რით მიიქცია რუსული საზოგადოების ყურადღება ქართველმა „პრინცესამ,” – უმცროსმა ნანული შევარდნაძემ, მოსკოვის ყველაზე გლამულურ საღამოზე, ჟურნალ „ტატლერის” მიერ გამართულ მეჯლისზე
2013 წლის 21 ოქტომბერს ერთ-ერთმა რუსულმა სოლიდურმა გამოცემამ, ჟურნალმა „ტატლერმა” მოსკოვში, ძველი, ისტორიული სასახლის თაღებიან დარბაზში, ყოველწლიური მეჯლისი ჩაატარა. ეს გახლავთ სპეციალური პროექტი რუსული ელიტისთვის (იგივე ბომონდისთვის), რომელშიც ცნობილი მსახიობების, მოცეკვავეების, მომღერლების, მუსიკოსების, მხატვრების, ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების ოჯახებიდან ყველაზე ახალგაზრდა წევრები მონაწილეობენ. პირველივე წელს რუსულმა მედიასაშუალებებმა პროექტი წლის სოციალურ მოვლენათა სეზონის საუკეთესო პროექტად აღიარეს. წლევანდელმა დებიუტანტებმა მეჯლისისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყეს, რაც თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ გოგონებს კლასიკური „ვალსი” შეესწავლათ და მათთვის შეკერილიყო კაბები. დებიუტანტები მოსკოვის კავშირთა სახლთან „Maserati”-ის ტიპის მანქანებით, მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების – „Haute couture” და „Chanel”-ის ძვირფასეულობითა და ბრილიანტებით მორთულები მივიდნენ. დარბაზის შესასვლელამდე მათთვის გაფენილი იყო დიდი წითელი ხალიჩა. პატარა ქართველ „პრინცესას,” ედუარდ შევარდნაძის უმცროს შვილიშვილს, ნანულის, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა, Oscar de la Renta-ს ულამაზესი ვარდისფერი საღამოს კაბა ამშვენებდა. გოგონების გარეგნობაზე ზრუნავდნენ, აგრეთვე, მოსკოვის წამყვანი ვიზაჟისტები და სტილისტები.
ორი წლის წინ მეჯლისზე ვალერი მელაძის ქალიშვილი – ინგა მელაძე და მსახიობ არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი – ანასტასია გომიაშვილიც იღებდნენ მონაწილეობას. წლევანდელ მეჯლისზე 11 დებიუტანტი შეირჩა. ქართველებიდან გამოდიოდნენ მხატვარ კონსტანტინე თოთიბაძის 17 წლის ქალიშვილი და როგორც უკვე აღვნიშნე, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, 15 წლის უმშვენიერესი ნანული შევარდნაძე. საღამოს მთავარი მასპინძლები იყვნენ ჟურნალ „ტატლერის” მთავარი რედაქტორი ქსენია სოლოვიოვა და დირიჟორი ვლადიმირ სპივაკოვი. მეჯლისის მთავარი გმირი გოგონები ოცდამეერთე საუკუნის ცეკვას მეცხრამეტე საუკუნის მეჯლისის ტრადიციის ზუსტი დაცვით ასრულებდნენ. საღამოს დასასრულს დებიუტანტებმა თავიანთ მამებთან და ახლობლებთან ერთად ჩაიკოვსკის „ყვავილების ვალსი” იცეკვეს.
ტრადიციულად, დებიუტანტებს პარტნიორობას უწევდნენ დიდი თეატრის მსახიობები. წყვილებმა შეასრულეს ყველასათვის ცნობილი შტრაუსის „ვალსი” და ნაწყეტი ოპერიდან „ევგენი ონეგინი.” საღამოს მუსიკალურად აფორმებდა რუსეთის ეროვნული ფილარმონიული ორკეტრი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, დირიჟორ ვლადიმირ სპივაკოვის ხელმძღვანელობით. ეს მართლაც მშვენიერი საღამო გალა ვახშამით დასრულდა.
ნანული შევარდნაძე საფრანგეთში დაიბადა, რუსული არ იცის და, ამიტომ, საღამოზე კომენტარი ფრანგულად გააკეთა: „წარმოდგენაც არ მქონდა, რა მეჯლისი იყო. როდესაც მივხვდი, რომ მაინც მომიწევდა მოსკოვში გამგზავრება, დავიწყე ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება. ყველაფერი მომეწონა და წამოვედი. ბედნიერი ვარ, რომ აქ აღმოვჩნდი.”
ნანული პარიზში სწავლობს. უფროსი დის, სოფოს მსგავასად, მასაც იტაცებს ჟურნალისტიკა. წელს მან სტაჟირება საფრანგეთში, „ევროპა 1-ზე” გაიარა, თუმცა, ზუსტად ასევე იზიდავს მსახიობის პროფესიაც. მისი სამომავლო გეგმები ნიუ-იორკში გამგაზვრებასა და ჯულიარდის სკოლაში ან ლონდონში ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლას უკავშირდება. ჩვენ გულით ვუსურვებთ ნანული შევარდნაძეს გულის წადილის ასრულებას და ბედნიერ მომავალს!