ქათამი ზაფრანითა და ბრინჯით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ქათამი, 2 ცალი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან თეთრი მშრალი ღვინო, 2 ჭიქა ბრინჯი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მწიკვი ზაფრანა, თითო კონა ქინძი და ოხრახუში, 0,5 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 2 ცალი ლიმონი, მოსართავად. რამდენიმე ცალი უკურკო ზეთისხილი, მარილი, ძირა და შავი პილპილი გემოვნებით, 2 ცალი დაფნის ფოთოლი.
მომზადების წესი: ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსამდე. ხახვი, ნიორი და მწვანილი წვრილად დაჭერით, დაფქვით ხმელი ქინძი, რგოლებად დაჭერით ლიმონი . ზაფრანას დაასხით 1 ჭიქა ცხელი ქათმის ნახარში. ქოთნის ძირზე ჩააწყვეთ ჯერ ლიმონის ნაჭრები, შემდეგ ნიორი და მწვანილი. ზეთი, მარილი, პილპილი და დაფქული ქინძი ერთმანეთში აურიეთ, ქათამს წაუსვით შიგნიდან და გარედან, ჩადეთ ქოთანში, დაასხით ზაფრანიანი ბულიონი და შედგით ღუმელში დაახლოებით 90 წუთით. ქათმის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე, დაიწყეთ ბრინჯის მომზადება: ცხიმში ჩაყარეთ ბრინჯი, 2 წუთის განმავლობაში ურიეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დაასხით 4 ჭიქა წყალი, უყავით მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და ძირა გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ქოთანი თავდახურული დატოვეთ 10 წუთით. სუფრასთან მიიტანეთ ქათამთან და უკურკო ზეთისხილთან ერთად, ზემოდან კი მოასხით მისივე წვენი.