ჭეშმარიტი სარწმუნოება
ქვის ქანდაკება
ეს იმ დროს მოხდა, როცა უდაბნო ბარბაროსებმა დალაშქრეს. ბაზაკების ტომმა მონასტერი ააოხრა. ზოგიერთმა ბერმა თავის დაღწევა მაინც მოახერხა და, უსაფრთხო ადგილის ძიებაში მრავალი დღე და ღამე უდაბნოში დახეტიალობდნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ ადგილს, სახელად ტარენუფს, სადაც უძველესი ტაძარი შემორჩენილიყო და იქ ღამის გასათევად დაბანაკდნენ.
საღამოს ბერები კოცონს მიუსხდნენ და ამბა ანუბის, რომელიც ასაკით სხვებზე უფროსი იყო, დაეკითხნენ, რა უნდა ეღონათ და როგორ ეცხოვრათ მომავალში.
– უდაბნო დიდია, სადმე ვპოვებთ მუდმივ თავშესაფარს, – ბრძანა ამბამ, – პირველ ხანებში ჩვენ ცალკე სენაკები არ გვექნება და ცხოვრება ერთად, ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს. მოდი, ასე მოვიქცეთ: აქ ერთი კვირა დავყოთ და მდუმარება დავიცვათ, ხოლო, როცა შემდეგ შაბათს კვლავ ერთად შევიყრებით, მაშინ მიიღებთ ჩემგან დარიგებას, რომელსაც ითხოვთ.
ბერები დათანხმდნენ და უძველესი ტაძრის ნანგრევებში დაიდეს ბინა. მხოლოდ ნატაძრალში დაბუდებული ფრინველების ხმა და კენჭების ჩხარუნი არღვევდა ადამიანების მიერ დიდი ხნის წინ მიტოვებული ამ ადგილის სიმყუდროვეს – მამები მდუმარებას იცავდნენ.
მაგრამ, თავად ამბა ანუბი ცოტა უცნაურად იქცეოდა: ყოველ დილით იგი იქვე მდგომ ქვის ქანდაკებას სახეში კენჭებს ესროდა, ხოლო, როცა მოსაღამოვდებოდა, ქანდაკებას მიეახლებოდა, მუხლს იყრიდა და შენდობას სთხოვდა. ასე იქცეოდა ის მთელი კვირის განმავლობაში.
როცა ერთი კვირის თავზე ბერები კვლავ შეიყარნენ, უპირველესად, ამბა ანუბის სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს:
– რას აკეთებდი, მამაო? ჩვენ ვხედავდით, როგორ ესროდი ყოველდღე ქვებს კანდაკებას, საღამოობით კი, რატომღაც, მას თაყვანს სცემდი. ნუთუ ასე უნდა იქცეოდეს მართლმორწმუნე ბერი?
– ჩემი ქმედებით მე დარიგება მოგეცით, – განმარტა ამბა ანუბიმ, – აბა, მითხარით, როცა ქანდაკებას ქვებს ვესროდი, ის რამეს ამბობდა ან მიწყრებოდა?
– არა, ამბა...
– და, როცა მუხლს ვიყრიდი მის წინაშე და შენდობას ვთხოვდი, ხომ არ იძვროდა ადგილიდან? ან, იქნებ, მპასუხობდა: არასდროს მოგიტევებო?
– ამგვარი არაფერი გვიხილავს და არც მოგვისმენია... – ექოდ გაიჟღერა ბერების ხმამ ნატაძრალზე.
მაშინ ამბამ თქვა:
– ჩვენ აქ შვიდი ბერი ვართ. თუ ამ ქანდაკებას ვემსგავსებით, რომელიც თანაბარი სიმშვიდით იტანს წყენასაც და პატივსაც – ნებისმიერ ადგილზე კარგად ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჯობია, ახლავე, ოთხივ კუთხით სხვადასხვა მიმართულებით წავიდეთ და ურთიერთს განვეშოროთ...
მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ეს ბერები ერთად ცხოვრობდნენ ახალ მონასტერში და არასდროს მოსვლიათ ერთმანეთში კამათი.