კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წერდა ზღაპრებს შალვა ნათელაშვილი და ვის უთვლიდა ის ლუკმას

ბრძოლა პოლიტიკურ რინგზე საქართველოს პრეზიდენტობისთვის დასრულდა. შალვა ნათელაშვილისთვის კი, რომლისთვისაც ეს მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა, პრიორიტეტად და ნომერ პირველ ამოცანად კვლავ საქართველოს გამთლიანება და აღორძინება რჩება. ვინც ამ ადამიანს მხოლოდ შორიდან იცნობს, გეტყვით, რომ ცხოვრებაში ის საკმაოდ უბრალო, უშუალო, თავისთავად საინტერესო და, რაც მთავარია, ალალმართალია. ვფიქრობ, ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომლის გამოჩენაც ხალხს არასდროს აღიზიანებს და მისგან მოუთმენლად ელის რაღაც ისეთს, რაც მათ გაამხიარულებს და ამ მხიარულების ტემპერატურას უფრო მაღლა ასწევს. მაშ, ასე, ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის, შალვა ნათელაშვილი – ნაკლებად პოლიტიკური და თავისი ცხოვრებისეული ამბებით!                   

 

– ბატონო შალვა, ვიცი, რომ ბაზალეთში ყოფნა ძალიან გიყვართ და იქაურობა წალკოტად აქციეთ, სულ უვლით და ალამაზებთ სახლ-კარს, ბაღს. ალბათ, ყევლაზე კარგად დროს იქ ატარებთ.

– ბაზალეთში მაქვს არაჩვეულებრივი ბაღი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. გვიდგას 200 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი, ღვია და მარადმწვანე მცენარეები. ეს ბაღი არასდროს ჭკნება და, როგორც ილია ამბობდა, იქ მუდამ გაზაფხულია. რაც შეეხება დროის გატარებას, ტრადიციული ქართული წესით დროს საერთოდ ვერ ვატარებ – რესტორანში მე არ დავდივარ და სადმე სხვაგან. ყველაზე კარგად დროის გატარება და დასვენება ჩემთვის ბაზალეთში ყოფნაა.   

– მოდი, ჭორებზეც ვისაუბროთ. რას ამბობენ თქვენზე, რა ჭორი მოსულა თქვენს ყურამდე. 

– ის, რომ 2003 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამაფინანსა – პირდაპირ სახლში მომიტანა რვაასი ათასი ევრო, რომ ბუშისთვის ვარდების რევოლუციის მოწყობასა და სააკაშვილის გაპრეზიდენტებაზე ნებართვა მიმეცა. 

– და, როგორი რეაქცია გქონდათ ამაზე?

– რეაქცია იყო ძალიან ამაღლებული – რომ ამერიკის პრეზიდენტს, თურმე, ჩემი ნებართვა და მოქრთამვა დასჭირდა. 

– ისე, სააკაშვილი ახსენეთ და, სულ მინდოდა მეკითხა: ერთ დროს თანამოაზრეები იყავით, მეგობრობდით კიდეც. როდიდან აღარ მოგივიდათ თვალში?                               

– იმ მომენტიდან, როდესაც შევარდნაძემ ჩამოიყვანა ამერიკიდან და აირჩიეს ჩემს ადგილზე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარედ. პირველი გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო, საკუთარი ძმის იურიდიული კომიტეტის აპარატში მოწყობა იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს კაცი მხოლოდ საკუთარი თავის მეგობარია. იქიდან არ მომივიდა თვალში, თუმცა, მისი პოლიტიკური შეხედულებები არც ადრე მომწონდა. ასე რომ, ჩვენ შორის მენტალურად იმდენი განსხვავებაა, შეუძლებელი იყო ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობა; ოპონენტობა  – კი.  

– თქვენ ყოველთვის ძალიან ღიად ლაპარაკობთ იმაზე, რაც იცით, რა ინფორმაციასაც ფლობთ, არ ერიდებით არაფრის თქმას, მაგრამ, რეალურად, ამას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. არის რამე ისეთი, რაც გინდათ, თქვათ და ვერ ამბობთ?    

– ეს ართქმის მომენტები ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, როცა ვიცი, რომ რაღაც ხდება, რაღაც გადაწყვეტილებაა მიღებული ქვეყნის გარეთ, რაღაც მზადდება. ამ დროს მინიშნებებს ვაკეთებ, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვლაპარაკობ და ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ, საგარეო პოლიტიკა ისეთი სფეროა, რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ქვეყნის შიგნით რაც ხდება იმას ყველაფერს ვამბობ და არანაირი თვითცენზურა არ მაქვს. რაც შეეხება შედეგებს, სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ჩემი ქარიზმისთვის დაერტყათ, ანუ ისე გამოვიდა, რომ, ეს წლები, თურმე, ძირითადად, ვხუმრობდით და ჩვენ არ გვიბრძოლია მიტინგებზე, ჩვენ არ დაგვიკანონებია უფასო საშუალო განათლება, არ გვიბრძოლია უცხოური კომპანიების წინააღმდეგ და არ გაგვინახევრებია დენის ტარიფი,  ჩვენ არ შეგვინარჩუნებია ამდენი სიმდიდრე, ბაღები, სკოლები, ინსტიტუტები... ფაქტობრივად, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც არ იმართება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ევროპიდან. 

– ისე, მართლა კარგად ხუმრობთ ხოლმე.

– იუმორის თუ ორატორობის ნიჭი, ალბათ, ფშავიდან მომდევს. წარმოშობით ფხოვიდან ვართ, ჩვენი ძველი გვარი უძილაურია, რომელსაც ჩვენი შტო გამოეყო. მოგეხსენებათ, ფშავში კაფია, შაირი ყოველდღიური და ყოველწამიერი მოვლენაა და, ალბათ მეც იქიდან მომდევს ეს ნიჭი. ისე კი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იუმორი ნაკლად ითვლება და, შეიძლება, კომპრომატად დაგიდონ.  მალე, ალბათ, ჟანგბადსაც დამითვლიან, რამდენს შევისუნთქავ. ყველა სხვა ქვეყანაში, ისტორიულად, პოლიტიკოსი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა არ აქვს, ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს.   

– ისიც კარგად გამოგივიდათ, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ რომ თქვით. ვიცი, ყოველთვის, როცა ამას გიხსენებენ, არ გსიამოვნებთ, მაგრამ, არ გეწყინოთ, ბატონო შალვა, საზოგადოებამ ეს თქვენი ინგლისური არა უვიცობად და სერიოზულად, არამედ, სიყვარულით მიიღო და კიდევ ერთი ქულა დაგიწერათ იუმორში.     

– სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდით და ასპირანტურაშიც  ფრანგული იყო, თუმცა, დრო რომ გადის და ყოველდღიური შეხება არ აქვთ, ფრანგული კი არა, მშობლიური ენა ავიწყდებათ. შესაბამისად, ინგლისურზე პრეტენზია არ მქონია, მაგრამ, ის, რაც ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ ვთქვი, იყო სუფთა ინგლისურით ნათქვამი, ოღონდ, ქართული აქცენტით. რა თქმა უნდა, მეწყინა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის უმადურობა, რომელიც, ჟარგონით რომ ვთქვა, ფინთი გოიმივით ავარდა სააკაშვილის და ივანიშვილის შავ პიარზე. ერთდროულად ავრცელებდნენ მათი პიარ-სტუდიები იმ ჩემს ნათქვამზე კლიპებს, მაგრამ, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, მსოფლიო იმპერიის იმპერატორის კაბინეტის ფანჯრებთან, ქართულ ენაზე მიტინგი არასდროს ჩატარებულა და ჩემს ბიოგრაფიაში ეს ოქროს ფურცელია. მაშინ მე მივმართე ამერიკას, რომ ჩვენ გვინდა ჯეფერსონის, ვაშინგტონის, რეიგანის, კენედის ამერიკა, მაგრამ, არ გვინდა მაკკეინისა და დიქტატორ სააკაშვილის მომხრე ძალების ამერიკა და  ესენი მოგვაშორეთ-მეთქი. პირველად იქნა მოხსენიებული თეთრი სახლის წინ ილია, მერაბი, ზვიადი. მიტინგის დასასრულს საჭიროდ ჩავთვალე, მასპინძელი ქვეყნის პატივსაცემად ორი სიტყვა მეთქვა მათ ენაზე და გადავძახე იქვე მდგარ ჩვენს მეგობარს,  სახელოვან მამულიშვილს, ლოტბარ ნიკო ნადირაშვილს: თუ კაცი ხარ, მითხარი, როგორ არის ინგლისურად „ძირს დიქტატურა“-მეთქი და, როგორც მიკარნახეს, ზუსტად ისე გავიმეორე. 

– მართალია, რომ ლაპარაკი ორი წლისას დაგიწყიათ? 

– დიახ, პირდაპირ ორატორობით დავიწყე. მახსოვს ასეთი  შემთხვევა: დათვლას  მასწავლიდნენ. მოხუცი ბებია გვესტუმრა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. დედა ამ დროს ხინკალს ამზადებდა (მთაში, მოგეხსენებათ, სულ ხინკალია) და, რა თქმა უნდა, მიიპატიჟა. მე იქვე დავრბოდი, ვთამაშობდი. დედაჩემი ბებოს ეხვეწებოდა: გადაიღე, კიდევ გადაიღეო. სამი ხინკალი მივირთვი უკვე, დარეჯან, აღარ მინდაო. მოვუტრიალდი და ვეუბნები: რატომ იტყუები, ბაბო, სამი კი არა, ცამეტი ხინკალი ჭამე-მეთქი – თურმე, ვითვლიდი. ბებიას რეაქცია არ გაინტერესებს?! – ეს დიდი ოხერი ვინმე გაიზრდებაო.      

– ბავშვობაში რა გინდოდათ გამოსულიყავით?  

– რომ გითხრათ, ცეკას მდივნობა მინდოდა ან პრეზიდენტობა-მეთქი, ასეთი ოცნება არ მქონია. ჩემი მიზანი იყო, მომეწყო მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში და შემეგროვებინა ეგზოტიკური    ცხოველ-ფრინველები ზოოპარკებისთვის – ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და, ამის ნაცვლად, პოლიტიკურ ორფეხათა ზოოპარკში მოვხვდი.  

– ძალიან კარგად ხართ გარკვეული ასტრონომიაში. კიდევ რა საგანი გიყვარდათ სკოლაში?   

– გეომეტრია და ალგებრა არ მიყვარდა. გამოყენებითი მეცნიერებებიდან, ერთადერთი, ასტრონომია იყო ჩემი გატაცება, რომლისადმი სიყვარული დღემდე დამრჩა. ჩემი დილა როგორ იწყება, იცით? არც პოლიტიკა, არც პარტია არც არაფერი, შეიძლება, ტელევიზორიც არ ჩავრთო. შევდივარ სიახლეების საიტზე და ვნახულობ, კოსმოსში რა იპოვეს ახალი – ადამიანი ხომ კოსმოსის ნაწილია…

– ბატონო შალვა, თქვენს ოჯახში ყველა წერს, თან, ძალიან კარგად. თქვენ?            

– ჩემი პირველი პოპულარობის პრეცედენტი მეხუთე  კლასში შედგა. მაშინ იყო ასეთი გაზეთი – „ნორჩი ლენინელი”, რომელსაც, მგონი, „ნიუ-იორკ თაიმსზე” მეტი ტირაჟი ჰქონდა. იქ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა-ზღაპარი „მაპატიე, თოვლის პაპა”. წამოვიდა წერილები თანატოლებისგან საქართველოს ყველა კუთხიდან. ბევრი წერილი დღემდე მაქვს შენახული. ერთმა ბავშვმა, რომელიც კახის რაიონის სოფელ ითითალადან  იყო, ფერეიდნელები რომ იწერებიან მონატრებულ და სიყვარულით სავსე წერილებს,  ასეთი თბილი წერილი გამომიგზავნა და პასუხი არ გავუგზავნე, რასაც ახლაც კი ვნანობ. ამის კომპენსირება იმით გავაკეთე, რომ, როგორც კი საშუალება მომეცა, დიდი ბიბლიოთეკა შევაგროვე  და  საინგილოს ერთ-ერთი სოფლის სკოლას ჩემი ხელით ჩავუტანე.  

– ბავშვობაშიც ასეთი მტკიცე ხასიათი გქონდათ თუ მორჩილი იყავით? 

– არასდროს ვუცემივარ მშობლებს, სიტყვიერი შენიშვნით  შემოიფარგლებოდნენ – უბრალოდ, მეტყოდნენ, – თუ ამას გააკეთებ, იცოდე, კისერს  მოიტეხო და, მეც, დავფიქრდებოდი, დამეჯერებინა თუ არა. მე და ჩემს ძმას კონკურენცია გვქონდა კაკლის მურაბაზე. დედაჩემს ვპარავდით. უფრო სწორად, ჯერ ის იპარავდა, მერე ფაქტზე ამხილეს –  ჯიბის დანა დარჩენია კაკლების ამოსაღებად რომ იყენებდა. მერე მე დავიწყე მოპარვა და იმას ბრალდებოდა. მე უფრო ცივილიზებულად ვაკეთებდი: კოვზით ვიღებდი, მაგრამ, კოვზს იქ არ ვტოვებდი და, ქილას რომ აკლდებოდა, წყალს ვასხამდი. მაგრამ, მერე ის მურაბა მჟავდებოდა. ბოლოს გავიშიფრე.    

– მშობლები ადრე გარდაგეცვალნენ. წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა თქვენთვის მარტო ყოფნა, თუმცა, გზა მაინც გაიკვლიეთ ცხოვრებაში.    

– 14 წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა. მამაჩემი სასწაული ფიზიკური შესაძლებლობების კაცი იყო – ერთ დარტყმაზე ათ  კაცს აქცევდა. საოცრად დიდი ხელები ჰქონდა. 1953 წელს, როდესაც ლავრენტი ბერია დააპატიმრეს,  ჩვენი ოჯახი ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდა. მე ჯერ არ ვიყავი დაბადებული. როგორც იცით, სტალინმა თავის დროზე ჩეჩნები შუა აზიაში გადაასახლა. ბუნებრივია, ამ ხალხს წყენა ჰქონდა ქართველებზე  და იქ შეეცადნენ თავდასხმას ქართველებზე.  მამაჩემმა გადაარჩინა მთელი დასახლება. 21 წლის ვიყავი დედა რომ გარდაიცვალა. ათი წლის განმავლობაში გუდამაყრის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო.  რომ მოვიზარდე, ვხედავდი, რომ  ჩვენი სოფლის  კოლმეურნეობის თავმჯდომარეს კარგი სახლი, მანქანა, კარგი ცხოვრება ჰქონდა და დედას ვეუბნებოდი: კოლმეურნეობის თავმჯდომარე შენც ხომ იყავი, ფული რატომ ვერ იშოვე-მეთქი. მახსოვს, მითხრა: დღისით  რომ ვმუშაობდი, ღამით წითელარმიელებს წინდებს ვუქსოვდი და მოსაპარად არ მეცალაო.

– დედასაც კარგი იუმორი ჰქონია. ალბათ, მას ჰგავხართ. იცით, კიდევ რა მაინტერესებს? სულ პოლიტიკა, პოლიტიკა... და, რომანტიკა?! თუ, საერთოდ არ ხართ რომანტიკული?   

– რომანტიკული ყოველთვის ვარ, მაგრამ, ზედმეტად ყურადღებიანი არც შეყვარებულობის დროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, რადგან, მთიული ვარ, ასეთი ვიყავი და ასეთად დავრჩები. მთიული კაცი საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს მალავს.  

– სიმპათიური რომ ხართ, იცით? უფრო სწორად, ქალებს რომ მოსწონხართ? 

– ქალების ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი და, რომ იცოდეთ, ესეცაა ჩემი პოლიტიკური წარმატებების საფუძველი. ქალების მხარდაჭერისა და მათი ყურადღების გარეშე ერთი წამითაც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა.

– პირადი გრძნობების გარეშე ერთი წუთითაც ნუ მაცოცხლა ღმერთმა, – არა, ბატონო შალვა? არადა, ეს ოხერი პირადია თავგზას რომ უბნევს ამ ცოლშვილიან კაცებს.    

– არა, ცოლის მოტუება არასდროს მიცდია, არასდროს დამჭირვებია ტყუილი. ბელას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერულ წინსვლაში, წარმატებაში, ის ჩემთვის ყველაფერია.   

 

скачать dle 11.3