რა განსაზღვრავს ადამიანის ბედისწერას და რა კავშირშია ფიქრი სამყაროს კანონებთან
ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისივე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს.
იმათზე, ვისაც ხშირად უმართლებთ, ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, თუმცა, თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისწერისანი ვართ.
ასევე, არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით, და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. მიიღეთ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას. ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებით, სიტყვებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს.
ასევე, არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველა ადამიანმა უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ ჩანთით, გნებავთ ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ სხვის ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება. მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ბედის ვარსკვლავი აქვს. ის ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, მისი სიკვდილის მომენტში კი სწყდება ცის კაბადონს და ქრება. ვარსკვლავის მოწყვეტა და მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება. ხოლო იმაზე, თუ როგორ კაშკაშებს ვარსკვლავი, დამოკიდებულია ადამიანის ბედ-იღბალი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანს უმართლებს ბედში, მაგრამ, თუ შედარებით მკრთალია, ესე იგი, უბედოა ან არ უმართლებს. ის ჩვენს განზომილებაში არ ჩანს და ჩვენს გადაადგილებასთან ერთად უხილავად მოძრაობს. როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზეა დამოკიდებული. სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ, მით უმეტეს – ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, იყავით მეტად დაკვირვებული, ნუ ისვრით სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება მიაქციეთ ყველა წვრილმანს და თავად დაიცავით საკუთარი სიცოცხლე და თავი შესაძლო საფრთხისგან.