მოშუშულის გავლენა
„ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“
შესაძლოა, იმიტომ, რომ ამ ჩვენი პარლამენტის ქუთაისური შენობა, ძირითადად, მოშუშულია, ან, იმ გავლენით, „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“, ჩვენებურ პარლამენტარებს ქურდული სამყაროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მოეგუმანათ. სახელდობრ, მისი, ასე ვთქვათ, გაჰუმანურება.
კერძოდ, ითქვა, რომ ქურდული ცხოვრების პატივისმცემლები მხოლოდ ამ პატივისცემის გამო არ უნდა გაისკვანჩონ. მეორე მხრივ, მართლაცდა, არადემოკრატიულია აზრის გამო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენი კაცობრიობა ლამის მარსზე დადის ფეხით, ჩვენგან ნაწილი კი ქურდულ ტრადიციებს ეტრფის, რთული სათქმელია, დემოკრატიის მანიშნებელია ზემოხსენებული კანონის გადახედვა თუ – გონებაჩამორჩენილობისთვის მწვანის ანთების.
თუმცა, სანამ ჩვენ (ჩვენი რჩეულებიანად) ვბჭობდით, პრემიერ-მინისტრმა ამ ახალ, ცხენის წელიწადში, მთავრობის პირველად შეყრილ სხდომაზე დაგვიცაცხანა (პრინციპით, მულო, შენ გეუბნები და, რძალო, შენ გაიგონეო), პათოსით, რის ქურდები, რა ტრადიციებიო. კერძოდ, ბ-ნმა ღარიბაშვილმა, თავდაპირველად, რიტორიკულად იკითხა: „ვინ ასწია ის თემა ქურდების კანონის გადახედვაზე?!“ შემდეგ კი, დაბეჭდა: „ჩვენი პოზიციაა, რომ ეს კანონი არ გადაიხედება. ამაზე თუ შეგეკითხებიან, გააკეთეთ კონკრეტული კომენტარი, რომ რაღაც თემა ასწიეს უაზროდ (აღარ უნდა, ლაი-ლაიო).“
თუ გავითვალისწინებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა სამწყსოს მიუთითა: ჯერ კარგად გაიაზრეთ და ამის შემდეგ გააკეთეთ კანონპროექტების ინიცირებაო (ანუ, საქმეს მიხედეთო), უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენებური კანონმდებლები, მთავრობიანად, გაიხსენებენ დაწყებით კლასებში ნასწავლს: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი (თუმცა, საყველპუროდ ასეც შეიძლება, ითქვას: მომინდომეს ბელმონდო).