ვინ და როგორ გაიტაცა თბილისის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 890 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა
პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გატაცება
1979 წლის 18 მაისს, ცნობილი კანონიერი ქურდის, ვარლამ კაიშაურის, იგივე „მთიელის“ ბინაში ტელეფონმა დარეკა. ყურმილი თავად 53 წლის ვარლამმა აიღო და უპასუხა:
– გისმენთ!
– კარგად მისმინე, მთიელო! იცოდე, აღარ გაგიმეორებ, – თქვა მამაკაცის ხმამ, – შენი შვილიშვილი, შორენა, ჩვენთანაა. შენი სახლის ფოსტის ყუთში კი წერილი დევს და დანარჩენს იქიდან შეიტყობ.
ცოცხალ-მკვდარი მთიელი კართან მიიჭრა, გამოაღო, იქვე დაკიდებული ფოსტის ყუთიდან კონვერტი ამოიღო და სახლში შებრუნდა. კაიშაურმა ხელის კანკალით გახსნა კონვერტი, შიგთავსი ამოიღო და მათემატიკის რვეულის ფურცელზე კუთხური ასოებით, შავი მელნით ნაწერი წერილი წაიკითხა, რომელშიც ეწერა: „მთიელო, შენი 8 წლის შვილიშვილი, შორენა, ჩვენთანაა. გირჩევ, პანიკა არ ატეხო და, რასაც გიბრძანებთ, შეასრულო. თუ არ დაგვემორჩილები, იცოდე, რომ შენს შორენას სამწვადე ხორცივით დაჭრილს იპოვი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: ორი კვირის ვადაში შენი ძველი კამანდა უნდა შეკრიბო და ერთი საქმე გააკეთოთ, რომელსაც ზუსტად თხუთმეტ დღეში გეტყვით. ახლა კი გამაგრდი, პანიკაში არ ჩავარდე და ჩვენი ბრძანება შეასრულე. იცოდე, გაკონტროლებთ და, ან „ძაღლებს” რომ მიმართო, ან სხვა სისულელე ჩაიდინო, შენს შვილიშვილს დაღუპავ“.
მთიელი ცნობილი „მედვეჟატნიკი”, სეიფების მძარცველი იყო და დიდი პატივისცემით სარგებლობდა შავ სამყაროში. წერილის მიღების შემდეგ მას მთელი სხეული აუცახცახდა და, რადგან სახლში მარტო იმყოფებოდა, შეეშინდა, წნევას არ დაერტყა. ამიტომ, რის ვაი-ვაგლახით მივიდა კომოდთან, წნევის წამალი ამოიღო, დალია და ოდნავ მოეშვა. ამ დროს ტელეფონმა ისევ დარეკა და იმავე ხმამ უთხრა:
– დროს ნუ დაკარგავ და იმოქმედე! თხუთმეტ დღეში დაგირეკავ და გეგმის მეორე ნაწილს შეგატყობინებ!
მთიელი მონუსხული უსმენდა უცნობს, ბოლოს ძალები მოიკრიბა და უთხრა:
– რასაც მეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შორენას ნურაფერს დაუშავებთ. ისე კი, ერთ რჩევას მოგცემ: ჯობია, მარსზე გადასახლდე და ღრმად დაიმალო, თუმცა, არც ეგ გიშველის – ყველგან გიპოვი...
– ძირში არ მოგვჭამო, შე ბებერო ჩათლახო! ახლა კი საქმეს შეუდექი, დრო არ ითმენს, – მიუგო უცნობმა და ტელეფონი გათიშა.
გეგმის მეორე ნაწილი
მთიელი ერთადერთხელ იყო ნამყოფი „სროკზე“, მაგრამ, ოთხი საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის თხუთმეტი წელი სრულად ჰქონდა მოხდილი და ქურდად ციხეში აკურთხეს. მას მძარცველთა ოთხკაციანი ბანდა ჰყავდა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მთელი საბჭოთა მილიცია, მაგრამ, უშედეგოდ. მძარცველები, საბოლოოდ, „კაგებეს“ სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა გაშიფრა და აიყვანა. ჯგუფს მაიორი კოტე ლაღიძე ხელმძღვანელობდა და მძარცვლებისგან მათ მილიონ 365 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ამოიღეს. კოტე ლაღიძე და ვარლამ კაიშაური ძველი ნაცნობები იყვნენ და ბავშვობაში ერთად დადიოდნენ ფეხბურთზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში. ვარლამი მარცხენა თავდამსხმელი იყო, კოტე კი – მარჯვენა თავდამსხმელი, თუმცა, პირველი ქურდი გახდა, მეორე კი – „კაგებეშნიკი“ და მოსკოვში, „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს სამუშაოდ. ვარლამისა და მისი ბანდის აყვანისთვის ლაღიძემ პოდპოლკოვნიკობა მიიღო, კაიშაურმა კი – თხუთმეტწლიანი პატიმრობა. როდესაც ვარლამს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს მოსკოვის უმაღლეს სასამართლოში, ლაღიძემ მთიელი საკანში მოინახულა, ორასი მანეთი, ერთი ბლოკი „მარლბორო“ „უგრევა“ და უთხრა:
– რას იზამ, ასეთია ცხოვრება. შენ მძარცველი ხარ, ხოლო მე – თქვენი მდევარი. ისე კი, გახსოვდეს, რომ, თუკი მართალ საქმეში ჩემი დახმარება დაგჭირდება, არ დაგზარდები და გვერდში დაგიდგები...
მთიელმა სახლში დაბრუნებული ცოლი, ვაჟი და რძალი დაამშვიდა, მილიციასთან ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალა და უთხრა, რომ შორენას ამბავი არავისთვის გაემხილათ. შემდეგ თვითმფრინავის ბილეთი აიღო და მოსკოვში გაფრინდა, რომ თავისი ძველი „პაძელნიკები” მოეძებნა...
ზუსტად თხუთმეტი დღის შემდეგ, უცნობმა კვლავ დაურეკა კაიშაურს და უთხრა:
– ვაკის პარკში, შადრევნის ხელმარცხნივ რომ მწვანე სკამია, იმის ქვეშ წერილი დაგიტოვე და გეგმის მეორე ნაწილსაც იქ იპოვი. აბა, ყოჩაღად! თუ ყველაფერს კარგად შეასრულებთ, შენს შვილიშვილს უვნებლად დაგიბრუნებთ, თუ არა და, დაკეპილი ხორცის მასას მიიღებ.
მთიელმა წერილი იპოვა, რომელიც კვლავ მათემატიკის რვეულის ფურცელზე, კუთხური ასოებით იყო დაწერილი. უცნობი წერდა, რომ 17 ივნისს, ანუ, ზუსტად თხუთმეტი დღის მერე, მთიელსა და მის „პაძელნიკებს“ თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია უნდა გაეძარცვათ. მისივე თქმით, მძარცველებს ნაცრისფერი სეიფი უნდა გაეხსნათ (სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ინახავდნენ ძვირფას საქონელს), ნაძარცვი ნივთები კი საიმედოდ გადაემალათ. ბოლოს კი წერილი ასე მთავრდებოდა: „ძვირფასეულობის გადმოცემის გეგმას მოგვიანებით შეგატყობინებ, მაგრამ, ღმერთი არ გაგიწყრეს, „ძაღლებს” არ შეეკრა და შენი შვილიშვილი არ დაღუპო“.
გრანდიოზული ძარცვა
მთიელმა და მისმა ძველმა სამმა „პაძელნიკმა” თორმეტი დღე მოანდომეს საიუველირო მაღაზიის ძარცვის დეტალური გეგმის შემუშავებას, 1979 წლის 17 ივნისს კი მაღაზიაში შეაღწიეს, სიგნალიზაცია გათიშეს და სეიფი გააღეს, იქიდან 890 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს და მიიმალნენ. მთიელის სამივე „პაძელნიკი” ჯერ ბათუმში გაემგზავრა, იქიდან კი – მოსკოვში. არც ერთ მათგანს კაპიკი არ მოუთხოვია, რადგან, იცოდნენ, რაშიც იყო საქმე და მეგობარს უანგაროდ დაეხმარნენ. ვარლამ კაიშაურმა ძვირფასეულობა ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და უცნობის ზარს დაელოდა. მეორე დღეს კი მთელი თბილისი ლაპარაკობდა თბილისის ცენტრში მომხდარ ძარცვაზე და იმ ზღაპრულ „კუშზე“, რომელიც ბოროტმოქმედებმა აიღეს. მთელი მილიცია ფეხზე დადგა და მძარცველების ძებნას შეუდგა. აიყვანეს ყველა ცნობილი ქურდი, მათ შორის მთიელიც, რომელიც ქალაქის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. ის თავად სამძებროს უფროსის მოადგილემ, პოდპოლკოვნიკმა ჯვებე კოციანმა დაკითხა. მან ოთხი საათი უტრიალა მთიელს, ბოლოს კი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა და სახლში გაუშვა.
ვარლამი მოუთმენლად ელოდა უცნობის ზარს და ძალიან ნერვიულობდა. ერთი კვირის შემდეგ, 25 ივნისს, უცნობმა მთიელს დაურეკა და უთხრა:
– ყოჩაღ. ახლა კი მუშტაიდის ბაღში წადი, ტირთან რომ დიდი ქვა დევს, იმის ქვეშ იპოვი შემდგომ ინსტრუქციებს. რაც შენთანაა, თან წაიღე.
– ნურას უკაცრავად, – ხმას აუწია მთიელმა, – ჯერ ბავშვი დამალაპარაკეთ!
მცირე პაუზის მერე, ტელეფონში პატარა შორენას ხმა გაისმა, შემდეგ კი ისევ უცნობმა თქვა:
– ხომ დარწმუნდი, რომ შვილიშვილი ცოცხალი გყავს. თუ გინდა, ყველაფერი კარგად დასრულდეს, ჩემს ბრძანებას დაემორჩილე.
– ბავშვს როდის დამიბრუნებ?
– როგორც კი ტავარს მივიღებ, დაგირეკავ და გეტყვი, სად არის.
ვარლამმა ძვირფასეულობით სავსე ჩანთა მუშტაიდის ბაღში წაიღო და ქვის ქვეშ წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა:
„საბავშვო რკინიგზის პატარა ბუტკაში ზურგჩანთაა და ტავარი იქ ჩაცალე. იქვე წერილია და წაიკითხე“.
ვარლამმა ზურგჩანთა იპოვა და ყველაფერი ზუსტად შეასრულა, შემდეგ წერილი წაიკითხა, რომელშიც ეწერა: „ახლა კი სასწრაფოდ ნაბერეჟნზე დაეშვი. იქ „მოსკვიჩი 408“ დგას. „ბაგაჟნიკი“ ახადე, ზურგჩანთა შიგ ჩადე და უკან გაბრუნდი. ორ საათში დაგირეკავ და ბავშვის ადგილსამყოფელს შეგატყობინებ“.
მთიელმა ყველაფერი კვლავ ზუსტად შეასრულა. მან მხოლოდ ცალი თვალი შეავლო საჭესთან მჯდომ კეპიან მძღოლს, რომელსაც სათვალე ეკეთა. როგორც კი საბარგული დაკეტა, „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაიძრა და თვალს მიეფარა.
ზუსტად ორი საათის შემდეგ, მთიელს შავი ფერის „ვოლგამ“ მიაკითხა და შევჩენკოს ქუჩაზე, საქართველოს უშიშროების კომიტეტის შენობაში წაიყვანა. ვარლამი მესამე სართულზე აიყვანეს და ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს, სადაც მას შვილიშვილი შორენა შეეგება, რომელიც კისერზე ჩამოეკიდა ბაბუას. იქვე პოლკოვნიკი კოტე ლაღიძე იჯდა. მან გაუღიმა მთიელს და უთხრა:
– გილოცავ მშვიდობიან დასასრულს. მორჩა, ყველაფერი რიგზეა.
მთიელი პოლკოვნიკს გადაეხვია და ატირდა. ცრემლები ვერ შეიკავა ლაღიძემაც. რომ დაწყნარდა, მთიელს უთხრა:
– ეს საქმე ჯვებე კოციანმა და მისმა ჩათლახმა დამ მოაწყვეს. ორივე ავიყვანეთ და უმკაცრესად დავსჯით. ნაკოლი ლიდა კოციანისგან იყო, რომელიც საიუველირო მაღაზიის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და, ზუსტად იცოდა, რომ 17 ივნისს დიდ ტავარს მიიღებდნენ.
და-ძმა კოციანებზე გასვლა „კაგებემ“ ბრილიანტის ერთ-ერთ დიადემაში ჩამონტაჟებული რადიოგადამცემის საშუალებით მოახერხეს და ორივე წყნეთში აიყვანეს, სადაც ისინი თავიანთ აგარაკზე მალავდნენ ბავშვს. კოციანებს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ჯვებე სვერდლოვსკის კოლონიაში მოკლეს, ლიდა კი – მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში გამოასალმეს სიცოცხლეს...
P. S. მთიელმა ნებაყოფლობით აიყარა ქურდის ტიტული, რადგან „კაგებესთან“ ითანამშრომლა. მისი „პაძელნიკები” კი, სინამდვილეში, „კაგებეს“ ოპერები იყვნენ და ვარლამ კაიშაურს თავისი მეგობარი არ გაუწირავს...