ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ერთი ღარიბი აზნაურიშვილი მივიდა მეფე ერეკლესთან და მოწყალება სთხოვა: დავწვრილშვილდი და ღარიბი ვარ, მიბოძე რამეო.
– არა გაქვს-რა, საწყალო? უბრძანა მეფემ.
– არა მაბადია-რა, შენი ჭირიმე, გაფხეკილის მინდვრის მეტი.
– ოხ! მდიდარი ყოფილხარ, ბარემ ნაზარბეგიშვილთან შენც მიდი და იყიდისო, უთხრა მეფემ.
***
ერთ დღეს ქართლოს კასრაძე და ნიაზ დიასამიძე მოყინულ ბელინსკის ქუჩას ჩამოუყვნენ. ქართლოსს ფეხი მოუცურდა, ჯერ კიდევ ჰაერში იყო და დაბლა არ დაცემულიყო, რომ ნიაზი სწრაფად ჩაიკუზა და ასძახა:
– დაჯე, ვილაპარაკოთო...
***
ერთი ნაამხანაგარი შეხვდა აკაკის და სხვათა შორის უთხრა: ახლა ყველაფერი მომწყინდა და მარტო ფილოსოფიით ვიქცევ თავსაო.
– ბარაქალა! ბარაქალა, რომ ბიჯი წინ წაგიდგამს, – უთხრა აკაკიმ, – უნივერსიტეტში რომ იყავ, სოფია მიგაჩნდა თავშესაქცევად და ახლა კი ფილოსოფიაზე გადასულხარო.
***
უნივერსიტეტში განიხილავდნენ ნოდარ დუმბაძის ახალ რომანს – „მე ვხედავ მზეს“. ამ შუაგულ გურიაში რუსი საიდან მოიყვანეო, ჰკითხეს „სოსოიას რუსის“ შესახებ ნოდარს.
– დალოცვილებო, საქართველოში 200 ათასზე მეტი რუსია და ერთხელაც არავის უკითხავს, საიდან გაჩნდნენ აქ, და ჩემს რომანში ერთი რუსის გაჩენა გიკვირთო, – უპასუხა ღიმილით მწერალმა.
***
ერთს საზოგადოებაში ჩამოვარდა ლაპარაკი იმაზედ, ვითომც ამერიკაში ერთი გაზეთი მიტკალზედ იბეჭდება. ასე რომ, გაზეთი გაზეთადაც არის გამოსადეგი და ცხივრ-სახოცადაც. ამ საზოგადოებაში იყო თავადი რაფიელ ერისთავიც.
– არ შეიძლება, სტამბის მელანმა სტრიქონები არ დააჩნიოს კაცსა, ცხვირს რომ გაზეთით მოიწმენდსო, სთქვა ერთმა.
– შენი მტერი, რაც მე საქმე დამემართებოდაო, – თქვა თავადმა ერისთავმა, – იმ გაზეთებშიაც რომ „დამაკვირდი“ იყოს, მე ცხვირი მოვიხოცო და ამოდენა ცხვირზედ უცბად გადმოიბეჭდოს „დამაკვირდიო“...