ხორცი ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი რბილი ხორცი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი დიდი ზომის სტაფილო, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 200 გრამი გოგრა, 1 თავი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძი, დაფქული, სურნელოვანი პილპილი, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, მარილი – გემოვნებით, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა დარიჩინი, 2 ჭიქა წყალი, ცოტა ცხარე წიწაკა „ჩილი“, 1 კონა კამა, ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, ხახვი – ალყა-ალყად, სტაფილო – საშუალო ზომის რგოლებად. ასევე, ბულგარული წიწაკა დაჭერით ჩხირებად, გოგრის რბილობი კი – კუბიკებად, ნიორი – ძალიან თხელ ფირფიტებად.
ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. ოდნავ მოშუშეთ ზედ ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. დაუმატეთ ხორცის ნაჭრები. კარგად მოხრაკეთ და შებრაწეთ. მაშინვე უყავით მარილი, ქინძი, სურნელოვანი პილპილი, უცხო სუნელი, კიდევ აურიეთ და დაუმატეთ გოგრა. ცოტა კიდევ ჩაშუშეთ. დაუმატეთ ტომატ-პასტა და წყალი. უყავით „ჩილი“ და მარილი გემოვნებით. შუშეთ კიდევ ხორცი და ბოსტნეული 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა. სულ ცოტა დარიჩინი, აურიეთ და მზად არის არომატული და ძალიან გემრიელი კერძი.