მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ძალიან მინდა ჩემი პატარა შვილი ეკლესიური გაიზარდოს. რომელ ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი აღსარება?
პასუხი: ეკლესია ბავშვებს ჩვილობის ასაკშიც აზიარებს. პირველი აღსარება კი ბავშვმა 7 წლის ასაკში უნდა თქვას. მას უნდა აუხსნათ, თუ რატომ არის საჭირო, მოძღვარს ყველაფერი უთხრას. როგორი სასიხარულოა ზიარება და როგორ დააჯილდოებს მას უფალი, თუ კარგად მოიქცევა. სიყვარულისა და სიკეთის მაგალითებს კი ის ოჯახში უნდა ხედავდეს.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, შერჩებათ თუ არა თავიანთი სქესი ქალსა და მამაკაცს გარდაცვალების შემდეგ?
პასუხი: სულს სქესი არ გააჩნია. ადამიანების სულები ისევე იქნებიან, როგორც არიან ანგელოზები. ამდენად, გარდაცვალების შემდეგ სხეული მიწად მიიქცევა, სული კი აგრძელებს სიცოცხლეს, რომელსაც სქესი არ აქვს.
კითხვა: ვგრძნობ, რომ სასმლის დალევის მოთხოვნილება მაქვს. როგორ გადავეჩვიო ამ ცოდვას?
პასუხი: ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ ევედრეთ უფალს. მარხვითა და სინანულით განმარტოვდით და დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენ ტკივილს აყენებთ სიმთვრალის ცოდვით საკუთარ თავსა და ახლობლებს. გადაიხადეთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც ხელეწიფება მემთვრალეობისგან განკურნება. ასევე, არსებობს ღვთისმშობლის საგანგებო ხატი, რომელსაც, შეგიძლიათ, ევედროთ და დახმარება შესთხოვოთ.
კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?
პასუხი: მრისხანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მართებული, თუ ის ცოდვის წინააღმდეგ არის მიმართული და თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ, სიყვარული და მოყვასისადმი თანადგომა. ასეთ დროს მრისხანების მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ცოდვილის ხსნა. სხვა შემთხვევაში მრისხანების გამო ადამიანი დაისჯება უფლის მიერ.