რატომ ჩაანაცვლეს ტრიო „სიმში” ზაზა ვეფხვაძე „ცისფერი ტრიოს” წევრით
თბილისში რამდენიმე კარგი ტრიო და კვარტეტია და ყველას თავისი შესრულების მანერა და რეპერტუარი აქვს. ტრიო „სიმიც” ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ისე გემრიელად მღერის, არ შეიძლება, ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს.
20 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ტრიო „სიმის” 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. საღამოზე საზოგადოებისთვის ცნობილი სიმღერები ახალი არანჟირებით შესრულდა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის” ვარსკვლავი გაიხსნა.
ანსამბლი 1988 წლის დეკემბერში შეიქმნა. მისი წევრები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინჟინრები: ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი. 1991 წელს ტრიომ ჩაწერა პირველი აუდიოკასეტა (ალბომი), სახელწოდებით „რეტრო”, სადაც შევიდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები ქართული კინოფილმებიდან.
– პირველ ყოვლისა, გილოცავთ საიუბილეო კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნას. გაიხსენეთ ის დღე, როცა ერთმანეთს შეხვდით.
რეზო გელაშვილი: მე და ზაზა ვეფხვაძემ ერთმანეთი „გეპეიში” გავიცანით დიდი ხნის წინ – ჩვენ ყველამ „გეპეი” დავამთავრეთ. ზურიკო ცქიტიშვილი გავიცანით სწავლის დამთავრების მერე, მაგრამ, თითქმის ერთნაირი ცხოვრების გზა გვაქვს გავლილი. ხელოვნებასთან ზიარება მოხდა თვითშემოქმედებაში და ეს უკვე 26 წელს ითვლის. თავიდან ზურას ნაცვლად სხვა გვყავდა – თამაზ ორჯონიკიძე. მერე კიდევ ერთი ვნახეთ, რაღაც მოხდა და იმანაც დაგვტოვა, ბოლოს კი ზურიკო ჩავსვით. ასე ჩამოვყალიბდით. ხშირად ზურიკოსთან სახლში ვრეპეტიციობდით. მაშინ „პირველ არხზე” ასეთი გადაცემა იყო – „თამადები” და სიუჟეტი ჩვენზე გააკეთეს. რამდენიმე ახალი სიმღერა გვქონდა, მათ შორის იყო ძალიან პოპულარული სიმღერა – „დავლევ.”
ზურა ცქიტიშვილი: ჩვენ, რომ დავიწყეთ გამოსვლები, იმ დროს ისეთი პერიოდი იყო, საერთოდ არაფერი ხდებოდა თბილისში, შეიძლება ითქვას, თბილისი პარალიზებული იყო. აღარ მოვყვები, რადგან, ყველას კარგად ახსოვს ის პერიოდები – უშუქობა, უგაზობა... სწორედ ამ დროს შევკრიბეთ ახალი სიმღერები და ავიდგით ფეხი. კინოფილმებიდან ავიღეთ ბევრი სიმღერა და პოპური გავაკეთეთ, მერე ნატო გელაშვილთან დავმეგობრდით. ფაქტობრივად, რაც ახალი სიმღერები ჰქონდა, ჩვენ მოგვცა და ასე შევხმატკბილდით. ყველას „გეპეი” გვაქვს დამთავრებული, ოღონდ, სხვადასხვა ფაკულტეტზე ვიყავით.
– როგორ შეეგუეთ სცენას?
ზაზა ვეფხვაძე: ჩვენთვის სცენა არ იყო უცხო ხილი, რადგან, თავის დროზე ვმღეროდით კაპელა „შვიდკაცაში”, მერე კი – „გეპეის” ორკესტრში და მაყურებელმა თავიდანვე თბილად მიგვიღო, მოთხოვნადები გავხდით, იმ დონემდე, რომ, თუკი ვინმე ჩამოდიოდა სამთავრობო სტუმარი, ყველას მასპინძლები ჩვენ ვიყავით, ყველგან აუცილებლად ჩვენ გვეძახდნენ – ვაცნობდით სტუმრებს ქართულ სუფრას, კულტურას.
– საგასტროლოდ უცხოეთშიც დადიხართ. რამდენად გასაგები და გულისამაჩუყებელია ქართული სიმღერა უცხოელისთვის, ისე როგორც ჩევნთვის არის გულში ჩამწვდომი?
– საფრანგეთში უფრო მეტი კონცერტი გვაქვს ჩატარებული, ვიდრე საქართველოში – ხუთასზე მეტი. ფრანგი იმპრესარიო გვყავს. ერთხელ გვნახა კონცერტზე და გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და ყოველ წელს ორჯერ-სამჯერ მაინც ჩავდიოდით. ძირითადად – პერიფერიებში და, ყველგან საოცარი ხალხი გვხვდებოდა. ასეთი პირობებით, ჩვენ რომ დავდიოდით, საქართველოდან მაშინ არავინ დადიოდა. ყველა გაკვირვებული იყო: არანაირი დარღვევა, ყველაფერი იყო ისე, როგორც ეწერა კონტრაქტში და, შემთხვევა არ გვქონია უკმაყოფილოები წამოვსულიყავით იქიდან. რაც შეეხება რეპერტუარს, უფრო მრვალფეროვანი რეპერტუარი გვქონდა. ერთ ადამიანს ვიმატებდით – ჩვენი მეგობარია, თემურ სიყმაშვილი, სალამურზე უკრავს. ახლა მოსკოვში მოღვაწეობს.
რეზო გელაშვილი: რამდენიმე წლის მერე რომ ჩავსულვართ, მოსულან ჩვენთან და უთქვამთ: ორი წლის წინ მოგისმინეთ და, რომ გავიგეთ, ჩამოხვედით, ისევ მოვედით, ისე გვიყვარს თქვენი სიმღერაო. ქართული მელოდია ყველას უყვარს, რადგან, ყველასთვის გასაგებია. ძალიან რთული, პოლიფონიური სიმღერის გაგება რიგით მსმენელს უჭირს, მაგრამ, რასაც ჰქვია ტკბილხმოვანება, მაგალითად, გიტარის თანხლებით „სულიკოს,” ყველა სიამოვნებით უსმენს.
ზაზა ვეფხვაძე: რამდენჯერმე იყო შემთხვევა, დარბაზს გადავხედე და ტიროდნენ. ერთ კონცერტზე მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა პირველ რიგში. „წინწყარო” დავიწყეთ. შევხედე – ცრემლები მოსდით. გადავირიე. მეგონა, ქართველი ემიგრანტები იყვნენ. მერე, რომ მოვრჩით სიმღერას და მოვიდნენ ავტოგრაფისთვის, ფრანგები აღმოჩდნენ. ეტყობა, არის რაღაც ამ ქართულ სიმღერაში ისეთი, რაც ასე იზიდავს ყველას.
– მახსოვს, 90-იან წლებში, თბილისის შემოქმედებითი კოლექტივები (მაშინ სახელმწიფო ფილარმონიის დაქვემდებარებაში იყო ყველა): „ორერა”, „ცისფერი ტრიო”, „ივერია”... აქტიურად ატარებდით გასვლით კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაიონებსა და სოფლებში. ახლა როგორ არის ამ მხრივ საქმე?
რეზო გელაშვილი: ახლაც დავდივართ, ბოლოს ახალციხეში ვიყავით. ყველგან არანორმალური სითბოთი გვხვდებიან. ისე, დღესაც მოშლილია რაიონებში გასვლა. დიდი-დიდი, ანსამბლი თუ წავიდა ქუთაისში, ბათუმში ან თელავში – ეს ის ადგილებია, სადაც, შეიძლება, იმღერო, არადა, სხვა რეგიონებმა რა დააშავეს?! თაობები იზრდებიან ინგლისურ სიმღერებზე და, ჩვენი, მამაპაპური სიმღერები მივიწყებულია, არ მღერიან ქართულს. ათი წელია, თბილისში კონცერტი არ ჩაგვიტარებია, თუ წლევანდელ საიუბილეო კონცერტს არ ჩავთვლით. ერთხელ გამოვედით ნატო გელაშვილის კონცერტზე და სულ ეს იყო.
– იყო ისეთი პერიოდიც, როცა დაშლას აპირებდით. ვეღარ გამოდიოდით სცენაზე გარკვეული მიზეზების გამო?
– არა, ასეთი მომენტი არ გვქონია. რაღაც პერიოდის განმავლობაში ზაზა არ იყო ჩვენთან, რადგან, ავარიაში მოყვა. რამდენიმე ხანს ზაზას გარეშე ვიყავით და, რომ არ შეგვეწყვიტა ჩვენი შემოქმედება, დათო აბესაძე ავიყვანეთ – „ცისფერი ტრიოს” წევრი, იმიტომ, რომ კონტრაქტის შეწყვეტა არ შეიძლებოდა, მერე ჯარიმა იქნებოდა გადასახდელი
– ძირითადად გიტარის თანხლებით მღერით. გაქვთ სიმღერები, რომლებსაც „მინუს” ფონოგრამაზე ასრულებთ.
– დიახ, არის ისეთი სიმღერები ჩვენს რეპერტუარში, რომლებსაც არ უხდება გიტარა. სულ ახლახან, მაგალითად, ორი კონცერტი ჩავატარეთ კამერულ ორკესტრთან ერთად, რამაც გარკვეულ წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
– ზაზა, ეს რომ არ გკითხოთ არ შემიძლია. მეც და, ვიცი, რომ ბევრ სხვასაც აინტერესებს: რეზო და ზურა რომ თვალგახელილები მღერიან, თქვენ რატომ გაქვთ ყოველთვის თვალები დახუჭული სიმღერის დროს? ეს კომპლექსია თუ ემოციებში ხართ ამ დროს?
ზაზა ვეფხვაძე: როცა სიმღერას ვიწყებ, უკვე ჩემს სამყაროში ვარ, სცენაზე მთლიანად ვიხარჯები და თვალებს ამიტომ ვხუჭავ. რამდენჯერმე ვცადე გახელა და ეგრევე შემეფეთა ისეთი სახეები – გადალაპარაკება, გადმოლაპარაკება, ტელეფონზე მესიჯობდნენ... ამ დროს თავისთავად ვკარგავ ემოციასაც, სიმღერის სურვილსაც და, შეიძლება, უცებ გავჩერდე. ეს, თავისთავად, დისკომფორტია ჩემთვის, ანუ, მაკომპლექსებს. თუ სიმღერისთვის მოხვედი, მოუსმინე, რას ლაპარაკობ?! სუფრასთანაც ყოფილა ასეთი შემთხვევა: ვიღაცას დაუწყია ლაპარაკი და გავჩერებულვართ. რომ მორჩები, თუ ვიქნებით ხასიათზე, მერე გავაგრძელებთო, – გვითქვამს.
– ინტერესისთვის, არ გიცდიათ, ცოტათი შეგეცვალათ შესრულების სტილი? მაგალითად, უცხოური სიმღერები თუ გიმღერიათ?
რეზო გელაშვილი: როგორ არა, გვიმღერია ფრანგული, იაპონური, მექსიკური, რუსული სიმღერები. საფრანგეთში როცა ჩავდივართ, „სულიკოს” ვმღერით ხოლმე ფრანგულად ერთ სტროფს – ეს უკვე გაშინაურების მომენტია მაყურებელთან და ძალიან უხარიათ.
– „ქუთაისო ჩემო...” თითქოს სპეციალურად პირადად თქვენთვის არის დაწერილი. მართლა ძალიან კარგად მღერით. ალბათ, ეს სხვებსაც უთქვმთ თქვენთვის. თვითონ რას ფიქრობთ ამ სიმღერაზე?
– დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. იცით, თავისთავად მოხდა ასე. თვითონ სიმღერა შემოვიდა ჩვენში და გულიანად ვიმღერეთ თავიდანვე. ეს არის ზურა მანაგაძის სიმღერა. ჩვენამდეც მღეროდნენ, მაგრამ, ყველა გვეუბნება, რომ ძალიან მოუხდა ჩვენს ხმებს. ეტყობა, ჩვენია მაინც.
– ვისაც საქართველოში გასვლითი კონცერტები ჰქონია, ალბათ, დამეთანხემბა, რომ კონცერტის შემდეგ იქაური მცხოვრებლები ცდილობენ, სტუმრებს ასიამოვნონ – ყველა თავისთან გეპატიჟება და, უნდათ რომ თავიანთი პატივისცემა და სიყვარული გადმოგცენ. საფრანგეთში როგორ ხდება?
– საინტერესოა ყოველი წასვლა. ისეთ ოჯახებში ვხვდებით, ძირძველ ფრანგებთან – ბოცებში რომ აქვთ ღვინო შენახული, თავიანთი გაკეთებული ძეხვი, ყველი, პურსაც რომ თვითონ აცხობენ. ყველგან გცემენ პატივს, მაგრამ, ჩვენთან რომ იციან, ასე არსად არ არის. ჩვენი სიმღერა, ცეკვა, სუფრა მართლაც სასწაულია.