კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ძვირფასო „თბილისელებო“!

მე ვარ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მკითხველი. სწორედ თქვენი წყალობით დამიბრუნდა ზუსტად შარშან ამ დროს შეყვარებული, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს და, ამის გამო, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდით.

მინდა, შობა-ახალი წელი მოგილოცოთ მთელ კოლექტივს და წარმატებები, ბარაქა, ჯანმრთელობა და მშვიდობა გისურვოთ.

პატივისცემითა და სიყვარულით

თეონა, 24 წლის.

 

ყველას ჩემნაირ ბედნიერებას გისურვებთ!

დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად შობა-ახალი წელი მიყვარს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ სწორედ ახალი წლის ღამეს გავხდი ტყუპი ქალ-ვაჟის ბებია. ეს განსაკუთრებით იმით არის ჩვენი ოჯახისთვის სასიხარულო, რომ ჩემს შვილს შვიდი წელი არ ჰყავდა შვილი, ახლა კი ასეთი სასწაული მოგვევლინა.

მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი და ისეთი სიხარული და ბედნიერება ვუსურვო, როგორსაც მე და ჩემი ოჯახი განვიცდით.

ყველას გილოცავთ!

თინათინი, 67 წლის.

 

შეყვარებულმა მიმატოვა

შობა-ახალი წლის დღეებში ყველა გახარებული და ბედნიერია; ყველა ელის (გულში მაინც) რაიმე სასწაულს, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მის ცხოვრებას, მაგრამ მე ასეთი რამეების აღარ მწამს, რადგან, სწორედ 30 დეკემბერს დამირეკა ჩემმა შეყვარებულმა (უკვე ყოფილმა) და მითხრა, აღარ უნდა შევხვდეთო; ცოტა ხნის მერე კი თავის ახალ გოგოსთან ერთად დავინახე, ხელგადახვეულები მიდიოდნენ. მე მეგონა, საშობაოდ ჩვენს ოჯახში მოვიდოდა და დედაჩემს და მამაჩემს ოფიციალურად სთხოვდა ჩემს ხელს (ასე ვიყავით შეთანხმებულები), ამის ნაცვლად კი რა გამიკეთა – საერთოდ მიმატოვა, თანაც, ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე! არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით და, ახლაც, მიუხედავად იმისა, რაც ჩაიდინა, ისევე სიგიჟემდე მიყვარს. მეშინია, არ გავაფრინო. თან, მშობლებთანაც არ მინდა ვთქვა, უმიზეზოდ მიმატოვა-მეთქი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ყველა მხიარული და ბედნიერია ჩემ გარშემო, მხოლოდ მე ვარ უბედური. მარტო ჩემმა დაქალმა იცის ჩემი ამბავი და მამშვიდებს. – აი, ნახე, ძალიან მალე თუ არ დაგიბრუნდესო, მაგრამ, რატომღაც, არ მჯერა.

ძალიან მიჭირს. როგორ გავძლო უმისოდ?

ნინა, 23 წლის.

 

სასწაული არსებობს

ორი თვის წინ ჩვენი სამსახური დაიხურა და, რომ იტყვიან, ქუჩაში დავრჩით 30 კაცი. კინაღამ გავგიჟდი (სხვებიც ჩემს დღეში იყვნენ): ცალკე – ბანკის ვალები, ცალკე – ოჯახის პრობლემები (დიდი ოჯახი მაქვს და ყველა ჩემი სარჩენია), ცალკე – დედა მყავს ახალი ნაოპერაციევი (სიმსივნე აღმოაჩნდა), ცალკე – ახალი წელი ახლოვდებოდა... მოკლედ, კინაღამ მართლა გავრეკე.

ჩემი ცოლი ძალიან მორწმუნე ქალია. რაც სამსახური დავკარგე, იმ დღიდან ევედრებოდა ღმერთს, რამე ახალი სამუშაო მეშოვა და, მართლაც, შეისმინა უფალმა მისი ვედრება: 2 იანვარს, ბედობა დღეს, მამაჩემის მეგობარმა დამირეკა (საკმაოდ სერიოზული ბიზნესი აქვს) და ისეთი სამსახური შემომთავაზა, როგორზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მართალია, ეს ორი თვე ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა გაცილებით უკეთ ვიქნებით, ვიდრე აქამდე.

ვისაც  საშობაო სასწაულების არ სჯერა, მათ გასაგონად ვამბობ: შეევედრეთ უფალს ის, რაც მართლა გულით გსურთ, აუცილებლად აგიხდებათ!

გურიკო, 32 წლის.

 

დედინაცვალს ბოროტების დაძლევას ვუსურვებ

მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, დედა რომ გარდაგვეცვალა. წელიწად-ნახევარში მამამ მეორე ცოლი მოიყვანა – ბავშვებს მოვლა სჭირდებათო. იმ ქალს თავისი შვილიც (ბიჭი) მოჰყვა, დაახლოებით ჩვენი ტოლი. ბავშვები კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში დედინაცვალიც კარგად გვექცეოდა, მაგრამ, რომ წამოვიზარდეთ, ჩვენ მიმართ ძალიან შეიცვალა – ლამის ლუკმას გვითვლიდა და სულ შარზე იყო. შიშით მამას ვერაფერს ვეუბნებოდით, თანაც, არ დაგვიჯერებდა, რადგან, მანამდე პრობლემები არ გვქონია.

ერთხელ კი, ისე მოხდა, რომ შინ დაბრუნებულმა მამამ შემთხვევით გაიგონა, როგორ ეუბნებოდა ჩვენი დედინაცვალი სტუმრად მოსულ თავის დას, ეს ბინა ამ ნაბიჭვრებს (ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვისთვის) რატომ უნდა დარჩეთ. ესენი რომ დაოჯახდებიან, მე და ჩემი შვილი ქუჩაში უნდა აღმოვჩნდეთო? მამას არაფერი უთქვამს ცოლისთვის, ვითომ არც გაუგონია მისი სიტყვები, მაგრამ, მეორე დღესვე ბინაც და აგარაკიც ჩვენს სახელზე გადმოაფორმა, წინასწარ ანდერძიც დაწერა (ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული) და მამიდაჩემს მისცა შესანახად.

არც ჩვენ და არც ჩვენმა დედინაცვალმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, მხოლოდ მამას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვეთ ყველაფერი და გაოცებულები დავრჩით (საწყალი, ალბათ, გრძნობდა, რომ მალე მოკვდებოდა), მაგრამ, გაოცება ის სიტყვა არ არის, რაც ჩვენს დედინაცვალს დაემართა: საერთოდ დაავიწყდა, რომ ქმარი ორი დღის დასაფლავებული ჰყავდა და ისეთი სცენები მოაწყო, მისიანებმაც კი იუხერხულეს და შენიშვნა მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძით მამამ მას და მის შვილს ძალიან ძვირფასი მანქანა, საკმაოდ სოლიდური თანხა და ოროთახიანი ბინა (თბილისის გარეუბანში) დაუტოვა, მაინც იცოტავა ეს ყველაფერი და ახლა იმისთვის იბრძვის, რომ მე და ჩემს ძმას ბინა და აგარაკი წაგვართვას, თუმცა, ადვოკატმა გვითხრა, არაფერი გამოუვაო.

მამა ახლახან გარდაგვეცვალა და მთლად ობლები დავრჩით, ის კი გლოვის საშუალებასაც არ გვაძლევს. სულ გვლანძღავს, გვწყევლის და, ცდილობს, რომ ჩვენივე ბინიდან გაგვყაროს, მაგრამ, მამიდაჩვენი მაგრად დაუდგა და ისე დაემუქრა და შეაშინა, რომ, იკადრა და თვითონ აიკრა გუდა-ნაბადი ჩვენი ბინიდან, ოღონდ, რაც ძვირფასი და ღირებული იყო, ისიც თან წაიღო. მხოლოდ დედას სამკაულების წართმევა მოახერხა მამიდამ. რომ გვეგონა, დაასრულა ჩვენთან ბრძოლა, ზუსტად ახალი წლის ღამეს დაგვირეკა, დაგვწყევლა და დაგვემუქრა, ისეთ დღეში უნდა ჩაგყაროთ, შობის დილა შავად უნდა გაგითენოთო. ჩვენ არაფერი ვუპასუხეთ, მხოლოდ ის ვუთხარი, შენთვის ვილოცებ, რომ მაგ ბოროტებამ გაგიაროს-მეთქი.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ასეთ კონტექსტში რომ მოიხსენიებს, ამისთანა ადამიანს რაღაზე უნდა ელაპარაკო?!

მე მაინც მინდა, მივულოცო შობა და ვუსურვო, რომ სიავე, სიხარბე და სხვებისთვის ბოროტების ჩადენის სურვილი სიკეთითა და სათნოებით შეეცვალოს.

თინანო, 17 წლის.

скачать dle 11.3