რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს 1998 წლის გამოშვება „ოპელ ასტრა G”, 2-ლიტრიანი „ეკოტეკის“ ძრავით. ზოგიერთი ობივატელისა რა მოგახსენოთ, რომლებიც „ოპელის“ მარკის მანქანებს აუგად მოიხსენიებენ, მე კი ჩემს მანქანაზე შეყვარებული ვარ. 2000 წელს ის პარიზიდან წამოვიყვანე და, აგერ უკვე 13 წელიწადია, არსად და არაფერში უღალატია ჩემთვის. ისე, შემიძლია, დავიკვეხნო, რომ მოვლა-პატრონობას ნამდვილად არ ვაკლებ – ყოველთვის ყველაფერს გრაფიკის მიხედვით ვცვლი და ვაკეთებ. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი თვეა, თავი იჩინა პრობლემამ, რომელიც ვერანაირად ვერ გადავჭერი. საქმე შემდეგშია: ძრავას თავისუფალ რეჟიმში მუშაობისას (ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდ“) ძალზე ხშირად ტაქომეტრზე ბრუნვათა რაოდენობა მკვეთრად ვარდება 800-დან 300-400-მდე და ძრავას ეწყება დეტონაცია. ეს მეორდება სამ-ოთხჯერ და ჩემ მიერ აქსელერატორით ბრუნვების მომატების შემდეგ ყველაფერი ნორმაში დგება. ხელოსნების მთელი არმიის მოვლისა და კონსულტაციების შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის გამანაწილებელი მუხლანა ლილვის ამკრები ხელსაწყოს (დატჩიკის) ბრალი. ხელოსნების ამ დასკვნას არ ვეთანხმები, რადგან, „დატჩიკი“ მუშაობს ან არ მუშაობს და იმ რეჟიმში, როგორც ჩემი მანქანის ძრავა იქცევა, მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ვერ მოიქცეოდა. მიუხედავად ამისა, დავიწყე აღნიშნული „დატჩიკის“ მოძიება როგორც ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში, ასევე, ელიავაზე, „დაშლილებში“. ჩემი დიდი მონდომების მიუხედავად, აღნიშნული დეტალი ვერსად მოვიძიე. გთხოვთ, აღმომიჩინოთ დახმარება და გამიწიოთ კონსულტაცია, როგორ გადავჭრა ჩემი ძრავის პრობლემა?
პასუხი: თქვენი პრობლემა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამი სხვადასხვა ძირითადი მიზეზით, რომლებიც კიდევ ცალკე იყოფა ქვეპუნქტებად და ჭკვიანი ხელოსანი გამორიცხვის მეთოდით მას აუცილებლად მიაგნებს. დიაგნოზის დასმის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ავტომობილში პრობლემა პერიოდულად, თუნდაც ხშირად, იჩენს თავს და არა მუდმივად. ძრავა რომ მუდმივად ასეთ უჩვეულო რეჟიმში მუშაობდეს, მიზეზს ხელოსნები იოლად იპოვიდნენ. რაც შეეხება მიზეზებს: პირველი მიზეზი – რაღაც მომენტებში ელექტროსისტემის რომელიღაც დეტალი არასწორ სიგნალს გადმოსცემს ან არასწორად იღებს სიგნალს. ასეთები შეიძლება იყოს: პირველი – სენსორი, რომლის შესახებაც უკვე გითხრეს და, არ არის გამორიცხული, რომ ის სიგნალს პერიოდულად კარგავდეს; მეორე – კომპიუტერი, რომელიც ათვლილ სიგნალს იღებს, ამუშავებს და გადასცემს შემსრულებელ სისტემებს; მესამე – შემსრულებელი სისტემებიდან რომელიმემ, მაგალითად, ბაბინამ ან ყველაზე პრიმიტიულმა სანთელმაც კი, შეიძლება, წარმოქმნას ეს პრობლემა; მეორე – მსგავსი პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს საწვავის მიწოდების სისტემიდან, ვგულისხმობ, როგორც სისტემაში წნევის გამანაწილებელ მოწყობილობებს („ბენზონასოსი“, „აბრატნი კლაპანი“ და სხვა), ისე ვაკუუმისა და ელექტრობის მეშვეობით ბრუნვათა რიცხვის მაკონტროლებლებს, როგორიცაა „ხალასტოი ხოდის” მარეგულირებელი, ვაკუუმზე მომუშავე სხვა სტაბილიზატორები; შემდეგი კი, შეიძლება იყოს წმინდა მექანიკური მიზეზი, ისეთი, როგორიცაა ძრავას ზედა ნაწილში („გალოვკა“) სარქველების („კლაპნების“) არაჰერმეტულად დახურვა, რისი შანსიც, ზოგადად, ნაკლებია, მაგრამ, არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გადამოწმებასა და დიაგნოზის დასმას, სხვადასხვა მიმართულების ხელოსნების კომპლექსური მუშაობა სჭირდება, თან, მათ დასჭირდებათ დრო, რომ რამდენჯერმე მოახერხონ კომპიუტერზე შეერთებული ავტომობილის ბრუნვათა ვარდნის და დეტონაციის „გამოჭერა.“ ამის საშუალება დღესდღეობით მხოლოდ „თეგეტა მოტორსშია.“ თუ მიხვალთ, იკითხეთ ხელოსანი ტოლიკა და სთხოვეთ, რომ სწორედ მან დაიწყოს პრობლემის ძიება. მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაში მას დიდი გამოცდილება აქვს.
კითხვა: მსურს, შევიძინო 2005 წლის „ჰამერ H2,“ V8 6.0 ძრავით, იქნებ, მითხრათ, რა პლუსები და მინუსები აქვს ამ ავტომობილს; ასევე მაინტერესებს „შევროლე ტაჰო“, 2008 წლის, V8 5.3 მოცულობის ძრავით. თქვენ რომლის შეძენას მირჩევთ?
პასუხი: ალბათ, მაინც უფრო „ჰამერს“ გირჩევდით რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რომ საქართველოში ის უფრო მიღებული და პრესტიჟულია. მიუხედავად იმისა, რომ „ტაჰო“ უფრო თანამედროვედ გამოიყურება, ჩვენს რეალობაში „ჰამერს“ თავისი ადგილი აქვს; მეორე, იმიტომ, რომ, როგორც „ჯიპი”, გამავლობაში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა „ჯიპურ“ თვისებებში, „ტაჰო“ „ჰამერთან“ ახლოსაც ვერ მოვა და, მესამე – ადრე თუ გვიან, ყველა ავტომობილს უწევს გაყიდვა და „ტაჰოს“ გაყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ, მაშინ, როცა „ჰამერზე“ მოთხოვნა სულ არის. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: „ჰამერს“ საქართველოში ხელოსნები უკვე კარგად იცნობენ და, მიუხედავად იმისა, რომ მისი სერვისი რთულია, ის უფრო ხელმისაწვდომია.
კითხვა: მსურს, შევიძინო „მიცუბიში აირტეკი”, 4x4-ზე. რომელი ძრავით აღჭურვილს მირჩევთ? არსებობს თუ არა ეს მოდელები 2.4-ლიტრიანი, ოღონდ, არა GDI სისტემით აღჭურვილი? ოჯახისთვის მინდა და, შესაბამისად, იოლად შესანახი რომ იყოს; ამასთანავე, ხანდახან მიწევს მაღალმთიან სოფელში სიარული. ხომ არ მირჩევთ რომელიმე სხვა მოდელს? მომავალში ვაპირებ საჭის გადატანას, ამიტომ, „სუბარუ ფორესტერზე” თავს ვიკავებ.
პასუხი: თუ ასფალტირებული გზიდან გადახვევა ერთხელ მაინც მოგიწევთ, თქვენს მოთხოვნებთან „მიცუბიში აირტეკს“ არაფერი აკავშირებს, ვინაიდან, ეს ავტომობილი, რეალურად, ასფალტირებული გზისთვისაა განკუთვნილი, ოღონდ, გამოიყურება, როგორც ყველგანმავალი. ეს მოდელი თქვენი მოთხოვნების არც სხვა პუნქტს აკმაყოფილებს, რომელიც ეხება ავტომობილის იოლად შენახვას. ეს მოდელი იოლად გამოდის მწყობრიდან, აქვს სუსტი სავალი ნაწილი, საჭის მექანიზმი და კიდევ სხვა დეტალები. თუ შედარებაზე მიდგა საქმე, „სუბარუ“ გაცილებით პრიმიტიულად გამოიყურება, მაგრამ, გაცილებით ძლიერი ავტომობილია. ამ კლასში გირჩევდით „ტოიოტა რავ 4-ს“, რომელიც თქვენ მიერ ჩამოთვლილ მოდელებს არც შეედრება, იმდენად ამტანია და საჭის გადმოტანასაც უფრო მარტივად შეძლებთ.