“ქართული ხმების„ 15 წლის იუბილე და საიუბილეო დისკის პრეზენტაცია
გასულ წელს ლეგენდარული „ქართული ხმების“ ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობიდან თხუთმეტი წელი შეუსრულდა. ანსამბლმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ახალი ალბომი გამოსცა, რომელზე მუშაობაც „ბრავო რეკორდსში“ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რადგან ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება, მასში ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები შედის, რომელზეც ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უმუშავიათ. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერები. მეორეზე კი – სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე, საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკალური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები.
ალბომზე მუშაობისას, მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია და სხვები. ამ ალბომის სახით „ქართული ხმების“ თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.
პრეზენტაციაზე ორი განსხვავებული დისკიდან თითო-თითო სიმღერა შესრულდა. ხალხური ნაწილიდან შესრულებულმა სრულიად გამაოგნებელმა კომპოზიციამ ისე მომაჯადოებლად იმოქმედა, რომ ჩემი მხრიდან დავამატებ, ეს დისკი აუცილებლად უნდა იყიდოთ. აუცილებლად უნდა წახვიდეთ „ქართული ხმების“ კონცერტზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამჟამად, „ბრავო რეკორდსში” კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კონცერტზე ოცამდე მუსიკალური ნაწარმოები შესრულდება და მისი რეჟისორი დათო საყვარელიძე იქნება.
ზაზა შენგელია: საკმაოდ ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. არანჟირებებია სრულიად ახლებული, ექსპერიმენტული, განსახვავებული და ახალი. საქართველოში ძალიან იშვიათად მახსოვს შემთხვევა, ვინმეს ფოლკლორისთვის მოეკიდოს ხელი და ის წარმატებული და აღიარებული ყოფილიყო. ძალიან ფაქიზი თემაა ფოლკლორი და ამ შემთხვევაში, ვიცი, რომ ეს ძალიან გემოვნებით შესრულებული კომპოზიციებია. იგივე შემიძლია, ვთქვა მეორე დისკზე, სადაც ქალაქური სიმღერებია შესული. სიმღერები, რომელიც სპეციალურად ამ ალბომისთვისაა შექმნილი და ცნობილი ჰიტები.
– რატომ დასჭირდა ორი წელი ალბომის ჩაწერას?
– დიდი დრო დასჭირდა რეპერტუარის შერჩევას, არანჟირებების გაკეთებას. ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, დავიწუნეთ. სულ იყო განახლება, ცვლილება, ძიება... ოცდასამ კომპოზიციაზეა საუბარი და ეს ძალიან დიდი სამუშაოა. დისკი ახალი წლის შემდეგ გამოვა სპეციალიზებულ მუსიკალურ მაღაზიებში, წიგნის მაღაზიებში, საგაზეთო ჯიხურებში, სასტუმროებში, რესტორნებში და ჩვენს სხვა სადისტრიბუციო ადგილებში.