5 ფაქტი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ მეხუთის ცხოვრებიდან
2014 წლის 17 იანვარს ნორვეგიის სამეფო მეფე ჰერალდ მეხუთის ტახტზე ასვლიდან 23-ე იუბილეს აღნიშნავს და, საინტერესო იქნება, ევროპელი მონარქის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ამბებს გავეცნოთ.
* მისი უდიდებულესობა მეფე ჰარალდ მეხუთე 1937 წლის 21 თებერვალს, ოსლოსთან ახლოს მდებარე სამეფო საგვარეულოს კუთვნილ სასახლეში, სკაუგუმში დაიბადა. ის იყო ნორვეგიის პირველი პრინცი უკანასკნელი 567 წლის განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნორვეგიაში ნაცისტური გერმანიის ჯარების შესვლის შემდეგ, სამეფო ოჯახი ჯერ შვედეთში გაიქცა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, საიდანაც, ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარალდმა სწავლა ჯერ ნორვეგიის საკავალერიო სასწავლებელში განაგრძო, შემდეგ კი – სამხედრო აკადემიაში, სადაც ნორვეგიელი მონარქისთვის აუცილებელი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა. 1960-1962 წლებში ჰარალდი ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკასა და ისტორიას სწავლობდა. იმ პერიოდში მამამისი მეფედ, ულაფ მეხუთედ აკურთხეს და ჰარალდმა ავტომატურად მიიღო კრონ-პრინცის ტიტული.
* ნორვეგიის მეფემ, ჰარალდ მეხუთემ, რაინდის წოდება მიანიჭა პინგვინს, სახელად ნილს ოლაფ მეორეს. 1962 წლიდან ნორვეგიის სამეფო გვარდიის რიგებში ერთგვარ თილისმად „მსახურობა” დაიწყო საიმპერატორო ჯიშის პინგვინმა, ნილს ოლაფმა, რომელმაც სერჟანტის წოდებამდე მიაღწია, 1987 წელს კი ის მოკვდა. თილისმის გარეშე დარჩენილმა სამეფო გვარდიამ ახალი პინგვინი ითხოვა ედინბურგის ზოოპარკიდან და 1993 წლიდან ნილს ოლაფ მეორემ მსახურობა დაიწყო გვარდიაში. იმ წელს ფრინველი ოცმეთაური გახდა, 2004 წელს სამეფო შეიარაღებული ჯარების პოლკოვნიკი, ხოლო სულ ახლახან მეფემ მას რაინდის წოდება მიანიჭა.
* ჰარალდ მეხუთის შვილმა, კრონ-პრინცმა ჰოკონმა, ვიკინგური ტრადიციების აღდგენა გადაწყვიტა და თავის შვილს ვიკინგების ეპოქიდან წამოსული სახელი – სვერეს მაგნუსი დაარქვა. სვერესი უძველეს ნორვეგიულ სახელებს მიეკუთვნება, რომელიც ვიკინგების ეპოქაში, 1184-1202 წლებში, ერქვა ნორვეგიის მმართველ მეფეს – სვერეს სიგურდსონი. აღსანიშნავია, რომ მეფე ჰარალდ მეხუთემ ნორვეგიის კონსტიტუციის თანახმად მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართა თხოვნით, მიიღოს მათი თანხმობა შვილიშვილისთვის – მომავალში ტახტის მემკვიდრისთვის ძველი სახელის დარქმევასთან დაკავშირებით.
* ბილ ქლინთონის, ვაცლავ ჰაველისა და რომის პაპის, იოანე პავლე მეორის მსგავსად, ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე, რუდოლფ კამპფის მანუფაქტურის წარმოებული ფაიფურის ჭურჭლის კოლექციას აგროვებს. რუდოლფ კამპფის ფაიფურის მანუფაქტურა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, ჰაბსბურგების სამეფო დინასტიის დახმარებით ჩამოყალიბდა და ევროპის არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებულია ამ მანუფაქტურის ნაწარმის, ჭურჭლის, დეკორისა და ინტერიერის ნივთების შეგროვება.
* ჰერალდ მეხუთის უმთავრეს გატაცებად აფროსნობა ითვლება. ის არაერთხელ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, სადაც 1987 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1964 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჰარალდ მეხუთეს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ნორვეგიის დროშის ტარების საპატიო მისია ხვდა წილად, რაც საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება და, აღსანიშნავია, რომ გულზე გადატანილი მძიმე ოპერაციის მიუხედავად, ჰარალდ მეხუთე თავის გუნდთან ერთად ხშირად იღებს მონაწილეობას აფროსნობის ტურნირებში, სადაც ის თავისი კუთვნილი იახტით – „ფრამ XVI-ით,” ხშირად აღწევს წარმატებას.