კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში „გადაახტა” გენეტიკა ეკა ჩხეიძეს და როგორ გადარია ახალ წელს თავისი საფირმო საცივით მექსიკელები მედეა ჩახავამ

მსახიობი ეკა ჩხეიძე, ახალ წელს ყოველთვის ამაღლებული განწყობით ხვდება და სჯერა, რომ მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო. გასული გველის წელიწადი, ეკასთვის, შემოქმედებითად, ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. მან სამი პრემიერა ითამაშა თეატრში და საკმაოდ დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. თუ როგორ შეხვდა ცხენის წელს ის, რატომ აქვს კარგად დაცდილი გარეთ ახალი წლის შეხვედრა და რა ტრადიციას აგრძელებენ მედეა ჩახავას შთამომავლები, ამაზე თავად ეკა მოგიყვებათ.

 

ეკა ჩხეიძე: გასული, გველის წელიწადი ძალიან კარგი და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, რადგან სამ სხვადასხვა რეჟისორთან, სამი პრემიერა ვითამაშე და მაყურებლის ოვაციითა და გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვხვდები, რომ სამივე სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა. ეს ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით ეს გველის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ კარგი წელი რომ დავცადე, ფაქტია (იცინის). ზოგადად, არაფერს ვგეგმავ წინასწარ, რისიც მჯერა, რომ აუცილებლად გამომივა, გამომდის, ხოლო, რაშიც ეჭვი მეპარება, მას ვცდილობ, გვერდი ავუარო. თან, ჩემს შვილს ძალიან უნდოდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლის გაგრძელება და ესეც გველის წელში მოხდა. დღეს რომში სწავლობს, ინტერიერის დიზაინზე და მის გარეშე შევხვდით ოჯახი ამ ახალ წელს. ასე რომ, მთავარია, მისი ოცნება ახდა, ბედნიერია და ანანოს გარეშე შევხვდი ახალ წელს.  

– სპექტაკლში „მთვრალი ალუბალი” სექსუალური ქალის იმიჯი გაქვს და საკმაოდ დიდი წარმატებები მოგიტანა მან. ეს როლი როგორ მოირგე?

– ვაიმე, ყველა სპექტაკლში ასე მხდიან და ვხუმრობ ხოლმე: რა მოსწონთ, ნეტავ, ამ გახდილი ეკასი-მეთქი (იცინის). ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო საჭირო და ამას ვგრძნობ. ვერ ვიტან სახლში უსაქმურად ჯდომას. ეს მკლავს და ნამდვილი გიჟი ვარ. არაფრის კეთება მღლის და დეპრესიაში მაგდებს. თუმცა, მსახიობის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ასეთი არასტაბილური პერიოდებიც დგება. ხან სამ რეპეტიციაზე ერთად გავრბივარ, ღამეებს ვათენებ და ხან ძილის პერიოდი მეწყება. საშინლად არ მიყვარს ეს ძილის პერიოდები. 

– პირად საუბარში აღნიშნე, ამ ახალი წლისთვის ადრე დავიწყე მზადება და ნაძვის ხეც ნაადრევად დავდგიო. ამ მზადებაში ვინმე გეხმარებოდა?

– ნამდვილად ასეა. დადგა თუ არა დეკემბერი, საახალწლო განწყობა შევიქმენი. პირველ დეკემბერს დავდგი სახლში ნაძვის ხე. ძალიან მიყვარს ნაძვის ხე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი გაწყობა ფერად-ფერადი სათამაშოებით. ახალი წელი კი ყველაზე გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია ჩემთვის. მე და ჩემი გოგონა, ყოველთვის ერთად ვაწყობდით ნაძვის ხეს, მაგრამ წელს ეს მარტოს მომიწია. შარშან, პრაღაში ვიყავი და იქ ვნახე ნაძვის ხის მოსართავი ყვავილები. საკმაოდ მეძვირა და ვერ ვიყიდე. მერე ვინანე და ამოვიჩემე, აუცილებლად ასეთი ყვავილებით მოვრთავ ნაძვის ხეს მომავალში-მეთქი. წელს ეს ოცნება ავიხდინე, გავიმეტე ფული და ჩემი მწვანე ნაძვის ხე, მხოლოდ თეთრი ყვავილებით მოვრთე. ასე რომ, სახლში აყვავებული ნაძვის ხე მაქვს და მინდა, ასეთი აყვავებული იყოს ეს წელიწადიც (იცინის). თან, პატარა ცხენის კულონი მაჩუქეს თვლებით გაწყობილი, მასაც დავიკიდებ გულზე და სურვილებიც ამიხდება. 

– ეკა, ყოველ ახალ წელს ქუჩაში ხვდები. ასე რატომ იქცევი, კარგად გაქვს დაცდილი თუ ახალი წლის გარეთ დახვედრა რაიმე ფაქტს უკავშირდება?

– სულ თავიდან რომ დამკვიდრდა კონცერტი და ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა, პირველივე წელს, მე და დუტას მიგვყავდა კონცერტი და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ის წელი, ძალიან კარგად დავცადე და ჩემი შვილი დათაც იმ წელს გაჩნდა. არ დამავიწყდება, ერთხელ მიხეილ ცაგარელმა გამოაცხადა ტელევიზიით, წელს კარგია ახალი წლის დახვედრა ხიდზეო. მოვკიდე ჩემს ბიჭს ხელი და მოვქოქე მანქანა. დედაჩემი და ჩემი ქმარი გადაირივნენ, სად მიდიხართ ახალი წელი საცაა დადგებაო (იცინის). მოკლედ, არავის არაფერი ვუთხარი და გავვარდი „შუშის” ხიდზე. იმდენი ხალხი დაგვხვდა, ვერ გავბედე მასზე დადგომა. ვიფიქრე, სიმძიმეს ვერ გაუძლებს და არ ჩაინგრეს-მეთქი. ადგილიც არ იყო დასადგომი. მოვაბრუნე მანქანა და მარჯანიშვილის ხიდზე დავხვდი ახალ წელს. მოკლედ, რაც ჩემი ბიჭი გაჩნდა, იმის მერე სულ გარეთ ვხვდები ახალ წელს და არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. სხვათა შორის, ჩემი დათა ცხენის წელშია დაბადებული, გარეთ შევხვდით ახალ წელს და მეკვლეებიც ჩვენ ვიყავით. ასე რომ, საკუთარი ცხენიც სახლში მყავს და კარგი მეკვლეებიც თავად ვართ ოჯახისთვის.

– ყველაზე მეტად, რომელი საახალწლო საჩუქარი გახსენდება, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ დაგხვდა და ოცნება აგიხდა?

– თოვლის ბაბუის არსებობას ახლაც დავიჯერებ, თუ მოვა და მომიტანს საჩუქრებს (იცინის). ჩემი შვილი, რვა წლის იყო თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი რომ შეიტანა. ავუხსენით, თოვლის ბაბუას მეილზე ვუგზავნით წერილს და ფულსაც ვურიცხავთ, რომ საჩუქარი გიყიდოს. აბა, ამდენი ფული სად აქვს, უბრალოდ, ჩვენი გაგზავნილი ფულით, იმას გიყიდის, რასაც დაუწერო. მოკლედ, დაუწერა ველოსიპედი მინდაო. ჰოდა, მამამისმა დიდი ველოსიპედი უყიდა და სახურავიდან, აივანზე ჩამოკიდა. გახდა 12 საათი, გავვარდით აივანზე და რომ დაინახა სახურავიდან გადმოკიდებული ველოსიპედი, გაოცდა (იცინის). ჩვენ კიდევ ვყვიროდით: უი, ალბათ, თოვლის ბაბუამ გადაუფრინა სახლს და გადმოკიდა ეს საჩუქარი, ეჩქარებოდა და სხვაგან გაფრინდაო. ჩემი ბიჭი მოგვიბრუნდა და აუღელვებლად მოგვახალა: კი მაგრამ, კარიდან ვერ შემოიტანდა, ამდენი რომ არ ეწვალაო (იცინის). მე და ჩემს ქმარს კი გვეგონა, რომ თოვლის ბაბუის ზღაპარი და სახურავზე გადაფრენები, დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენს ოჯახში. სხვათა შორის, ერთხელ ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუამ მე ბინის ორდერი დამახვედრა, მეორე წელს, მანქანის გასაღები. ახლა ცოტა გაკოტრდა და იმიტომ ვამბობ, ოღონდ მოვიდეს და ვიწამებ მის არსებობას მეთქი (იცინის).

– ამბობენ, ბედობა დღეს, როგორი განწყობითაც შეხვდები, ისეთი განწყობა დაგებედება მთელი წელიო. ამ დღეს როგორ ხვდები, რაიმე შენეული ტრადიცია ხომ არ გაქვს?

– 2 იანვარს, ბედობა დღეს, ტრადიციად გვაქვს მედეა ჩახავას შთამომავლებს, ერთად შეკრება. ოღონდ, არ მკითხოთ რამდენი ვართ (იცინის). ეს მედიკოს ტრადიცია იყო, იშლებოდა დიდი სუფრა, ყველანი საჩუქარებს ვცვლიდით. ერთად შეხვედრა ბედობა დღეს, საჩუქრების გაცვლა, ქეიფი და ფოტოს გადაღება – ეს ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ მედეა ცოცხალი აღარ არის, მაინც გრძელდება და ყოველ წელს ფოტოზე ნამატით ვართ. ეს ტრადიციული ფოტოები კი ოჯახურ ალბომში ინახება. თუ ვინმე აკლია, მის სახელს ვაწერთ (იცინის). ასე რომ, მედიკოს შემდეგ, მაკა აგრძელებს ამ ტრადიციას. 

– მართალია, რომ მედეა ჩახავა არაჩვეულებრივი კულინარი იყო და მის მიერ გაკეთებულმა საცივმა მექსიკელები  შოკში ჩააგდო?

– მედეა ჩახავა არაჩვეულებრივი კულინარი იყო. ისეთ საცივს, აჩმას და ნამცხვრებს ამზადებდა, ეს უნდა გაგესინჯათ. მისი საფირმო აჩმა-ხაჭაპური, მისი სავიზიტო ბარათი გახლდათ. ერთხელ ვუთხარი, აჩმის გაკეთება მაინც მასწავლე-მეთქი. დამთანხმდა, დავიჭირე პასტა, ფურცელი და დავიწყე ჩაწერა. ცოტა ხანში, ამომხედა და მითხრა: რატომ მაწვალებ, ხომ ვიცი, შენ ამის გამკეთებელი არ ხარო (იცინის). მართლა არ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და რა ვქნა? ჩემს შვილს გამოჰყვა გენეტიკურად მისგან გემრიელობების კეთება, მე კი ვხუმრობ ხოლმე, გენეტიკა გადამახტა ამ მხრივ-მეთქი (იცინის). რაც შეეხება საცივს, მედეა გასტროლზე იყო თეატრიდან მექსიკაში. ახალი წლის დღეებში, არ დაეზარა,  წასულა, უყიდია საცივის ინგრედიენტები, თავისი სუნელ-საკაზმებით და გაუკეთებია საცივი. მექსიკელები გადარეულან თურმე, ისე მოსწონებიათ. 

 

скачать dle 11.3