რა შემთხვევაში იქნება მაცხოვრის შობის დახმარებით ადამიანი გამოხსნილი საკუთარი ცოდვებისგან და როდის არ აქვს ამ დღეს ქრისტიანისთვის არანაირი მნიშვნელობა
7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო კიდევ ერთხელ აღნიშნავს მაცხოვრის შობის დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანებს კიდევ ერთხელ უბრუნებს დაკარგულ იმედს და შობის შესახვედრად ამზადებს. თუმცა, ხშირად, 7 იანვრის დასრულებისთანავე, ადამიანები ივიწყებენ ამ დღის მნიშვნელობას. არადა, არა მხოლოდ 7 იანვარს, არამედ მთელი ცხოვრება ჩვენს გულში, გონებაში უნდა იშვას იესო ქრისტე, რომელიც კაცობრიობის სანუგეშოდ, გადასარჩენად განკაცდა დედამიწაზე. შობის დღესასწაულის ისტორიის, მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, რით გამოირჩევა შობის დღესასწაული სხვა საუფლო დღესასწაულებისგან?
– მაცხოვრის შობის შესახებ სწავლება გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსში“, რომელიც ყველა ქრისტიანმა ყოველ დილას, დილის ლოცვების წაკითხვისას, უნდა წარმოთქვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტე მოვიდა არა ანგელოზებისთვის, ფრინველებისთვის, პირუტყვებისთვის, არამედ ჩვენთვის, ადამიანებისთვის და ჩვენი ცხონებისთვის. ქრისტეს შობის დღესასწაული ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო, საუფლო დღესასწაულია და, როგორც ცნობილია, უკვე მეორე საუკუნიდან, ყველა ქრისტიანულ თემში აღინიშნებოდა, თუმცა, სხვადასხვა დროს. 25 დეკემბერს, ანუ ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულის დაარსება უკავშირდება ასტრონომიულ „მზის დაბადებას“, ანუ დღის მომატებას, რომელიც დეკემბრის მიწურულს, ზამთრის მზებუდობის შემდეგ იწყება. ესე იგი, 21 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ღამე მაქსიმალურად გრძელია. ქრისტეშობის დღესასწაულის „მზის დაბადებასთან“ დამთხვევას საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს. ძველი აღთქმის საღვთო წერილში ნახსენები „სიმართლის მზე“ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქრისტეს მომასწავებლად არის მიჩნეული. შობა, ეს არის უდიდესი საღვთო საიდუმლო, ამ დღეს მოხდა ღმერთის განკაცება და მან კაცთა მოდგმა გამოგვიხსნა საუკუნო ცოდვებისგან და გაგვიხსნა ბჭე ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისა, საუკუნო ცხოვრებისა და ცათა სასუფევლის მკვიდრობისა.
– რატომ იშვა მაცხოვარი მაინცდამაინც ბეთლებში, ბაგაში – პირუტყვების სადგომში?
– მაცხოვარი თავმდაბლობით იშვა ბეთლემში, უბრალო მღვიმეში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის გულიც ამ მღვიმესავით დაბინძურებულია გარკვეული ცოდვებით. პირუტყვიც ცოდვის სიმბოლოა. მაცხოვრის შობით უნდა განიწმინდოს ადამიანი და მაცხოვრის შობა უნდა გახდეს მისთვის მაცხოვნებელი. თქვენ გინახავთ, როგორ ზეიმობენ ადამიანები შობას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას აგრძელებენ. ანუ, მაცხოვარი შობიდანვე მიტოვებული იქნება, ის ადამიანებისგან განიდევნება. ამიტომაც, ადამიანისთვის მაცხოვრის შობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კალენდარული მარხვის შენახვით, აღსარებითა და ზიარებით, არამედ „ღმერთმა ღმერთი ღვთიმშვენიერად შვა, ღმერთი კაც იქმნა, რათა კაცი განეღმრთოს“. ასე რომ, მთავარია, როგორაა ჩვენი გული გამზადებული მაცხოვრის შობის მისაღებად. ადამიანში ღვთის სამყოფელი გულია და არა გონება. საკურთხეველი ღვთისა არის გული. ამიტომაც, მთელი მარხვისა და არა მხოლოდ მარხვის განმავლობაში, ადამიანმა უნდა განიწმინდოს გული, გონება, რომ მასში მაცხოვარი იშვას. ჯერ კიდევ საღმრთო წერილში, მიქეას წიგნში, იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი, ზეციური პური, სწორედ ბეთლემში უნდა მოსულიყო. თვით სახელი „ბეთლემი“ ებრაულად „პურის სახლს“ ნიშნავს. ბეთლემში დაბადებულ ჩვილს კი უწოდეს იესო ქრისტე. „იესუ“ ებრაულად ნიშნავს მაცხოვარს, მაცოცხლებელს, არსებობის გამცემელს, „ქრისტე“ კი მოდის ბერძნული სიტყვიდან – „ხრიძო“ და ნიშნავს „ვაცხებ“ „ცხებულს“. ანუ, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „იესო ქრისტე“ ნიშნავს მესიას, რომელიც არის ცხებული. ის ისეთივე სრულ ღმერთად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. მან მხოლოდ შეიძინა სრული კაცობრივი ბუნება, ისეთივე, როგორიც თითოეულ ადამიანს აქვს, იმ განსხვავებით, რომ ქრისტე უცოდველია. ანუ, ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, იშვა ქალწული მარიამისგან და ირწმუნებს ყოვლადწმიდა სამებას, ის იქნება გამოხსნილი, გათავისუფლებული ყოველგვარი ცოდვისგან. ყველა ადამიანს შეუძლია, აღიაროს, ირწმუნოს, მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და მისი გულიც განათდება მაცხოვრის შობით, რის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმს, ანუ ზეციურ სასუფეველს. სწორედ ამიტომაც, მაცხოვრის შესახებ პირველად ეუწყათ არა ამ სოფლის თავადთ, დიდებულებს, ბრძენთ, არამედ უბრალო მწყემსებს, მეთევზეებს, ანუ მათ‚ ვისაც გარეგნული და შინაგანი სიგლახაკე გააჩნდათ.
– დღეს ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ სწავლება ღმერთზე, ეს წინა საუკუნეების გადმონაშთია, მოძველდა რელიგია.
– ასეა დღესაც და მალე მაცხოვარი, განკაცდება და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები დაიკავებს მოძღვრის, ეკლესიისა და ღმერთის ადგილს. დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად უკვე არის ამის ნიშნები. იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ და ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ ის საჭირო იყო პირველ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გასულ საუკუნეებში, ასევე საჭირო იქნება მომავალ საუკუნეებშიც, სანამ უფლის ნებით არსებული სამყარო არ შეწყვეტს არსებობას. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხარიდ‚ შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებას. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. თანამედროვე, „დიდებულ“ ადამიანებს, როცა ვესაუბრებით და ვეუბნებით, საჭიროა მარხვის შენახვა, აღსარება-ზიარება, ისინი მხრებს იჩეჩენ და აცხადებენ: რომ მათ ეს არ სჭირდებათ, ეს მასების საქმეა, მათ ისედაც კარგად იციან საეკლესიო და სასულიერო სწავლებანი. ეს‚ რა თქმა უნდა‚ მცდარი შეხედულებაა. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს ასეთ სიტყვებს: ათიათასჯერ რომ დაიბადოს იესო ქრისტე ბეთლემში, თუ ის ჩვენს გულსა და სულში არ დაიბადება, მაშინ ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება, ისევე‚ როგორც მაცხოვრის შობას არ ექნება არანაირი აზრი.
– შობას ადამიანები ხშირად განსაკუთრებული ზეიმით აღვნიშნავთ. თან, ამ დღეს მარხვა მთავრდება, ისევ ახალი წლის დღეებია და ეს ემოციები 7 იანვარსაც გაგვყვება.
– ყველა ქრისტიანმა ეს დღე უნდა იზეიმოს გულით, ცოდნით, დოგმატით და არა მხოლოდ გემრიელი კერძებით, მორთულობებითა და ფოიერვერკებით. 40-დღიანი მარხვით ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენს გულშიც იშვას მაცხოვარი და მას ჩვენი გული ისეთი დაბინძურებული არ უნდა დავახვედროთ, როგორც ის მღვიმე იყო, სადაც 20 საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ იშვა მაცხოვარი. ამიტომაც, უნდა შევინახოთ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, განვიწმინდოთ, რომ შობას ჩვენი გული და ცნობიერება განიწმინდოს და ღირსეულად შეხვდეს მესიის შობას, რომ კიდევ ერთხელ არ გვამხილოს, თუ როგორ არის იმ ბაგასავით დაბინძურებული ჩვენი გული და ცნობიერება. ადამიანი ეჩვევა იმას, რომ თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი საზეიმო განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნული დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა. მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული. მერე კი, უკვე ერთმანეთს მივულოცავთ ამ დიდი დღის დადგომას.