რატომ უნდა დაარქვას ქრისტიანმა შვილს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს და რა არის ნათლობისთვის აუცილებელი
ძველად შობისა და ნათლისღების დღესასწაულები ერთად აღინიშნებოდა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობას 7 იანვარს აღნიშნვს, ხოლო ნათლისღებას – 19 იანვარს. როგორ უნდა აღნიშნონ ქრისტიანებმა ეს ორი, ყველასთვის მნიშვნელოვანი დღე, როგორ სრულდება ნათლობის საიდუმლო – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მაცხოვრის შობისა და მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს მეხუთე საუკუნემდე ეკლესია ერთი და იმავე თარიღით აღნიშნავდა. მეხუთე საუკუნის შემდეგ მოხდა მათი დაშორება, ანუ, ვზეიმობთ ჯერ მაცხოვრის შობას, ხოლო შემდეგ – ნათლისღების დღესასწაულს. ორივე დღესასწაული არის თეოფანია, ანუ, ღვთის გამოცხადება.
– როგორია ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობა, მისი არსი?
– ნათლისღება არის წმიდა საღმრთო საეკლესიო საიდუმლო, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. მონათვლის აუცილებლობას კი ვრცელი, ქრისტიანული კატეხიზმოც სრულიად გარკვევით და ცხადად გვასწავლის. ნათლობისთვის აუცილებელია სინანული და რწმენა: „შეინანეთ და ნათელიღეთ კაცად-კაცმა თქვენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, მოსატევებლად ცოდვათა და მიიღეთ ნიჭი სულიწმიდისა“, „რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხოვნდეს“. წმიდანები ყოველთვის ეხმარებიან და შეეწევიან ადამიანებს. როდესაც მათ სახელებს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, მათ უკვე წმიდანების სახით ჰყავთ მფარველები, რომელთა წინაშე მთელი ცხოვრება უნდა ილოცონ; დახმარება, შემწეობა სთხოვონ და მადლობა გადაუხადონ. თუ გული სულიერი სინათლისკენ მიისწრაფის, ყველა ნათელი სახელი და სახე ძალუმად მოქმედებს მასზე – ღრმად იჭრება სულში და იქ ივანებს დიდი ხნით. ამიტომაც, წმიდანების სახელების ხსენება, მათ მიმართ აღვლენილი ლოცვა ადამიანს აღელვებს, სიმშვიდეს ანიჭებს, ასუფთავებს და ახლოს არ ეკარება იმ ადამიანის სულს, რომლის გული ამსოფლიურ ამაოებას დაუპყრია. წმიდა ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღებული სულებისთვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნეში გადაიქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთისნიერი საქმეები, უყვარდათ ისინი და შვილებისთვის მათი სახელის დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ. რომელ დღესაც დაიბადება ყრმა, ან რომელ დღესაც ინათლება, ანდა, ამ ორ მოვლენას შორის დროის მონაკვეთიდან შეარჩიეთ სახელი; ან, ნათლობიდან ახლოს სამი დღის პერიოდიდან. ეკლესიური განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისადმი მოსამზადებელი მოქმედებაა. კურთხევანის მიხედვით, ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, ისევე, როგორც იესო ქრისტეს დაარქვეს დაბადებიდან მერვე დღეს.
– ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს მღვდელი ძალიან საინტერესო წესებს აღასრულებს. რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ წესს?
– მოსანათლავად გამზადებული ადამიანი გრძელ პერანგში გამოწყობილი შედის, თმა გაშლილი აქვს იმის ნიშნად, რომ თავის წარსულსა და სოფლის ამაოებას განეშორება. ის დგას ფეხშიშველი და თავდახრილი, პირი კი აღმოსავლეთისკენ (უფლის სავანისკენ) აქვს მიბრუნებული. მღვდელი ამ დროს მას სახესა და მკერდზე სამგზის უბერავს სულს და, თან, თავზე ადებს ხელს. ეს პროცესი სულიწმიდის დაქროლვას ნიშნავს, რაც ადამიანს ბოროტი სულის განდევნაში ეხმარება. ამის შემდეგ მოძღვარი „შეფიცვის ლოცვებს“ კითხულობს, მოსანათლავი კი, ნათლიასთან ერთად, დასავლეთისკენ ბრუნდება (დასავლეთი ბნელეთის, დემონების სამფლობელოს გამოხატავს). ამ დროს ის ქრისტეს მხედარი ხდება და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „განვეშორები ეშმაკისგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან“. ამას სამჯერ იმეორებს და, ზიზღისა და უარყოფის ნიშნად, დასავლეთის მხარეს განერწყვავს. ეს ცოდვისა და ცოდვის მამის – დემონისადმი სიძულვილის ნიშანია. ამის შემდეგ მოსანათლავი ნათლიასთან ერთად აღმოსავლეთისკენ ბრუნდება და სამგზის დებს პირობას, იფიცებს უფლის წინაშე: „შევუდგები ქრისტეს“. როდესაც მოსანათლავი ჩვილია, მაშინ ამ სიტყვებს ნათლია წარმოთქვამს. შემდეგ ნათლული და ნათლია სარწმუნოების სიმბოლოს – „მრწამსს“ კითხულობენ. ამ პროცესს მღვდლის მიერ წყლის კურთხევა მოსდევს, რათა მან იორდანის წყლის ძალა და მადლი შეიძინოს. შემდეგ ის გასანათლავ ადამიანს შუბლზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე ზეთს სცხებს, რაც ცოდვილი ადამიანის ქრისტესთან შერიგებას ნიშნავს. ემბაზი (რაშიც ადამიანი ინათლება) გამოქვაბულს ნიშნავს, რომელშიც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული; წყალი – მიწას, ხოლო გასანათლავის წყალში სამგზის ჩაძირვა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას ქრისტესთან ერთად. აქედან გამომდინარე, ნათლობა ნიშნავს, რომ ჩვენს შიგნით მცხოვრები ცოდვილი კაცი ქრისტესთან ერთად მოკვდა და ახალი, სულიერი ცხოვრებით აღვსილი პიროვნება მაცხოვართან ერთად აღდგა. ნათლისღების დროს მღვდელი მოსანათლავს მირონს სცხებს, რომელსაც მღვდელმთავარი განსაკუთრებული წესით, გამუდმებით სახარების კითხვითა და სხვადასხვა ყვავილით ამზადებს. მისი ცხებით ადამიანი სახარების მცნებებს იძენს, რომლებიც მას ცოდვებთან ბრძოლაში ეხმარება. ნათლობის დასასრულს მღვდელი ნათელღებულს თმას ჯვარედინად ჰკვეცს; თმის მოკვეცა ნიშნავს იმას, რომ მონათლული ადამიანის ბატონი ღმერთია. სასურველია, ეს მოკვეცილი თმა ნათელღებულმა სანთელთან და თეთრ ზეწართან ერთად შეინახოს, რომ მას უფლის წინაშე ყოველთვის ახსოვდეს თავისი მოვალეობები.
– ჩვილებს არ აქვთ რწმენა, არც სინანული გააჩნიათ და როდესაც მათ ნათლავენ, მათ ამის გაზიარებაც არ შეუძლიათ. ძველად, როგორც ცნობილია, ადამიანები უფრო დიდ ასაკში ინათლებოდნენ. რატომ არის ჩვილების მონათვლა დაბადებიდან მეორმოცე დღეს აუცილებელი?
– ძველი აღთქმის დროს წინადაცვეთის წესს ჩვილ ყრმებზე აღასრულებდნენ, ხოლო ნათლისღება ახალ აღთქმაში წინადაცვეთის ადგილს იკავებს. მართლმადიდებლური სწავლება ჩვილ ყრმათა მონათვლის შესახებ გადმოცემული აქვს მოსკოვის მიტროპოლიტს, წმიდა მაკარის: „თუკი ნათლისღება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, როგორც ერთადერთი კარი ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაშინ, ეს საიდუმლო უნდა მიეცეთ არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ, ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ, ყრმებსაც აქვთ უნარი ღმერთის სასუფეველში შესვლისა, სულიწმიდით განათლებისა. სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მისი ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე ან მეორმოცე დღეს უნდა გაინათლოს, ხოლო, თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ, ჯობია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე მოხდეს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა.
– ძველი ტრადიციის თანახმად, ნათელღებულ ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში არ ბანდნენ. შემდეგ მოდიოდა პიროვნება, რომელიც მონათლულის ნათლია-„განმბანელი“, ხდებოდა. დღეს ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, სამაგიეროდ, განბანის საიდუმლო ნათლისღების დროს აღესრულება.
– ნათლობის დროს ადამიანს მღვდელი მირონს სცხებდა და, ამიტომ, ნათელღებული პიროვნება ცხრა დღის განმავლობაში მირონცხებული დადიოდა, შემდეგ მას მშობლების მიერ სპეციალურად შერჩეული ქრისტიანი ჩამობანდა, რომელიც „განმბანელად“ იწოდებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ამ ტრადიციამ სახე იცვალა და ნათლისღების დროს განბანას თვით მღვდელმსახური აღასრულებს. ეს გამოწვეულია შემდეგით: ადამიანი, რომელიც მირონცხებული იყო, წმიდად და ბეჭედდასმულად ითვლებოდა, მისთვის მოფერება, კოცნა და შეხება ყველას ეკრძალება, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, ამიტომ, ამ საიდუმლოს დაცვა და მირონის მიმართ უფრო მეტი მოწიწების გამოჩენა რომ მოხდეს, ეს წესი შეიცვალა და მღვდელი ნათელღებულს მირონს მეცხრე დღის ნაცვლად ნათლობისთანავე ჩამოჰბანს.