როგორ აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას ადგილობრივი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები
უკვე აშკარაა, რომ მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ გვისმენდა და გვითვალთვალებდა, ბუზსაც არავინ აუფრენს, რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ კვლავაც შესაძლოა, გავხდეთ თვალთვალის და, აქედან გამომდინარე, შანტაჟის ობიექტი. ასეა თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, თუმცა უცნობია, რას და როგორ იცავს ან იცავდა. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქალაქეების მობილური ტელეფონის ნომრები თითქმის ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. რა დონეზეა დაცული საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები როგორც ადგილობრივი, ისე უცხო სპეცსამსახურების ცნობისმოყვარე თვალისგან, თემას არასამთავრობო ორგანიზაცია სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელსა და თავმჯდომარესთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– პერსონალური მონაცემების თემა ყოველთვის იყო აქტუალური, თუმცა სარეკლამო „ესემესების“ მომძლავრებამ ჩვენს მობილურ ტელეფონებზე კიდევ უფრო აქტუალური გახადა საკითხი, რა დონეზეა ხელმისაწვდომი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები?
– ორიოდე წელია, რაც შეიქმნა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური. ძნელია იმის თქმა, რა სქემით მუშაობს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ 2016 წლიდან შეიძლება, ამოქმედდეს სარეკლამო შემოთავაზებების დამსჯელი მექანიზმი. თუმცა, პირადად მე, კრიმინალსა და კანონის დარღვევას ამ აგრესიულ მარკეტინგში ვერ ვხედავ. ყველას უნდა რეკლამის გაკეთება, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი: რამდენად კანონიერია ჩვენ შესახებ ინფორმაციის გაცემა. მაგალითად, ჩვენს მომსახურე ბანკში არის ჩვენი კოორდინატები.
– გასაგებია, რომ ბანკს სჭირდება, რადგან მისგან ინფორმაციას ვიღებთ ჩვენს შესახებვე.
– დიახ, მეც ხშირად მომდის მობილურ ტელეფონზე „ესემესები“, მაგრამ ისინი, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას. მე ამ საკითხს ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ.
– მეც, მაგრამ საინტერესოა, საიდან აქვთ მათ ჩვენი მობილური ტელეფონის ნომრები და, თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, რა შეუშლის ხელს ჩვენ შესახებ სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას?
– ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ძალიან ბევრი პროცესი გახდა ელექტრონული, რაც, ბუნებრივია, უნიფიცირებას უკეთებს ინფორმაციას, ანუ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, რადგან თითქმის ყველაფერი ტელეფონის ან კომპიუტერის საშუალებით ხორციელდება. ამ ორი გზის გაშიფვრა კი არ არის რთული. უბრალოდ ზღვარი უნდა გავავლოთ კანონიერებასა და უკანონობას შორის. აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენთან მიჩუმათებულია: ჩვენ თუ შეგვიძლია იმის დადგენა, ვინ აგროვებს ჩვენ შესახებ ინფორმაციას. არსებობს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოა და გარკვეულწილად, კანონითაა დაცული. როდესაც ამა თუ იმ პიროვნების შესახებ გროვდება ინფორმაცია, შეუძლია თუ არა ამ პიროვნებას, თუნდაც, წლების გასვლის შემდეგ, გაიგოს, იყო თუ არა მასზე ფარული მოსმენა, ანუ გატარდა თუ არა მის მიმართ სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები?! ეს საკითხი, რატომღაც, დღეს არ არის აქტუალური საქართველოში.
– პირადად მე, სულ ვწერ ამის შესახებ და ძალიან მინდა, მოვიპოვო ინფორმაცია, თუ ვინმე მისმენდა და მითვალთვალებდა.
– ამიტომაც შევქმენი ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრი“, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სპეცსამსახურების კონტროლი, როდესაც ხელისუფლებაში ერთპარტიული სისტემაა. მეტიც, მართალია, ახლაც ერთპარტიული სისტემაა, მაგრამ სპეცსამსახურები დამომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და არის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეს პარლამენტის, პროკურატურის კონტროლიდან, ამიტომ აუცილებელია საზოგადოებრივი სექტორის კონტროლი. მათ შორის, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა სპეცსამსახურების უკანონო მოქმედებებისგან და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა. კონსტიტუციით, გვაქვს უფლება, გამოვითხოვოთ ჩვენ შესახებ არსებული ის ინფორმაცია, რაც იმ ავადსახსენებელ „კუდში” იყო. მაგრამ გინახავთ ადამიანი, ვისაც ეს ინფორმაცია მიეცა?! ისიც მეეჭვება, რომ ვინმემ მოითხოვა.
– მე ვაპირებ, რომ მოვითხოვო.
– ძალიან კარგი იქნება. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენთან სპეცსამსახურების მუშაობას პოპულისტურად აფასებენ. ჩვენს საზოგადოებას ცოტა ზერელე წარმოდგენა აქვს სპეცსამსახურების მუშაობის ტექნიკურ საკითხებზე, თან, ეს ხდება კამპანიურად და სამწუხაროდ, არასერიოზული შეფასებები ისმის, მაშინ, როდესაც ეს სერიოზული საკითხი და პრობლემაა და გადადის უფრო რთულ პრობლემაში, თუ რამდენადაა დაცული პიროვნება.
– ბანკებში ინახება ინფორმაცია ჩვენი შემოსავლებისა და გასავლების, თანხის მოძრაობის შესახებ. რა გარანტიაა, რომ ესეც არ გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის?
– უფრო რომ გავაფართოოთ პრობლემა: ევროპასა და შტატებშიც სამსახურში მიღების დროს მიღებული ფორმაა ანკეტირება და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს, რადგან არის შეკითხვები ადამიანის აღმსარებლობაზე, ორიენტაციაზე, რასაც დასავლეთში თვლიან პიროვნების თავისუფლების შეზღუდვად. ბანკს, ბუნებრივია, აქვს სურვილი, ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია კლიენტის შესახებ, სამსახურში მიღებისას კი კადრებზე პასუხისმგებელი პირიც ცდილობს, შეაგროვოს ინფორმაცია ახალ თანამშრომელზე, რომ გამორიცხოს მომავალი რისკები. პრობლემაც ეს არის: სად კადის კანონის ზღვარი, თუმცა ხშირად კანონიც ირღვევა. თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოტალური კონტროლის დამყარება უნდოდათ და აპირებდნენ, რომ კომერციულ სტრუქტურებში ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი, თითქოსდა ჰაკერული შემოტევებისგან დასაცავად, სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად. ეს უნდა ყოფილიყო ინფორმაციის უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც, თუ არ ვცდები, შსს დანიშნავდა.
– ვერ მოესწრო.
– ვერა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ყველა კერძო სტრუქტურაში თავიანთი აგენტურა ეყოლებოდათ. თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებში ხომ ისედაც ჰყავთ „ოდერის“ ფორმით. ინფორმაციის ფლობა ნიშნავს ბატონობას, ამ შემთხვევაში კი, „ნაციონალებს“ ტოტალური ბატონობა, ტოტალური კონტროლი უნდოდათ. არ მინდა, ყველაფერი მათ დავაბრალო, მაგრამ ამის მცდელობა იყო. გავიხსენოთ, თუნდაც, იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი სერვერი, საიდანაც კონტროლდებოდა პარლამენტის და ძალიან ბევრი, თუ ყველა არა, სახელმწიფო სტრუქტურის მიმოწერა. დღეს: როგორც გითხარით, არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტრუქტურა, თუმცა არ ვიცი, მოჰყვა თუ არა მის მუშაობას რეალურად რამე შედეგი.
– ცნობილია, რომ გამეფებული იყო მოსმენების და თვალთვალის ტოტალური შიში, როგორც ფსიქოლოგები ამბობდნენ, შიში რეჟიმის შეცვლისთანავე გაქრებოდა. თუმცა დღესაც ლამის ყველას ისევ სჯერა, რომ მათი სატელეფონო ზარები ისმინება, ერთი ისაა, არ ვიცი, ისევ ისე ეშინიათ თუ არა ამის.
– ეს ის პრობლემაა, რომელიც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა შეისწავლოს. ამას წინათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გასული წელი შეაჯამა და ერთგვარი მშრალი ანალიზიც შემოგვთავაზა. კერძოდ, ითქვა, რომ შევარდნაძის დროს სასამართლო შესაბამისი უწყების მიერ სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების გატარების, ანუ თვალთვალისა და მიყურადების მოთხოვნის ათი შემთხვევიდან ათსავეს აკმაყოფილებდა, რაც ასე არ არის; „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ათიდან – ცხრას, რაც სასაცილოა; ხოლო დღეს ათიდან – შვიდ-რვას. რაც ყველაზე საინტერესოა, არ დაასახელა აბსოლუტური ციფრი, არადა, ეს ციფრი ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი შევარდნაძის დროს, ძალიან ბევრი რაიონული სასამართლო უარს ეუბნებოდა უშიშროების სამინისტროს ტელეფონის კონტროლზე, ანუ მოსმენაზე აყვანაზე. არანაირი ძალდატანება არ ყოფილა, სანამ კანონის ყველა ნორმა არ იქნებოდა დაცული, სასამართლო არ დააკმაყოფილებდა უშიშროების სამინისტროს მოთხოვნას. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არა მხოლოდ „კუდი” და „სოდი” ითხოვდა მოსმენებზე ნებართვას, არამედ, ცხრავე ოპერატიული სამსახური, მით უმეტეს, რომ შსს-ს კიდევ თავისი ცხრა ჰყავდა. სამწუხაროდ, კადრები იგივე დარჩა, სისტემაც იგივე დარჩა, რეფორმა არ განხორციელებულა და რა გარანტიაზე შეიძლება, იყოს საუბარი, რომ მავანი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით ისევ არ ხდება მოსმენა?!
– სასამართლოს გარეშე, ანუ უკანონო მოსმენებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა, რადგან, თუ სასამართლომ გასცა ნებართვა, ეს უკვე კანონიერია. იმიტომ რომ, იმას ვერ გავაქრობთ, რეგისტრირდება. მაგრამ „ნაციონალების“ დროს, ჩემი აზრით, სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვებით წარმოებული მოსმენა იყო აისბერგის წვერი, დანარჩენი ხდებოდა უნებართვოდ, ზეპირი დავალებით. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამის გამო არავინ დასჯილა.
– და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერებიც გაანადგურეს, სასამართლო პროცესი კი არ ჩანს, რომლისთვისაც ვითომ ერთი ჩანაწერი დატოვეს.
– არანაირი აზრი არ ჰქონდა იმ ჩანაწერების განადგურებას, რამდენიმე ასლი მაინც იარსებებდა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ვხედავთ, როგორ მართავს სიტუაციას სხვადასხვა სტრუქტურაში „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ჩანს სხვადასხვა გადაწყვეტილებაშიც, ხანდახან შეიძლება, არის საბოტაჟიც და ასე შემდეგ. განსაკუთრებით, ეკონომიკა მაქვს მხედველობაში. და ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის სპეცსამსახურებმა. თუ არ დაიცავი ადამიანი, მაშინ იმის გარანტია, რომ სხვა არ გააკეთებს იმავეს, არ არის.
– ერთია ჩვენი სპეცსამსახურები და, მეორე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, მათ რამდენად აქვთ წვდომა ჩვენი მოქალაქეების მონაცემებზე, – მათზე, ვინც აინტერესებთ?
– სპეცსამსახურს, მით უმეტეს, სხვა ქვეყნის, თავისი ქვეყნის კანონი ავალდებულებს, დაარღვიოს სხვა ქვეყნის კანონები. ეს არის რეალური კაზუსი. საქართველოში, რა თქმა უნდა, იკვეთება დაინტერესებული სპეცსამსახურების ხაზები, ძალიან ბევრი ნაკადი გადის, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის. უპირველესად, საელჩოების მეშვეობით ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის. ამას ცდილობენ ღია წყაროების ანალიზითაც, მაგრამ, ასევე, არის ფარული წყაროებიც. მათი მხრიდან არის ფარული მოსმენებიც, განსაკუთრებით ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემის დროს და მობილური კავშირის კონტროლის მხრივ. თითქმის ყველა საელჩოს შეუძლია ამის გაკეთება, მათ აქვთ საამისო ტექნიკური საშუალება. მაგალითად, A ქვეყანას აქვს B ქვეყნის ინტერესი და ორივენი არიან თბილისში, ასევე, არიან ამ ქვეყნებიდან ტურისტები, მათ შეუძლიათ აგენტურის შექმნა და ასე შემდეგ. ეს კლასიკური სქემებია. ისინი ამაში იღებენ ხელფასს და ეს ბუნებრივია. ერთ-ერთი ძალიან დაინტერესებული სტრუქტარა იყო რუსეთის საელჩო. მათ შენობაში ახლა მხოლოდ ტექნიკური ჯგუფია, მაგრამ არ არის გამორიცხული, კვლავ გრძელდებოდეს მუშაობა.
ჩემი აზრით, ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებსა და საელჩოებს ამომწურავი ინფორმაცია აქვთ, თუნდაც, ბოლო წლების შესახებ. ისინი არ ამჟღავნებენ ამას, ინახავენ. მათ დაწვრილებითი ინფორმაცია ექნებოდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ახლაც ექნებათ ჩვენს მინისტრებზე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.
– არც გვიკვირს.
– დღეს შსს რეალურად არის მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლის ადგილი და მგონია, რომ არც ახსოვთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის არსებობა, არადა, აუცილებელია არა მარტო მოწინააღმდეგეების, არამედ, თუნდაც, ჩვენი მეგობრების განეიტრალება. ხომ ხედავთ, რა ამბები ატყდა თვითონ ევროპაში, როდესაც გაირკვა, რომ ერთმანეთს უსმენდნენ მოკავშირეები, რადგან არის თემები, რის იქითაც ქვეყნის სუვერენიტეტი ილახება. ამდენად, არ ვიცი, რას აკეთებს ჩვენი კონტრდაზვერვის სტრუქტურა. მით უმეტეს, რომ 2014 იქნება მძიმე წელი და რუსეთის ქმედება იქნება ფარული. წავა ევროპული გზის დისრკედიტაცია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ხალხმა თვითონ თქვას უარი ამ არჩევანზე. ეს საფრთხე უნდა გაანეიტრალოს ჩვენმა სპეცსამსახურებმა, იმისთვის ვიხდით გადასახადებს, რომ პრევენციულად იმოქმედოს. ჯერჯერობით მათი მუშაობის პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, ჩაბნელებულ სამყაროში არიან. რუსეთის მოყვანა რომ მოგიწევს მაგალითად, მაგრამ რუსეთის შესაბამისი უწყებაც კი აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას „ეფ ეს ბეს“ მუშაობის შესახებ: რამდენჯერ მიმართეს სასამართლოს ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების გატარების მოთხოვნით და რამდენი დააკმაყოფილა სასამართლომ. ჩვენ ეს მინიმალური ინფორმაციაც კი არ გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მაგალითად, თუ 20 000 მოთხოვნა იყო, ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ 20 000 ადამიანზეა თვალთვალი, ანუ ეს ძალიან დიდი ციფრია და ამ ციფრებით შეგვიძლია, შევიქმნათ შთაბეჭდილება კონტროლის მასშტაბზე. გასაგებია, რატომ მალავდნენ ამ ინფორმაციას „ნაციონალები“, მაგრამ არ ვიცი, რატომ მალავს ახალი ხელისუფლებაც.