რა პროდუქტები უნდა ჭამოთ კუჭის შეკრულობის დროს კოლიტი ნაწლავების ანთებითი და არაანთებითი დაავადებაა. ანთებითს განეკუთვნება მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, რომელსაც ნაწლავების ფუნქციის მოშლა იწვევს; არაანთებითს კი – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი
რა პროდუქტები უნდა ჭამოთ კუჭის შეკრულობის დროს
კოლიტი ნაწლავების ანთებითი და არაანთებითი დაავადებაა. ანთებითს განეკუთვნება მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, რომელსაც ნაწლავების ფუნქციის მოშლა იწვევს; არაანთებითს კი – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. ქრონიკულ კოლიტი ვლინდება მუცლის ტკივილით, მეტეორიზმით, შებერვით, კუჭის შეკრულობითა და ლორწოვანი გამონადენით. ამ დროს ორგანიზმის ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა, ანუ, არ აღინიშნება არც მაღალი ტემპერატურა, არც წონის კლება და არც ცვლილებები ანალიზში.
თუ კუჭის შეკრულობა ხშირად არ გაწუხებთ და ის არ არის საკვები რაციონის ცვლილებაზე დამოკიდებული, მაშინ, შესაძლოა, ყველა სიმპტომმა თავისით გაიაროს; მაგრამ, თუ კუჭის მოქმედება სამ-ოთხ დღეში ერთხელ გაქვთ, რასაც თან ახლავს ტკივილი, გაწუხებთ მეტეორიზმი, აუცილებლად უნდა გაესინჯოთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს და დაადგინოთ მიზეზი. შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. თუ ტკივილები აღგენიშნებათ, ამ შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები; თუ კუჭის მოქმედება დარღვეულია, მაშინ საჭიროა მისი ნორმაში ჩაყენება.
წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავები. ახასიათებს დიარეა და განავალს მოჰყვება სისხლი. ამ დროს თავს იჩენს დაავადების საერთო ნიშნები, მაგალითად, წონაში დაკლება, მაღალი სიცხე, პირღებინების შეგრძნება, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. შესაძლოა, ტკივილი არ აღინიშნოს, მაგრამ, თუ მაინც გტკივათ, ესე იგი, სერიოზული გართულებაა და დროულად მიაქციეთ ყურადღება. კრონის დაავადება კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნის დაზიანებაზე მეტყველებს. ქრონიკული კოლიტისგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს. მოგვიანებით კი ის ვლინდება კანის, თვალების, სახსრებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებით. ხშირად კრონის დაავადება ინიღბება ბრმა ნაწლავის ტკივილით. თუ ადამიანს ეს დაავადება ერთხელ შეეყარა, მთელი ცხოვრება დატანჯავს, რამაც, შესაძლოა, საშიში გართულებებიც გამოიწვიოს, კერძოდ: ჩირქოვანი იარები, შეხორცებები, შევიწროებები წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, რაც გაუვალობის მიზეზი ხდება. წყლულოვან კოლიტს კი მოჰყვება სისხლდენები, პერიტონიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა საშიში გართულებები.
კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა. ქრონიკული კოლიტის დროს კარგია ქატო, შავი ქლიავი, სტაფილო, რადგან ისინი კვებით ბოჭკოებს შეიცავენ. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღება. იკრძალება რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმელი.
ასევე, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. მიირთვით ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები და ნიგოზი.
არსებობს კოლიტი, რომელსაც მიკრობებით გამოწვეული დაავადებები მიეკუთვნება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, გამომწვევია ნაწლავური ინფექცია. ამ დროს მკურნალობის კურსი დროულად უნდა ჩაიტაროთ.
ალკოჰოლური სასმელები ღვიძლის მტერია
ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ბევრი ქიმიური რეაქცია, მაგალითად, ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება.
ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე: იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც შვიდი სახისაა. მათგან A და B ჰეპატიტით დასნებოვნება დაკავშირებულია წყალთან და ჰაერთან, ასევე, საკვებთან. დანარჩენი 5 ვირუსი კი ორგანიზმში სისხლით ხვდება.
ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით. მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, დიდი რაოდენობით არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები.
ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია. ასევე, კარგია ქატო. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებას. ეს პროდუქტები ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი – სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირას ზეთი.
კომბოსტო ორგანიზმისთვის შეუცვლელი ბოსტნეულია
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასევე, მასში გვხვდება ეგრეთ წოდებული ულცეროზული ვიტამინი, ანუ, წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა გასუქების თავიდან ასაცილებლად. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა.
ასევე, ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და დამწვრობის შემთხვევაში.
კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს მწნილის წვენი გამოივლეთ პირის ღრუში.
ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა, ასევე, სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.
ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე.
საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებურ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან. ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ორგანიზმს იოდის ათვისებაში ეხმარება. გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.
ყოველდღიურ რაციონში სელის ზეთი შეიტანეთ
ვიტამინი E ორგანიზმის ბიოაქტიური ფაქტორების მუშაობის კოორდინატორია. მას „ახალგაზრდობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. ამ ვიტამინის გარეშე, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ადამიანისთვის არათუ სასარგებლო, არამედ ზიანის მომტანიც კი იქნებოდა.
ვიტამინი E, როგორც უძლიერესი ანტიმჟანგავი და ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის უჯრედების ჟანგვის, ანუ დაბერების პროცესსაც.
ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დიდი რაოდენობით ჩართვა საკვებში ზრდის E ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ეს განსაკუთრებით შემწვარი და ცხიმიანი კერძების მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან ასეთ საკვებში ნახევრად ნაჯერი და ცხიმოვანი მჟავები შედის, ვიტამინი E კი – არა.
გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებულ ზეთებში E ვიტამინი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არარაფინირებულში.
ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველი მიზეზი ათეროსკლეროზია, ანუ არტერიის კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების დალექვა, რაც აფერხებს გულისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას, იწვევს გულის შეტევის პროვოცირებას. ქოლესტერინის დონის შემცირება, როგორც კვლევებით აღმოჩნდა, მეტ-ნაკლებად სელის ზეთს შეუძლია.
ამიტომ, აუცილებელია, რომ სელის ზეთი ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ. სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აუცილებელია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა: ინსულტი, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება. ნახევარი სუფრის კოვზი სელის ზეთი უზრუნველყოფს უჯერი ცხიმების მჟავის დღეღამურ მოთხოვნილებას. ეს მჟავა სელში ორჯერ მეტია, ვიდრე თევზის ქონში.
მისი მიღება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დარღვეული აქვთ ცხიმოვანი ცვლა, ასევე, ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც თევზს არ მიირთმევენ.
რომელი ვიტამინის სიჭარბე იწვევს ორგანიზმში ჰიპერვიტამინოზს
ვიტამინების დიდი დოზით მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ასეთ დროს ვითარდება ჰიპერვიტამინოზი. ყველაზე მეტად კი ადამიანის ორგანიზმში გროვდება A და D ვიტამინები.
რეტინოლი, ანუ A ვიტამინი, კარგია კანისა და მხედველობისთვის, მაგრამ, მისი ზედმეტი მიღება წარმოშობს A ჰიპერვიტამინოზს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: კანის სიმშრალე, ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უძილობა და გაღიზიანება. მხოლოდ A ვიტამინს არ შეუძლია ჰიპერვიტამინოზის გამოწვევა. ზედმეტი დოზა შეიძლება ბეტა-კაროტინისგანაც მიიღოთ. ის არის სტაფილოში, გარგარში, ატამში, სხვა ნარინჯისფერ და წითელ ხილსა თუ ბოსტნეულში.
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია D ვიტამინი. ის ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, კალციუმის გადანაწილებას ძვლოვან ქსოვილში. მაგრამ, მისი არასწორი მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს. მისი სიმპტომებია: სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება, ღებინება, არტერიული წნევის აწევა.
აგრეთვე, არ შეიძლება B ჯგუფის ვიტამინების, PP ვიტამინისა და წყალში ხსნადი C ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღებაც. C ვიტამინი აკრძალულია კუჭის წყლულისა და ლორწოვანი ეროზიის, გასტრიტის დროს.
თუ შაკიკი გაწუხებთ, ჭამეთ თევზი
თუ ალერგია გაწუხებთ, ორგანიზმის რეაქციის შესაცვლელად, ჩაისა და ყავის ნაცვლად უნდა სვათ ორკბილას ნაყენი. ნაყენი ასე მზადდება: 20 გრამ აფთიაქში ნაყიდ ორკბილას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭიქაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია, ყოველი დალევის წინ დააყენოთ. ნაყენი უნდა იყოს ოქროსფერი, რადგან მღვრიე და მომწვანო ფერის ორკბილას ნაყენი ძველია და მან შესაძლოა, მოგწამლოთ კიდეც.
კოლიტის სამკურნალოდ, ხალხურ მედიცინაში იყენებენ საზამთროს ქერქს. 100 გრამ გამომშრალ საზამთროს ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურული. ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ. ეს უებარი საშუალებაა მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთების დროსაც.
თუ გსურთ, ინფარქტისგან დაზღვეული იყოთ, ხშირად მიირთვით თევზი. თევზის ქონში შემავალ „ომეგა 3-ს” ამის თვისება გააჩნია. ანუ, თევზის ქონი შეიცავს ცხიმიან მჟავებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სისხლის შედედებას და იცავს გულს შესაძლო დაავადებებისგან.
თევზის ქონი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინის ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმში, ასევე, გვიცავს ათეროსკლეროზისა და შაკიკის შემოტევებისგან.