ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ზამთრის არდადეგების გატარებას ქალაქგარეთ ვგეგმავთ. გვინდა ჩვენი 1 წლის სტაფიც თან წავიყვანოთ. რას გვირჩევთ მის წაყვანასთან დაკავშირებით? რას მოვარიდოთ და ასე შემდეგ.
პასუხი: ამ დროს ძირითადი პრობლემა ძაღლის სხეულის გაციებაა, რაც ერთ-ერთი ძირითადი საშიშროებაა მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან, გაციება შეიძლება გართულდეს და სხვადასხვა პათოლოგიაში გადაიზარდოს. გართულების შემთხვევაში, ძაღლი კანკალებს და თათები დაჭიმული აქვს. სახლის ძაღლები იზრდებიან და ცხოვრობენ სითბოში, დაახლოებით პლუს 15-20 გრადუსზე და მათი სხეულის ფიზიოლოგიური თერმორეგულაციის მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა მსგავს პირობებში შეინარჩუნოს. როცა ასეთი ძაღლი ზამთრის პერიოდში გაგვყავს ცივ ამინდში ქალაქგარეთ, სადაც დაბალი ტემპერატურაა, მისი ორგანიზმი განიცდის ეგრედწოდებულ ტემპერატურულ შოკს. განსაკუთრებით მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ლეკვის გაციებას. ყველაზე მეტად ამ დროს მას უზიანდება სახსრები, რაც პროვოცირებას უკეთებს ართრიტების ჩამოყალიბებას და, შეიძლება, მას ქრონიკული პრობლემა შეექმნას. ძაღლის ორგანიზმს, ასევე, მნიშვნელოვნად აზიანებს სველ თოვლში დიდხანს სიარული. გაციებამ შეიძლება მოახდინოს მთელი რიგი დაავადებების პროვოცირება, მაგალითად, ყურების, კუნთების, სახსრების, შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთებითი პროცესები. გაციებისას სუსტდება ძაღლის ორგანიზმის იმუნიტეტი და ადვილად ხდება ინფექციური დაავადებებით დასნებოვნება. თუ მაინც გადაწვიტეთ ზამთრის კურორტზე თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დასვენება, ამისთვის სპეციალური მომზადება ნამდვილად არ გაწყენთ, რათა არ დაუშვათ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წარმოშობა. ძაღლს უნდა უყიდოთ სპეციალური დამცავი კომბინეზონი, რომელიც დაიცავს მას თოვლშიც და ქარიან ამინდშიც. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მისი ბეწვის საფარის მდგომარეობას. ის აუცილებლად უნდა იყოს დავარცხნილი და შეკრეჭილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათებზე ბეწვის მდგომარეობას – ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს ამოკრეჭილი, რადგან, ბეწვი სითხეს იწოვს, სველ ამინდში ადვილად ისვრება ტალახით, რაც იწვევს თითებშუა კანის გაღიძიანებასა და თათების მოყინვას.
კითხვა: აუცილებელია ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?
პასუხი: ძაღლების აცრა ერთი თვის ასაკიდან კი არა, 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალი კლასიფიკაციის ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს, როგორებიცაა: ენტერიტი, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირი, პარაგრიპი, ლეპტოსპიროზი და ძაღლსაშენების ხველების სინდრომი. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა – ენტერიტი, რომელსაც ენტეროვირუსები იწვევს, გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით. ეს იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში მეორედ აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, გულისცემა აჩქარებული აქვს და თანდათან აპათიური ხდება.