კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცდუნებას გაუძლო ეკა გიგაურმა ამსტერდამში და როგორ გახდა ის აღმასრულებელი დირექტორი დასაქმების პორტალის წყალობით

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტიური სახეა. მის შრომით ბიოგრაფიაში ძალიან ბევრი სამსახურია, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოს სტაჟიორის რანგშიც კი. ამსტერდამიდან დაბრუნებულმა სამსახურს, სადაც დღეს მუშაობს, დასაქმების პორტალით მიაგნო და იქ, სადაც დღეს ყველა ექსჩინოვნიკი  „მიდის” საკუთარი ნებით და დიდი გეგმებით წავიდა.   

 

ეკა გიგაური: სამი წელია, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ვარ. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ამსტერდამიდან, სადაც ვსწავლობდი მაგისტრატურაში ამსტერდამის უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამართლის განხრით. რამდენიმე პროფესია მაქვს – ბაკალავრის ხარისხი მაქვს საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამართალში, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კი მივიღე კავკასიის უნივერსიტეტში და როგორც გითხარით, მაგისტრატურა დავამთავრე ამსტერდამის უნივერსიტეტში.  იქ ყოფნის პერიოდში ვთანამშრომლობდი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც აწყობდა სემინარებსა და შეხვედრებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ეს იყო კვირის რამდენიმე საათი, რომელიც შემოსავლის მოტანის საშუალებას იძლეოდა, თუმცა ეს იყო მინიმალური შემოსავალი ევროპული ქვეყნისთვის და მე იქ ვცხოვრობდი ჩვეულებრივ, სტუდენტურად, სტიპენდიითა და საკუთარი ხარჯით. როდესაც ამსტერდამიდან  დავბრუნდი, დავიწყე სამსახურის ძებნა. რეკლამაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჯობ.ჯის მეშვეობით შევიტყვე, რომ აქ აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსია იყო. იქამდეც მქონდა გამოცდილება, როცა რამდენჯერმე ვიშოვე სამსახური ჯობ.ჯის მეშვეობით. ამსტერდამში წასვლამდე უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება მქონდა. ჩემს შრომით ბიოგრაფიაში იყო ისეთი სამსახურიც, როგორიცაა სტაჟიორის პოზიცია „ალიონის” საინფორმაციო სააგენტოში. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. შემდეგ  ვმუშაობდი სახელმწიფო სექტორშიც – საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში,  ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობების კუთხით, ასევე ვმუშაობდი კერძო სექტორშიც – ვიყავი „მარიოტის”  ორივე სასტუმროს პიარ-კოორდინატორი. ეს სამსახურიც ჯობ.ჯის მეშვეობით  ვიშოვე, ასე რომ, როდესაც ეს ნაცადი გზა კიდევ დამჭირდა, ისევ გამოვიყენე – გავგზავნე საბუთები, გავიარე ყველა საჭირო პროცედურა და დავინიშნე ამ პოზიციაზე. ჩემთვის მიუღებელია წარმოდგენა,  როცა ამბობენ, რომ თუ არ გყავს ნაცნობების წრე, ამ ქვეყანაში სამსახურს ვერ იშოვიო. ეს ძალიან ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს.  საკუთარი თავი რომ ჩავაყენო იმ ადამიანის  მდგომარეობაში, ვისაც  შეიძლება, სამსახური სთხოვო, ეს მინიმუმ ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემთვის. ჩვენს ორგანიზაციაშიც ქვეყნდება ხოლმე ვაკანსიები და იმის მიუხედავად,  ადამიანს ვიცნობთ თუ არ ვიცნობთ, თუ კარგი კადრია, ჩვენ მას ავიყვანთ და თუ არა – არ მივიღებთ, ვისი ნაცნობიც არ უნდა იყოს. 

–  ამსტერდამში დარჩენის ცდუნების წინაშე არ დამდგარხართ? 

–  მქონდა შემოთავაზებები, გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი კიდეც დარჩენას და სწავლის გაგრძელებას ბიზნესსამართლის მიმართულებით, რადგან იქ იმდენად დიდია ინვესტიციები. ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკებიდან  ძალიან სჭირდებათ ადამიანები, მით უფრო იურისტები. ყველა მეუბნებოდა, რომ  ჩემი იქ დარჩენა კარგი იდეა იყო და მეც ვფიქრობდი, კარგი შანსი იყო ეს ჩემთვის. თუმცა, მაინც ვიფიქრე, რომ საქართველოში ჩამოსვლა ჯობდა. ეს შეიძლება, გაცვეთილ ფრაზად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ მართლა ვიფიქრე, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. მე სხვა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნისადმი, რაც ძალიან მძაფრად ვიგრძენი აგვისტოს ომის პერიოდში. პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული  თითქოს ზოგადი ცნებაა, მაგრამ შენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში გრძნობ, რომ ეს არაა ზოგადი ცნება – მართლა ძალიან გინდა, რომ შენს ქვეყანაში, ყველგან, ყველასთვის უკეთესი მდგომარეობა იყოს. 

– დღეს არასამთავრობო სექტორში მუშაობა ძალიან მომხიბვლელია. კონკურენციის მაღალი სტანდარტი უნდა გქონდეთ უკვე, რადგან ყველა ექსჩინოვნიკი თქვენთან „მოდის,” გაქვთ ადგილი მათ „მისაღებად”?

.– ვერავის აუკრძალავ სამოქალაქო სექტორში მუშაობას, მთავარია, ყველა ამ ადამიანის მიზანი იყოს, რაღაც კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის. ყველას თავისი ნიშა აქვს, ჩვენ მივესალმებით ამ კონკურენციას, რადგან დღეს სამოქალაქო სექტორში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.  ახლა საკუთარი პოზიციის გამოხატვის დიდი შესაძლებლობებია, უფრო გახსნილია სივრცე.  ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც სათავო ოფისი აქვს ბერლინში და მსოფლიოს ას ქვეყანაში – წარმომადგენლობა,  ბევრი პროფილით მუშაობს. მაგალითისთვის მოვიყვან არჩევნების თემას, ვმუშაობთ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, რის გამოც ძალიან აქტიურები ვართ საქართველოს პარლამენტში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. რა თქმა უნდა, მძიმე იყო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც გამოქვეყნდა ციხის წამების კადრები. მახსოვს, ინტერვიუებს რომ ვაძლევდი, კომენტარის დასრულების შემდეგ, აღარ მახსოვდა, რას ვამბობდი. საკუთარ თავს ემოციების გამოხატვის საშუალებას არ ვაძლევ, ყოველთვის ვცდილობ, ორგანიზაციის  პოზიციის გამოხატვისას, ვიყო ფრთხილი და ზომიერი, არ გადავამეტო, მაგრამ მაშინ ეს არ გამომდიოდა.  როდესაც, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, მაშინ ის „საიას” ხელმძღვანელი იყო, შევედი ციხეში და იქ პირველ სართულზე გვეჩურჩულებოდნენ პატიმრები საკუთარ პრობლემებზე, ადამიანურად ეს ძალიან მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის.   ჩვენს ორგანიზაციას ციხის თემატიკაზე არ ჰქონდა ნამუშევარი. რა თქმა უნდა, კოლეგებისგან ბევრი რამ მსმენოდა და მეც მქონდა წაკითხული რა ხდებოდა ციხეში, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ხედავ ამ ყველაფერს, ეს ძალიან რთულია.      

– ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის განსაკუთრებით  პოპულარული სახე გახდით.  როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება? 

– მე ვიტყოდი, რომ ეს არ ვარ მხოლოდ მე, ეს არის ყველა იმ ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაო და საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ყოველდღე ეწევა. მე ვიტყოდი, რომ  „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი,  რომელიც დიდი პასუხისმგებლობით საქმიანობს  ამ ქვეყნის წინსვლისთვის. მე, უბრალოდ, ვარ ამ გუნდის ხელმძღვანელი, თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ვარ პოზიციაზე, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი.  ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი შეფი ვარ. აქ არაა ის წესები, რაც სახელმწიფო სამსახურში. აქ რჩევის და მეგობრული დამოკიდებულების გარეშე, შორს ვერ წახვალ. ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი გამოვა (იცინის). რაც შეეხება ჩემი ცხოვრების შეცვლას, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. ქუჩაში მცნობენ, მაგრამ, ვერ ვიტყვი, ყველამ იცის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი რომ ვარ. შეკითხვა: „გვეშველება რამე?!” ძალიან აქტუალურია (იცინის). ბოლო პერიოდში მაქვს ძალიან აქტიური რეჟიმი. ვცდილობ, შაბათი და კვირა მაინც დავუთმო საკუთარ თავს, ვივარჯიშო. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მიყვარს სპორტი, შეიძლება ითქვას, ექსტრემალი ვარ.  მიყვარს ცურვა,  თხილამურებით ვსრიალებ,  რამდენჯერმე ვცადე პარაპლანით ფრენაც. ჩემი მეგობრები არიან დაკავებული ამ საქმით თბილისის ზღვაზე.  ერთხანს მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, თუმცა ბოლო დროს ვერ ვიცლი, რაც ძალიან მაწუხებს. წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ და როგორც ჩანს,  მთის ხასიათს ვერ ვღალატობ. 

– ხევსურეთიდან ხართ?

– წარმოშობით კი. ხევსურეთში ტურისტად ჩავდივარ, მაგრამ იქაურობა ძალიან მიყვარს.  შემოდგომაზე ბარისახოს ხეობას არაფერი ჯობია, მართალი გითხრათ, ამსტერდამში ხშირად მახსენდებოდა და მენატრებოდა ბარისახოს ხედები. ეს ყველას სჭირს თავიდან, როცა უცხოეთში ჩადის საცხოვრებლად. ამსტერდამი დღემდე რჩება ჩემს ძალიან საყვარელ ქალაქად. როცა მაქვს თავისუფალი რამდენიმე დღე და ამის საშუალება, აუცილებლად მივდივარ ქალაქებში, სადაც ჩემი ახლო მეგობრები ცხოვრობენ. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები და ბევრი რამ გვაკავშირებს.  მეგობრებთან ჩავდივარ საფრანგეთში, შვეიცარიაში და რა თქმა უნდა, ჰოლანდიაში. ამსტერდამი ის ქალაქია, სადაც ყველაზე მეტად ვისვენებ. მართალია, ამსტერდამი ტურისტული ქალაქია და ხმაურიანი, მაგრამ მე ვიცი, იქ ადგილები, სადაც ტურისტს ვერ წააწყდები და არის აბსოლუტურად სხვა გარემო. არის არხები, კაფეები, სადაც დილით ადრე რომ გახვალ და ყავას დალევ, ძალიან კარგად  იგრძნობ თავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამისი საშუალება,  რადგან ვიცი, ბევრ ჩვენს მოქალაქეს რთული სოციალური მდგომარეობა აქვს და ამაზე საუბარი, უხერხულიც კია ჩემგან. სულ ვამბობ, რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, ხმა არ მაქვს ამოსაღები, იმიტომ რომ ბევრს იმისი საშუალებაც არ აქვს, რისაც – მე.  რაც არ უნდა დატვირთული რეჟიმი მქონდეს, არის რაღაცეები, რაც ძალიან მიყვარს და იმას ბოლომდე ვერ ველევი.  არ მიყვარს დოგმები, გამოჩენა ისეთ ადგილებში, რაც მოდურია. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ყველანაირი ჩარჩოებისგან. 

– თქვენს აქტიურ საქმიან რეჟიმს პირადი ცხოვრება ხომ არ ეწირება.

– ასე ვერ ვიტყოდი, მე მგონი, ეს არაა ხელის შემშლელი. ჩემი აზრით, რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, ისედაც მოხდება.  ჩემი დროის, ენერგიის დიდი ნაწილი ეთმობა სამსახურს. მინდა გითხრათ, რომ ეს არაა კარგი. ამის გამო, ბევრი რამ მაკლია ადამიანური ცხოვრებიდან. როცა გავა დრო, ალბათ, ვიტყვი, რომ უფრო მეტი დრო და ყურადღება უნდა დამეთმო საყვარელი ადამიანებისთვის თუმცა, ახლა ეს არ გამოდის.  ისინი გაგებით ეკიდებიან ჩემს რეჟიმს. ყველაზე მეტად ეს ესმის დედას, რომელიც გამუდმებით ზრუნავს  ჩემს კვებაზე. ჩემი მშობლები სულ  ცდილობენ,  რომ გამიმარტივონ ცხოვრება (იცინის). 

 

скачать dle 11.3