოვლენ, ბატონო დიმიტრი!
– არ მოვლენ, შენ არ იცი, შენ არაფერი არ იცი! ყველაზე კარგ ვარიანტში, შეიძლება, ნუცა მოვიდეს. თოკო არ მოვა, რომ მოვკვდე, პანაშვიდზეც არ მოვა. ავარიის წინ მაგრად ვიჩხუბეთ, სერიოზულად ვიჩხუბეთ... მანამდე კი უფრო უარესი მოხდა... – დიმიტრიმ აკანკალებული ხელი გადაისვა შუბლზე.
– რა ვუყოთ, ძმები და შვილები ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ, ბოლოს მაინც რიგდებიან, – მზია შეეცადა, დაეწყნარებინა დიმიტრი, თუმცა, გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ამ ოჯახში რაღაც სხვა ხდებოდა, უფრო სერიოზული, ვიდრე მამა-შვილის კინკლაობა იყო და ეს „რაღაც“ საკმაოდ დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო დაწყებული, – ახლა კი დაწყნარდი, თორემ, არ დავრეკავ!
– შევეცდები, – გაღიმება სცადა დიმიტრიმ, – აჰა, მობლური, ამით დარეკე, – და გიორგის მოტანილი ახალი მობილური გაუწოდა.
– არა, ექიმის კაბინეტიდან დავრეკავ, ასე მირჩევნია, – მზია კარისკენ გაემართა. არ უნდოდა დიმიტრის თანდასწრებით დაეწყო ლაპარაკი. „რა ვიცი, რისი თქმა მომიწევსო“, – გაიფიქრა.
– შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა... – დიმიტრის გული აუჩუყდა და ცრემლი ძლივს შეიკავა, – რომ იცოდე, რამდენი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული, ალბათ, ასე აღარ გადამყვებოდი თან...
– მე ავადმყოფების წარსული არ მაინტერესებს, ყველას ასე ვუვლი, ეს ჩემი მოვალეობაა, – დაიმორცხვა ექთანმა.
– თავმდაბლობა კარგია, მაგრამ, არა ყოველთვის. შენ მხოლოდ ჩემი მომვლელი და ექთანი კი არა, უკვე მეგობარი ხარ – ერთგული და საიმედო. უამრავი მეგობარი მყოლია ცხოვრებაში, მაგრამ, შენნაირი – არასდროს.
– დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი, – გაწითლდა მზია.
– მადლობა მე უნდა გითხრა. წეღან ვთქვი, ძალიან ბევრი და ძალიან სერიოზული შეცდომა მაქვს-მეთქი დაშვებული. ვიცი, დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ და, მინდა, როგორმე ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდო ჩემი ცოდვები.
– აბა, რას ამბობ, ბატონო დიმიტრი!
– სიმართლეს ვამბობ. ჰოდა, ამაში შენ უნდა დამეხმარო.
– მეე?! – გაუკვირდა მზიას, – მე რა შემიძლია?
– მე შენ ყველაფერს მოგიყვები, შენ კი უნდა მირჩიო, როგორ მოვიქცე.
– თუკი შემიძლია, რაზეა ლაპარაკი! ოღონდ, დღეს არა, დღეს ისედაც განერვიულებული ხარ. თანაც, ერთი პირობით: არავითარი წუწუნი და ყურების ჩამოყრა!
– კარგი, ხვალ იყოს, ზეგ იყოს. ახლა კი წადი და დარეკე, მანამდე კი ტელევიზორი ჩამირთე.
მზიამ ტელევიზორი ჩართო და გავიდა.
ეკრანზე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა საწვრთნელი ბაზა გამოჩნდა. 8-10 წლის ბიჭები თავგამოდებით დასდევდნენ ბურთს და ათასნაირ ვარჯიშს ასრულებდნენ. ჟურნალისტმა ერთ-ერთი მათგანი გააჩერა და გამოელაპარაკა:
– რა გქვია?
– თორნიკე.
– რამდენი წლის ხარ?
– ცხრის.
– დიდი ხანია, ფეხბურთზე დადიხარ?
– მეორე წელია.
– საიდან დადიხარ?
– საბურთალოდან.
– მარტო დადიხარ თუ მამიკოს მოჰყავხარ?
– უფრო ხშირად – მამიკოს. დედიკოს ხანდახან დავყავარ, როცა მამიკოს არ სცალია, მაგრამ, მე მამიკოსთან ერთად უფრო მიყვარს სიარული. ის ფეხბურთში კარგად ერკვევა და, უკან რომ ვბრუნდებით, გზაში თამაშს ვარჩევთ. დედიკო კი მარტო იმას მეუბნება ხოლმე, ხომ არ დაიღალე, ხომ არ გაოფლიანდი, არ გაცივდეო... მე ძაან მაგარი მამიკო მყავს...
დიმიტრის აღარ გაუგონია, რით დასრულდა ეს ინტერვიუ, თვალები თავისით დაეხუჭა და სადღაც წარსულში ჩაიძირა...
***
– მამი, ერთხელ მაინც წამომყევი ფეხბურთზე, რა, გეხვეწები! – სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი და მხარზე ჩანთაგადაკიდებული თორნიკე თავზე წამოადგა ნაბახუსევ დიმიტრის და აღარ მოასვენა, – გთხოვ, რა, მამი, ადე, რა!
– ამხელა კაცი მარტო ვერ წახვალ? „მარშრუტკა“ კარიდან კარზე დადის, – დიმიტრის სიკვდილივით ეზარებოდა ადგომა.
– კარგი, რა, მამი, ხომ შემპირდი! – არ ეშვებოდა შვილი.
– შენხელა რომ ვიყავი, ყველგან მარტო დავდიოდი, – არ ნებდებოდა დიმიტრი.
– ერთხელ მაინც წაიყვანე ბავშვი, ასე რომ გეხვეწება! – ჩაერია მამა-შვილის დიალოგში ნანიტა.
– შენ რას მიკეთებ? ადექი და შენ წაიყვანე! – შეუღრინა დიმიტრიმ, – ვერ ხედავ, ცუდად რომ ვარ?
– სულ მე არ დამყავს? ყველას მამა დაჰყვება, იმდენ კაცებში მარტო მე ვდგავარ ხოლმე ქალი. მთვრალი რომ ათას რამეს ჰპირდები, ერთხელ მაინც არ უნდა ნახო, როგორ თამაშობს შენი შვილი? შენი ძმაკაცების შვილებს თან ჰყვები და საკუთარი ფეხებზე გკიდია! – თავი ვეღარ შეიკავა ნანიტამ და თან შეშინებულმა გამოიხედა, ბავშვმა ხომ არ გაიგონაო.
თორნიკე ოთახიდან გასულიყო. შვილი რომ გაიგულა, ნანიტა ისევ ქმარს მიუბრუნდა:
– რა მოგივა, რომ წაიყვანო? იცი, როგორ უნდა, რომ ნახო, როგორ თამაშობს?!
– თქვენი დედაც, ორივესი, გამიტრაკეთ ცხოვრება! – იყვირა დიმიტრიმ, თუმცა, მაინც ადგა და თოკო სულ ყვედრება-ყვედრებით წაიყვანა. მაგრამ, ბავშვს ისე უხაროდა, რომ მთელი გზა არ გაჩუმებულა და ვარჯიშებზე მომხდარ ამბებს უყვებოდა.
– მამი, დღეს ორი წლით უფროსებთან უნდა გვათამაშონ. დაცვაში ვარ, ხომ მიყურებ?
– ჰო, – ცალყბად უპასუხა დიმიტრიმ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში