როგორ გადაჰყავდათ თუშ მეცხვარეებს 2 წლის ეთერ თათარაიძე კავკასიონზე და რამ გააოცა ის თბილისში
მისი ოფიციალური სტატუსია – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმღვანელი, თუმცა, ამ და კიდევ, პოეტისა და ფოლკლორისტის „სტატუსებს” მიღმა, თუშეთის დიდ ხიბლთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიის მქონე ქალბატონი დგას, რომლის ლექსი თუ, უბრალოდ, მონათხრობი თუშეთზე, გულგრილს არ დაგტოვებთ, მით უფრო, თუ ამ ულამაზეს კუთხეში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი და კავკასიონის მაღალი მთებისა და მათ შორის ჩახატული თუშური სოფლისთვის ერთხელ მაინც თუ შეგივლიათ თვალი. მე ეს ბედნიერება რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ერთხელ მერგო, ეთერ თათარაიძეს კი მასთან მთელი ცხოვრება აკავშირებს, ცხოვრება, რომელიც მისთვის იმ ზღაპრული სამყაროსა და მშობლიური კუთხის ნოსტალგიით გრძელდება.
ეთერ თათარაიძე: თუშეთი ჩემთვის მთელი სამყაროა. ჩემს დროს ეს იყო ღვთაებრივი სამყარო და სულ ეგეთი დარჩა. 57 წლის ვარ, მაგრამ, გუშინდელივით მახსოვს ის პირველი ზამთარი, რომელიც ჩემი დიდედას სოფელში – შენაქოში გავატარე. პირველ კლასში იქ ვისწავლე. ზამთარი თუშეთში კიდევ სხვა სამყაროა, აბსოლუტურად სხვა იდუმალებაა, სხვა განცდები. ისეთი სიჩუმეა, ნიავის ხმაც რომ გესმის. უცნაურია, როგორც ისე, რამე რომ ინატრო, დაგეძინოს და თეთრ საბურველში იყო გახვეული. მერე მოვა გაზაფხული, პირველად დაილეწება დაწვენილი თოვლი, გატყდება ვაკე და დაიწყება ბზრიალით ზვავებიდან და თოვლიდან ცრემლის დენა; ქვეშიდან ამოძვრებიან ცრემლიანი ენძელები, ბალღები დაიწყებენ წყლის წისქვილების გამართვას შიგნით დანახეთქ თოვლებში; უცებ ჩააბრუნებს ამ თოვლს და უცებ ამოჟიჟინდება მწვანედ ყველაფერი. მაშინ დიდედა აღარ იყო ცოცხალი. როგორც კი გაზაფხულდა, ჩვენ ზამთრის საბოსლედან ავედით შენაქოს სოფელში. მე მოსწრებული ვარ იმას, თუ როგორ ითესებოდა იქ ყანები. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უფალი ჩამოდიოდა და ხატავდა იმ ყველაფერს. ჩემი მეგობარი ჩუფჩიკა მეტყოდა ხოლმე: შენ ის თუშეთი არ გინახავს, რაც მე მაქვს ნანახიო. ჩუფჩიკა 22 წლით უფროსი იყო ჩემზე, 13 წლის ასაკიდან დადიოდა ქალაქელი ბიჭი პიონერთა სასახლიდან თუშეთში, გიჟდებოდა იქაურობაზე. წლებთან ერთად, იქ ბევრი რამ შეიცვალა: ორჯერ მოვხვდი იქ მანქანით და, არ მინდა იმ გზების დანახვა – მე სულ სხვა გზებით მივლია და ჩემი სული ვერ ეგუება იმ დაგლეჯილ მთებს.
– როგორ გადიოდით იმ გზებს, იმ ვიწრო ქარაფებს ბავშვები და ქალები მაშინ, როცა მეცხვარეები სოფლიდან მთაში ადიოდნენ ცხვრის ფარებთან ერთად?
– მე მეცხვარის შვილი ვარ, ნამდვილი თუში მეცხვარის შვილი და, სირბილითაც კი გადამივლია კავკასიონი. ხომ გინახავთ ფილმი „თუში მეცხვარე”, რომელიც არის თუშებისთვის იმ სინამდვილის შემნახველი ისტორია, რაც აღარასოდეს განმეორდება. ღმერთმა აცხონოს სოსო ჩხაიძე, მთელი თუშების სახელით მის სულს გამუდმებით ვეუბნები მადლობას ამ ფილმისთვის. თუშეთის გზაზე არის ძალიან სახიფათო ადგილი, სადაც არ დნებოდა თოვლი თუშეთამდე, სხვანაირად ვერ გაკვალავდი იმ გზას, ზვავზე ცხენებს ლაწალუწით აცურებდნენ ხოლმე. როცა მაგ ადგილს მივადგებოდით, ჩვენც ისე დაგვაცურებდნენ ხოლმე ზვავზე, როგორც ცხენებს აცურებენ „თუშ მეცხვარეში”. ბალღებს ცალკე დაგვსვამდნენ მამის ლაბადაზე. ერთხელ, მახსოვს, ქვემოთ ბეწვზე დაგვიჭირეს. ძალიან პატარა, ალბათ, ორთვე-ნახევრის ვყოფილვარ, როცა პირველად წავუყვანივარ თუშეთში. ვირის ქოჭებში ვწოლილვარ – თუშები თბილ ნაბდის ჩასაწოლს მოუმზადებდნენ ხოლმე პაწაწებს, ჩაუფენდნენ მატყლის საბანს და ისე აჰყავდათ თუშეთში. ასეთი რთული გზის მიუხედავად, არც ერთი თუში არ ტოვებდა ბავშვებს ალვანებში, ჩვენი მოხუცები პირდაპირ კატეგორიულად ითხოვდნენ, ბალღებ თუშეთ გარეკეთო. მე ძალიან მიყვარს კახეთი, იქაური ულამაზესი ადგილები, მაგრამ, სოფელი ალვანები, ზემო თუ ქვემო, სადაც თუშები ცხოვრობენ, ნაჭაობარ ადგილებზეა, რომელიც ფილტვებისთვის სასურველი არ იყო. ერთადერთმა კუთხემ შეინარჩუნა მომთაბარეობა დღემდე და ეს არის თუშეთი – თუშები არც ახლა ტოვებენ ბალღებს ალვანში, თუშეთში მიჰყავთ. როგორც კი გაზაფხული დადგებოდა, ოჯახში იწყებოდა სამზადისი. თითო მეცხვარეს ხუთი-ექვსი ცხენი მაინც ჰყავდა, მამა მოჰყრიდა ცხენებს, საბარგე ცხენი სხვა იყო, ქალებისა და ბალღებისთვის – სხვა, უფრო ჭკვიანები და თვინიერები. ბევრი ბარგი გვქონდა ხოლმე, ძალიან ბევრი, მთელი ზაფხულის საკმარისი. თუშეთში ხომ არ იყო მაღაზია. ამიტომ, ყველაფერი თან უნდა წაგვეღო: სურსათი, ლოგინები, მატყლის საბნები. უძილოები, ღამენათევები იმ განცდით, რომ მივდივართ თუშეთში, შევუდგებოდით ხოლმე გზას. ყოფილა შემთხვევა, მეორე დღეს მივსულვართ სოფელში. მერე, როცა გავიზარდეთ და უკვე ფეხოსნობა შეგვეძლო, ერთ დღეში, დილიდან ღამემდე, ფეხითაც კი ჩამოვსულვარ დანოდან ალვანში. პატარა ბავშვებს ხურჯინებში გვსვამდნენ. მახსოვს, როგორ მტკივდებოდა მუხლები 2-3 წლის ბავშვს და როგორ ვეხვეწებოდი დედას, ხურჯინიდან ამომსვი-მეთქი. აი, იმ მთასაც გადავივლით და გამოჩნდება ჩვენი სახლიო, – მეუბნებოდა დედა, მაგრამ, სახლი მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდებოდა ხოლმე (იცინის). მახსოვს, ერთხელ, გადავდიოდით კავკასიონზე, ხურჯინის ორივე მხარეს ბალღები ვისხედით. დედას ისეთ ვიწროზე გაუტარებია ცხენი, თავზე ხელი მოუკიდებია და თავისკენ მივუწევივარ, რადგან, გასასვლელი ადგილიც არ ყოფილა კლდესა და ქარაფს შორის და დედას კლდისგან ხელი გახაზვია და სისხლით მოსვრია.
– ასეთი მაგარი მხედარი იყო დედა?
– მარტო დედა არ იყო ასეთი, ყველა თუში ქალი მაგარი იყო. იცით, რამდენს ითმენდა თუში ქალი? იცით, რა რთული ცხოვრება ჰქონდა? ოჯახი, ბალღები, საქმე. დედაჩემი 89 წლის არის, დედას ხომ ასაკი არ აქვს. სულ იმას ვდარდობ, რომ ყოველდღე იმასთან არ ვარ, მე სად ვარ და ის სადაა. ცოცხალი თავით არ მოდის აქეთ, ერთ წელიწადს გამოგვყვა და მთელი ზამთარი ფანჯარასთან გაატარა. ძალიან საინტერესო ქალია დედაჩემი, ძალიან ჭკვიანი. 87 წლის იყო, როცა ბოლოს ჩვენს სოფელში ავიდა. ბოლო წლებში ფეხები უსივდება, მაგრამ, როგორც კი კავკასიონს შეუდგება ხოლმე, ფეხები დაცხრომას უწყებს და, როგორც კი დანოში ხვდება, ფეხები აღარ სტკივა. ასე წამალივით არის მისთვის თუშეთი და, ალბათ, ყველა ადამიანისთვის არის წამალი ის კუთხე, სადაც გაჩნდა. ჩვენ, უბრალოდ, არ ვაცნობიერებთ ამას, რომ, სწორედ ის გარემოა ადამიანისთვის სრულიად სამკურნალწამლო, სადაც მოდის და იბადება. იქ ძალიან იშვიათად ხდება ავად და, ალბათ, არც ხდება, თუ ბევრი რამ იცის იმ სამყაროსი. მე, მაგალითად, ვერ ვსვამ ნაყიდ ჩაის, სრულიად უნიკალურიც რომ იყოს. ბავშვობიდან დღემდე, ჩემი ჩაი არის ქონდარი, პიტნა, კრაზანა, ასკილი, ცაცხვი – ყველაფერი, რაც შეიძლება, დალიო. ეს ყველაფერი იმ დალოცვილ კუთხეში ძალიან ბევრი გვქონდა.
როდესაც კავკასიონზე გადავდიოდით, გზად პირველ ღამეს ვათევდით ტყის თავზე – ეს არის ადგილი, როცა უკვე აივლი თორღვას ციხეებსა და აბანოს, რომელიც ისტორიული აბანოა. გაიშლებოდა ხოლმე ცის ქვეშ დიდი მეცხვარული ლოგინები, ჩაგვალაგებდნენ უთბილეს ლოგინებში ბალღებს, მანამდე კი დანივრულ დედლებს გვაჭმევდნენ, გუდის ყველსა და შოთს, თითო ყლუპ ჭაჭასაც დაგვალევინებდნენ ხოლმე ძილის წინ გასათბობად. ვაიმე, როგორ ვიძინებდით! როგორი უცნაური იყო ის ღამეები ვარსკვლავებით გაჭედილი ცის ქვეშ, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩვენთან! იქით-აქეთ გვდარაჯობდნენ მამაკაცები და მეცხვარე ძაღლები! მერე დილით გვაღვიძებდა შურთხის სტვენა – მაღლა კლდეებში დაუსტვენდა ხოლმე შურთხი, დედები ტუჩებზე ხელს გვაფარებდნენ – ეტყობა, თვითონაც სიამოვნებდათ იმ სტვენის მოსმენა კავკასიონზე. მერე ჩქარ-ჩქარა აგვყრიდნენ, ჩქარა უნდა გვეჭამა, ჩქარა გვაცმევდნენ უფრო თბილ სამოსს და ასე გრძელდებოდა გზა, მეორე დღეს ჩვენ ისევ ვიძინებდით ცის ქვეშ. მახსოვს, როგორ ავჩნდებოდით დანოს გორზე, უცებ შემომხედავდა ხოლმე ჩემი სახლი მაღლიდან და გვხვდებოდა ჩვენი სახლი, რომელსაც ორი მხრიდან აუდიოდა ქვის კიბეები. ორივე მხარეს, კედლებში, გვირილები და ყაყაჩოები იყო გამოფენილი. არაფერი ისე არ მიპყრობდა და არ მაბედნიერებდა, როგორც იმ სურათის შეხედვა. სახლი არასდროს არ იყო დაკეტილი. თუშები, როცა ალვანში მოდიოდნენ, სახლებს არ კეტავდნენ – გამოხურავდნენ კარს და გამოთლილ ჩხირს გაუყრიდნენ კარში, რომ ზამთრის ქარაშოტს არ გაეხსნა და სახლი არ გაჭუჭყულიყო. იქ არ იცოდნენ რა იყო კლიტე, რატომ უნდა დაეკეტათ სახლი. მოხუცებით მდიდარ უბანში ვცხოვრობდი. ოჯახს ვერ ნახავდით, რომლის სახლის წინაც სკამზე მოხუცი ცოლ-ქმარი არ იჯდა. დღემდე მახსოვს მათ მიერ თუშეთის წარსულზე, ტრადიციებზე მოყოლილი ამბები. უკვე მოზრდილი ვიყავი, როცა დადგა პერიოდი, რომ მეცხვარეების გარდა ვერავინ ადიოდა თუშეთში. იმ წლების ტკივილი მახსოვს, იქაურობის მონატრების ტკივილი.
– როგორ შეეჩვიეთ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ უცხო სამყაროს? ალბათ, აქ ყველაფერი უცნაური იყო თქვენთვის.
– ახლა მეუბნებიან ხოლმე, შენ მაშინ არავის არ ჰგავდიო (იცინის). პირველად ასე ემოციურად უცხო გარემო ძალიან პატარა ასაკში განვიცადე. მეორეკლასელი ვიყავი, როცა დეიდამ ალვანის სკოლაში მიმიყვანა. ამდენი ბალღი რომ ვნახე ერთად, ვიტირე, ველურივით ვიყავი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე იმ ორმოც ბავშვს. აბა, რა იქნებოდა – პირველი კლასი გატარებული მქონდა თუშეთში, სადაც ერთ კლასში ვიყავით ცხრა ბავშვი: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხეკლასელები. ოთხ მერხზე ვისხედით ერთ ოთახში და გვყავდა ერთადერთი მასწავლებელი. მეოთხე კლასამდე გაკვეთილი აღარ მისწავლია, იმ ერთ კლასში გავიარე ოთხივე კლასი. მეხუთე კლასიდან ალვანის ქალაქურ სკოლაში გადაგვიყვანეს და ეს კიდევ ცალკე შესაგუებელი იყო. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად თბილისში ჩამომიყვანეს – პიონერთა სასახლეში. ბიოლოგიაზე ვგიჟდებოდი. ჩვენს მეზობლად ორთავიანი ბატკანი დაიბადა და იმაზე „კვლევა” გავაკეთე. ჩემი „კვლევა” დიდი სიგელ-გუჯრებით დააჯილდოეს. როცა ქალაქში ჩამომიყვანეს, ჩემს დასთან, ლელასთან მიმიყვანეს, რომელიც უკვე სტუდენტი იყო. ლელა ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა ქირით. როცა ლელამ პიონერთა სასახლეში წამიყვანა და უკან მოვბრუნდი, მომეჩვენა, რომ სახლის კიბეებს მიმართულება შეეცვალა; ვფიქრობდი: ეტყობა, ქალაქი როა, ქუჩა იმიტომ შეტრიალდა-მეთქი (იცინის) ამ ქალაქში ბევრი რამ მაოცებდა. დიდი ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი თბილისში გასვენებაში და, ის იყო ჩემთვის ნამდვილი საოცრება, რომ გარდაცვლილს არ ტიროდნენ. მიკვირდა, ვფიქრობდი: ალბათ, ეს ქალაქელები უგულოები არიან-მეთქი. მე სხვა რამ მქონდა ნანახი მთაში. ხმით ნატირლები იყო საოცარი გამოთხოვება გარდაცვლილთან. გლოვით მგოსნები ერთმანეთს სიტყვას სტაცებდნენ. ეს იყო მთელდღიანი წარმოუდგენელი ტექსტების ნატირ-ნამღერი, ის რეფრენი, რომელიც ქვითინად მისდევდა გლოვას, იყო ნამდვილი გამოთხოვება ადამიანთან, რომელიც მთელი ცხოვრება შენ გვერდითაა, უცებ აღარ არის და აღარც იქნება. არც მომახვედროს უფალმა თუშეთში ტირილზე, მაგრამ, რამდენიმე წლის წინ მოვხვდი ისეთ ტირილზე, სადაც ისეთი დუმილი იდგა, რომ, მივხვდი, იქაც ქალაქური წესები იყო შეჭრილი. მე მახსოვს, მამიდაჩემის წლისთავზე, თუში ქალის ხმით ნატირალზე როგორ ტიროდა დოღისთვის მოყვანილი თეთრი ცხენი მამიდაჩემის სულის საკურთხებლად თეთრ ლოგინთან დადმულ მის ტალავართან. სულ ღვარებად ჩამოსდიოდა ცხენს ცრემლები. ბავშვი ვიყავი, მაგრამ, ეს ძალიან მძაფრად ჩამრჩა გულში.
– ძალიან ცნობილი თემაა თქვენი უგამოცდოდ მოხვედრა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელზეც იმ დროს მთელი საქართველო ლაპარაკობდა.
– მე ხომ დაუსრულებელი აბიტურიენტი ვიყავი! (იცინის) მეშვიდე წელს ჩავაბარე უგამოცდოდ, მანამდე კი აბიტურიენტის მძიმე ცხოვრება გავიარე. პირველ წელს მისაღებ გამოცდებზე ნახევარი ქულა დამაკლდა კავკასიურ ენებზე. კანონი იყო ისეთი – ვერ ჩააბარებდი, თუ ექვსი თვის სამუშაო სტაჟი არ გექნებოდა. მე მერჩია ალვანში დაბრუნება, მაგრამ, იქ ბევრი ჩემნაირი აბიტურიენტი იყო და სად უნდა მეშოვა სამსახური? ოჯახის დიდი ბჭობის შემდეგ, დამტოვეს თბილისში – გრძნობდნენ, რომ მე მართლა მინდოდა სწავლა, ვერ მიმეტებდნენ იმისთვის, რომ განათლება არ მიმეღო. იფიქრეს, ქალაქში ბევრი ფაბრიკა-ქარხანაა და უფრო იოლია სამსახურის პოვნაო. სად არ მიმუშავია ჩემი ექვსწლიანი აბიტურიენტობის დროს, მათ შორის იყო ისეთი ადგილებიც, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ მქონდა. სად იყო საქმე შენი პროფილით სამსახურის ასარჩევად? ვმუშაობდი ისტორიულ პირველ სტამბაში, საამკინძაო საამქროში, სადაც წიგნები ისმებოდა ყდაში. მაშინ არ იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველაფერი ხელით მზადდებოდა. ძალიან ცუდად მხდიდა ხის წებო, რომელსაც იქვე ადუღებდნენ. ეს იყო ჩემთვის ტანჯვა, მაგრამ, მე ამას ვუძლებდი, რომ ჩაბარების უფლება მომეპოვებინა. ხანდახან ჭერში ავდიოდით ხოლმე, რომ იმ სუნისგან ოდნავ შვება გვეგრძნო. მერე ვმუშაობდი პარფიუმერია-კოსმეტიკის ფაბრიკა „ივერიაში” – „ტრაინოი ადეკალონებს” პლასტმასებს ვუჭერდი. ეს კიდევ მეორე უბედურება იყო: ფლაკონი რომ ჩამოდიოდა ავტომატიდან, ბოთლები ჩახაჩუხით ცვიოდა ძირს და ჩემი ტანსაცმელი ისე იყო გაჟღენთილი ოდეკოლონის სუნით, რომ ავტობუსში ხალხი ჩემგან შორს დგებოდა ხოლმე (იცინის); ვმუშაობდი, ასევე, რადიოქარხანაში; პლასტმასის მწნეხავის სპეციალისტის დიპლომიც მაქვს სადღაც – გამოვიდნენ, გამისწორონ თვალი პლასტმასის მწნეხავებმა! ალბათ, ამიტომაც ვარ ხელმარჯვე და ხელიდან ბევრი საქმე გამომდის (იცინის). ბოლოს მოვხვდი ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკაში. სამსახურს ვეძებდი და წავიკითხე პუშკინის ქუჩაზე გამოკრული განცხადება, რომ კლინიკას ესაჭიროებოდა დამლაგებელი. შევაღე კლინიკის კარი, სადაც დამხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი, ვახტანგ ბოცვაძე. მამაჩემის ხნის კაცი იყო. როცა გაიგო, რომ სტაჟისთვის მინდოდა მუშაობა, დამლაგებლად არ მამუშავა. მალე რეგისტრატორი დამჭირდება ანკეტების შესავსებად და იმ ადგილას მიგიღებო. მე ვუთხარი, მაგ ანკეტებისა და ავადობების არაფერი ვიცი-მეთქი. ეგ შენ არ გეხებაო, – მითხრა და, ექვსი თვის ნაცვლად მანამდე ვიმუშავე იმ კლინიკაში, სანამ სტუდენტი გავხდი. იმ კლინიკიდან ჩავირიცხე უნივერსიტეტში, მაგრამ, იმ ადამიანების სითბო და სიკეთე მთელი ცხოვრება გამომყვა.
– და, ისევ თუშეთში „დაგაბრუნებთ”: იქ ხშირად ჩადიხართ?
– დიდი ხანია, იქით ვეღარ მივდივარ. ორი კრიზი გადავიტანე და ფიზიკურად შეუძლებელი გახდა ჩემთვის იქ წასვლა. როცა იქაურობა ძალიან მომენატრება, მეტირება და ჩუმად ველაპარაკები იმ გზა-ბილიკებს, იმ ნიავს, შრიალით რომ გამივლიდა ხოლმე ყურთან; ხან გავლექსავ ხოლმე ჩემს განცდებს. ერთხელ, თუ ისე მაგრად მომენატრება იქაურობა, წავალ და სულ იქ დავრჩები, ოღონდ, ჯერ არ მცალია – საქმეები მაქვს, ცოტა გვიან დავბრუნდები იქ სამუდამოდ.