რატომ ჩაანაცვლა ფიზიკური ძალადობა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ და როგორ იწვევს ისტერიული და ტრავმული თაობების გამრავლებას ოჯახური ძალადობა
მართალია, პროსტიტუციის არსებობა გარდაუვალი ფაქტია, თუმცა მისი ლეგალიზაცია-აკრძალვის თემა მხოლოდ პერიოდულად ხდება აქტუალური. ამ საკითხს ჩვენი კანონმდებლობა არათუ არ არეგულირებს, საერთოდაც, არ აქცევს ყურადღებას. რას მოუტანს მისი ლეგალიზება ამ სფეროში დასაქმებულებსა თუ მის მომხმარებლებს, რას აკლებს მისი საკუთარ ნებაზე მიშვება და რატომ ახსენდება ჩვენს საზოგადოებას ეს პრობლემა მხოლოდ შიგადაშიგ, – კითხვებზე პასუხის მიღებას ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელ რუსუდან ფხაკაძისგან შევეცდებით.
– ვიცი, რომ თქვენ მუშაობთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებთან, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი, რას ფიქრობთ, რას შეგვმატებს პროსტიტუციის ლეგალიზება და რას გვაკარგვინებს ამ რეგულაციის არარსებობა?
– ეს საკითხი მრავალჯერადად ამოიწევა, შემდეგ ისევ არააქტუალური გახდება. ამდენად, მე ის უფრო მაინტერესებს, რით არის განპირობებული მისი ხან გააქტიურება, ხან ისევ პასივში გადატანა?! ფაქტია, რომ ეს არ ხდება თვითონ სექს-მუშაკების ინიციატივით ან მათი ნებით.
– დიახ, ისინი ყველაზე ნაკლებად აქტიურობენ.
– და ეს მაფიქრებინებს, რომ ეს რაღაც პოლიტიკის შედეგია, როგორც ყველაფერი. შესაძლოა, რადგან ევროკავშირთან დაახლოება გვინდა, უნდა ვაკმაყოფილებდეთ კიდეც რაღაც სტანდარტებს. ამ შემთხვევაში, მე ორ მიმართულებას ვხედავ: ერთი არის პოლიტიკის თემა, რომელიც მოიცავს იმას, რომ რაღაც სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, ამიტომ ეს თემები იყოს გაშუქებული და სათანადო ადგილებზე განთავსებული და, მეორე, ეს არის იმ ადამიანების თემა, ვისაც ეს ეხება. ფაქტია, რომ თვითონ ეს ადამიანები არ აქტიურობენ და თვითონვე უძღვებიან ამ საკითხს.
– ამ ბიზნესს.
– დიახ, თვითონვე უძღვებიან ამ ბიზნესს და, ამდენად, მე მიჭირს, პოზიცია მქონდეს, რადგან, თუ ის ჯგუფი, რომელსაც ეს ეხება, აქტიურობს, გამოთქვამს აზრს, თავის ჩივილებს, მაშინ შეიძლება, განვიხილოთ ეს საკითხი ამ კონტექსტში. სხვანაირად ძალიან ხელოვნურად მეჩვენება მისი წამოწევა და ვერანაირ აქტიურობას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ პროსტიტუცია ყოველთვის იყო და იქნება.
– ანუ თქვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესს უკავშირებთ ამ ტიპის კანონმდებლობის არსებობას?
– მეჩვენება, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ ჩვენი მთავრობის ინიციატივა და გადაწყვეტილება არ არის. როგორც ყოველთვის, ყველაფერი ძალდატანებით და სხვისი ინტერესის გათვალისწინებით ხდება.
– ჩვენ ნაკლებად გვიყვარს ჩვენი პრობლემებისთვის თვალებში ჩახედვა და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებაც გვსიამოვნებს.
– თავად სექს-მუშაკების ეს ჯგუფი თავიანთ პრობლემებს თვითონვე აგვარებენ ავად თუ კარგად. ძალიან დახურული წრეა და თავიანთი მიმართულებით მუშაობენ. არ მახსენდება შემთხვევა, მოსულიყვნენ რაღაც ჩივილებით, ეთქვათ, რომ განიცდიან დისკომფორტს. შეიძლება, ცოტა მკაცრად ვმსჯელობ, მაგრამ ჩვენ 15 წელია, ვმუშაობთ ქალთა პრობლემებზე და მართალი გითხრათ, თუ თვითონ არ მიაკითხე კვლევის მიზნით მათ იქ, სადაც არიან განლაგებულნი, თავიანთი ნებით ჩვენთან არ მოდიან. რასაკვირველია, ყველა უჩივის თავის ბედს, მაგრამ ჩვენთან მოდიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი სცადეს, თუმცა მსგავსი ჩივილები ამ კონტინგენტისგან ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია.
– რას მოგვცემს ლეგალიზაცია: ერთი, რომ დაცული იქნებიან ამ სფეროს წარმომადგენლები და, მეორე, სახელმწიფო მიიღებს შემოსავლის დამატებით წყაროს. კიდევ?
– რასაკვირველია, ლეგალიზაცია არის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ბიუჯეტისთვის, რადგან, თუ დღეს კერძო პირების ხელთაა ეს ბიზნესი, ლეგალიზაციის შემთხვევაში, სახელმწიფოს თავისი წილი ექნება.
– ყოველთვის მაინტერესებდა ამ საქმიანობისას, როგორ უნდა მოწესრიგდეს აღრიცხვიანობა?
– ეს მაინც ტაბუირებული თემაა. მართალია, ისინი დღეს ქუჩებში დგანან, მაგრამ რთული სათქმელია, მოუნდებათ თუ არა თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება. ან რას მისცემს მათ ეს აღრიცხვიანობა. მე ვფიქრობ, მათაც ურჩევნიათ, ისევ ტაბუირებულად დარჩეს მათი საქმიანობა და ბევრ ინსტანციასთან კავშირი არ ჰქონდეთ.
– პროსტიტუციის ლეგალიზების შემთხვევაში, ვინაობის ლეგალიზება მოუწევთ საჯაროდ და არა მხოლოდ კლიენტურისთვის.
– თუკი ახლა ლოკალური ტაბუირება ხდება, ლეგალიზაციის შემთხვევაში, მათი განაცხადი იქნება გამჭვირვალე: გამჟღავნდება მათი ვინაობა და მდგომარეობა. ზოგი სხვა ქალაქიდან, რაიონიდან არის ჩამოსული და ოჯახის წევრებმა და ნათესავ-მეგობრებმა არ იციან მათი საქმიანობის შესახებ. ლეგალიზაციის შემთხვევაში, ეს ყველაფერი დაირღვევა.
– გასაგებია, რომ ეკლესია პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინააღმდეგი იქნება, მაგრამ არის ადამიანების საერო ჯგუფი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლეგალიზაცია ხელს შეუწყობს პროსტიტუციის გავრცელებას.
– ჩემს პოზიციას ვერ გამოვხატავ ზემოხსენებული მიზეზების გამო, მაგრამ, თუ მაინცდამაინც უნდა მოხდეს ლეგალიზება, ერთადერთ დადებითს ვხედავ იმაში, რომ მოწესრიგდება გადამდებ დაავადებათა აღრიცხვიანობის პრობლემა. თუმცა ამასაც ფიქრი უნდა: თუ ეს იქნება ანონიმურად, ბევრი ფული დასჭირდება. თან, ანონიმურობაც უნდა იყოს დაცული და გადამდებ დაავადებათა მკურნალობაც ლეგალიზებულად უნდა წარიმართოს. მეორე მხრივ, მაგალითად, ოჯახური ძალადობის საკითხზე კანონიც არსებობს, შესაბამისი სტრუქტურები და ინსტანციებიც, მაგრამ, რაც უფრო ღრმად შევდივართ, რეალურად მით უფრო დაუცველი ხდება მსხვერპლი. ამდენად, დიდ იმედებს ვერ გამოვთქვამ, რომ, როდესაც სახელმწიფო თავის ხელში აიღებს ამ თემას, ეს დიდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას.
შესაბამისად, აკრძალვაც არ არის გამოსავალი და არც არასდროს ყოფილა. ყოველთვის იკრძალებოდა პროსტიტუცია და იშანთებოდნენ კიდეც, მაგრამ ამას ნაყოფი არ გამოუღია. ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველთვის იარსებებს, უბრალოდ ძალიან გონივრულად, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და არა წამხედურობით.
– რაღაცნაირად დაემთხვა, რომ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს, ჩემთვის გაუგებარი, რადგან არ მესმის, რატომ ელოდა ვინმე, რომ მართლმადიდებელი პატრიარქი იტყოდა იმას, რაც ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოების დოგმებსა და წესებს…
– რელიგიამ ასე უნდა თქვას, ესაა რელიგიის დანიშნულება, იმიტომაც განსხვავდება ერთმანეთისგან ერი და ბერი. ცუდი ის არის, რომ ასეთი თავდასხმები პატრიარქზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არათუ არ ვცემთ პატივს განსხვავებულ აზრს, არამედ მიმღებლობაც არ არსებობს, ამ განსხვავებულ აზრს პატრიარქი იტყვის თუ პარლამენტარი. მე ამაში უფრო მეტ უბედურებას ვხედავ. იმდენად შეშინებული და ძალიან სერიოზულად დაზიანებული ხალხი ვართ, რომ, თუ შენი აზრი არ ემთხვევა სხვის აზრს, აუცილებლად აგრესიით, ბოროტებით და ძალადობით უნდა გამოხატო პროტესტი. მე ამ პრობლემას უფრო მაღალ რანგში დავაყენებდი. თუ ხარ რელიგიაში განმტკიცებული, შენთვის ბუნებრივია რელიგიური დოგმები; თუ ხარ ჰომოსექსუალი, შენთვის ორგანულად შემოდის ჰომოსექსუალიზმი. თუ ხარ ნარკოტიკის მომხმარებელი, ნარკოტიკული თრობისას უფრო ერთობი. ყველას თავისი მრწამსი აქვს და მაშინ როგორ მოვიქცეთ?! ვიმეორებ, ამის გამო თავდასხმა სრულიად არაბუნებრივად მიმაჩნია და ეს შიშისა და უძლურების ნიშანია.
– შეკითხვა ვერ დავასრულე. ძალიან გამაკვირვა თამარ ჩუგოშვილის პროტესტმა იმის გამოც, რომ, თურმე, ქალები უნდა დავემორჩილოთ ვიღაცას. მან იგულისხმა ეპისტოლეს ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ცოლის მორჩილებას ქმრისადმი. სახარებით ქალი და კაცი არ არის თანასწორი, მაგრამ ისინი თანასწორები არიან კონსტიტუციით და ეს გენდერული ბალანსი, ისევე, როგორც ქალთა უფლებები, როგორც წესი, ყოველთვის დარღვეულია ჩვენს ქვეყანაში.
– სხვათა შორის, იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ, უნდათ მორჩილება მამაკაცების, უბრალოდ არ უნდათ, რომ მათზე ძალადობდნენ. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს: ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია გენდერულ საკითხებში. როდესაც შეგვხვდა, თანამშრომლობა გვთხოვა, მეც გულუბრყვილოდ მივწერე რამდენჯერმე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ გენდერის საკითხებს მიხედავს და გაერკვევა, ვინ რას აკეთებს ამ სფეროში, იქნებ გამოვადგეთ. ამას არ აკეთებს და როგორ შეიძლება, მის ამ ქილიკს აღფრთოვანებით ან აზრიანად შევეგებო?! მით უმეტეს, რომ პირადი გამოცდილებით, ეს არის ფასადური პოლიტიკა.
– ქალთა ძალადობის თემაზე მუშაობთ, ისევ ისე გვიჭირს ამ მიმართულებით, ანუ კვლავ აქტუალურია ოჯახური ძალადობა?
– ჩვენ ხომ საერთოდ აღმოსავლური პოლიტიკა გვახასიათებს და არც ეს თემა გადარჩენილა ნალექის გარეშე. მოგეხსენებათ, არის საბჭოც, სამოქმედო გეგმებიც და გულუბრყვილო უცხოელს რომ მოუყვეთ, რამდენი რამ ტარდება ამ თემასთან დაკავშირებით როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულადაც, აღფრთოვანდება. მაგრამ ეს ვერ აღწევს სამიზნე ჯგუფამდე, რაც მათ მართლაც გამოიყვანდა ამ მდგომარეობიდან.
– სამწუხარო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ თემაზე ჩატარებული კვლევებიც: ქალების და მამაკაცების ნაწილი ცემას ამართლებს, როგორც წყვილის ურთიერთობის ფორმას.
– იმიტომ რომ არასწორი პოლიტიკა ტარდება. ტელევიზიაში შოუები იდგმება შოუებისთვის, ამიტომ, როდესაც ლაპარაკია საქორწინო ხელშეკრულებაზე, ჰგონიათ, რომ ეს სექსის ხელშეკრულებაა და არა ქონებრივი საკითხების მოწესრიგების საშუალება. როდესაც ტელევიზიებით მხოლოდ ის შუქდება, რომ ქალებს მარტო ვარცხნილობისა და ბოტოქსის გაკეთება უნდათ, რასაკვირველია, ქალთა პრობლემა სერიოზულად არ აღიქმება. რომ დაანახვო საზოგადოებას, რა შედეგები მოაქვს ძალადობას, რა ტრავმულად აისახება ბავშვებზე და როგორ ვიღებთ რისკჯგუფში მყოფ და ისტერიულ თაობებს, პრობლემა გასაგები გახდება. მაგრამ ამგვარი გადაცემები ჩვენ არ გვინდა და არც გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ვის რა აცვია და რომელ ბოტოქსზე ვდგავართ. ამის შედეგად, რასაკვირველია, არც პრობლემის ნორმალური აღქმა არსებობს.
– ყველა კითხვის პასუხი საოცარი იყო, მაგრამ მე გამაოცა ერთმა კითხვამ, ცოლი შეიძლება ცემოს ქმარმა, თუ მის უკითხავად გავა სახლიდან.
– ძალადობრივი ურთიერთობის მსხვერპლს უნდა, რომ თავი დააღწიოს თავის მოძალადეს, ასეთ დროს იზრდება ფიზიკური განადგურების რისკი. ყველგან, სადაც კარგად შეისწავლეს ეს პრობლემა, მიიღეს მთელი რიგი პროცედურები. ის კი არა, ქმარს უთხრას თუ არა, არამედ, სახელმწიფო ისე არეგულირებს ამ თემებს, რომ ეს ტრავმები აღარ ხდება.
– ქმარს აღარ უჩნდება ცოლის ცემის სურვილი, თუ ცოლი არ ეტყვის, რომ სახლიდან გადის?
– არა, ამაში ჩართულია სოცმუშაკი. ის მიდის ოჯახში, მოძალადეს სათანდო ადგილას იბარებენ. ამაზე ფულს ხარჯავენ და ნიჭიერად უდგებიან პრობლემას. ჩვენ კი ამოვგლეჯთ კონტექსტიდან საკითხებს და ისე ვსაუბრობთ მათზე ან შოუებს ვდგამთ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაწილებით კი დამახინჯებული სურათი იქმნება.
– ოჯახებში ფიზიკური ძალადობა აქტუალურ თემად რჩება?
– ჩემი გამოცდილებით, ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მძიმე და აქტუალური თემაა და ყოველთვის ასე იყო, იმიტომ რომ, ბევრად რთული დასაჭერია. ფიზიკური ძალადობა აღარ არის მთლად ტაბუირებული თემა, კვალს ტოვებს და ეს მოძალადეებსაც ესმით. ვერ ვიტყვი, შემცირდა თუ არა ფიზიკური ძალადობა, რადგან მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მქონდეს სტატისტიკური მონაცემები და არ ვეყრდნობოდეთ მხოლოდ შსს-ს მონაცემებს.
– შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მკითხველებს, რით გამოიხატება ფსიქოლოგიური ძალადობა.
– ყოველდღიური შეურაცხყოფები, ლანძღვა, მუქარა, დაშინება, რაც არ ჩანს და მერე რა მოხდა, თუ არის. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც სულს გასაქანს არ აძლევს, თან, ის ერთ ადგილას არ ჩერდება. როდესაც მუდმივად ასეთი შევიწროებული და დამცირებული ხარ, სხვასაც ზიანს აყენებ. სხვის მიმართ აგრესიული ხდები, ეს აგრესია გადადის ბავშვებზე, გამოდის ოჯახიდან ეზოში, ქუჩაში, სამსახურში. იქცევა სოციალურ პრობლემად, რის აღქმა ჩვენთან ნულოვანია ჯერ კიდევ.
– კაცები თუ ხდებიან ცოლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი?
– რასაკვირველია, არიან. ახლა, როდესაც კანონი გამკაცრდა, მამაკაცებიც გააქტიურდნენ. მოდიან და ამბობენ, მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ. თან, ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ, სამსახურებშიც. ამდენად, უნდა არსებობდეს არა ერთი და ორი ცენტრი, არამედ უნდა იყოს ამის სახელმწიფოებრივი გარჩევის ადგილები.