„ოქროს ბურთის” გარეშე დარჩენილი ვარსკვლავები
ამ დღეებში გაირკვევა, ვინ მიიღებს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ ჯილდოს – „ოქროს ბურთს”. კანდიდატი სულ სამია: ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანუ რონალდუ. მანამდე კი გავიხსენოთ ფეხბურთის ის ვარსკვალვები, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს (ან ასრულებენ), რომ ვერ მოახერხეს „ოქროს ბურთის” მიღება.
ალესანდრო დელ პიერო (იტალია)
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, „იუვენტუსისა” და „სკუადრა აძურას” ლეგენდა, ყველაზე ახლოს „ოქროს ბურთთან” 1995 და 1996 წლებში იყო, თუმცა, ბედმა მაშინ მას არ არგუნა სანუკვარი ჯილდო. დელ პიერო 1993-2012 წლებში ირიცხებოდა ტურინულ გრანდში და მუდამ უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ამჟამად „პინტურიკიო”, როგორც მას ქომაგები უწოდებენ, ავსტრალიაში ასპარეზობს და, სოლიდური ასაკის მიუხედავად, თავის უმაღლეს კლასს აჩვენებს.
რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
მცველები იშვიათად იღებენ აღნიშნულ ჯილდოს, თუმცა, რობერტო კარლოსი ნამდვილი მოვლენა იყო ფეხბურთში და, რომ არა მისი თანამემამულე რონალდო, 2002 წელს ის აუცილებლად მიიღებდა „ოქროს ბურთს”. გამოკითხვაში მან სულ რამდენიმე ხმით ნაკლები მიიღო.
კენი დალგლიში (შოტლანდია)
1970-80-იანი წლების ლეგენდარული „ლივერპულის” ლიდერი კენი დალგლიში 1983 წელს იყო ჯილდოს კანდიდატი. იმ წელს იგი ინგლისის ჩემპიონი გახდა, თუმცა, მიშელ პლატინიმ მას არ აცალა მწვერვალზე ასვლა – სწორედ „უეფას” ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დატოვა შოტლანიდური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯილდოს გარეშე.
იურგენ კლინსმანი (გერმანია)
1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, გერმანელი იურგენ კლინსმანი, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია ისტორიაში, თუმცა, ის მაინც მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გარეშე გამოეთხოვა ფეხბურთს. 1995 წელს იურგენმა საოცარი სეზონი ჩაატარა ინგლისურ „ტოტენჰემში” და სწორედ იგი ითვლებოდა გამარჯვების კანდიდატად, თუმცა, იმ წელს გამოკითხვაში კლინსმანი ლიბერიელ ჯორჯ ვეასთან დამარცხდა 36 ხმით.
დინო ძოფი (იტალია)
ერთადერთი მეკარე, რომელსაც მიღებული აქვს „ოქროს ბურთი,” მოსკოვის „დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდა ლევ იაშინია. იტალიელი დინო ძოფიც ითვლებოდა რეალურ კანდიდატად, როდესაც 1973 წელს ფენომენალური სეზონი ჩაატარა „იუვენტუსთან” ერთად, თუმცა, გამოკითხვაში მას ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა აჯობა.
დენის ბერხკამპი (ჰოლანდია)
1990-იანი წლების ჰოლანდიური ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავი და ლონდონის „არსენალის” ლიდერი, დენის ბერხკამპი, მრავალჯერ სახელდებოდა „ოქროს ბურთის” კანდიდატად, თუმცა, კარიერა ისე დაასრულა, რომ ერთხელაც ვერ მიიღო სანუკვარი ჯილდო. ბერხკამპს ფეხბურთის მკვლევრები ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და უზადო ტექნიკის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევენ
ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
უნგრელი ლეგენდა ფერენც პუშკაში, შესაძლოა, გამხდარიყო კიდეც „ოქროს ბურთის” ლაურეატი, რომ არა ის ფაქტი, რომ ჯილდოს გაცემა 1956 წელს დაიწყეს – იმ პერიოდში ის უკვე ასაკში შესული, თუმცა, კვლავ სტაბილურად უმაღლეს დონეზე მოთამაშე ვარსკვლავად ითვლებოდა. პუშკაში 1960 წელს იყო ახლოს „ოქროს ბურთთან”, მაგრამ, გამარჯვება სხვას ხვდა წილად.
დევიდ ბექჰემი (ინგლისი)
ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი მსოფლიოში და საფეხბურთო „მოდის” ფუძემდებელი, ინგლისელი დევიდ ბექჰემი, ფეხბურთიდან 2013 წელს ისე წავიდა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს „ოქროს ბურთის” მოპოვებასთან შორეულ 1999 წელს, თუმცა, მაშინ ის გამოკითხვაში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, წინ კი ბრაზილიელი რივალდო „გაუშვა”.
ტიერი ანრი (საფრანგეთი)
რთულია ამის წარმოდგენა, მაგრამ, ტიერი ანრი კარიერას ისე დაასრულებს, რომ ერთხელაც ვერ მიიღებს „ოქროს ბურთს”, არადა, ძნელად თუ გავიხსენებთ მასზე წარმატებულ და შედეგიან ფორვარდს 2000-იანი წლების პირველ პერიოდში. ანრი ყველა ტიტულის მფლობელი გახდა იმ გუნდებში, სადაც თამაშობდა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა კი „სამფეროვანთა” რიგებში მოიპოვა.
რაული (ესპანეთი)
ესპანური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და „რეალის” ვარსკვლავი, რაული, ყველაზე ახლოს „ოქროს ბურთთან” 2001 წელს იყო, თუმცა მაშინ გამოკითხვაში მას მაიკლ ოუენმა აჯობა. ამბობდნენ, რომ რაულისთვის ეს არ იყო ბოლო შანსი და ის აუცილებლად გახდებოდა „ოქროს ბურთის” ლაურეატი, თუმცა, მისი კარიერა ისე დასრულდა, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ნაკრებთან ერთადაც კი ვერ მიაღწია იმ დიდ გამარჯვებებს, რაც ბოლო წლებში ესპანურმა ფეხბურთმა შეძლო.