რამდენი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მეუღლეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი 1973 წელს დაიბადა ტყიბულში და აგერ უკვე 9 წელი სრულდება, რაც ამ პოსტს იკავებს. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით – საერთაშორისო სამართალი; 1995 წელსვე დაიწყო მუშაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად. 1996-ში საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი გახდა, 1997-დან 1998 წლამდე კი, უკვე საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგე იყო. 1998-2000 წლებში ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტურანტურაში სწავლობდა; 2000-ში საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა. 2000-დან 2003 წლამდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეც იყო და სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც; პარალელურად, 2002-2003 წლებში იურისტადაც მუშაობდა „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის“ იურიდიულ ფირმაში. 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ მეურვეთა საბჭოს წევრად დაინიშნა, მოგვიანებით, ფონდის დირექტორიც გახდა (ეს ის ფონდია, რომელიც ვარდების რევოლუციის შედეგად, ხელისუფლებაში მოსული თანამდებობის პირებისთვის მაღალ ხელფასს გასცემდა).
2005 წლიდან კონსტანტინე კუბლაშვილი უკვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. რაკი ხანგრძლივი ჩინოვნიკური კარიერა აქვს, ბუნებრივია, რომ საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია. მათ შორის, სულ პირველი 2000 წლით თარიღდება, რომელიც ბ-ნმა კუბლაშვილმა შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მას უკვე ჰყავდა მეუღლე. ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენდა: საცხოვრებელი ბინა ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში (ბ-ნი კუბლაშვილის საკუთრება), ხოლო მარინა მესხს კი ეკუთვნოდა 2 500 აშშ დოლარად ღირებული პერსონალური კომპიუტერი. დეკლარაცია არ შეიცავს ინფორმაციას ცოლ-ქმრის შემოსავლების შესახებ. თუმცა იმავე წლის მორიგ დეკლარაციაში, რომელიც ბ-ნმა კუბლაშვილმა შეავსო, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა, ვკითხულობთ, რომ მან, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა, აიღო 1 036 ლარი (მაგრამ მითითებული არ არის პერიოდი), ხოლო მარინა მესხმა, როგორც „საიას” პროექტის დირექტორმა, 1 640 აშშ დოლარი.
სულ ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა კუბლაშვილმა 2013 წლის მაისში შეავსო, ბუნებრივია, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და შვილი, 2002 წელს დაბადებული, ანა-მარიამი.
კონსტანტინე კუბლაშვილის უძრავი ქონების ანგარიშზე კვლავაც ის ერთი საცხოვრებელი სახლია (ვაჟა-ფშაველას მესამე კვატრალში), სამაგიეროდ, გაზრდილია ქ-ნი მესხის საკუთრების ჩამონათვალი. კერძოდ, მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე (190 კვადრატული მეტრი), მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე (1 500 კვადრატული მეტრი), ასევე, მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში (1600 კვადრატული მეტრი); მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში (1 400 კვადრატული მეტრი) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (110 კვადრატული მეტრი).
ანაბარი ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს აქვს – მისი სახელობის დეპოზიტზე 19 300 ლარი ირიცხება, თუმცა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ კოტე კუბლაშვილს ჰქონდა – 10 000 ლარი.
2012 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხელფასის სახით 131 525 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, 39 400 ლარი. იმ წელს ქ-ნ მესხს ჰონორარის სახით 2 185 აშშ დოლარიც აუღია, სარემონტო სამუშაოებში 11 500 ლარი დაუხარჯავს, ხოლო დოქტურანტურაში სწავლის საფასურად 2 250 ლარი გადაუხდია.