რა ვერ გააგებინა ქართველ მამაკაცებს ელენე ჩიხლაძემ და რომელ ცეკვას ვეღარ იცეკვებს ის
სახელი – ელენ-ორიენტალ, რომელიც „აღმოსავლურს” ნიშნავს, თბილისში ყველასთვის ნაცნობია სატელევიზიო პროექტებითა და „ფეისბუქით“. ელენე ჩიხლაძეს, როგორც თვითონ ამბობს, ასე უმეტესწილად უცხოეთში მოიხსენიებენ, ვინაიდან, მისი გვარის წარმოთქმა ყველას უძნელდება. ის პროექტ „ნიჭიერში” სამი წლის წინ გამოჩნდა. თუმცა წლევანდელ „ნიჭიერშიც” იღებდა მონაწილეობას თავის მოსწავლეებთან ერთად და ამჯერადაც დაიმსახურა მაყურებლის დიდი მოწონება.
– ელენე, წინასწარ ემზადებით სცენაზე გასასვლელად, თუ, პირდაპირ იღებთ თქვენს კოსტიუმს, რეკვიზიტებს და გადიხართ?
– თუ უცხოეთში ფესტივალი, რამე გადაცემა ან შოუა, წინა დღეებში ვცდილობ, რამე ისეთი არ გავაკეთო, რაც უარყოფითად იმოქმედებს ორგანიზმზე, მაგალითად, ახალი წამალი არ დავლიო ან საჭმელი არ ვჭამო, ახალი ფეხსაცმელი არ ჩავიცვა, რომელიც, ვიცი, რომ აუცილებლად მატკენს ფეხს და დისკომფორტს შემიქმნის. ჩემი გამოსვლა – არ არის ჩვეულებრივი სარესტორნო გამოსვლა, ოღონდ მაყურებელი კარგ ხასიათზე დააყენე და, რაც გინდა იცეკვე. როცა საქმე ეხება დიდ სცენას, მოცეკვავე ხდება ხელოვანი და ის რამდენიმეწუთიანი ცეკვა არ არის მხოლოდ ქორეოგრაფია, ეს არის მსახიობის ოსტატობა და ქორეოგრაფია ერთად. მაყურებელი ელოდება ემოციას – გაიგო თუ არა მან ცეკვა. როგორი რთული მომენტებითაც არ უნდა იყოს დატვირთული ცეკვა, თუ ემოცია არ არის, მაყურებელი ვერაფერს გაიგებს, რა იცეკვა, რატომ გააკეთა ამდენი რთული მოძრაობა.
– ვიცი, რომ სასცენო კოსტიუმებს თვითონ იკერავთ. რატომ გადაწყვიტეთ, ყველა სასცენო კოსტიუმი თვითონ შეგეკერათ – ფინანსური პრობლემების გამო თუ, უბრალოდ, დიდი სურვილი გქონდათ ამის? თუმცა, მიმაჩნია, რომ ესეც ცალკე ნიჭი და ხელოვნებაა.
– ამ კოსტიუმების კერვა დავიწყე იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირდა, ანუ, სერიოზული ფინანსური პრობლემები იყო; მეორეც, ძალიან რთული იყო კარგი კოსტიუმის შოვნა, მით უმეტეს – საქართველოში. სვაროვსკის თვლებიც არ იყიდებოდა მაშინ, როცა დამწყები, თინეიჯერი მოცეკვავე ვიყავი. არაბულის გარდა, მსოფლიოს ხალხების ცეკვებს ვასრულებდი და ბევრად მეტი ნაჭერი და გასაწყობი მასალა მჭირდებოდა. მაშინ ინტერნეტით შეძენაც არ ხდებოდა და პრინციპში, ერთადერთი გამოსავალი იყო, თვითონ შემეკერა. იცით, ინტერნეტში არის ბევრი საცეკვაო ფორუმი სადაც, მოცეკვავეები ერთმანეთს სწერენ კოსტიუმის დიზაინზე, ქორეოგრაფიაზე, მუსიკაზე, ფესიტივალებზე, აზრს უზიარებენ და აბსოლუტურად ყველა ფორუმზეა ასეთი თემა – კოსტიუმების პლაგიატი. ძალიან ცუდ ტონად ითვლება, თუ ძალიან ცნობილი მოცეკვავე, სხვა მოცეკვავეს ცეკვის რაღაც ილეთს ან კოსტიუმის დიზაინს მოჰპარავს. რამდენიმე კვირა ვიჯექი ამა თუ იმ კოსტიუმის დიზაინზე, ძალიან ვცდილობდი, მაგარი გამოსულიყო, ყველა დეტალზე ვიფიქრე, შევკერე, მერე არ მომეწონა და გადავაკეთე. მერე ვიღაცამ ნახა და ზუსტად იგივე შეაკერინა. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, მოეწონათ და უთხოვიათ ჩემთვის – ძალიან მომწონს თქვენი კოსტიუმი და, თუ შეიძლება, ასეთი რომ შევიკეროო. კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ, როცა ეს დაუკითხავად ხდება, მაშინ, ბუნებრივია, ვბრაზობ. ერთმა მოცეკვავემ შეაკერინა კოსტიუმი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემსას. მე პირდაპირ მივწერე: ან ახლავე მოიხდი ბოდიშს და დაწერ, ვის ეკუთვნის ამ კოსტიუმის იდეა, ან სხვანაირად დაგელაპარაკები-მეთქი, მით უმეტეს, ეს მოცეკვავე ცხოვრობს ევროპაში და ძალიან კარგად იცის, რა არის საავტორო უფლებები. ეგრევე მომწერა – ბოდიშს გიხდითო.
– ფაქტობრივად, თქვენ ხართ პირველი, ვინც საქართველოში აღმოსავლური ცეკვების შესრულება დაიწყო. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ევროპელობაზე, ქართველ კაცებს მთელი ყურადღება არა ცეკვაზე, არამედ, სხეულზე გადააქვთ – როგორ ამოძრავებს თეძოებს, მკერდს, მუცელს, საჯდომს...
– ჯერ ერთი, ძალიან მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს ქართველი მაყურებელი, რომ ეს არის არაბული ცეკვები და არა მუცლით ცეკვა მხოლოდ მამაკაცების სიამოვნებისთვის. ქართველი მამაკაცები ასევე დიდი სიამოვნებით უყურებენ ლათინურ-ამერიკულ ცეკვებს და, ასევე სხვა ცეკვებსაც, იმიტომ, რომ ლამაზი ქალი ყველგან არის ლამაზი ქალი. როგორც არაბები ვერ ხვდებიან ქართულ ცეკვებს და ჰგონიათ, რომ მოცეკვავეები დადიან, ისე ვერ გავიგებთ, ალბათ, კარგა ხანს, რა არის არაბული ცეკვა. ერთი არაბი უყურებდა ქართულ ცეკვას და მკითხა, რატომ არ ცეკვავენ ეს გოგო და ბიჭი, მარტო დადიანო. გეფიცებით, ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან. როგორ არ ცეკვავენ, აბა, კარგად შეხედეთ-მეთქი. მე არც პოპულარობა მინდა, არც არაფერი, უბრალოდ, არ მინდა, ქართველმა მაყურებელმა იფიქროს, რომ არაბული ცეკვა არის იაფფასიანი, არასერიოზული და სარესტორნო ცეკვა. სინამდვილეში, ეს არის მსოფლიოში აღიარებული ხელოვნება, ამ ცეკვას ყველგან დიდ პატივს სცემენ. ჩვენ ხომ გვინდა ევროპა, ევროპაში კი არაბული ცეკვა ითვლება დიდ ხელოვნებად, რომელიც გამოირჩევა თავის ყველაზე რთული საშემსრულებლო მანერით, ისევე, როგორც, ვთქვათ არგენტინული, ოღონდ, არგენტინული ტანგოს შესასწავლად ბავშვები არ შეჰყავთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რადგან, არგენტინული ტანგო უფრო ეროტიკული და სექსუალურია. როცა მირეკავენ და მეკითხებიან: თქვენ მუცლის ცეკვებს ცეკვავთ? ვპასუხობ, რომ მე ვცეკვავ არა მუცლის ცეკვას, არამედ, არაბულ, ეგვიპტურ, თურქულ, ლიბანურ, ასევე არაბულ-ესპანურ ცეკვებს.
– ისევ მამაკაცებზე მინდა გკითხოთ: ცეკვის შემდეგ არ მოდიან და არ გთხოვენ, ერთმანეთი გავიცნოთ, თქვენი ტელეფონი მომეცითო?
– ასეთი შემთხვევები მქონდა ძალიან ადრე – რვა, ათი წლის წინ. როცა სარესტორნო სისტემაში ვიყავი, არ მქონია არც ერთი სერიოზული ჩხუბის შემთხვევა; მაქსიმუმ, ცდილობდნენ, ჩემზე რამე ინფორმაცია გაეგოთ ან ტელეფონის ნომერი – ეს ჩვეულებრივი მომენტია. იყო შემთხვევები, როცა მოდიოდა ხალხი და მეუბნებოდა: გმადლობთ, მე შემეცვალა აზრი არაბული ცეკვების მიმართ თქვენი წყალობით. ხშირად მიწვევენ ქორწილში ან დაბადების დღეზე. მე ვეუბნები – არ შემიძლია, თუ გნებავთ, ვინმე სხვას გამოგიგზავნით-მეთქი, მაგრამ, ამაზე უარს ამბობენ. იციან, მე რომ გამოვალ სცენაზე, არ შერცხვებიან სტუმრების წინაშე ჩემ გამო, რადგან, მე არ ვიქნები ვულგარული. ცეკვის დროს არ ვაკეთებ აქცენტს ჩემს ქალურობაზე, მე ვცდილობ გავაკეთო აქცენტი იმაზე, რომ ვარ კარგი მოცეკვავე. ვისაც უნდა სექსისა და ეროტიკის დანახვა, ბალეტშიც ნახავს ამას.
– თქვენი ცეკვები ყველა ცეცხლოვანია ჩქარ ტემპში, ლამაზადაა გაფორმებული. გაქვთ ისეთ ცეკვაც, რომელიც ცოტა ნელი, სადა და უფრო მოხდენილია?
– მოსკოვის ფესტივალზე ვიცეკვე და ვამაყობ, რომ, ამ მუსიკის კომპოზიტორმა ვიდეო ნახა და დიდი წერილი გამომიგზავნა – ძალიან მოეწონა, რომ მე გავაცოცხლე მისი კომპოზიცია. ეს ადამიანი სტინგთან მუშაობდა და ახლა შაკირას უკეთებს არანჟირებას. ბევრი ალბომი აქვს გაკეთებული. ეს იყო სევდიანი კომპოზიცია და კოსტიუმიც და მაკიაჟიც მქონდა ძალიან სადა და უბრალო – თეთრ კაბაზე მოსხმული შავი ნაქსოვი შარფი, ესპანურ სტილში. სხვათა შორის, იმდენად რთული კომპოზიცია იყო, რომ მას მერე ვერ შევძელი ცეკვა. სულ ორჯერ ვიცეკვე და ცეკვის მერე სცენიდან ოთახში რომ ვბრუნდებოდი, ისეთ სევდასა და გულისტკივილს ვგრძნობდი, ვერ წარმოიდგენთ. არადა, მე არ მქონდა ცხოვრებაში ის გადატანილი, რასაც ის ქალი იმ სიმღერაში მღერის. მესამედ რომ მთხოვეს ეს ცეკვა იცეკვეო, ბოდიში მოვუხადე – ვერ ვიცეკვებ-მეთქი. ისე ვიხარჯები და ისე მოქმედებს ჩემზე, მერე რამდენიმე დღე მჭირდება ამ ხასიათიდან გამოსასვლელად.
– მე ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე სიცივე.
– საერთოდ, ცეკვის დროს ბევრ რამეს ვერ გრძნობ, მით უმეტეს – სიცივეს. არის შემთხვევები, ხან ფეხი აგტკივდება, ხან კბილი, ხან თავი, მაგრამ, რომ გამოდიხარ, აღარ გტკივა – ეტყობა, სცენის ადრენალინია. საერთოდ, სცენა არის ცოცხალი ძალა, ჰაერის მეხუთე სტიქია, ნარკოტიკივით მოქმედებს. მართლა, სერიოზული მცივანა ვარ, ტაილანდში რომ მივდივარ, ეგვიპტეში 40-45 გრადუსი სიცხეა და მარტო მაშინ ვარ ბედნიერი, რადგან, შემიძლია, სარაფანი ჩავიცვა და უკვე კარგად ვგრძნობ თავს.
– შანდლებითაც ცეკვავთ. რთული და სარისკოა ასე ცეკვა?
– შანდლებით ცეკვა არის არაბული ფოლკლორული ცეკვა, საქორწილო ელემენტი. ეს შანდალი ჩემმა მეუღლემ დამიმზადა. არაბეთში ჩვეულებრივად იყიდება მსგავსი შანდლები. იცით, იმ მომენტში ვერ გრძნობ, როგორ გეღვენთება სახეზე, სხეულზე; მხოლოდ მერე, ოთახში რომ შედიხარ, ხედავ, რა დღეში გაქვს ხელები, ტანსაცმელი... წელს ვიყავი უკრაინაში, თვითონ დამპატიჟეს, ძალიან სერიზოული პროექტია – „ცეკვავს ყველა”, ამერიკული პროექტის უკრაინული ვერსია, უკვე მეექვსე სეზონია, მიდის, უაღრესად რეიტინგულია. ორგანიზატორებმა მთხოვეს, თუ შეიძლება ეს ცეკვა შუშებზე შეასრულოთო. დავთანხმდი, რადგან, როცა დღევანდელი ქორეოგრაფიის გენიოსების წინაშე გამოდიხარ, უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ, სამაგიეროდ, მერე დამეწყო სერიოზული შიშები. ერთი თვე მესიზმრებოდა, თითქოს ფუჟერებიდან ვვარდები, იფშვნება, ხმალი თავიდან მივარდება, ტრიალის დროს კი ვიღაც მოვკალი ამ ხმლით. ძალიან ვნერვიულობდი. მერე, აეროპორტში რენდგენზე რომ დაათავლიერეს ჩემოდნები, დაინახეს მეტრა ოცდახუთი სანტიმეტრი სიგრძის ხმალი, გაგიჟდნენ. თან, ხედავენ, რომ ეს არ არის ბუტაფორია და ნამდვილი, მძიმეწონიანი ხმალია. თუმცა, მე მქონდა ნებართვა, სპეციალური წერილი უკრაინული ავიაკომპანიისთვის, რომელშიც ეწერა, რომ ელენე ჩიხლაძე ამა და ამ შოუზე ჩაწერისთვის მიდის, რეკვიზიტად მიაქვს ცივი იარაღი და არ შეექმნას პრობლემაო. უამრავი ადამიანი მიყურებდა. იმდენად სტრესული იყო ეს ყველაფერი, რომ, ის, რაც სიზმარში ვნახე, მეგონა მართლა, ხდებოდა, და შეშინებული ვკითხულობდი: „ხომ არავინ მოვკალი? ვინმე ხომ არ დავჭერი?..” საბერძნეთში ვიყავი. დიდი უზარმაზარი მოსასხამი ფრთები მაქვს თავისი პატარა განათებებით დამონტაჟებული და ბარგში არ ჩავაბარე, ხელზე მქონდა. გახსენიო – მეუბნებიან. გავხსენი ჩანთა. აქ რა ელემენტებიაო? გავშალე, მოვისხი და, რომ დავაჭირე ხელი ბატარეას და განათდა, გაოცებულები მიყურებდნენ დიდხანს.
– ბოლოს თქვენ მეუღლეზეც გკითხავთ. ზოგადად, ქართველი კაცები ერიდებიან ოჯახის შექმნას მსახიობებთან, მოცეკვავეებთან, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. თქვენ როგორ უგებთ ერთმანეთს და თუ ეჭვიანობს?
– რომ არა ჩემი მეუღლე, ალბათ დღეს მე არავინ ვიქნებოდი. ძალიან მეხმარება და მიგებს ყველაფერში. ხელოვან ადამიანს, მოცეკვავეს, ჰაერივით სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მას მორალურად ამოუდგება მხარში, გაიზიარებს მის იდეებს. ახალ კოსტიუმს რომ ვკერავ, მეუღლეს ვაჩვენებ – ის ჩემი ყველაზე სწორი და სამართლიანი შემფასებელია. თუ ვხვდები, რომ რამეა შესაცვლელი, ვცვლი. ასევეა ცეკვაშიც – აუცილებლად ვაჩვენებ მას, რა ახალი ელემენტი დავამატე.