ღვთის გამოცხადება ადამიანის გულში
„გავიხსენოთ არქიეპისკოპოსი იოანე და ისინი, ვინც მისი შემწეობით რწმენას ეზიარა. მე მოვიყვან ერთ მაგალითს მისი ცხოვრებიდან – შემთხვევას შანხაიში, სადაც ის ეპისკოპოსი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს ამბავი გვიამბო ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. იგი მეტყველების მასწავლებელი იყო, ანა ერქვა. როგორც მან აგვიხსნა, არქიეპისკოპოსი იოანე ისეთ მკაცრ მარხვას იცავდა, რომ იმ პერიოდში მისი ყბა მოძრაობის უნარს კარგავდა და ის ძალზე გაურკვევლად ლაპარაკობდა. ანას დაავალეს, რომ მისთვის ყბის გასავარჯიშებლად გაკვეთილები ჩაეტარებინა, რათა უფრო გასაგები მეტყველება გახდომოდა. არქიეპისკოპოსი ყოველთვის ერთნაირი შუალედით მიდიოდა ანასთან და, ჩვევად ჰქონდა, ყოველი გაკვეთილის შემდეგ ამერიკული ოცდოლარიანი დაეტოვებინა. ომის დროს ეს ქალი დაჭრეს და შანხაის ფრანგულ ჰოსპიტალში სიკვდილს ებრძოდა. გვიანი ღამე იყო, გარეთ ქარიშხალი ბობოქრობდა და ქალაქთან კავშირი გაწყვეტილი იყო, მაგრამ, ანას ერთი ფიქრი უტრიალებდა გულში. ექიმებისგან მან უკვე იცოდა, რომ სიკვდილის პირას იყო მისული და ახლა ერთადერთ ნუგეშად ისღა დარჩენოდა, რომ არქიეპისკოპოსი იოანე მისულიყო, ეზიარებინა და როგორღაც გადაერჩინა. ის ყველას ემუდარებოდა, როგორმე ხმა მიეწვდინათ მისთვის, მაგრამ, ისინი უმწეონი იყვნენ. ტელეფონები გრიგალის გამო არ მუშაობდა და საომარი ვითარების გამო ჰოსპიტალი ღამით იკეტებოდა. ასე რომ, მას შეეძლო, მხოლოდ ეყვირა: „მიშველე! მეუფე იოანე, მოდი!“ რა თქმა უნდა, ხალხი ამას საწყალი ქალის ბოდვად მიიჩნევდა, რადგან, შეუძლებელი იყო, არქიეპისკოპოსთან რაიმე კავშირის დამყარება. მაგრამ, იმ ღამეს, როცა ანა ამ სიტყვებს იძახდა, შუა გრიგალში კარი გაიღო და შემოვიდა არქიეპისკოპოსი იოანე წმიდა ზიარებით. ის მივიდა ქალთან, ათქმევინა აღსარება, დააწყნარა (რასაკვირველია, ანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა), მიაღებინა წმიდა ზიარება და წავიდა.
ამის შემდეგ ქალს 18 საათი ეძინა და, მეორე დღეს, გაღვიძებულმა, გამოჯანმრთელება იგრძნო. „ალბათ, არქიეპისკოპოს იოანეს მოსვლამ მიშველა“, – თქვა მან. „რომელი ერქიეპისკოპოსი იოანესი? – იკითხეს მედდებმა, – ასეთ ღამეში რა შემოიყვანდა ჩარაზულ ჰოსპიტალში?“ ავადმყოფმა, რომელიც ანას გვერდით იწვა, თქვა, რომ ღამით მართლა ვიღაც მოვიდა, მაგრამ, მასაც არავინ დაუჯერა. ანას ეჭვი შეეპარა, მოჩვენებები ხომ არ დამეწყოო, მაგრამ, იმავე დღეს მედდებმა მისი საწოლის გასწორებისას ბალიშის ქვეშ ამერიკული ოცდოლარიანი იპოვეს. „აი, ესეც საბუთი, რომ ის აქ იყო!“ – აღმოხდა ქალს.
კაცმა რომ თქვას, მაინც, როგორ გაიგო ყველაფერი არქიეპისკოპოსმა იოანემ, როგორ მივიდა მასთან მაშინ, როცა ყოველგვარი ადამიანური კავშირი გამორიცხული იყო და ანას სათხოვარს ვერავინ შეატყობინებდა? შეიძლება, ვინმემ გვითხრას, რომ მეუფე იოანე მას გამოეცხადა, რადგან, მსგავსი რამ მის ცხოვრებაში მომხდარა, მაგრამ, როგორ გამოეცხადა? რატომ მას და არა სხვა ვინმეს? რატომაა, რომ სიმართლე ერთს ეცხადება, მეორეს კი – არა? არსებობს კი რაიმე განსაკუთრებული ორგანო ღვთისაგან გამოცხადების მისაღებად? დიახ, გარკვეული აზრით, არსებობს, თუმცა, ჩვეულებრივ, ჩვენ მას ვხურავთ და არ ვაძლევთ გახსნის საშუალებას. ღვთის გამოცხადება ეძლევა მოსიყვარულე გულს“.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი