რისგან არის დაზღვეული ქალი, რომელიც სიყვარულით კი არა, ანგარიშით თხოვდება
სიყვარული ყველა ადამიანს სჭირდება. ზოგისთვის ეს გრძნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინ, რატომ ხდება ისე, რომ სიყვარულით შეუღლებულ წყვილს ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები უჩნდება. ვეღარ პოულობენ საერთო ენას და ხმაურიანი სკანდალებით შორდებიან. იქნებ პარტნიორის შერჩევისას აქცენტი სხვა რამეზე უნდა გავაკეთოთ? მაგალითად, გონებით კარგად ავწონ-დავწონოთ: ვინ იქნება ჩვენთვის შესაფერისი პარტნიორი; ვისთან ვიქნებით ბედნიერები და ვინ შეძლებს ჩვენთვის მშვიდი, სტაბილური ცხოვრების უზრუნველყოფას. მართალია, სიყვარული ჭეშმარიტად ძლიერი გრძნობაა და ჩვენს ყოველდღიურობას ჯადოსნურ ფერებს სძენს, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათად არის მარადიული. ისეც ხდება, რომ ერთ დროს უზომოდ შეყვარებული დანანებით ვამბობთ: ნუთუ ეს ადამიანია ის, ვინც შემიყვარდა?!
თეა (36 წლის): ყოველთვის ძალიან პრაგმატული ვიყავი. თინეიჯერობის ასაკშიც კი არ ავყოლივარ ემოციებს და მეღიმებოდა ჩემს თანატოლებზე, რომლებიც შეყვარებულების გამო ღამეებს ათენებდნენ... ცრემლსაც ღვრიდნენ და ნერვიულობდნენ.
– ანუ, თავიდანვე გქონდათ გადაწყვეტილი, რომ სიყვარულით არ გათხოვდებოდით?
– ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. როგორ შეიძლება, საკუთარ თავს წინასწარ გადაუწყვიტო რამე, როცა წარმოდგენა არ გაქვს, ხვალ რა გელოდება. იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის მებრალებოდნენ კაცზე უზომოდ შეყვარებული ქალები. ასეთები ჩემ გარშემო დღესაც მრავლად არიან. მათი ცხოვრება ნამდვილად არ არის ნათელი ფერებით აღსავსე.
– იმის თქმა გინდათ, რომ სიყვარულით გათხოვილი ქალი ყველა უბედურია?
– არა. ამას ნამდვილად არ ვიტყვი, თუმცა, შემიძლია ვთქვა და აგიხსნათ კიდეც, რატომ არის ყველა, სიყვარულით გათხოვილი ქალი დაჩაგრული. ვიცი, რომ შემეკამათებით და გაიმეორებთ ნაცნობ, ძალიან ბანალურ ფრაზას: როგორ შეიძლება იცხოვრო კაცთან, რომელიც არ გიყვარს? ძალიან კარგადაც შეიძლება. სხვათა შორის, ამას ისინი ამტკიცებენ, ვისაც იმ საყვარელ კაცთან ყოველდღიური „დაკა-დაკა“ აქვს. ზოგადად, რა არის სიყვარული? რატომ არის აუცილებელი, ბოდავდე ვინმეზე და ჭკუას კარგავდე? ასეთი არარაციონალური გრძნობა ვერაფრით იქნება დღეგრძელი. ოღონდ, სწორად გამიგეთ. ნამდვილად არ ვიბრალებ ურთიერთობის ექსპერტობას. ვერც ვინმეს ჭკუის დამრიგებლად გამოვდგები. ყველას თავისი ჭკუა აქვს და ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობ ზოგჯერ და სხვისი ცხოვრება მაგალითად ვერ გამოდგება. მე, უბრალოდ, იმდენი ფაქტი დამიგროვდა და ისე თვალნათლივ დავინახე რაღაც-რაღაცეები, რომ მივხვდი: ქალს, როცა კაცი ძალიან უყვარს, ის უკვე წაგებულია.
– ეს მაშინ, როცა კაცს ნაკლებად ან საერთოდ არ უყვარს.
– ვერ დაგეთანხმებით. რომც უყვარდეს, საკმარისია, დაინახოს, რომ ქალს უზომოდ უყვარს, ეგრევე იცვლის განწყობასაც და დამოკიდებულებასაც. ეტყობა, ეს კაცის ბუნებაა ასეთი. იმიტომ რომ, ბევრი ქალზე გადარეული კაცი მინახავს, რომელსაც მიზნის მიღწევის შემდეგ, საერთოდ დაუკარგავს აზარტიც და ინტერესიც.
– თქვენ სიყვარულზე არ საუბრობთ.
– მე იმაზე ვსაუბრობ, რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს: აივანთან სერენადების სიმღერას, უკან დევნას, ნერვიულობას, სიურპრიზების კეთებას... თქვენც ხომ ხვდებით, მე რასაც ვგულისხმობ. ზოგადად, იშვიათია მამაკაცი, რომელსაც ქალის მხრიდან სიყვარული თავში არ უვარდება და ბოროტად არ სარგებლობს ამით. ყურადღებას აღარ აქცევს, ეგრევე ცივდება და ნაშებში იწყებს სირბილს. მით უმეტეს, თუ ცოლადაც დაიგულა და გამოკეტა სახლში. მე ვერ ვხსნი ამ ყველაფრის მიზეზს, მაგრამ, თუ კაცი ცოლთან ურთიერთობაში მუდმივად დაძაბული არ არის, მის მიმართ ინტერესს კარგავს. ამიტომაც, არასოდეს ვუსმენდი ჩემი გულის ხმას. მომწონებია კაცი, ძალიან მომწონებია, მაგრამ არ მიმიცია საკუთარი თავისთვის მისი შეყვარების უფლება. როგორც უკვე ვთქვი, სიყვარულისგან უფრო მეტს კარგავ, ვიდრე იძენ.
– სიყვარული ხომ ბედნიერებაა...
– ჩემთვის არა. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით: ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მტკივნეულია ღალატი იმ კაცის მხრიდან, რომელიც არ მიყვარს, ვიდრე იმისგან, ვისაც ვაღმერთებ.
– გიღალატათ ქმარმა?
– არა. საერთოდ ვხსნი სიტუაციას. თქვენ ცუდი მოპყრობა ვისგან უფრო გეწყინებათ და გეტკინებათ, უცხოსგან თუ შინაურისგან?
– ალბათ, შინაურისგან.
– ალბათ კი არა, შინაურისგან უფრო მტკივნეულია. სწორედ ამის გამო, ვირიდებდი სიყვარულს თავიდან. ვამბობდი, იმ კაცის ცოლი გავხდები, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შემიქმნის და უზრუნველ ცხოვრებას მაჩუქებს, რატომ უნდა შევიყვარო ვიღაც და თავზე დავისვა-მეთქი. შენი მომავალი საღ გონებაზე უნდა დაგეგმო და დაალაგო. ჩემი მაგალითით გეტყვით, რომ ეს იდეალური ვარიანტია. სიყვარულის ეიფორია მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია კარგი. სენტიმენტებს რეალურ ცხოვრებაში უსიამოვნებების გარდა, სხვა არაფერი მოაქვს. საკმაოდ მხიარული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული ადამიანი ვარ. რასაც ვინდომებ, იმას ვაღწევ კიდეც. მინდოდა ახლა, სიყვარულს ჩემი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა და ჩიხში შეეყვანა? ჩემი ორი მეგობარი დიდი გრძნობით გათხოვდა. ჭკუას მარიგებდნენ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობსო და აღმერთებდნენ საკუთარ ქმრებს. დღეს ორივე განქორწინების პირასაა. დანახვა არ უნდათ თავიანთი ძვირფასი „ღმერთკაცების“. ეშინიათ ხვალინდელი დღის. ერთმა ღალატი აპატია დიდი სიყვარულის გამო და ათი კილო დაიკლო ნერვიულობით. მეორეს სცემს, სიმთვრალეში რომ წამოუვლის და მაინც უთმენს – უყვარს და რა ქნას?! ერთი სიტყვით, მე არ მიყვარს ჩემი ქმარი და ვარ ბედნიერი. მშვენივრად ვცხოვრობ მასთან. რომც დადგეს ისეთი მომენტი, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს, გავშორდები და დეპრესიაშიც არ ჩავვარდები – გავუღებ კარს და გავუშვებ. რომ მიყვარდეს, მაშინ ჩემთვის ეს ქვეყნის აღსასრული იქნებოდა. მაგრამ ახლა ამ მხრივ დაზღვეული ვარ. რით არის ცუდი?
– სიყვარულს მაინც აქვს განსაკუთრებული ხიბლი.
– კარგი რა! – საერთოდ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სიყვარულით შეპყრობილი. ჩემმა ქმარმა იცის, რომ მისი გულისთვის თავს არ მოვიკლავ, ამიტომაც მიფრთხილდება. როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინვე გაუჩნდა ჩემ მიმართ გრძნობა. გამომკითხა: რა მაინტერესებდა ცხოვრებაში, რა მახარებდა, რა მეწყინებოდა... ერთხელ ვუთხარი, თუ ასე ძალიან მოგწონვარ, დამიმტკიცე-მეთქი და საოცარი რაღაც ჩაიდინა, ისეთი სიურპრიზი მომიწყო, თან მართლა გულით გააკეთა, რაც გააკეთა.
– ანუ, სიყვარული საჭირო ყოფილა და სასარგებლოც.
– რა თქმა უნდა, ოღონდ, როცა ის მამაკაცის მხრიდან მოდის. ქალი იჩაგრება სიყვარულისგან – ამას ვამბობ, თორემ კაცს ქალი უნდა უყვარდეს და აღმერთებდეს. ცოლები ისედაც ვიჩაგრებით ოჯახში და ამას სიყვარულიც თუ დაემატა, სულ დავიღუპებით.
– შვილები გყავთ?
– დიახ. ორი შვილი მყავს და მათ ნამდვილად ვაღმერთებ. ქმარს კი პატივს ვცემ და ყველანაირად გვერდში ვუდგევარ. მან იცის, რომ ვუერთგულებ იქამდე, სანამ დარწმუნებული ვიქნები მის კეთილსინდისიერებაში. როცა საქმეს გონებით უდგები, ყველაფერი გაცილებით მარტივი და დალაგებულია. ძალიან კარგი ცოლი ვარ. თქვენ რა გგონიათ, მჯერა, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალებთან არ ფლირტაობს? ფულიც აქვს და სერიოზული სოციალური სტატუსიც. მე რომ მასზე უზომოდ შეყვარებული ვიყო, სახლში სკანდალს ვერ გამოვლევდი. მის მობილურშიც მინახავს საეჭვო მესიჯები. სიტუაციას ვაკონტროლებ – მიშვებული არ მაქვს, მაგრამ „ცივი გონებით“ ვწყვეტ ყველაფერს. მე რომ სიყვარულს ვყავდე შეპყრობილი, ერთ ამბავს ავტეხდი – ვიწივლებდი, ვიკივლებდი... გამოვიძიებდი, ვინ არის ის ქალი, ვისაც ეფლირტავება. გავლანძღავდი და ქმარს დავაშანტაჟებდი იმით, რომ არ ვაჩვენებდი შვილებს. ადრე თუ გვიან, კაცს მობეზრდებოდა ეს წნეხი და გამექცეოდა. არ ვამბობ მართალს? ეგრევე მომეწებებოდა „ისტერიჩკა“, „სტერვა“ ცოლის იარლიყი.
– ისედაც რომ წავიდეს იმ ვიღაც ქალთან, ის რომ შეუყვარდეს?
– არსად არ არის წამსვლელი. ეს უკვე გადავამოწმე – გავტესტე, როგორც იტყვიან. ერთ საღამოს ჩავალაგე ჩემი ქმრის ნივთები და დავახვედრე კორიდორში. აბსოლუტურად მშვიდად ვუთხარი: შენ სხვა ქალი გყავს, მე ამას ვხვდები და გიშვებ მასთან. ბავშვებთან მოსვლა ყოველთვის შეგიძლია. მე ხელს არ შეგიშლი და ყოველთვის შენს მეგობრად დავრჩები, მაგრამ ქმრად აღარ მჭირდები-მეთქი. უნდა გენახათ, რა დაემართა. ისტერიკაში ჩავარდა. მუხლები ლამის დამიკოცნა. შენ გარდა, არავინ მჭირდება, ერთადერთი ხარ, ვინც მართლა მიყვარს. არსად არ წავალო. ვერაფრით ვერ გავაგდე. იტირა კაცმა. მე თითქმის არ მინერვიულია. იმ დღის მერე მორჩა... ისეთი ქმარი მყავს, სანიმუშო. ზუსტად ვიცი, რომ გვერდზეც აღარ იხედება. ერთგული მეგობრის, მეუღლისა და თანამოაზრის დაკარგვა გაცილებით ძნელია და მტკივნეული, ვიდრე შტერი საყვარლის. ჩემმა ქმარმა ეს უკვე იცის.