რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ მოკლედ დამიხასიათოთ 2001 წლის „ჰონდა სიარვი” (CRV). რა პლუსები და მინუსები აქვს, გამძლეა თუ არა მისი მართვის ავტომატური კოლოფი და რამდენად უსაფრთხო და ეკონომიურია თავად მანქანა? მირჩევთ თუ არა მის შეძენას?
პასუხი: „ჰონდას” ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქის „ჯიპებს” შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი ძველი ანუ 2001 წლამდე, მოდელები შედარებით გამძლე იყო და უგზოობის პირობებსაც იოლად იტანდა, ვიდრე ეს მოდელი. მას აქვს შედარებით სუსტი სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი. მაგრამ, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა კოლოფი ადრე თუ გვიან, მწყობრიდან გამოდის და მოფრთხილება სჭირდება. „სიარვიც” ასევეა – თუ ძალიან არ აწვალებთ, მოუფრთხილდებით, სიჩქარეთა კოლოფიც პრობლემებს არ შეგიქმნით. ეს არის ქალაქის „ჯიპი”, რომელიც ასფალტირებული გზიდან გადასვლის შემთხვევაში, თავს არ შეირცხვენს. თუმცა, უგზოობაში სასიარულოდ არ არის შექმნილი. რაც შეეხება წვას, „ჰონდა სიარვი” ქალაქის პირობებში, „ჯიპების” ფონზე საკმაოდ ეკონომიურია და მის შეძენას გირჩევთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი” 2001 წლის. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან” გასდის ზეთი, სისტემატურად ვამატებ, მაგრამ გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენი ხანი ზეთის მატება ხომ არ გამიფუჭებდა ძრავას?
პასუხი: ძრავის უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი ან ძალიან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას” ვერ იშოვით, მიიტანეთ და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ ამ პრობლემაში მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რომელიც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი” მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს, თან რთულიცაა. მაგრამ, ეს მაინც გასაკეთებელია, თავისით ეს „ავადმყოფობა” არ გაივლის. ამიტომ, ჯობია, რაც შეიძლება, მალე გააკეთოთ. რაც შეეხება ზეთის დამატებას. ძრავის სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ მიუხედავად დამატებისა ზეთს დროულად ცვლიდით. ამატებთ, ამატებთ და ძრავაში სულ არის საჭირო რაოდენობის ზეთი. მაგრამ, როცა დრო უწევს, ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე ზეთს მაინც ცვლით.
კითხვა: მყავს ეკოტეკის ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. იქნებ ამიხსნათ, როგორია ის, რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს? მაინტერესებს შუქნიშანზე დგომისას სიჩქარეების გადამრთველი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?
პასუხი: ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე, სჭირდება კარგი ხარისხის ზეთის დროულად ცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის სექტორში შესაძლოა ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე, არასტაბილურად იმუშაოს, საწვავის წვას მოუმატოს ან პერიოდულად ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომისას, არ არის აუცილებელი, ნეიტრალური სიჩქარე. პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავას ბრუნვათა რიცხვს არ უმატებთ, ანუ გაზის პედალს არ აწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ? მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატური? რამდენად უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილია ოჯახისთვის?
პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს, ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოთხოვოთ და საკმაოდ გაუმაძღარი – ეკონომიისთვის. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა საკუთარი სურვილების ავტომობილის სიმძლავრით დაკმაყოფილებაზე, მაშინ უმჯობესია არატურბირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება. ან სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი”, 1998 წლის, 2.0 ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. დაახლოებით 1 200 ბრუნის ფარგლებში ძრავა არასტაბილურად მუშაობს, გაზს თითქოს თვითონ აძლევს და აკლდება, ხოლო 1300 ბრუნის შემდეგ, ბრუნვები სტაბილურდება. მაღალი სიჩქარის დროს დაახლოებით 2800 ბრუნიდან გაზი თავისით იმატებს და გადადის 4000 ბრუნზე, რჩება ამ ბრუნებზე და რაც მთავარია, სიჩქარე დაბალზე აღარ გადმოაქვს. ამ დროს ძრავა ჩეკს ანთებს. როდესაც ძრავას გავთიშავ და ხელახლა დავქოქავ, იწყებს ჩვეულებრივ მუშაობას არასტაბილური 1200-იანი ბრუნით, მაგრამ სიჩქარეებს ცვლის 2800-მდე. ამ ბრუნვის შემდეგ, ისევ იგივე იწყება, თავისით ადის 4000-ზე. ასევე, ჩეკი ქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორის „კლემას” ჩავხსნი და ისევ ჩავრთავ. „სვეჩები” და ჰაერის ფილტრი გამოცვლილია. იქნებ ამიხსნათ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, თუმცა პრობლემის პოვნა გაცილებით რთული იქნებოდა და მთელი ავტომობილი დასაშლელი გახდებოდა, ძრავა „ჩეკს” რომ არ ანთებდეს. რადგან ჩეკი ინთება, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერი ავტომობილის გაუმართავი მუშაობის მიზეზს ხვდება და მისი დიაგნოსტიკით პრობლემას იოლად აღმოფხვრით. კომპიუტერზე შეერთების შემდეგ, ის თავად დაგიწერთ რა ხდება: კონკრეტულად რომელი სენსორის მუშაობა არ მოსწონს. მთავარი სწორედ მიზეზის პოვნაა და მისი შეკეთება უკვე აღარ გაგიჭირდებათ.