კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გასცა ბაილოვის ციხიდან სტალინის გაქცევის გეგმა

გადასახლებიდან გაქცევის პირველი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, სტალინს თავის განზრახვაზე უარი არ უთქვამს და ხელი არ ჩაუქნევია. ის გულდასმით შეუდგა მეორე გაქცევისათვის მზადებას. ჩვენ ამ თემაზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ.

პირველი გაქცევის შემდეგ (1903) სტალინი გადასახლების ადგილას – ნოვაია უდაში, გლეხ მიტროფანე კუნგაროვის სახლში ცხოვრობდა. პოლიციას ეჭვი რომ არ აეღო, ჯუღაშვილი სწორედ კუნგაროვის დახმარებით გეგმავდა გაქცევას. რა თქმა უნდა, მიტროფანე კუნგაროვი არავითარ შემთხვევაში არ გაუმართავდა ხელს გადასახლებულს გაქცევაში, რადგან ამისთვის მას სასჯელი ელოდა. ამიტომ, სტალინს კუნგაროვი უნდა მოეტყუებინა. მისი „მასპინძელი” საკმაოდ გულუბრყვილო გამოდგა. სტალინმა ისეთი ამბავი შეთხზა, რომ ფრთხილი და წინდახედული ციმბირელი გლეხიც კი შეიყვანა შეცდომაში. კერძოდ, მან მიტროფანე კუნგაროვს უთხრა, რომ ნოვაია უდადან ზარკოვოში სურდა გამგზავრება, რათა ადგილობრივი პოლიციის უფროსზე საჩივარი შეეტანა. კუნგაროვი არ დაეჭვებულა, რადგან ამის უფლება გადასახლებულს ჰქონდა. მიტროფანე კუნგაროვი უფრო მეტად რომ დაეინტერესებინა, სტალინი, ფულის გარდა, არაყსაც შეჰპირდა. არყის გარეშე 40-გრადუსიან ყინვაში რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა შეუძლებელი იყო – ადამიანი გაიყინებოდა. კუნგაროვმა მარხილი გაამზადა, სტალინმა კი მარხილში ჩაალაგა საკვები და საკმაო რაოდენობის არაყი. მეეტლეც და მისი მგზავრიც თბილად იყვნენ ჩაცმულები. არყისგან შეზარხოშებულმა მიტროფანე კუნგაროვმა მარხილი დიდი სისწრაფით გააქანა. გზადაგზა ჩერდებოდნენ და სტალინი არყის მორიგი ულუფით უმასპინძლდებოდა გულუბრყვილო გლეხს, რომელიც ისე გამობრუჟდა, რომ ზოგჯერ გახსნილი ქურქით მიაქანებდა მარხილს. როცა სტალინმა მარშრუტი შეცვალა, მიტროფანე კუნგაროვი მიხვდა, რომ გადასახლებული გაქცევას აპირებდა და შეშინდა. სტალინმა აიძულა გონს მოსულ გლეხს გზა გაეგრძელებინა. შეშინებულმა კუნგაროვმა გზა განაგრძო. მან სტალინი ტირეტის სადგურამდე მიიყვანა და უკან გაბრუნდა. ტირეტიდან სტალინმა ირკუტსკში ჩააღწია, საიდანაც გზა მატარებლით განაგრძო. 

გავრცელებულია ვერსია იმის შესახებ, რომ ირკუტსკიდან მატარებლით გზის გაგრძელება ჯუღაშვილმა, მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ მას პოლიციის აგენტის ყალბი მოწმობა ჰქონდა. ეს ვერსია უსაფუძვლოა, რადგან, ასეთი საბუთის შოვნა დიდი ფულის გარეშე ციმბირში შეუძლებელი იყო, სტალინს კი ფული არ ჰქონდა. სავარაუდოდ, სტალინს მართლაც უნდა ჰქონოდა ყალბი საბუთი (ასეთი საბუთების შოვნა გადასახლებულებს არ უჭირდათ), მაგრამ, არა პოლიციის აგენტის მოწმობა.  ირკუტსკიდან გაქცეული სტალინი 10 დღის შემდეგ თბილისში ჩავიდა. 

ციმბირიდან გაქცეული სტალინის დაპატიმრებას ჟანდარმერია ოთხ წელზე მეტხანს ცდილობდა, მაგრამ, წარუმატებლად. სტალინი ყოველთვის ახერხებდა მიმალვას. 1908 წლის 15 მარტს ჟანდარმერიამ ბაქოში დიდი დაპატიმრებები ჩაატარა. სტალინი ამჯერადაც გადარჩა, თუმცა, ჟანდარმერია მის ძებნას განაგრძობდა. ათი დღის შემდეგ, 25 მარტს, ბაქოში, მორიგი დაპატიმრებების დროს, ჯუღაშვილიც ჩავარდა. უფრო სწორად, მას გაქცევა არ უცდია, რადგან, ამ დროისთვის მოასწრო ყალბი პასპორტის შეძენა, რომლის მიხედვითაც ის იყო გაიოზ ბესარიონის ძე ნიჟარაძე. ჟანდარმერიაში გაიოზ ნიჟარაძის ნამდვილი ვინაობა დაადგინეს: ჟანდარმერიის არქივში არსებული სტალინის ფოტოებით დადასტურდა, რომ ყალბი პასპორტის მფლობელი იყო არა გაიოზ ბესარიონის ძე ნიჟარაძე, არამედ, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი.

იოსებ სტალინი ბაქოში ბაილოვის ციხეში ჩასვეს. იმჟამად ბაილოვის ციხე პატიმრებით იყო გადატვირთული – 400 კაცისთვის განკუთვნილ საკნებში 1 500 პატიმარი იხდიდა სასჯელს. სტალინს ფილტვის დაჩრდილვა ჰქონდა და სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა. მისი თანაპარტიელი ბუდუ მდივანი ჯუღაშვილს მხრებზე შეისვამდა ხოლმე, რათა სარკმლიდან სუფთა ჰაერი შეესუნთქა. ციხის აუტანელი პირობების გაპროტესტების მიზნით, სტალინმა გაფიცვა მოაწყო. ციხის უფროსმა პოლიტპატიმართა დასასჯელად ჯარისკაცები გაგზავნა. პატიმრები ჯარისკაცთა ორ მწკრივს შორის გაატარეს და დაუზოგავად სცემეს კონდახებით. სტალინმა მწკრივებს შორის თავაწეულმა გაიარა, იღლიაში წიგნებ ამოჩრილს თავი ცინიკურად ეჭირა და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძლიერი დარტყმა იგემა, წიგნები ხელიდან არ გავარდნია. საკანში მიბრუნებულმა ჯუღაშვილმა, მალე საკნის კარი დაამტვრია. ბაილოვის ციხეში იოსებ სტალინი გაქცევისთვის ემზადებოდა. ღამით ის თანაპარტიელების მიერ შეგზავნილი ხერხით ცდილობდა სარკმლის გისოსების გადაჭრას. სარკმლიდან გაპარულ სტალინს, ეტლით თანაპარტიელთა შეიარაღებული რაზმი ელოდა. გაქცევა არ შედგა, რადგან, სტალინი გასცეს. გაქცევამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ციხის ჩვეულებრივი დაცვა შეიცვალა და მცველთა ადგილი კაზაკებმა დაიკავეს. სავარაუდოა, რომ ჯუღაშვილის გაქცევის გეგმა გასცა ციხის იმ ზედამხედველმა, რომლის საშუალებითაც თანაპარტიელებმა სტალინს საკანში ხერხი შეუგზავნეს. 

სტალინი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. ბაქოდან ის ჯერ მოსკოვში, ბუტირკის ციხეში, გადაიყვანეს, საიდანაც ვოლოგდაში გაამგზავრეს. ბაქოდან მოსკოვის გავლით ვოლოგდაში ჩასვლას, პატიმართა იმ ჯგუფმა, რომელთან ერთადაც სტალინი მგზავრობდა, სამი თვე მოანდომა. 

ვოლოგდის ციხეში სტალინმა მორიგი ამბოხება მოაწყო. ამიტომ, გადაწყდა, სწრაფად გაემგზავრებინათ მისი გადასახლების საბოლოო ადგილზე. გადასახლებაში ციმბირში გამგზავრება ჯუღაშვილს არ სურდა, რადგან, კარგად უწყოდა, თუ რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იქიდან გაქცევა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვოლოგდაში სტალინი ტიფით დაავადებულა, რის გამოც ციმბირში გასაგზავნ პატიმართა ჯგუფს ჩამოაშორეს და სამკურნალოდ ვიატკის ჰოსპიტალში მოათავსეს. უფრო სავარაუდო უნდა იყოს ის ვერსია, რომ სტალინს ტიფი არ შეჰყრია და მან ციხის ექიმი რაღაც საშუალებით აიძულა, ყალბი დასკვნა გაეცა. ის რომ ტიფით დაავადებულიყო, ისე სწრაფად ვერ გამოჯანმრთელდებოდა. ვიატკის ჰოსპიტლიდან სტალინი ისევ ციხეში გადაიყვანეს და პატიმართა მორიგ ჯგუფთან ერთად მაინც გაუყენეს ციმბირის გზას. მისი გადასახლების ადგილად განსაზღვრული იყო სოფელი სოლვიჩეგოდსკი, სადაც სტალინი 1909 წლის თებერვალში მარხილით ჩაიყვანეს. ამ დროისთვის სოლვიჩეგოდსკში 450 გადასახლებული ცხოვრობდა. მათ შორის უმრავლესობას პოლიტპატიმრები შეადგენდნენ. სოლვიჩეგოდსკი რუსი კოლონისტების მიერ 700 წლის წინ იყო დაარსებული. ადგილობრივი მოსახლეობა ბეწვეულის ვაჭრობით ირჩენდა თავს. მდინარე ვიჩეგდაზე მდებარე სოლვიჩეგოდსკის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა მეთექვსმეტე საუკუნის რუსული ეკლესია, ფოსტის შენობა და ადგილობრივი ვაჭრის სახლი. სტალინი თავდაპირველად ათ გადასახლებულთან ერთად ცხოვრობდა. მას თანაპარტიელები „ოსიპისა” და „კობას” ფსევდონიმებით იცნობდნენ. 

სტალინს გადასახლებიდან გაქცევის უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ, მორიგი გაცევა არ გასჭირვებია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახლებიდან იოსებ სტალინზე გაცილებით ნაკლები შესაძლებლობის პოლიტპატიმრებიც გარბოდნენ. 1906-1909 წლებში ციმბირში გადასახლებული 32 ათასი მსჯავრდებულიდან სხვადასხვა დროს 14 ათასმა მოახერხა გაქცევა, მით უმეტეს, გაქცევა არ გაუჭირდებოდა სტალინს. ის სოლვიჩეგოდსკიდან გაქცევის შემდეგ კოტლასში ჩავიდა, სადაც ყალბი დოკუმენტებით პეტერბურგისაკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა და პეტერბურგამდე დიდი თავგადასავლების გარეშე ჩააღწია, ხოლო 1909 წლის ივლისში კვლავ ბაქოში გამოჩნდა. ბაქოში ჩასულ სტალინს ახალი ყალბი პასპორტი ჰქონდა, ამჯერად, სომეხი ვაჭრის, ოჰანეს ტოტომიანცის სახელზე გაცემული. რაღაც დროიდან ჯუღაშვილს „ოხრანკა” აედევნა, რაც იქიდან ჩანს, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში „ოხრანკის” მიერ ჩანერგილი აგენტები „ფიკუსი” და „მიხაილი,” რეგულარულად აწვდიდნენ „ოხრანკას” ცნობებს სტალინის ბაქოში მოღვაწეობის შესახებ. თავიანთ მოხსენებებში, ცხადია, „ფიკუსი” და „მიხაილი” სტალინს ნამდვილი სახელითა და გვარით არ იხსენიებდნენ. „ოხრანკის” დოკუმენტებში, ძებნილი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, კონპირაციული მოსაზრებებით, „მალოჩნის” ფსევდონიმით იხსენიებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს „ოხრანკა” უთვალთვალებდა, სპეცსამსახურებს დიდი დრო დასჭირდათ იმის დასადგენად, რომ იოსებ ჯუღაშვილი და ოჰანეს ტოტომიანცი ერთი და იგივე პიროვნება იყო.

 

скачать dle 11.3