„მკვდრებაკიდებული“ „მკვდრები“
გაჭირვებულზე გაჭირვებული არ დაილევაო
თუმცა თავი გაგვჭირვებია (უმუშევრობისა და უფულობის გამო, თორემ, გული ისე გულობს, განა მხოლოდ ქადას მივირთმევთ ორთავ ხელით, დემოკრატიულზე დემოკრატიულ არჩვენებსაც ვატარებთ), რომ ზოგთათვის ეს ჩვენი ქვეყანა ნამდვილი სამოთხეა (პრინციპით: გაჭირვებულზე გაჭირებული არ დაილევაო).
იმის გათვალისწინებითაც, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა ღია საზღვრის მოდელი (და, ვისაც არ ეზარება, ყველას შეუძლია, შემოეხეტოს), მხოლოდ ჩვენებურმა სასაზღვრო სამსახურმა თუ იცის, ვინ მიდი-მოდის, აი, შემომსვლელთა რეალური მიზნების შესახებ კი დაზუსტებით არაფერია ცნობილი.
ერთი სიტყვით, ამ ღია საზღვრისა, ან, იქნებ, სულაც, სხვა მიზეზით, იგბუს მეფე რიჩარდ არიზის ყურადღების ობიექტიც გავხდით. მონარქი ჩვენს დედაქალაქში გასულ კვირას მომხდარ იმ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.
მართალია, დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, შსს-მ კი საქმეც აღძრა, მაგრამ, მეფე მაინც შეშფოთებულია (რაც სავსებით ბუნებრივია). მისი თქმით, „ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენზე თავდასხმები გახშირდა, საქართველოში ბევრი ნიგერიელი ცხოვრობს და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ყურადღება მოგვაქციოს!“
მეორე მხრივ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან ნიგერიაში გადარიცხული ფული ჩინეთის ტრანსფერებს ხუთჯერ აჭარბებს (ან ნიგერიელები უფრო სარფიან სამსახურს შოულობენ ჩვენთან, ან ჩინელებისთვის რაოდენობით გადაუსწრიათ). 2013 წლის იანვარ- ნოემბერში საქართველოდან ნიგერიაში 4 მილიონ 850 ათასი დოლარი გადაუგზავნიათ (ანუ, როგორც ჩანს, ვაქცევთ ყურადღებას, როგორც შეგვიძლია).
ხოლო, თუ ეროვნულ ბანკს ვერწმუნებით, აფრიკულ სახელმწიფოებში ფულადი ტრანსფერები ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. სახელდობრ, თუკი 2010 წელს მისი მოცულობა, სულ რაღაც, 76 ათას დოლარს შეადგენდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2013 წლის 10 თვეში მარტო ნიგერიაში 5 მილიონ დოლარამდე გადაურიცხავთ. სულ კი ამ ჩვენი ბედკრული სამშობლოდან იმავე პერიოდში უცხოეთში 140 მილიონ დოლარამდე გაუგზავნიათ.
ცხადია, ვერ გეტყვით დაზუსტებით, სახელდობრ, რამდენი აფრიკელი, ჩინელი თუ ინდოელი შრომობს და ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენებურ აფხაზებთან და ოსებთან ვერ მოგვიგვარებია თანაცხოვრება, იქნებ, აღმოსავლელ მიგრანტებზე თუ მოვითელეთ, ადრე თუ გვიან, ჩვენებურებსაც შევეთვისოთ?!