კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

დიმიტრი ჩაჩავა სავარძელში იჯდა და უაზროდ მიშტერებოდა თავისი კაბინეტის თეთრად შეღებილ კედელს. თავი უსკდებოდა, მუცელში კი თითქოს ცეცხლი ეკიდა. არც ასპირინმა უშველა, არც „ბორჯომმა“. ისე ცუდად გრძნობდა თავს, სახლში წასვლაც კი გადაიფიქრა.

მდივანი გოგონა გააფრთხილა, ვინც არ უნდა დარეკოს ან მოვიდეს, ყველას უთხარი, რომ ქალაქიდან გავედიო. მერე კაბინეტის კარი ჩაკეტა, ტელეფონები გამორთო და დივანზე წამოწვა. არაფერი გამოუვიდა. დაწვებოდა თუ არა, გული ყელში ებჯინებოდა და თავბრუ ეხვეოდა. წამოჯდა და დივანის საზურგეს მიეყუდა. მაინც ვერ მოისვენა. მერე უცებ საკუთარ თავზე გაბრაზდა.

– მართლა ლაწირაკივით ვიქცევი! ამ დათკამ ხომ ტვინი წალეკა თავისი დიშოვკა პუტანკებით! – ჩაილაპარაკა და მობილურით მდივანს დაურეკა, უშაქრო მაგარი ყავა და თხლად დაჭრილი ლიმონი შემომიტანეო. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ მის წინ ყავიანი ფინჯანი და ლიმონის ნაჭრებით სავსე ლამბაქი ედგა. დიმიტრიმ ერთი ნაჭერი ლიმონი მთლიანად ჩაიდო პირში, დაღეჭა და ცხელი ყავის დიდი ყლუპი დააყოლა. მართალია, პირი ცოტათი დაეფუფქა, მაგრამ, მაინც ესიამოვნა მკვეთრად განსხვავებული არომატები. ოდნავ უკეთ იგრძნო თავი. სავარძელში გადაწვა და, რატომღაც, მოუნდა, თავისი საკმაოდ აღვირახსნილი ცხოვრებისთვის გადაევლო თვალი. ნანიტა გაახსენდა, მასთან ბოლო ჩხუბის მიზეზები: 18 წლის პუტანა – ლიზა, იგივე „ქალი გამოძახებით“ და 35-ს გადაცილებული, საკმაოდ კარგად „შენახული“ შინაბერა – მარინა, რომელმაც, რატომღაც, გადაწყვიტა, ცოლშვილიანი კაცისთვის ჩაებარებინა წლების განმავლობაში საკმაოდ მყარად და საიმედოდ დაცული ქალწულობა. საიდან გაიგო ნანიტამ მათ შესახებ, დიმიტრიმ დღემდე არ იცოდა; ვერც იმას მიხვდა, რატომ გაიგიჟა მისმა ცოლმა თავი ამ ორ „მიმალიოტნი“ ქალზე, როცა მანამდე უამრავი ღალატი და საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები „გადაუყლაპავს“ და უპატიებია... დიმიტრიმ იგრძნო, რომ ძალიან მოენატრა ყოფილი ცოლი და გაუკვირდა, რადგან, ასეთი რამ პირველად დაემართა.

„ისე, მე რომ ჭკუა მქონოდა, ნანიტასნაირი ქალი არ უნდა დამეკარგა. იდიოტი რომ იქნება კაცი, თორემ, მეტი რა უნდა მდომოდა: ლამაზი, მშვიდი, კარგი დედა, მზრუნველი ცოლი, უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანი... მე კი ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და ლამის ყოველდღე ვღალატობდი, თანაც, ვიღასთან აღარ“... – დიმიტრის ფიქრი მდივანმა შეაწყვეტინა – მორიდებით შემოვიდა კაბინეტში და წინ მომცრო ზომის კონვერტი დაუდო.

– ბატონო დიმიტრი, წეღან მოიტანა კურიერმა.

– ვისგან არის? – ზანტად იკითხა დიმიტრიმ.

– არ ვიცი, მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი აწერია, – მხრები აიჩეჩა მდივანმა გოგონამ.

– კი მაგრამ, თუ მისამართი არ აწერია, კურიერის ხელში როგორ აღმოჩნდა?

– ოფისის კართან უპოვია და ზედ თქვენი გვარი რომ წაუკითხავს, თან წამოუღია.

– ეგეც მაგარი გამოტვინებულია! იქნებ ბომბი დევს შიგ, ან – საწამლავი, რას მოათრევდა, ვერ დახია და გადაყარა?

– თითქოს საეჭვო რამეს არ ჰგავს. გადავაგდო? – ჰკითხა მდივანმა და კონვერტს წაეტანა.

– თავი დაანებე! – შეუღრინა დიმიტრიმ, – რომელიმეს მაინც უნდა გყოფნოდათ ჭკუა და აქამდე არ უნდა მოგეტანათ, მაგრამ, რადგან მოიტანეთ, ახლა მე მივხედავ, – შემდეგ დასწვდა კონვერტს და წინ დაიდო. თვითონაც უკვირდა, რატომ მოუნდა მართლაც რომ საეჭვო კონვერტის დატოვება, მაგრამ, ისე შეიპყრო ცნობისმოყვარეობამ, შიში და სიფრთხილე დაავიწყდა.

მდივანი გავიდა. დიმიტრიმ აიღო კონვერტი, ფანჯარასთან მიიტანა და შუქზე კარგად დაათვალიერა. საეჭრო არაფერი ჩანდა, კონვერტში აშკარად მხოლოდ ერთი ფურცელი იდო. ჯერ იფიქრა, ხომ არ ჯობია, მართლაც დავხიო და გადავყაროო, მაგრამ, ისევ ცნობისმოყვარეობამ სძლია და სასწრაფოდ წაახია კიდე, თითქოს ეშინოდა, არ გადაეფიქრებინა. ფრთხილად ამოიღო ორად გაკეცილი ფურცელი და კონვერტს შიგნითაც ჩახედა, მაგრამ, იქ ვერაფერი ნახა. მერე ნახევები დაუდევრად მოისროლა მაგიდაზე და ფურცელი გაშალა. რამდენიმე ხაზი ეწერა, კომპიუტერზე დაბეჭდილი. დიმიტრი ისე გააოგნა წერილის შინაარსმა, რომ თავიდან ვერც კი აღიქვა ფრაზების მნიშვნელობა და რამდენჯერმე გადაიკითხა. მერე იგრძნო, როგორ ნელ-ნელა შეიწოვა მისმა ტვინმა თითოეული სიტყვის აზრი და თითქოს გაქვავდა – მთელი სხეული ისე გაეყინა და გაუხევდა, რომ მოძრაობის უნარი მთლიანად წაერთვა. მერე თვალები გადმოუვიდა ბუდეებიდან, ყურებმა შუილი დაუწყო და გულმა ისეთი ბაგაბუგი ატეხა, მისი ხმა, ალბათ, მდივანსაც კი ესმოდა მისაღებში.

დიმიტრის არ ახსოვს, რამდენ ხანს იდგა ასე – ხუთი წამი, ხუთი წუთი თუ მთელი საათი. მერე ძალა მოიკრიბა, სავარძელთან გაჭირვებით მიბანცალდა, შენელებული კადრივით ჩაეშვა შიგ და წერილი აკანკალებული ხელით მიიტანა თვალებთან ახლოს იმ იმედით, რომ ამჯერად სხვა ტექსტს წაიკითხავდა, მაგრამ ფურცელზე ისევ ის რამდენიმე საშინელი, ჭკუიდან შემშლელი ფრაზა ეწერა:

„დიმიტრი! დღეიდან იწყება შენი წამება. მინდა, ბოლომდე შეიგრძნო ღალატის გემო და სურნელი. შენმა ცოლმა, რომელიც ანგელოზი გეგონა (და მაინც ყოველ ნაბიჯზე ღალატობდი), სამაგიერო გადაგიხადა და წლების განმავვლობაში რქიანი გატარა – თოკო შენი შვილი არ არის, თუმცა, ჯერ ამის შესახებ ბიჭმა არაფერი იცის (დიმიტრიმ შენიშნა, რომ სიტყვა „ჯერ“ მუქად და დიდი შრიფტით იყო დაბეჭდილი).

ყოველ მეორე ორშაბათს მიიღებ ჩემგან ახალ-ახალ ინფორმაციას და შენი ტანჯვით დავტკბები. ტყუილად ნუ გაიწვალებ თავს ჩემი ძებნით, მაინც ვერ მიხვდები, ვინ ვარ. როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, თვითონ მოვალ, წერილის გარეშე და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.

აბა, ორი კვირის შემდეგ მოწერამდე!

შენგან გამწარებული ქალებისთვის შურისმაძიებელი“.

***

... დიმიტრი არეული ნაბიჯით გამოვიდა ოფისიდან. თავი უბრუოდა. ზიგზაგებით მიდიოდა, გზაში ვიღაცას ესალმებოდა, ვიღაცას თავს უქნევდა, მაგრამ, ვერავის და ვერაფერს ხედავდა. ჰაერი რაღაცნაირი ბლანტი გამხდარიყო, ადამიანების სახეები კი – გადღაბნილი, ზუსტად ისე, აკვარელით დახატულს წყალს რომ დააწვეთებ და გამოსახულება უცნაურად დეფორმირებული ხდება.

როგორ მიაღწია ავტოსადგომამდე, არ ახსოვს. ძლივს მიაგნო თავის „მერსედესს“, წინა კარი გამოაღო და, ტყავგადაკრულ სავარძელზე კი არ დაჯდა, მოწყვეტით ჩავარდა. კარგა ხანს იჯდა გაოგნებული. აზრის მოკრება უჭირდა. ჯიბეში ის ავად სახსენებელი წერილი მოიძია, მაგრამ, ვერ იპოვა – ეტყობა, კაბინეტში დარჩა. შეეცადა, დეტალურად აღედგინა ტექსტი, მაგრამ, ვერ შეძლო, მხოლოდ ერთი ფრაზა ჰქონდა გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი და ექოსავით მეორდებოდა: „თოკო შენი შვილი არ არის... არ არის... არ არის... “ მერე თვალები დახუჭა და ნანიტასთან ცხოვრების პერიოდი გაიხსენა. კადრები ისე სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს, როგორც ძალიან სწრაფად დატრიალებული კინოფირი, ბოლოს კი ეს ყველაფერი ერთ კადრში იყინებოდა: სახვევებში შეფუთნული პაწაწინა თოკო და ნანიტას უბედნიერესი სახე.

„ნუთუ ასეთი ნიჭიერი მსახიობია?“ – გაიფიქრა ყოფილ ცოლზე.

ნანიტას სახის გახსენებამ დიმიტრის ეჭვი გაუჩინა წერილში ნათქვამის სიმართლეზე, მაგრამ, იგრძნო, რომ „შურისმაძიებლის“ მთავარი მიზანი შესრულებული იყო: გულში ეჭვის ჭია ჩაუსახლა, უზარმაზარი მახრა, რომელიც დანარჩენ საქმეს თვითონ გააკეთებდა.

დიმიტრი დაახლოებით ნახევარი საათი იჯდა მანქანაში და, ცდილობდა, აზრზე მოსულიყო. გულის არეში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო და შეეშინდა, მანამდე არ მოვკვდე, სანამ სიმართლეს გავიგებო. სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან ვალიდოლის რამდენიმე აბი, ერთად ჩაიყარა პირში და დაღეჭა, რომ წამალს მალე ემოქმედა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნო, რომ ნელ-ნელა უბრუნდებოდა ცნობიერება. პირველმა ელდამ ოდნავ გაუარა და ახლა უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოქცეულიყო. იცოდა, რომ ეს არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი, მაგრამ, მაინც გადაწყვიტა, ნანიტას შეხვედროდა და დალაპარაკებოდა. მასთან სახლში მისვლას ვერ გაბედავდა – თოკოს გამო ვერ გაბედავდა, რადგან, ბოლოს ძალიან ცუდად დაშორდნენ ერთმანეთს. ამიტომ, გადაწყვიტა, მობილურზე დაერეკა ყოფილი ცოლისთვის და სადმე შეხვედრაზე შეთანხმებოდა. შვილებთან არც მანამდე ჰქონდა თბილი ურთიერთობა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მეზობლის მანქანის გატაცების გამო თოკო დაიჭირეს და გაცოფებულმა დიმიტრიმ თითიც კი არ გაანძრია მის დასახსნელად, მათი მამაშვილობა საერთოდ აორთქლდა, უფრო სწორად კი, თითქოს დიმიტრი აორთქლდა ოჯახიდან: სახლში იყო და ვერ (თუ – არ) ამჩნევდნენ; რამეს ეკითხებოდა და პასუხს არ სცემდნენ, ანუ, არაფრად აგდებდნენ და ამას უბედავდნენ დიმიტრის, რომელიც ბავშვობიდან, როგორც იტყვიან, ბუზს არ ისვამდა თავზე; რომელსაც ყოველთვის სამყაროს ცენტრი ეგონა თავი და, უნდოდათ თუ არა ეს გარშემო მყოფებს, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდნენ მის სურვილებსა თუ ხუშტურებს.

არც ერთმა არ აპატია – არც ნანიტამ, არც თოკომ და არც ნუცამ და, სამივემ ერთად, პრაქტიკულად, გაფიცვა გამოუცხადა, მოიკვეთა, როგორც კეთროვანი; უფრო მეტიც – როგორც გამცემი, როგორც მოღალატე. მაგრამ, დიმიტრიმაც არ აპატია ცოლ-შვილს ასეთი საქციელი და ყოველდღიურად ცდილოდა, სამაგიერო გადაეხადა, განსაკუთრებით კი ცოლს გადაემტერა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ მან განაწყო შვილები მის წინააღმდეგ. ამიტომ, ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა ნანიტას, შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და ძალიან ხშირად ეს შვილების თანდასწრებით ხდებოდა, რაც სულ უფრო აშორებდა მას ორივესთან, განსაკუთრებით კი – თოკოსთან... ეს ყველაფერი რომ გაახსენდა, კიდევ უფრო გაუჭირდა დარეკვა, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა ნანიტას. ჯიბიდან ხელის კანკალით ამოიღო მობილური და ძლივს აკრიფა ნომერი. მისდა გასაოცრად, ყურმილი თოკომ აიღო. როგორც ჩანს, იცნო მისი ნომერი და საკმაოდ უხეშად უპასუხა:

– გისმენ! რა გინდა?

– თოკო, მე ვარ! – დიმიტრი შეეცადა, თვითონაც უხეშად ეთქვა ეს სამი სიტყვა, მაგრამ, იმდენად უმწეოდ გამოუვიდა, რომ თვითონვე გაღიზიანდა.

– რა გინდა? – კითხვა გაუმეორა თოკომ. ამჯერად მისი ტონი კიდევ უფრო უკმეხი იყო. 

– არაფერი, ისე  დაგირეკეთ. როგორ ხართ? – დაიბნა დიმიტრი, – დედა და ნუცა როგორ არიან?

– რა იყო, ცუდი სიზმარი ნახე? როდის აქეთ დაინტერესდი ჩვენი ჯანმრთელობით? – თორნიკეს ხმა ცივი და უხეში იყო, თან, რაღაცნაირი მძიმე ირონიით გაჟღენთილი.

– უფლება არ გაქვს, ასეთი ტონით მელაპარაკო! – ხმას აუწია დიმიტრიმ. ამას სულაც არ აპირებდა, მაგრამ, მიხვდა, ამჯერადაც, როგორც ყოველი დარეკვისას, ჩხუბს თუ არა, თოკოსთან უსიამოვნებას მაინც არ ასცდებოდა. არადა, ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.

– დედაშენი დამალაპარაკე! – ოდნავ დაირბილა ხმა დიმიტრიმ.

– დედაჩემს სახელი აქვს! – წაიგესლა თორნიკემ.

– ნანიტას დაუძახე! – დაუთმო დიმიტრიმ და იგრძნო, როგორ დეძაბა მთელი სხეული. ცოტაც და, თავს ვეღარ მოთოკავდა. ისევ იგრძნო გულის არეში მწვავე ტკივილი.

– რა საქმე გაქვს ნანიტასთან, ჩემთან არ ითქმევა? მე ხომ აგიკრძალე დედაჩემთან ჩემ გარეშე ლაპარაკი!

– საქმე მაქვს, სერიოზული საქმე. ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება!

– რა, შერიგებას ხომ არ აპირებ? – ისევ გესლი გაურია ხმაში თოკომ.

– ძალიან გთხოვ, გამძლეობაზე ნუ მცდი! მე ახლა ძალიან მიჭირს და ნანიტასთან დალაპარაკება მჭირდება. დაუძახე! – ისეთი ხმით უთხრა დიმიტრიმ, რომ თორნიკემ წამით რაღაც სიბრალული იგრძნო თავისი „ვითომ მამის“ მიმართ, როგორც ის დიმიტრის მოიხსენიებდა ხოლმე. თუმცა, ეს წამიერი სიბრალული ისევ შეკავებულმა აგრესიამ შეცვალა:

– ჩვენც ბევრჯერ გაგვჭირვებია, მაგრამ, არ შეგვიწუხებიხარ და არც შენ მოგიკლავს თავი ჩვენზე ფიქრითა და დარდით. ასე რომ, ბარი ბარში ვიქნებით!

– დაუძახე! – ისტერიკა გაერია ხმაში დიმიტრის, – დაუძახე-მეთქი, შენი დედაც!..

– აღარ გაბედო აქ დარეკვა და სადმე არ შემხვდე, თორემ, ყელს გამოგჭრი, შე ახვარო! – ჩაისისინა თოკომ და ყურმილი დაახეთქა.

– ვის უბედავ, შე ლაწირაკო ნაბიჭვარო! – ამოიხავლა დიმიტრიმ, მაგრამ, პასუხად წყვეტილი ზუმერი გაიგონა. სიმწრისგან მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, მობილური ტელეფონი „ბარდაჩოკს“ მიახეთქა და ფეხი გაზის პედალს დააჭირა. „მერსედესმა“ თითქოს აიწყვიტაო, ისეთი სიჩქარით გავარდა, ჩამოწეული მინიდან შემოჭრილი ქარი კი კოღოსავით უწუოდა ყურში.

– ცემით მოვკლავ, დავასახიჩრებ მაგ მართლა ნაბიჭვარს! – ღრიალებდა დიმიტრი, – მაინც, ვის დაემსგავსა ეგ ნაგლი, ეგა! როგორ გამიბედა! მერე რა, რომ მე და დედამისი დავშორდით, გადაყოლილი ვარ მაგათზე. როდის რა დამიკლია, როდის მითქვამს რამეზე უარი! სულ კუდში დავდევდი, რაზე აღარ დამყავდა, მაგრამ, ვერაფერში ივარგა და ახლა თავის ბოღმებს მე მანთხევს თავზე! არა, ეს როგორ უნდა შევარჩინო! ახლა თუ ვაპატიე, უარესად გათავხედდება! – დაასრულა თუ არა თავისი მონოლოგი, დიმიტრიმ გადაწყვიტა, უკან დაბრუნებულიყო და შვილისთვის ჭკუა ესწავლებინა.

– ახლავე, ახლავე! – დაიყვირა გამწარებულმა და, ისე, რომ სიჩქარისთვის არ მოუკლია, მანქანა მოაბრუნა. გაისმა საბურავების წივილი და დიმიტრიმ ცხადად დაინახა, რომ, იმავე სისწრაფით, რა სისწრაფითაც მისი „მერსედესი“ მიჰქროდა, უზარმაზარი ბოძი უახლოვდებოდა.

– როგორმე ამას უნდა ავუარო გვერდი. ღმერთო, მიშველე! – ჩურჩულით თქვა და საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა. ფეხი კი მთელი ძალით დააჭირა მუხრუჭის პედალს, მაგრამ, პედალი არ დაემორჩილა და მანქანამ სვლა ოდნავადაც არ შეანელა. დიმიტრიმ მთელი ძალით მოაბრუნა საჭე – იქნებ ასე მაინც ასცილებოდა ბოძს, რომლამდეც სულ უფრო მცირე მანძილი რჩებოდა. რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ მოახერხა ბოძისგან აცილება და, ის იყო, გაიფიქრა, გადავრჩიო, რომ გულის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო, ისეთი მწვავე, რომ სუნთქვა შეეკრა და თვალთ დაუბნელდა. თავისდაუნებურად, ხელი შეუშვა საჭეს, გვერდითა სავარძელზე გადაწვა და საშინელი გრუხუნის ხმა სადღაც შორიდან მისწვდა მის სმენას.

„მგონი, ჯოჯოხეთის კარი შევლეწე!“ – ესღა გაიფიქრა და წყვდიადში ჩაიძირა. მერე საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩავარდა კისელის მდინარეში, რომელსაც მსუბუქი ორთქლი ასდიოდა და ნისლივით გროვდებოდა ზედაპირთან; შემდეგ კი იგრძნო, როგორ ნელ-ნელა დაიწყო ჩაძირვა ამ თბილ, ბლანტ, მოწითალო კისელში.

„როგორ მიყვარდა ბავშვობისას ალუბლის თბილი კისელი და პეჩენია... მშია...“ – გაუელვა გონებაში. მერე ერთი დიდი ყლუპი კისელი გადაყლაპა, მაგრამ, ტკბილი ალუბლის წვენის ნაცვლად სისხლის საზიზღარი, გულისამრევი გემო იგრძნო და ზიდება დააწყებინა.

მერე მის ჩაძირულ მანქანასთან მოცურდა ულამაზესი ქალთევზა და დაჭეჭყილი კარი გამოაღო.

„გამოდი და წამომყევი, ნუ გეშინია“, – უთხრა ქალთევზამ და ხელი ჩაჰკიდა, რომ მანქანიდან გაეყვანა, დიმიტრის კი განძრევის თავი არ ჰქონდა, ყველაფერი სტკიოდა; ისე ძალიან სტკიოდა, რომ მთელი ხმით ბღავილი უნდოდა, მაგრამ, ამასაც ვერ ახერხებდა, რადგან, ცხვირ-პირიც, ყურებიც და თვალებიც სისხლისგემოიანი კისელით ჰქონდა ამოვსებული.

მშვენიერი ქალთევზა, ეტყობა, მიხვდა მის გასაჭირს, მაგრად ჩაეჭიდა ხელებში და, შეეცადა, მანქანიდან გაეყვანა, მაგრამ, დიმიტრის ორივე ხელი მოსძვრა.

„ღმერთო, მიშველე! – გაიფიქრა გულგახეთქილმა, – ხელები მომძვრა და აღარ მტკივა!“

ახლა ფეხებში ჩააფრინდა ქალთევზა – ძალიან უნდოდა, რომ გადაერჩინა ეს საცოდავი კაცი და სამშვიდობოს გაეყვანა, მაგრამ, ფეხებიც მოსძვრა დიმიტრის. არც ახლა უგრძნია ტკივილი და აღარც გაჰკვირვებია. მხოლოდ ის გაიფიქრა, მარტო თავი და ტანიღა დავრჩი და, ალბათ, რა საზიზღარი სანახავი ვიქნებიო. მისდა გასაოცრად, აღარც ფეხები სტკიოდა.

– სანამ მარტივ მამრავლებად არ დამიშლია ეს კაცი, დროზე უნდა გავიყვანო აქედან, – ჩაილაპარაკა ქალთევზამ. დიმიტრიმ გაიგონა მისი ნათქვამი და, რამდენადაც შეძლო, გაიღიმა. „ეტყობა, მათემატიკაც კარგად იცის და არც იუმორთან არის მწყრალად“, – გაიფიქრა სისხლიან კისელში ჩაძირულმა და უცებ მიხვდა, რომ ეს სიტყვები საიდანღაც ეცნობოდა. ამასობაში ქალთევზამ წელზე მოჰხვია ხელი, ფრთხილად გამოიყვანა მანქანიდან და ნელი ცურვით გასწია წინ. შემდეგ კი თითქოს მიმართულება შეიცვალეს – ზემოთ-ზემოთ იწყეს ცურვა და, დიმიტრიმ იგრძნო, რომ საერთოდ ვეღარ სუნთქავდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს, აგერ-აგერ, გასკდებოდა და უჩინარ ნაწილაკებად დაიშლებოდა.

„ცოტაც კიდევ, ცოტაც და, სამშვიდობოს გაგიყვან“, – ბუნდოვნად ჩაესმა საოცრად ნაცნობი ხმა. გაჭირვებით გაახილა თვალები, რომ შეეხედა, ვინ ელაპარაკებოდა. მართალია, მოწითალო კისელი მზერას უბინდავდა, მაგრამ, ისევ ის ქალთევზა დაინახა. კარგად რომ დააკვირდა, სახეც ეცნაურა, უფრო სწორად – თვალები: სევდიანი, დაღლილი და ტკივილით აღსავსე. უცნაური გრძნობა დაეუფლა – შორეული, ნაცნობი და მონატრებული. ის იყო, უნდა ეკითხა, საიდან მეცნობიო, რომ, ამოყვინთეს კიდეც ამ საშინელი სისხლისგემოიანი კისელის მდინარიდან. დიმიტრიმ ნაპირზე ამოგდებული თევზივით დააღო პირი და ჟანგბადის უზარმაზარი ნაკადი ისეთი გრიალით შეიჭრა მის ფილტვებში, რომ კინაღამ დაუხეთქა. საშინელი ტკივილის მიუხედავად, დიმიტრიმ ერთხელ კიდევ შეავლო თვალი თავის გადამრჩენელს და, უცებ მთელი ძალით იღრიალა:

– ნანიტააა!!

*** 

– მგონი, დავაბრუნეთ! – დაცვარული შუბლი მოიწმინდა თეთრხალათიანმა ხნიერმა მამაკაცმა და გაიღიმა, – რაღაცის თქმას ცდილობს.

პროფესორი ირაკლი ქებაძე, დაღლილობის მიუხედავად, აშკარად კმაყოფილი ჩანდა.

– ჰო, გადარჩა. ახლა ისაა მთავარი, რამდენი ხანი დასჭირდება შოკიდან გამოსვლას, – თქვა ასევე თეთრ ხალათში გამოწყობილმა სიმპათიურმა ასისტენტმა ქალმა, რომელიც დიმიტრის რაღაც აპარატებთან აერთებდა.

– და, კიდევ, რამდენ ხანს იცოცხლებს შოკიდან გამოსვლის შემდეგ, –  დაუმატა პროფესორმა.

– ეგ უკვე უფალზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე, – ღიმილით თქვა ასისტენტმა ქალმა და ავადმყოფს სასთუმალი გაუსწორა.

– უფალზე – თავისთავად, მაგრამ... – ექიმმა ეჭვიანად გაიქნია თავი და ლაბორატორიიდან მოტანილ პასუხებს ჩახედა, – როგორ მოერევა ნაინფარქტალი გული და დასახიჩრებული სხეული სიმსივნეს? ჩემი აზრით, მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა ვიქონიოთ.

– ხომ ხედავთ, ისევ ღმერთამდე მივედით, – თქვა ასისტენტმა და თერმომეტრი მოამზადა.

– საწყალი! სასიკვდილოდ ძალიან ახალგაზრდაა, თანაც, საკმაოდ სიმპათიური. არაფერი ეშველება? – იკითხა ექთანმა და სიბრალულით შეხედა დიმიტრის, რომელიც თვალდახუჭული იწვა და არათანაბრად სუნთქავდა.

– საიდან მოიტანე, მზია, ასეთი სისულელე? – გაბრაზდა პროფესორი.

– აბა, კიბო სჭირსო?!. – დაიბნა ექთანი.

– გირჩევნია, ენას კბილი დააჭირო და შენს საქმეს მიხედო. წვეთოვანი შეამოწმე? – საკმაოდ უხეშად დაუტატანა ექიმმა, მერე გაიფიქრა, ეს გოგო ასეთი კარგი ექთანი რომ არ იყოს, გრძელი ენის გამო ერთ დღესაც არ გავაჩერებდიო, და, ის იყო, გასვლა დააპირა, რომ მზიას ყვირილმა შეაჩერა:

– ირაკლი ექიმო, ირაკლი ექიმო! ისევ რაღაცის თქმას ცდილობს!..

ექიმი სასწრაფოდ მიუახლოვდა ავადმყოფს და სახეზე დააკვირდა. მართალია, განძრევას ვერ ახერხებდა, მაგრამ, ეტყობოდა, რომ ძალიან დაძაბული იყო და ტუჩებით ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებდა, საფეთქლებთან კი კუნთები უთრთოდა და ნიკაპი უკანკალებდა.

ირაკლი დაიხარა და ყური პირთან ახლოს მიუტანა. ორიოდე წუთს ისე იდგა, მერე კი გაიმართა და თავის ასისტენტს მიმართა:

– მაია, როგორც ვიცი, ამ კაცს ცოლ-შვილი ჰყავს, ხომ ასეა?

– დიახ, ბატონო ირაკლი.

– ჰოდა, ჩემი აზრით, რომელიღაცას ეძახის – ნანუკას თუ ნანიკოს. ალბათ, მის ცოლს ან შვილს ჰქვია ასე. მზია, გადი დერეფანში, მისი ოჯახიდან ვინმე იქნება მოსული და შემოიყვანე. ახლა ამას ჩვენი ლაპარაკი შიგადაშიგ ესმის და, თავისი ოჯახის წევრის ხმის გაგონებამ, შესაძლოა, დააჩქაროს მისი გონზე მოსვლა.

მზიამ მაშინვე კარს მიაშურა, მაგრამ, მაიამ შეაჩერა.

– ბატონო ირაკლი, მისი ოჯახიდან არავინ მოსულა. როგორც გავიგე, გაშორებულია ცოლთან და არც შვილებთან აქვს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა. თანაც... – მაია გაჩუმდა, თითქოს ეუხერხულებოდა, ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა.

– როგორ თუ არავინ მოსულა? – გაოცებით იკითხა ირაკლიმ, – კაცი კვდება და, რა დროს ძველი ანგარიშებია? გამაგიჟებს ეს ხალხი! მაიკო, რა თქვი წეღან, რა „თანაც“? გაბედე, ნუ გერიდება!

ასისტენტმა ღრმად ჩაისუნთქა და გაბედა:

– იქნებ, ის ნანუკა თუ ნანიკო სულაც არ არის ცოლი ან შვილი, იქნებ სხვა ვინმეა...

ექიმი ჩაფიქრდა, მერე ავადმყოფს გახედა – ის ისევ აცმაცუნებდა ტუჩებს.

– შესაძლოა, შენ მართალი ხარ, მაგრამ, მე ამის გაძლება აღარ შემიძლია. მზია, გადი და, ვინც იქნება, ის შემოიყვანე – მეზობელი, ნათესავი, მეგობარი – მნიშვნელობა არ აქვს! – თითქმის იყვირა ირაკლიმ.

მზია მაშინვე გავარდა პალატიდან.

– ხალათის მიცემა არ დაგავიწყდეს! – მიაძახა მაიამ.

ხუთი წუთის შემდეგ მზია მაღალ, სიმპათიურ მამაკაცს შემოუძღვა.

– გამარჯობა, ბატონო ირაკლი, მე ძმა ვარ...–  დაბნეულად თქვა შემოსულმა და ავადმყოფისკენ შეშინებულმა გაიხედა, – დავიღუპეთ თუ?..

– მე მგონი, გადავრჩით, მაგრამ... თქვენი სახელი, პატივცემულო?

– გიორგი. რა „მაგრამ“, ექიმო?

– ბატონო გიორგი, ამ ეტაპზე თქვენი ძმის მდგომარეობა, როგორც იტყვიან, დამაკმაყოფილებელია, თუმცა... – ირაკლი გაჩუმდა. ცოტა არ იყოს, დაიბნა – არ იცოდა, როგორ ეთქვა ავადმყოფის ჭირისუფლისთვის, თქვენს ძმას დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ უწერიაო.

ექიმი კარგა ხანს იყო ჩუმად. გიორგი ჯერ მოთმინებით ელოდა, მაგრამ, პაუზა ძალიან რომ გაიწელა, ვეღარ მოითმინა და ჩაეკითხა:

– თუმცა?

ირაკლიმ ამოიოხრა. უჭირდა თქმა, მაგრამ, იცოდა, ვალდებული იყო, ძმისთვის არაფერ დაემალა.

– ბატონო გიორგი, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. თუ არ შეწუხდებით, ჩემს კაბინეტში წამობრძანდით!

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – აფორიაქდა გიორგი და სახე ქაღალდივით გაუთეთრდა – ეტყობა, გულმა ცუდი უგრძნო.

– გთხოვთ, – წინ გაუძღვა ირაკლი, პალატის კარი გამოაღო და გასვლისას ასისტენტს დაუბარა:

– ავადმყოფი ერთი წუთითაც არ დატოვოთ მარტო, მე მალე მოვალ!

***

– ბატონო გიორგი, ძალიან მიმძიმს, მაგრამ, უფლება არ მაქვს, ყველაფერი არ გითხრათ, – მიმართა ექიმმა საკმაოდ დაბნეულ მამაკაცს და სავარძელზე მიუთითა.

გიორგიმ შეშინებული თვალები მიაპყრო და სახეზე წითელმა ლაქებმა დააყარა.

„ესეც მოსაბრუნებელი არ გამიხდეს“, – გაიფიქრა პროფესორმა და კარადიდან კონიაკი და სიგარეტი გამოიღო. მერე სასმელი პატარა სირჩაში ჩამოასხა და სიგარეტთან და საფერფლესთან ერთად წინ დაუდგა:

– დალიეთ, ცოტა სიმხნევეს შეგმატებთ. თუ გნებავთ, მოწიეთ კიდეც. როცა მზად იქნებით მოსასმენად, მითხარით.

გიორგიმ კონიაკი გადაკრა და სიგარეტს მოუკიდა. ხელები უკანკალებდა. ორი ღრმა ნაფაზის შემდეგ კიდევ დაისხა კონიაკი. მერე კიდევ. რამდენიმე წუთში ხელების კანკალმა გაუარა, სახეც შედარებით დაუწყნარდა და მიხვდა, რომ უკვე ნებისმიერი ინფორმაციის მოსმენა შეეძლო. სავარძელში გასწორდა და მოლოდინით მიაჩერდა ექიმს.

– მზად ხართ? – ჰკითხა ირაკლიმ და თვითონაც დაისხა კონიაკი.

– დიახ... კიბო სჭირს? – ვეღარ მოითმინა და თავად დაასწრო შეკითხვა.

– დიახ, თირკმელის. მაგრამ, მარტო ეს რომ იყოს... – პროფესორი გაჩუმდა და გიორგის შეხედა.

– ანუ, კიდევ არის რამე? – დაძაბულად იკითხა გიორგიმ.

– კიდევ არის ინფარქტისგან დაფლეთილი გული, ავარიის შედეგად დამტვრეული სხეული და სერიოზულად დაზიანებული შინაგანი ორგანოები.

– ესე იგი, გადარჩენის შანსი ნულია? – სახე გაუფითრდა გიორგის.

– როგორ გითხრათ... ავარია რომ არ მოსვლოდა, დიდხანს ისედაც ვერ გასტანდა – ინტენსიური მკურნალობით, შესაძლოა, ერთი წელი, მაქსიმუმ, წელიწად-ნახევარი ეცოცხლა, ახლა კი, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, გულია გადასარჩენი.

– თუ ამჯერად გამოძვრა, მაშინ?

– მაშინ, ექვსი თვე თითქმის გარანტირებული ექნება, ოღონდ, მკურნალობის კურსის გაგრძელების შემთხვევაში. არ იცოდით, სიმსივნე რომ ჰქონდა?

– არა. თვითონაც არ იცოდა, თორემ, მეტყოდა. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... – გაოგნებული სახით იმეორებდა გიორგი, – ყველაფერს მოველოდი, ამის გარდა!..

– ბატონო გიორგი, ერთი დელიკატური შეკითხვა მაქვს თქვენთან, – უხერხულად შეიშმუშნა ექიმი.

– გისმენთ, ბატონო ირაკლი!

– ვინ არის ნანიკო თუ ნანუკა?

– ალბათ, გინდათ თქვათ – ნანიტა. დიმიტრის ყოფილი ცოლია.

– ასეც ვფიქრობდი...

– რაშია საქმე? რა შუაშია აქ ნანიტა? – გაუკვირდა გიორგის.

– არაფერ შუაში არაა. საქმე ისაა, რომ გონზე მოსვლის წუთიდან თქვენი ძმა მხოლოდ ამ სახელს იმეორებს – ნანიტას ეძახის.

– ლაპარაკი შეუძლია? – გაუხარდა გიორგის.

– არა, მთლად ასეც არაა საქმე, მაგრამ, ტუჩების მოძრაობით მივხვდი. ოდნავ გასაგონი ხმით ჩურჩულებს, თვითონ კი აშკარად ჰგონია, რომ მთელი ხმით ყვირის – ალბათ, ეძახის.

– ექიმო, – დაძაბულობის გამო გიორგის ხმა აუკანკალდა, – არ დამიმალოთ, მართალი მითხარით, არის რამე შანსი, თუნდაც თეორიული, რომ... რომ... ჩემი ძმა გადარჩეს?

– თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, ჩემო კარგო. ამ ეტაპზე თქვენი ძმა, პრაქტიკულად, გადარჩენილია. მაგრამ, მე ვერაფერს გეტყვით, რა მოხდება თუნდაც უახლოესი ორი-სამი თვის, უფრო მეტიც – ორი-სამი კვირის განმავლობაში.

– საავადმყოფოში რამდენ ხანს უნდა იწვეს?

– ზუსტად ვერ გეტყვით. მთავარია, კრიზისულმა პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიაროს და მერე ვნახოთ. ჰო, მართლა, აქედან სად გადაიყვანთ, თქვენთან თუ...

– ცხადია, ჩემთან. თვითონ მარტო ცხოვრობს და ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. როგორც გითხარით, ცოლთან გაყრილია, თან, არც შვილებთან აქვს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა. მეც მარტო ვცხოვრობ – ქვრივი ვარ. ჩემი ქალიშვილი გათხოვილია, ბინა დიდი მაქვს, მატერიალურად არ მიჭირს, ასე რომ, მომვლელს ავიყვან და პრობლემა არ იქნება. თუმცა...

– თუმცა?..

– თუმცა, ეჭვი მეპარება, ადვილად ვიპოვო მომვლელი.  ბატონო ირაკლი, იქნებ, თქვენ დამეხმაროთ ამ საქმეში და თქვენი მედპერსონალიდან დაითანხმოთ ვინმე? კარგად გადავუხდი. თანაც, მედმუშაკს უკეთ ეცოდინება, როგორ უნდა მოუაროს ასეთ ავადმყოფს...

– შევეცდები, ბატონო გიორგი. ორ-სამ თვეში ჩვენი კლინიკა რემონტის გამო იკეტება და პერსონალის ნაწილი დროებით უმუშევარი რჩება. აქ ერთი კარგი ექთანი გვყავს, მზია ჰქვია. ახალგაზრდა ქალია, თავისი საქმის კარგი მცოდნე, თან, რამდენადაც ვიცი, მატერიალურადაც მაინცდამაინც არ ულხინს. რატომღაც, მგონია, რომ უარს არ გვეტყვის. თუმცა, ეს მომავლის საქმეა. მართალია, ახლო მომავლის, მაგრამ, მაინც...

– ძალიან კარგი. მაშინ, თქვენს იმედზე ვიქნები.

– ბატონო გიორგი, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს.

– ბრძანეთ.

– მის ყოფილ ცოლს არ უნდა გავაგებინოთ? როგორც წესი, ოჯახს ჩვენ ვატყობინებთ ხოლმე, მაგრამ, ახლა, სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

скачать dle 11.3