რატომ ვერ შეძლეს სხვა „რემბოებმა“ და „ჩაკ ნორისებმა“ ლევან მდინარაძის ჩანაცვლება
ორწლიანი პაუზის შემდეგ ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი რემბო, კვლავ დავითანხმე ინტერვიუზე, თან ისე, რომ მის კარიერაში საინტერესო სიახლის შესახებ პირველად სწორედ ჩვენ მოგვიყვება. ოდნავ შეცვლილი იმიჯით და ყელზე ბაფთით – DJ Rembo იწყებს ახალ, ნახევრად რეალითი შოუს. ოცდახუთწუთიან გადაცემას ყოველკვირეულად ვნახავთ, რომელიც იანვრიდან გავა GDS-ის ეთერში. გადაცემის პიარს არხი და თავად წამყვანი იანვრიდან იწყებენ, პირველი მარცვალი კი ექსკლუზიურად, როგორც თავად დაგვპირდა, „თბილისელებში“ ჩააგდო.
– რემბო, მომიყევი რატომ გქონდა ასეთი გრძელვადიანი პაუზა. რას აკეთებდი იმ დროის განმავლობაში, როცა არც მედიაში ჩანდი აქტიურად და არც კლუბებში?
– აქტიურად დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას. ალბათ, გახსოვთ, წინა მთავრობის პერიოდში როგრო მოხდა ჩემი დაკავება. მაისურების დარიგებისთვის დამიჭირეს. როცა გამათავისუფლეს, ბერამ შემომთავაზა მასთან მუშაობა. აქტიურად ჩავერთე „ქართული ოცნების” საქმიანობაში. წინასაარჩევნო აქციებისა და კონცერტების ერთ-ერთი ტექნიკური ორგანიზატორი გახლდით. გამოვიდა ისე, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელე უფრო დიდი მასშტაბით. იმ პერიოდში ძალიან რთული იყო რაიმეს შოვნა, მაგრამ მე ისეთი ვარ – თუ საქმისთვის საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ. იყო ფინანსური რესურსი, მაგრამ პრობლემა იყო ამ აპარატურის შეძენა, რადგან ეშინოდათ ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ და საკმაოდ დიდი თანხის აპარატურა შევიძინეთ, როგორც ადგილზე ისე ქვეყნის გარეთ და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მასშტაბურ აქციებზე მისი გამოყენება. ჯერ თავად შევისწავლე ბევრი რამ და მერე სხვის ვასწავლე. ამაში, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო წავიდა, სამაგიეროდ, დაზღვეულები ვიყავით. ერთ ადამიანზე აღარ იყო ამა თუ იმ ტექნიკური გამართულობის ბედი დამოკიდებული და შეგვეძლო, საქმიანობის მშვიდად გადანაწილება, პროცესების მართვა.
– როგორ მოგეწონა ეს საქმე, რომელიც ნაკლებად შემოქმედებითია? თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მუზებს აყოლილი ხელოვანი არასდროს ყოფილხარ და ყოველთვის აკადემიურად უდგებოდი შენს საქმეს.
– ეს ყველაფერი ბიზნესია – საქმიანობა, რომელსაც არასდროს ვაკეთებ სპონტანურად და დაუგეგმავად. სტუდენტი ვიყავი, როცა ერთ-ერთ კლუბში დავიწყე მუშაობა იმის გამო, რომ სწავლის საფასური გადამეხადა. ბილეთებს ვყიდდი და ფეის-კონტროლზე ვმუშაობდი. ჩემი შემოსავალი ღამეში თხუთმეტი-ოცი ლარი იყო. მიუხედავად ძალიან მცირე ანაზღაურებისა, უამრავი რამ ვისწავლე, შიდა სამზარეულოში ჩავიხედე. სულ ვცდილობ, განვითარებას და იმაზე მეტი შედეგის დადებას, ვიდრე მოელიან. ძალიან ბევრი დიჯეია თბილისში და მათთან შედარებით ცოტა ძვირად ღირებული ბიჭი ვარ (იცინის). როცა ერთი წლით ჩამოვშორდი ამ სფეროს, სხვებს შეეძლოთ, გამოთავისუფლებული ნიშა დაეკავებინათ, მაგრამ საერთოდ არ უზრუნიათ არც ჰონორარის და არც ხარისხის გაზრდაზე. ზოგ-ზოგიერთს გაუხარდა კიდეც უცებ რომ გავქრი, თუმცა საერთოდ არ გამოუყენებიათ ეს ამბავი. ჩემდა გასაკვირად, როცა დავბრუნდი კიდევ უფრო დაბალი დონე დამხვდა, ვიდრე მაშინ, როცა ამ საქმეს დროებით ჩამოვშორდი. ზუსტად ვიცი, რომ თუ ყოველდღიურად არ ვისწავლი, ხვალ გამოჩნდება სხვა „რემბო” ან „ჩაკ ნორისი” და ჩემს ადგილს დაიკავებს. მიღწეული არასდროს არის ჩემთვის საკმარისი, მინდა, რომ კიდევ უფრო ღრმად განვვითარდე ამ მიმართულებით... როცა დიჯეი რემბოს ქირაობენ, იქ მუსიკის და გართობის გარდა, ადამიანები გაცილებით მეტს იღებენ. კლიენტებს ვეხმარები ღონისძიებების სწორ დაგეგმვასა და გამართვაში – ხარჯების ოპტიმიზაციით დაწყებული, ტექნიკითა და აპარატურით დამთავრებული. ვიცი, სად და რა შეიძლება, იშოვო თბილისში იაფად და რაც მთავარია, ამაში დამატებით ანაზღაურებას არ ვითხოვ. ისე გამოდის, რომ ადამიანი მქირაობს მე და იღებს მთელ ივენთ-კომპანიას (იცინის). ამ ერთმა წელმა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მასწავლა, რასაც ადრე დიდ დროს ვანდომებდი. ერთი წლის შემდეგ გამოვჩნდი სრულიად ახალი რემბო, ახალი იმიჯითა და საფუძვლიანი გამოცდილებით...
– რაც შეეხება ახალ გადაცემას, GDS-ის გახსნის დღიდან მაყურებლები ელოდებიან, რომ შენ ამ არხზე გადაცემას გააკეთებ. მით უმეტეს, რომ ამ სტუდიის თანამშრომელი იყავი.
– უკვე ერთი წელია, მათი თანამშრომელი აღარ ვარ. დადიოდა ჭორები, რომ მე, რემბო, ბერას ძმაკაცი, არჩევნების შემდეგ რაღაც თანამდებობას დავიკავებდი... ბევრ ეგეთ სისულელეს ამბობდნენ. ამაზე ძალიან ვხალისობ. თანამდებობები ჩემგან შორსაა. სტუდიიდან წამოსვლის შემდეგ, ბერამ დამირეკა, ყველანაირად ცდილობდა, ჩემი გრაფიკისთვის ხელი შეეწყო, რომ ჩემი საქმეც მეკეთებინა და თან, ტელევიზიაშიც ვყოფილიყავი. მუსიკალური გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, დავჯექი და მოვიფიქრე იგივე გადაცემის ჩემებური ვარიანტი, რომელიც შევთავაზე არხის გენერალურ პროდიუსერს, თემურ გოგოლაძეს (ობობას), მაგრამ მან უკეთესი იდეა შემომთავაზა. აქედან გაჩნდა ამ გადაცემის პროექტი.
– რა ფორმატის გადაცემაა?
– ეს არის ჩემი რეალითი. კლიენტი მოდის, მიკვეთავს ივენთს. ამ გადაცემაში გამოჩნდება ყველაფერი – როგორ იქმნება ესა თუ ის წვეულება, რამდენ რამეში ვმონაწილეობ – დეკორაციიდან დაწყებული, განათებით დამთავრებული და თუ სიტუაცია მოწყენისკენ მიდის, ხშირად წამყვანობასაც ვითავსებ. იქნება ინტრიგაც, ექსცესები, გართობა, მომწოდებლებთან ჩხუბი – ყველაფერი ის, რაც რეალურად ხდება. ჩემი აზრით, ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება სწორად მიწოდება. ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ხარისხიანად გადაღებული ვიდეომასალა. გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივ ოცდახუთ წუთს გაგატარებინებთ ტელევიზორებთან. მინდა, გავაკეთო ისეთი გადაცემა, რომელიც კომერციულად საინტერესო იქნება. რემბო ისეთია, როგორიც ცხოვრებაში. იმედია, გადაცემის რეიტინგი პროდუქციის ხარისხთან ერთად გაიზრდება.
– რა დონეზეა საქართველოში გართობა და რას გულისხმობენ, როცა ამბობენ თბილისში გართობის კულტურა არ აქვთო?
– ეს ერთი პატარა ბაზარია სხვადასხვა მოთამაშით. გავაკეთე ორი ქორწილი, ერთი დაჯდა 50 000 ლარი, ხოლო მეორე – 15 000. 15-ათასიანში უფრო მაგრად გაერთნენ ადამიანები, ვიდრე 50-ათიათასიანში. გართობა, ბევრი ფული დაიხარჯა თუ არა, იმაზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, ვისი ქორწილი, ან დაბადების დღეა, ვისი ივენთიცაა, მისი მეგობრების, კომპანიის, იმ ადამიანების გართობა, რომლებისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი. მიხარია, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი მაგარი „აზრზე მოსული“ ტიპია. მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს და ამას ნახავთ კიდეც. მინდა მათ რაც შეიძლება მეტად ისიამოვნონ, გაერთონ და კმაყოფილები დარჩნენ. რაც მთავარია, ამ გადაცემით მე მათ ვუტოვებ პროფესიონალურად გადაღებულ მათი ცხოვრების ბედნიერ წუთებს. ისეთი ივენთებიც იქნება, სადაც გართობა შეიძლება, ვინმეს „გოიმურად“ მოეჩვენოს, მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთია – ჭრელი და მრავაფეროვანი. სწორედ ამიტომ, ტრადიციულისა და თანამედროვის ისეთი მიქსი შეგიძლია გააკეთოთ, რომ ყველასთვის მისაღები იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებულია და თქვენზეც, მაყურებელზე, რომელიც იმედია, ამ გადაცემაში აქტიურად ჩაერთვება... ზოგადად გადაცემა იქნება ჩემნაირი... რემბო იქნება, რა (იცინის).