კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გაჰყვა ცოლად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი და რისი „მსხვერპლი” გახდა მისი ქორწინება რამდენჯერმე

ქეთი ციხელაშვილი ქართულ მთავრობაში  არასამთავრობო სექტორიდან მოხვდა.  პაატა ზაქარეიშვილის პირველ და  ერთადერთ მოადგილეს  აწ უკვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში  მაღალი რანგის მანდატით უწევს ის  საქმიანობა,  რაზედაც არასამთავრობო სექტორიდან წლების  განმავლობაში ზრუნავდა. როგორც თავად ამბობს,  ჩინოვნიკურ სამსახურს ის არ შეუცვლია. ყველაზე დიდი სიახლე მის პირად ცხოვრებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა – ქეთი ციხელაშვილმა პირადი ცხოვრება დაუკავშირა  გერმანელ მამაკაცს,  რაზედაც მინისტრის მოადგილემ  „თბილისელებს” ექსკუზლიურად გაანდო.  

 

ქეთი ციხელაშვილი: დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს. ალბათ, ამიტომაც გააკეთა მინისტრმა არჩევანი ჩემზე, როცა ამ პოსტზე მუშაობა შემომთავაზა.  

რამდენიმე წელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი როგორც მკვლევარი-ანალიტიკოსი; მაქვს პუბლიკაციები ამ თემაზე. კონფლიქტების მოგვარებისა და მედიაციის საკითხებში პროფესიული მომზადებაც გავიარე. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორიდან ხშირად ვახორციელებდით პროექტებს კონფლიქტურ  რეგიონებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ამგვარი პროექტის ფარგლებში, ჩემს კოლეგებთან ერთად, მომიწია ჩასვლა სოხუმსა და გაგრაში, ეს იყო 2007 წელს. 2004 წელს ამ სამინისტროშიც ვიმუშავე დაახლოებით ორი წელი, თუმცა, ამ უწყებას მაშინ სხვა სახელწოდება ჰქონდა – „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი” ერქვა.  

იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილის თანამდებობა შემომთავაზეს, მე  ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციას „ლიბერალური აკადემია – თბილისი”; ასევე, ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანების აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის  თავმჯდომარე, სადაც შედის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საქმიანობას – ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს; ასევე, ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში. პროფესიით გახლავართ  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული სწავლების სპეციალისტი. ბაკალავრიატი დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში ვსწავლობდი  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში.  ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ერთი მხრივ, არის კონფლიქტების მოგვარების სფერო, მეორე  მხრივ – ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირი. ჩვენს პოლიტიკურ ხედვაში ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ სწორედ საქართველოს ევროპული არჩევანი, ევროპული განვითარება არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები და გზა ერთიანი განვითარებული სახელმწიფოსკენ.  

– როგორც ვიცი, წლების განმავლობაში ევროპაშიც მუშაობდით. იქ რატომ არ გააგრძელეთ კარიერა? 

– ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა მუშაობა დავიწყე პრაღაში, ონლაინ გამოცემაში.  ცოტა ხანი ვიმუშავე იქ, ახალკურსდამთავრებულისთვის ონლაინ გამოცემაში მუშაობა საინტერესო იყო.  ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზება გერმანიიდან, რის გამოც დავტოვე ის სამსახური და გადავედი ქალაქ ფლენსბურგში, კვლევით ცენტრში. იმავე პერიოდში მივიღე შემოთავაზება ჰამბურგის უნივერსიტეტიდან, ასევე კვლევით პროექტში ჩართვისთვის. ორივე კვლევა და შემდგომი პუბლიკაციები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს უკავშირდებოდა. საერთოდ, პარალელურ რეჟიმში არაერთხელ მიმუშავია. ამის შემდეგ იყო ბრიუსელი, „ნატოს” საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ახალგაზრდისთვის ამგვარი მრავალფეროვანი გამოცდილება ბევრის მომცემია. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში მუშაობა ძალიან საინტერესოა, ჩემს გეგმებში არ შედიოდა  საქართველოდან წასვლა ან უცხოეთში კარიერის გაკეთება და დავბრუნდი თბილისში, რათა აქ გამეკეთებინა საქმე. თბილისშიც ძალიან ბევრ ადგილას მომიწია მუშაობა, ყოველთვის მქონდა  ცხოვრების  აქტიური რეჟიმი. ჩემთვის არ არსებობს სტანდარტული სამუშაო დღე, სტანდარტული შაბათ-კვირა. ეს გახდა ჩემი ცხოვრების სტილიც, თან, ადრეული ასაკიდან. მე ქუთაისიდან ვარ, სადაც ძალიან აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრალური ცხოვრებით, აქ, თბილისში, გრიბოედოვის თეატრშიც გამოვდიოდით სპექტაკლებით. ერთხელ, სპექტაკლის ბოლოს, მიშა თუმანიშვილთან ძალიან კარგი გასაუბრებებიც მახსოვს (იცინის). ბავშვობაში კარგა ხანს ვოცნებობდი რეჟისორობაზე, მაინცდამაინც კინოს რეჟისორობა მინდოდა. მახსოვს, ის რეჟისორები, რომლებსაც  ძალიან უყვარდათ თავიანთი საქმე. მათ არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რომ  ძალიან მძიმე იყო ამ პროფესიის ადამიანთა ცხოვრება საქართველოში იმ მძიმე, 90-იან წლებში. თუმცა, მე ძალიან შემოქმედებითად ვიყავი განწყობილი. გაგიმხელთ, რომ საოპერო ხმაც აღმომაჩნდა და მიუზიკლებშიც ვთამაშობდი, რის გამოც მირჩევდნენ კიდეც, რომ ჩამებარებინა კონსერვატორიაში, მაგრამ, ეს ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი ამპლუა იყო (იცინის). 

– მსახიობის რანგში სოლიდურ როლებს განდობდნენ?

– კი, იყო მშვენიერი როლები  ქართული სპექტაკლებიდან, თუმცა, მოლიერის  პერსონაჟებიც  მაქვს ნათამაშევი. მაშინ საერთოდ სხვა განზომილებაში ვიყავი, რაც ახლა ძალიან კარგად მახსენდება. როცა პროფესიული არჩევნის დრო დადგა, ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობები. ამის მიზეზი, გარდა იმისა, რომ მაინტერესებდა დიპლომატია, ისიც იყო, რომ სულ მინდოდა, მენახა ბევრი ქვეყანა. ამ წლების განმავლობაში ამის საშუალება ხშირად მქონდა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახლა უდროობის გამო ვერ ვიცლი, მაგრამ, ძველებურად მიყვარს კინო და თეატრი, რომელსაც  მაყურებლის როლში ვუბრუნდები ხოლმე. ის, რაც გადმომყვა იმ წლებიდან, არის მუსიკაც.  მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი და, ახლა,  როცა  დრო მაქვს, არასაჯაროდ, ფორტეპიანოზე ვუკრავ –  ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა ჩემთვის.  

– როგორ შეცვალა ამ პოსტმა თქვენი ცხოვრება?

– თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს სამსახური  იყო დაკავშირებული ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან – საერთოდ, ჩემს საქმესთან ასეთი დამოკიდებულება მაქვს, სადაც არ უნდა ვმუშაობდე. თუმცა, იმ საკითხების მნიშვნელობა, რაზეც ახლა ვმუშაობ და ჩემი პოზიცია, ამ პასუხისმგებლობას აორმაგებს. ძალიან დატვირთული და აქტიური გრაფიკით ცხოვრება ჩემთვის უჩვეულო არ არის, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. მოკლედ, „ტექტონიკური ძვრები“ ჩემში ნამდვილად არ მომხდარა. ის ღირებულებები, რაც აქამდე მქონდა, ჩემთვის ისეთივე ღირებულია, როგორც მანამდე იყო. 

– კანცელარიის ჩინოვნიკური ინფრასტრუქტურაც არ ახდენს გავლენას?

– საერთოდ არა. საჯარო სამსახურში მუშაობა, როგორც გითხარით, დიდი პასუხისმგებლობაა მით უფრო – ამ სფეროში.  კონფლიქტების მოგვარება, ნდობის მშენებლობა რთული ამოცანაა. ნგრევა ადვილია, აღდგენა და აშენება – რთული და ხანგრძლივი, მით უფრო, იმ მძიმე მემკვდრეობის ფონზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო. მაგრამ, ეს ის გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ და ამას შედეგი ექნება. მან, ვინც დღეს მავთულხლართებისა და ბარიერების მშენებლობის გზით აშორიშორებს ხალხს, ძალიან კარგად იცის, რომ ხალხთა შორის არსებული კონტაქტები ბევრ რამეს ცვლის. ამ კონტაქტების დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რამდენი რამ არის ამ ადამიანებში საერთო, თუნდაც ის, რომ ერთ მონათესავე კულტურას ეკუთვნიან იმ გაზიარებული ტრადიციებით, რაც აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს აკავშირებთ. 

– რატომ შეუცვალეთ სახელი სამინისტროს, შერიგება უფრო კარგად ჟღერს თუ, „ცისფერი მთების” ამბავია? 

–  ადრე, ამ სამინისტროს, როგორც გითხარით, „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი” ერქვა, 2008 წელს კი გადაერქვა სახელი და ეწოდა „რეინტეგრაციის სამინისტრო”, რაც ძალიან ცუდად აღიქვეს აფხაზებმა და თქვეს, რომ არ ჰქონდათ სურვილი, რაიმე კონტაქტი ჰქონოდათ ამ დასახელების უწყებასთან – ამას სულ ასახელებდნენ მიზეზად ან საბაბად მაინც. ახლა კი ეს საბაბი თუ მიზეზი აღარ იქნება. ამას გარდა, ის დასახელება არასრულად გამოხატავდა სამინისტროს საქმიანობას, რადგან, ჩვენ, კონფლიქტების მოგვარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი, სამოქალაქო ინტეგრაციის, ანუ, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკის მიმართულებაც აქვს და ამ კონტექსტში რე (ანუ ხელახალი) ინტეგრაცია გაუგებარია. ვფიქრობ, ეს ადრე ბევრმა არც კი იცოდა. ამიტომ, ჩვენ უფრო კარგი ტერმინი შევარჩიეთ – „სამოქალაქო თანასწორობა,” რაც ამ მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, ახალი სახელწოდება  სამინისტროს საქმიანობის ორივე მიმართულებას გამოხატავს. შერიგება კი, ამავდროულად, მიანიშნებს პოლიტიკურ მიდგომაზე ამოცანის მისაღწევად, რომელიც მიმართულია ჩიხში შეყვანილი სამშვიდობო პროცესის დაძვრის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ამ გზით მოგვარებისკენ.  აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ სახელის ცვლილების მთავარი მოტივაცია. 

– სულ ახლახან სიახლე მოხდა თქვენს პირად ცხოვრებაშიც. ვინ არის თქვენი რჩეული, ვისზეც სულ ახლახან იქორწინეთ?

–  ჩემი რჩეული გახლავთ არმინ ჰუტენლოხერი. ის არის გერმანიის მოქალაქე.  ჩემი პირადი ცხოვრების შეცვლა აბსოლუტურად არ უკავშირდება ჩემს საქმიანობასა და მინისტრის მოადგილის სტატუსს. ჩემს მეუღლეს ადრეც ვიცნობდი, თუმცა, არა მაშინ, როცა მე  გერმანიაში ვცხოვრობდი და გერმანულ ფონდში ვმუშაობდი. უცნაურია, მაგრამ, როდესაც გერმანიას საქმიანად „დავშორდი,” ჩვენი ურთიერთობებიც მაშინ დაიწყო. მას ძალიან უყვარს საქართველო, ადაპტირებულია ქართულ გარემოსათან – აქეთ ხშირად ჩამოდის ხოლმე. 

– „გადმოიბირეთ”  მეუღლე თქვენს ბანაკში?  თქვენ ხომ არ აპირებთ იქით გადასვლას?

– არა,  მე არ ვაპირებ გადასვლას და წასვლას, რადგან, აქ ჯერ ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი.  ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში,  უფრო ხშირად ის ახერხებდა ჩამოსვლას.  იყო რამდენიმე  ისეთი შემთხვევაც, როცა სიურპრიზი მომიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი ვიზიტისას ჩამომაკითხა. რთულია დისტანცია, მაგრამ, სიყვარული საზღვრებს არ ცნობს. ამიტომ, ჩვენი ცხოვრება დიდწილად უკავშირდება მგზავრობას. 

– თქვენი მეუღლეც  კონფლიქტების მოგვარებით არის დაკავებული?

– არა, მას ჩემს საქმესთან შეხება არ აქვს,  სხვა სფეროში მუშაობს.

– გერმანელი ქმარი სახლში ადვილი ასატანია?

– დიახ, გერმანელი ქმარი არ არის ძნელი მოსავლელი, პირიქით,   ძალიან მიწყობს ხელს, თუმცა, ნერვიულობს და მგულშემატკივრობს დატვირთული გრაფიკის გამო. როცა ჩემი მეუღლე  თბილისშია, არასამუშაო დროს ჩვენ სულ ერთად ვატარებთ.   

– ქორწილი უკვე გქონდათ?

– არა, ჯერჯერობით არ გვქონია. ქორწინება ჩვენი აქტიური რეჟიმის „მსხვერპლი”  ბევრჯერ გახდა და, უნდა ვაღიარო, რომ, ძირითადად, ჩემი მიზეზით.  გადავდეთ რამდენჯერმე ეს ამბავი.  გასულ კვირას, როგორც იქნა, მოვახერხეთ ხელის მოწერა – უკვე ოფიციალურ ქორწინებაში დავრეგისტრირდით. პატარა საქორწინო წვეულება, ალბათ, გვექნება. ამ ეტაპზე  ორივეს დატვირთული გრაფიკი გვაქვს, საქორწინო სამზადისისთვის ვერ მოვიცლით, თან, გაზაფხულის   უკეთეს ამინდებს  დაველოდებით,  მთავარია, რომ ეს ურთიერთობა შედგა, რადგან, ქალისთვის ოჯახი  ძალიან  ბევრს ნიშნავს.    

 

скачать dle 11.3