კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარეს ახალი წელი საქართველოში პირველად 23 წლის შემდეგ გოჩა ჩერტკოევმა და შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევმა

ამდენი ხნით ერთმანეთს არასდროს დასცილებიან, მაგრამ, თუკი ქართულ სატელევიზიო-საკონკურსო ცხოვრებას გადავხედავთ, ამ მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად ღირდა. გოჩა ჩერტკოევმა სერიოზული კვალი დაამჩნია ქართულ „მოტკბო“ შოუ-ბიზნესს – თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, პროფესიონალიზმით, სტილით, ვიზუალით, მეტყველებით მან შეძლო, დაემსხვრია უამრავი სტერეოტიპი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გოჩას გამოჩენისთანავე გაჩნდა ძალიან დიდი ინტერესი მისი მეუღლის მიმართ და, აი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონის ბოლოს შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი, ჯადოქარი მოცეკვავე ჟიურის წევრებს შორის აღმოჩნდა. 

 

– მომიყევით თქვენი გაცნობის ისტორია, ალბათ, ეს ცეკვას უკავშირდება, ხომ?

გოჩა ჩერტკოევი: დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით, ასე, 7-8 წლის. ერთად ცეკვა ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ, 11-12 წლის ასაკში. ერთმანეთი, რა თქმა უნდა, ცეკვის სამყაროში გავიცანით სტუდია „თელაში“. არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა – ცხოვრება მიდიოდა, ბავშვები ვცეკვავდით, წყვილები იცვლებოდნენ და ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად აღმოვჩნდით ერთად... ახლა აღარც კი ვიცი, უკვე რამდენი წელია, ერთად ვართ. 

– და, ცეკვიდან სიყვარულამდე შორი ნამდვილად არ არის.

შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი: ნამდვილად არ არის შორი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წყვილის შემთხვევაში ასე ხდება. მინახავს მსოფლიო დონის მოცეკვავეები, რომლებსაც ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა არ აკავშირებთ და, ასევე, შეყვარებული წყვილი, რომელთა ცეკვა არცთუ ისე ეფექტურია. გრძნობები კარგია, მაგრამ, თვითონ წყვილს გააჩნია, ცეკვის დონეს. მოცეკვავეები, მინიმუმ, ერთმანეთის ახლო მეგობრები უნდა იყვნენ. ვცეკვავდით და ეს ურთიერთობები ძალიან ბუნებრივად განვითარდა. 

– რა იყო ის ძირითადი ფაქტორი, რამაც მიგიყვანათ გადაწყვეტილებამდე, წასულიყავით ოკეანის მეორე მხარეს? 

გოჩა: ცეკვა იყო მთავარი. უფრო სწორად, უპირველესად ის მენტალიტეტი, რომელიც უმაღლეს დონეზე ცეკვას „გიშლიდა“, ზოგადად არა საზოგადოების, რომლის არცთუ სერიოზული დამოკიდებულება სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მიმართ რადიკალურად შეცვალა „ცეკვავენ ვარსკვლავებმა,“ არამედ, ჩვენი წრის, ცეკვის სამყაროში არსებული მენტალიტეტი გახდა აქედან ჩემი წასვლის მიზეზი. აქ არ არსებობს ამბიცია, ჩარჩოში ცხოვრობენ და ლოკალური მიღწევები ახარებთ. საერთაშორისო ტურნირებზე ჩავდიოდი, ვიგებდი და მაინც მხოლოდ მე მჯეროდა, რომ მათზე უკეთესი ვიყავი, დანარჩენები ჩემ გარშემო მხოლოდ იმას ამბობდნენ სად ჩვენ და სად გერმანელი, სად ჩვენ და სად იაპონელიო. უმცირესი მასშტაბებით შემოიფარგლებოდნენ და ასეა დღესაც. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო – მომეხდინა გარღვევა ამ მენტალობაში და საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს დაეჯერებინათ, რომ მათ მსოფლიო მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ; რომ საჭიროა მონდომება და მუდმივი შრომა და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

შორენა: სამყაროში არაფერი იკარგება, მჯერა კოსმოსური ენერგიის. რა ენერგიასაც უშვებ სამყაროში, რაც მთელი არსებით გინდა, ის, ადრე თუ გვიან, გიბრუნდება და ყველა შენი სურვილი სრულდება. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნებოდა ჩემთვის გოჩასთან ცხრა კვირით განშორება. „ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველ სეზონზე მონაწილეობის მისაღებად რომ წამოვიდა (არადა, უკვე ათწლეულებია, ერთმანეთს რამდენიმე დღეზე მეტხანს არ დავშორებივართ), იმდენად დიდი იყო ჩვენი სურვილი ამ გარდატეხის მოხდენის, ამ მენტალიტეტთან ბრძოლის, რომ ამას გავუძელით. 

– ზოგადად, ქვეყანაში დამოკიდებულების ცვლილებას ამჩნევთ? – თითქმის ყოველ მეორე ოჯახში ბავშვი სამეჯლისო ცეკვებზე შეიყვანეს.

გოჩა: ნამდვილად არ ველოდი, თუ ერთი შოუ ასეთ რადიკალურ ცვლილებას მოახდენდა.

შორენა: ერთი სიტყვა უნდა ვთქვა, რომელიც არასდროს დამავიწყდება და რომელიც კარგად გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენი პროფესიის მიმართ ჩემს ბავშვობაში ჰქონდათ: სკოლაში ამ ცეკვებს „ჭიპხახუნას“ ეძახდნენ და ყოველთვის არასერიოზული, ოდნავ ირონიული დამოკიდებულება იყო. 

გოჩა: ჩემი პრობლემა ეს არ იყო, მე მხოლოდ მასშტაბების სიმცირე მზღუდავდა და ჩემი გარემოცვის დამოკიდებულება.  

– სამაგიეროდ, ჩახვედით ამერიკაში, სადაც მასშტაბების სიმცირე ნამდვილად არ შეგზღუდავდათ.

– იქ, პირიქით, ყველაფერი გიგანტური იყო – ქვეყანა, შესაძლებლობები...

– შიში არ გქონდათ?

შორენა: არავითარი შიში და ეს, ეტყობა, იმის ბრალია, რომ ბავშვები ვიყავით. სამთვიანი კონტრაქტით ჩავედით პირველად, ერთ-ერთ სტუდიაში მასწავლებლები უნდა გადაგვემზადებინა, შემდეგ კი უკვე – ბავშვები. ჩვენი ლევანი მაშინ სულ პატარა იყო, ბავშვით ჩავედით ამერიკაში და განვაგრძეთ ცეკვა. 

გოჩა: სულელი ბავშვები... 

შორენა: არც მეგონა თავი სულელი.

გოჩა: ეს იმიტომ, რომ არ ვიცოდით (იცინიან).

შორენა: ახლა რომ მახსენდება ჩვენი აზრები... იქ თუ მასწავლებლების გადასამზადებლად მიგვიწვიეს, ესე იგი, არ მოგვეწონება, ძალიან დაბალი დონე იქნება-მეთქი. უბრალოდ, ვცადეთ. ის კი არც ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ ჩვენ ვიყავით მაგრები.

გოჩა: ეს ისევ და ისევ იმ მენტალიტეტიდან მომდინარეობს. მასშტაბურ ტურნირებს ვიგებდით, საქართველოს წარმომადგენელი კი გიყურებს და მაინც ვერ აღგიქვამს. ის კი არა, ამერიკაში ჩასვლიდან სამ თვეში, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ძალიან პრესტიჟულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავეთ, როცა ქართველები იქ მესამასე ადგილს არ გასცილებიან. ამას შორენას მამა აქ რომ ყვებოდა, არ იჯერებდნენ – რაღაცეებს იგონებს; ალბათ, სადღაც ერთი შტატის რაღაც პატარა ტურნირზე ლაპარაკობსო. მოლოცვის უნარიც კი არ ჰქონდათ. 

შორენა: ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო, რომ ერთხელაც კი არ მოგვიხედავს უკან და, რომ არა ეს პროექტი, ალბათ, კიდევ დიდხანს არ ჩამოვიდოდი. ჩასვლიდან სამ თვეში, როგორც გითხარით, გავაკეთეთ განაცხადი და ამერიკის პროფესიონალური ჩემპიონატი მესამე ადგილიდან დავიწყეთ, რაც ისტორიაში არ მომხდარა. 

გოჩა: ამერიკის ექვსეულში რომ მოხვდე, უკვე ოცდაათ წელს უნდა იყო გადაცილებული. ძალიან ბევრ წელს ხარჯავენ წარმატების მისაღწევად. მთელი მსოფლიოდან ჩადიან წყვილები, ძალიან მაღალი დონის ტურნირია. უცნობი და ყველაზე პატარა მონაწილეების მესამე ადგილი ბომბის გავარდნას ჰგავდა, მით უფრო, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან სულ რამდენიმე წყვილი იყო ნამყოფი ამ ტურნირზე და სადღაც მესამასე ადგილზე რჩებოდნენ. ასე დაიწყო ჩვენი კარიერა. 

– და, რას ნიშნავდა ეს მოცეკვავისთვის, რას ნიშნავდა ეს ტიტული მაშინ თქვენთვის?

შორენა: ამაზე არც ვფიქრობდით. დღემდე არც ერთ ტურნირზე არ გავსულვართ ტიტულისთვის, მედლისთვის, თასისთვის... ჩვენ გვინდოდა ცეკვა და მოგვწონდა შეჯიბრის მომენტი, ძალიან გვქონდა გამძაფრებული სპორტული ჟინი და, ტურნირს მოვიგებდით თუ არა, იმ საღამოსვე მეორეზე ფიქრს ვიწყებდით. 

გოჩა: ჩვენი კონკურენტები არ იყვნენ სხვა წყვილები. ჩვენ საკუთარ თავს ვეჯიბრებოდით, საკუთარ თავს ვუმტკიცებდით, რომ რაღაც შეგვეძლო.

შორენა: სიგიჟემდე მიყვარს ცეკვა, მართლა უზომოდ და, სულ ვამბობ, ოთხმოცდახუთ წლამდე უნდა ვიცეკვო-მეთქი...

გოჩა: სხვა მეწყვილე ეძებე (იცინიან).

შორენა: ეს არის ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, მხოლოდ ცეკვით ვცოცხლობ. წარმოიდგინეთ, ოცდაოთხი წლის ვიყავი, პირველად კინოთეატრში რომ წავედი. არა იმიტომ, რომ ოცდაოთხი საათი რეპეტიციები გვქონდა და სხვა არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა, არამედ, ფსიქოლოგიურად ვმუშაობდი, სულ ცეკვაში ვიყავი, მასზე ვფიქრობდი, სიახლეებს ვეძებდი, რა კოსტიუმი ჩავიცვა, რა მუსიკა შევარჩიო, როგორი სტილი შევქმნა. ახლა უფრო მივხვდით, რომ ეს სპორტული ჟინი და ფანატიკური დამოკიდებულება ცეკვის მიმართ ერთნაირი გვქონდა. მაშინ ამაზე არც ვფიქრობდით, ბუნებრივად ხდებოდა, ბუნებით ორივე მაქსიმალისტები ვართ. 

გოჩა: თავიდანვე ძალიან „ფოკუსედ“ ბავშვები ვიყავით: სწორი აზროვნება და სწორი მიზნები აღმოგვაჩნდა ისე, რომ ეს არც ვიცოდით. ერთნაირი მიზანი გვქონდა. 

– თქვენი განმასხვავებელი ნიშანი რა იყო – რაღაც მარკა, „ფიშკა“ როგორც რუსები იტყვიან, რითაც ასე აჯადოებდით მსოფლიოს?

შორენა: ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობა, უნიკალურობა.

გოჩა: არავის არ ვბაძავდით. გვყავდა კუმირები, რომლებიც ძალიან მოგვწონდა და უცებ მათ გვერდით აღმოვჩნდით, მათთან შეჯიბრი მოგვიწია. თან, ჩვენზე ათი-თხუთმეტი წლით უფროსები იყვნენ. გავედით, შევეჯიბრეთ და თითქმის ყველას მოვუგეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ჩვენი იდეალები არიან და ეს აუცილებელია ჩვენი პირადი ზრდის გამო – ვიღაცას უნდა ეტოლებოდე, ვიღაცისგან უნდა სწავლობდე. რაც შეეხება ჩვენს წყვილს, მათთვის ჩვენ მაინც ეგზოტიკურები ვიყავით, უნიკალური, განსხვავებული კულტურიდან. თამამად ვიტყვი, რომ ერთმა პატარა გუნდმა, სადაც მე და შორენაც ვიყავით, გარკვეული წვლილი შევიტანეთ ცეკვის განვითარებაში. ცეკვის ფორმა ძალიან ნელა იცვლება, ათ-თხუთმეტ წელიწადში რამდენიმე წყვილი ახერხებს მის ტრანსპოფრმაციას. შორენას ძალიან ძლიერი, სპეციფიკური გამომეტყველება აქვს ცეკვის დროს. მანამდე ცეკვები ძალიან ტკბილი და მხიარული იყო, ჩვენ კი მძაფრი, ემოციური, ცხარე, ვნებიანი, სექსუალური ფორმა მივეცით ჩვენს ცეკვას. 

– ესე იგი, ძარღვიანი ცეკვა თქვენგან მოდის.

– კი მაგრამ, ამას მერე სწორი შეფუთვაც უნდოდა და ამაზე ბევრს ვფიქრობდით. თან, ყოველთვის ღია ვიყავით შენიშვნებისთვის, რჩევებისთვის. თუ გვერდით პროფესიონალი არ იყო, ვიღაც გამვლელი შემოგვყავდა დარბაზში, საერთოდ რომ არაფერი ესმოდა ცეკვის და ვთხოვდით: ათი წუთი დაგვითმეთ, გვიყურეთ და გვითხარით, მოგწონთ თუ არაო. მერე რა, რომ მან არ იცოდა ნიუანსები, მთავარია, სწორი ემოცია წამოსულიყო. 

– ისეთი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს ერთმანეთის გარეშე დიდხანს არ დარჩენილხართ.

შორენა: ეს პირველი შემთხვევა იყო და ძალიან გაგვიჭირდა. 

გოჩა: განა მხოლოდ ის, რომ ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვცეკვავთ, არამედ, ფიზიკურადაც სულ ერთად ვართ. მაგრამ, ეს ბიზნესია, საქმეა და, როდესაც გავიგე, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ საქართველოში იწყებოდა, არ შემეძლო, არ ჩამოვსულიყავი, ეს ჩემი მოვალეობაა. მე თუ არა, სხვა ვინ?! არც დავფიქრებულვართ. 

შორენა: ძალიან ბევრი შეფერხება მქონდა, გამიჭირდა ამის გაცნობიერება და მერე გადატანა. მაგრამ, სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, არა უშავს, გაუშვი გოჩა, დაეხმაროს აქ მცხოვრებ ბავშვებს. შეიძლება ჩემსავით პატარა გოგო ცეკვავს სადღაც, დიდი ოცნებებით და ის აუცილებლად დაიჯერებს, რომ მას ყველაფერი შეუძლია. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოჩა ძალიან დადებით გავლენას მოახდენდა სიტუაციაზე. 

– თავისი იმიჯით, საუბრის მანერით, მკაცრი შეფასებებით...

– მკაცრია?! მე პირიქით, მგონია, რომ ძალიან ბევრ ბოდიშს იხდის და ძალიან რბილ შეფასებებს აკეთებს. 

– თქვენ უფრო მკაცრი აღმოჩნდით.

– არადა, ვცდილობ, არ ვიყო. უბრალოდ, ვერაფრით ვერ ვხუჭავ თვალს შეცდომებზე და რა ვქნა?! ჩემს თავს ველაპარაკები:  „არა უშავს, შორენა, მაგრამ, არ გამომდის (იცინიან). 

გოჩა: თან, მათ არავინ აფასებს როგორც პროფესიონალებს – ეს სისულელე იქნებოდა. ერთმანეთს ვადარებ და დაბალ ქულას ამის მიხედვით ვწერ – მარტივი ფილოსოფიაა. 

– ვინ იყო თქვენი ფავორიტი ამ სეზონზე?

– ის, ვინც შოუს აკეთებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითონ პროექტი, შოუ...

შორენა: ვინც გულწრფელად უდგება ცეკვას, ვინც მთელ სულსა და გულს დებს და, ვინც გაიზარდა – ნულიდან დაიწყო და გაიზარდა. სამი რომ გადავიდა ნახევარფინალში, ძალიან სწორი იყო. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს (ინტერვიუ ჩაწერილია 29 დეკემბერს – ავტორი), მაგრამ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ გულწრფელობას და ცეკვისადმი დამოკიდებულებას. 

გოჩა: საქმე სრულ შეფუთვას ეხება. ბევრს უთქვამს, კარგად ვიცეკვე და რატომ დავიმსახურე დაბალი ქულაო. მხოლოდ ცეკვა არ არის საკმარისი, იქ გასათვალისწინებელია, როგორი იყო ქორეოგრაფია, რა გეცვა, რა ილაპარაკე, გადაუხადე თუ არა ხალხს მადლობა... ხალხი სულელი არ არის, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. კამერა რომ გიახლოვდება შენი აზრები ჩანს.

შორენა: უფრო ჯანსაღი შეჯიბრი მინდა დავინახო. არ მგონია, რომ აქ ჯანსაღი კონკურენცია იყოს, თუმცა, ეს მე არ მაწუხებს, რადგან, ხალხი ხედავს და, მინიმუმ, უხერხულია. თუ შოუში ხარ ცამეტი კვირა, ცამეტივე კვირის განმავლობაში მიხედე შენს ფსიქიკას, დაღლას ან ნეგატიურ განწყობას. 

– მესამე სეზონზე ვეღარ გაძელით და ჩამოაკითხეთ ხომ?

– დიახ. მოდიოდა მადლიერების დღე – დღე, რომელიც ამერიკაში უდიდესი დღესასწაულია და მთელი წელი ამ დღისთვის ემზადებიან. ამ დღეს მთელი ოჯახი ერთად უნდა იყოს და ასე იყო ყოველთვის. თან, ლევანი საქართველოში ნამყოფი არ იყო და, როდესაც ვთქვით, ხომ არ წავიდეთ საქართველოში-მეთქი, მას ეს იდეა ძალიან მოეწონა. 

ლევან ჩერტკოევი: ჩვენ ერთი გუნდი ვართ, არა მხოლოდ ერთი ოჯახი. თვითონაც ბავშვები იყვნენ, როდესაც მე გავჩნდი და მართლა ერთად გავიზარდეთ. მშობლები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, ეს დღე ერთად არ ვყოფილიყავით. ცხრა კვირა დედაჩემის ყოფნა მამაჩემის გარეშე ურთულესია. იქ, ამერიკაში, ყველგან ერთად დავდივართ, მაგრამ, საქართველომდე ჩამოსვლას ოცდაოთხი საათი სჭირდება. 

შორენა: სულ ერთად ვართ, ერთად გვიჭირს და ერთად გვილხინს. სულ მხიარულება და ბედნიერება არ არის ჩვენთან – ოჯახია და გვქონია რთულიც, მშვიდიც და სხვადასხვანაირი პერიოდები, მაგრამ, მთავარია, რომ ერთად ვართ, ჩვენთან არ არსებობს „ჩემი-შენი”, არ არსებობს ყვირილი, ჩხუბი, ბუტიაობა. 

– რაზე გიბრაზდებოდნენ ყველაზე მეტად მშობლები?

ლევანი: სულ ორჯერ გამიბრაზდნენ და ორივეჯერ მამას ტანსაცმლის გამოყენების გამო (იცინიან). „ფუულ ფართი“ გვქონდა და მთელ ჩემს სამეგობროს გოჩას საცვლები დავურიგე. 

გოჩა: „დოლჩე და გაბანას“ საცვლები მიყვარს, მოვდივარ სახლში და – სამეზობლოს ბავშვებს ეს „დოლჩე და გაბანას“ საცვლები აცვიათ, ერთი ცალი რომ ორასი დოლარი ღირს (იცინიან). მეთქი, რა ხდება ნეტავ?! ერთხელ კიდევ ჩემი „არმანის“ მაისური დაჭრა და სავარჯიშო მაისურად გადააკეთა (იცინიან).

ლევანი: ხედავთ?! ათი წელი გავიდა და მაინც ახსოვს (იცინიან). 

– მოგწონს თბილისი?

– მომწონს, მაგრამ, ძალიან განსხვავებულია იმისგან, სადაც მე ვცხოვრობ. 

გოჩა: ცოტა ვნერვიულობდი. ჯერ არ მინდოდა მისი ჩამოსვლა. არაფერი არ სჭირს საქართველოს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ გზაზე დგას, მაგრამ, ლევანი სხვანაირად გავზარდეთ. რომ დაინახა ბავშვები თუ ბებიები ქუჩაში ფულს ითხოვენ, ასეთი რაღაცეები მან არ იცოდა, ძალიან განიცადა და ინერვიულა. 

ლევანი: პირიქით, კმაყოფილი ვარ, რომ ეს ყველაფერი დავინახე. რთულია, მაგრამ, უნდა მენახა. ვეცადეთ, გაგვეკეთებინა სიურპრიზი, მაგრამ, გოჩამ გაიგო და აეროპორტში დაგვხვდა. 

– და, ნოემ დაინახა თუ არა შორენა, ჟიურიში დასვა, არა?

შორენა: თავიდან არც მივედი შოუზე. შემდეგ ნოემ გაიგო, რომ არ ვიყავი და, უნდა იმსაჯოსო, დაიჟინა. არადა, „ქეჟუალ” სამოსის გარდა არაფერი მქონდა წამოღებული. რუსა მორჩილაძის სამოსი მეცვა. რომ არა ის, ჟიურიში დაჯდომას ვერ შევძლებდი. დიდი მადლობა მას ამისთვის. 

გოჩა: წავედით მერე ერთად და დავბრუნდით.  ახლა კი უკვე ერთად ვმსაჯობთ. ნოემ ძალიან ძლიერი არგუმენტებით დაგვითანხმა. 

– ახალ წელს საქართველოში ხვდებით?

– დიახ, ოცდასამი წლის შემდეგ. ახალი წელი დღესასწაულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძლიერი „ნეთვორქინგი”, ბიზნესის დრო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ახალ წელს აქ ვატარებთ. ათი საათისთის შოუ დამთავრდება და მერე ნოე გეგმავს წვეულებას, სადაც, ალბათ, ყველა ერთად გავერთობით. 

– მომავალ სეზონზე ჩამოხვალთ?

– ჯერ არ ვიცით, ვნახოთ. ძალიან რთულია იქ საქმეების დატოვება. ცხრა-ათი საათი რომ იყოს პირდაპირი ფრენა, გარწმუნებთ, შოუს დღეს ჩამოვიდოდი და წავიდოდი, ამის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, გზას ძალიან დიდი დრო სჭირდება და, ამიტომ, ყველაფრის მიტოვება მიწევს. ვნახოთ. წინ ჯერ ფინალი და ახალი წელი გვაქვს, რომელსაც სულით და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს! 

 

скачать dle 11.3