რატომ ემართებათ „ტრამვაის კომპლექსი“ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ და რით ჰგვანან ერთმანეთს გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებები
დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დღემდე, აგერ უკვე მეოთხე თაობის (პირობითად) პოლიტიკოსებს ვაკვირდებით. მართალია, მათი ძირითადი ნაწილი კარგა ხანია, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე ტივტივებს, თუმცა შიგადაშიგ ახალი სახეებიც გამოერევიან ხოლმე. თვალშისაცემია, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან. მეორე მხრივ, მიიჩნევა, რომ განა იცვლებიან, უბრალოდ ძალაუფლება მათ ნამდვილი სახის გამოვლენის საშუალებას აძლევს. განსაკუთრებით ხელშესახებია, რომ იმას, რასაც ძალაუფლების დაუფლებამდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ, ძალაუფლების დაუფლების შემდეგ, ტკბილად ირგებენ. ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად მიმოვიხილავთ, რატომ აიძულებს ძალაუფლება ადამიანებს თავიანთი უარესი თვისებების გამოვლენას.
– ჩვენ თვალწინ იცვლებიან ადამიანები ძალაუფლების ხელში აღებამდე და ამის შემდეგ. ეს სახეცვლილება ბუნებრივია, ქართული პოლიტიკის თავისებურებაა თუ პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ფენომენია?
– ძალიან კომპლექსური კითხვაა და რთული პასუხგასაცემი…
– ერთად ვიმსჯელოთ.
– ვიმსჯელოთ... ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ ადამიანების ბუნება იგივე რჩება. შეიძლება, ვერ დაგეთანხმოთ, რომ მანამდე სხვანი იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდგ სხვანი გახდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში თითოეული მათგანის მოსახლეობასთან ურთიერთობის სტილი, დაპირებების სიუხვე და არარეალისტურობა, დაახლოებით ერთნაირი იყო. ოთხივე, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა თუ ივანიშვილის შემთხვევა, რაღაცნაირად მსგავსი იყო: თითოეულ მათგანს ახასიათებდა რადიკალური ცვლილება, რაც უახლოვდებოდა რევოლუციას. თუმცა მხოლოდ ერთს დაერქვა – ვარდების რევოლუცია, მაგრამ, თავისი სტილით, ყველა ნიშნავდა ძველის მოშორებასა და ახლით ჩანაცვლებას. ბუნებრივია, გამსახურდიას მოცილება უფრო სისხლიანი იყო.
– ხუნტადაც შეფასდა.
– დიახ, თუმცა ძალადობრივი იყო დანარჩენი სამიც, მაგრამ, ასე თუ ისე, ოთხივე შემთხვევაში იგულიხმებოდა ძველების გაყრა და ახლების მოსვლა. მეორე მსგავსება იყო ის, რომ ხშირად ამ რევოლუციური ცვლილებების უკან იდგა ქონების ხელახლა გადანაწილების იმპულსები. თითოეული ამ მოძრაობის მიზეზი იყო, რომ წინა ხელისუფლება მოეცილებინათ იმ ბერკეტებს, რითაც იმართებოდა მატერიალური დოვლათი. ანუ იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ ცდილობდნენ, მატერიალური სიმდიდრის გადანაწილება გაეხადათ ხელმისაწვდომი.
– ლოზუნგებითაც ჰგვანან ერთმანეთს.
– თითოეულის მოსვლა აგებული იყო დაპირებებზე. ამ დაპირებების ძირითადი ღერძი კი იყო აპელირება სიღარიბის აღმოფხვრაზე.
– მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ იმოქმედებდა არსენას პრინციპით: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“.
– მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავდნენ, მოსახლეობას ჰპირდებოდნენ იმ საბაზრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რაც სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს და აპელირება ხდებოდა იმაზე, რომ პანაცეა არის დემოკრატია და, თუ იქნება დემოკრატია, დაიძლევა სიღარიბე. როდესაც ადამიანებს ჰპირდები პრობლემების გადაჭრას, ფაქტობრივად, ჰპირდები, მე გადაგიჭრი პრობლემასო. ეს დაპირება კი, თავისი ბუნებით, ყალბია, რადგან ვერავინ ვერ გადაუჭრის ვერავის პრობლემას, თუ მანაც ხელი არ გაანძრია, მაგრამ მოსახლეობა იმდენად კარგად ემორჩილება მანიპულირებას, რომ, როგორც ცხვარი, ისე მიჰყვება ამ დაპირებებს. ერთი სიტყვით, მოსახლეობაც უწყობს ხელს ამგვარი ყალბი დაპირებების არსებობას პოლიტიკურ ბაზარზე. მოსახლეობაც ამ პროცესის თანამონაწილე ხდება. მოთხოვნა ასეთია: იყოს მდიდარი, ძლიერი ხელი.
კიდევ ერთი, ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი მომენტია ის, რომ ხელისუფლების თითოეული შეცვლა ნიშნავდა ვიღაცის მოცილებას: გამსახურდიას დროს მთავარი ლოზუნგი იყო, არა – კომუნისტებს; შევარდნაძის დროს, არა – ზვიადიზმს; სააკაშვილის დროს, არა – შევარდნაძეს, ანუ საქართველო შევარდნაძის გარეშე; ხოლო ივანიშვილის მოსვლის დროს ლოზუნგი იყო: საქართველო სააკაშვილის გარეშე. ანუ ყველა შემთხვევაში მოწოდება იყო არაზე, არა დადებითზე, არამედ – უარყოფითზე. ეს ნათლად გამოიხატა ახალი ხელისუფლების დაპირებებშიც. ძირითადად იყო სამართლიანობის აღდგენის დაპირება, ანუ არა – უსამართლობას. სინამდვილეში, ეს იყო სისულელე, რადგან როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა ქვეყანაში, რომელშიც სამართლიანობა არასდროს ყოფილა?! აღდგენა იმის შეიძლება, რაც ადრე იყო.
– ანუ სამართლიანობის დამკვიდრება იქნებოდა უფრო მართებული?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შემთხვევითი შეცდომა არ არის. აქ გათვალისწინებულია, რომ ხდება ცნებათა გაუფასურება, რომ ადამიანებს ტვინი აურიონ და ისინი ადვილად სამართავი გახადონ, ოცნებების ახდენა ავანტიურისტული იდეა იყო. როგორ აგიხდენს ოცნებას სხვა?! ჯადოსნური ჯოხი აქვს თუ როგორ?! ანუ ყველა ერთნაირად იტყუებოდა.
– თუმცა მაკიაველი ჯერ კიდევ როდის ასწავლიდა პოლიტიკოსებს, რაც შეიძლება მეტად და უტიფრად მოატყუეთ ხალხი, რაც უფრო რთულად დასაჯერებელია ტყუილი, მით უფრო დაგიჯერებენო.
– მაკიაველი ფეოდალურ სისტემაში მოღვაწეობდა, აქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, თუმცა მართალი ხართ, მაკიაველიდან მოდის ეს და შესაძლებელია, ამგვარი ანალოგიაც.
– ოღონდ მე არ ვიცი, მაკიაველის კითხვით იკლავენ თავს და ასე უსიტყვოდ უჯერებენ თუ თვითონ გრძნობენ ზურგის ტვინით, რომ ასეთი ტაქტიკა მომგებიანია.
– მაკიაველიზმი ცნობილი ფენომენია. ფსიქოლოგიაში არსებობს „მაკიაველიზმის“ ტესტიც კი. ლაპარაკია ისეთი ტიპის ურთიერთობაზე, როდესაც ადამიანი არის საშუალება, როდესაც ადამიანისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებაა. მაკიაველმა გააჟღერა, თორემ კაცობრიობას ყოველთვის ახასიათებდა ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულება.
– ადამიანი, ზოგადად, გამომყენებელი არსებაა, მთელ სამყაროს იყენებს სათავისოდ და მეორე ადამიანს რატომ არ გამოიყენებს?
– საინტერესოა, ეს იმ ეპოქაში შემოვიდა, როდესაც ქრისტიანობა ძალიან ძლიერი იყო. ქრისტიანობაში კი მომხმარებლური დამოკიდებულება ცოდვად ითვლება, აქცენტი უანგარო სიკეთეზეა. ეს ცოტა რთული თემაა. ისევ კონკრეტულად ჩვენს თემას რომ მივუბრუნდეთ: ჩამოვთვალეთ რამდენიმე თვისება, რითაც ოთხივე ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავდა, შესაბამისად, შედეგებიც მსგავსი იყო. მოდის ერთი ხელისუფლება და იწყება კორუფციის ახალი ეპოქა. შევარდნაძის დროინდელი კორუფცია მოხსნა სააკაშვილმა და გადავიდა ელიტურ კორუფციაზე. ერთი მაგალითი მოვიყვანე, თორემ ეს ყველა მათგანს ახასიათებდა. სხვათა შორის, ამით გასული საუკუნის 70-იან წლებსაც ჰგავს, იმიტომ რომ, შევარდნაძემ მოსვლისთანავე მოსპო მჟავანაძის ტიპის კორუფცია და ჩამოაყალიბა ახალი კორუფცია – მიწერები, რითაც უამრავი ფული კეთდებოდა ჰაერზე, ქაღალდებით, დღეს რომ ფულის გათეთრებას უწოდებენ.
– ერთხელ მითხრეს: საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც, მაგალითად, ხორცზე ისე კეთდებოდა ფული, რომ ხორცი ფიზიკურად არ იყოო.
– დიახ, ეს მოხდა შევარდნაძის დროს. ანუ ყველას მოჰქონდა თავისი კორუფცია, ესენიც ამ ტალღაზე მოვიდნენ: მოსახლეობას დაჰპირდნენ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია, მაგრამ ამით ხელში იგდებენ მატერიალური დოვლათის მართვის სადავეებს.
– წინა ხელისუფლების დროს ხელმისაწვდომი არ იყო ინფორმაცია ხელფასებსა და პრემიებზე, მაგრამ შესაძლებელი იყო მეტ-ნაკლებად მიახლოებული ციფრის დადგენა ჩინოვნიკთა დეკლარაციებითა და ბიუჯეტის მეშვიდე თავის მეშვეობით. ახლებმა ის გაბერილი სახელფასო ბადე კი არ შეცვალეს, არამედ, დააკანონეს. ანუ შეირგეს ის, რაც ხელისუფლებაში მოსვლამდე არ მოსწონდათ. გარეგნული ფორმის დაცვის სურვილიც კი რატომ უქრებათ, როგორც კი სკამზე დასხდებიან?
– მათ დააკანონეს ის, რაც სააკაშვილის დროს ბოლომდე დაკანონებული არ იყო. ამათ ადვილად დასანახავი გახადეს ის, რაც მანამდე ასე მარტივი არ იყო. სხვათა შორის, კორუფციის ელემენტები ახლებმა წინასაარჩევნო კამპანიისთანავე გამოაჩინეს: ივანიშვილმა მილიონები დაურიგა.
– მე ეს ცოტა სხვაგვარად აღვიქვი: რომ არ დაერიგებინა, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა. სწორედ იმის გამო აგებდა ოპოზიცია, რომ არ ჰქონდა ფული. ასე რომ, პირადად მე, ეს შევაფასე, როგორც მეტ-ნაკლებად თანაბარი სასტარტო პოლიტიკური პირობების შექმნა.
– თუმცა არ იყო აუცილებელი ძვირად ღირებული „ჯიპები”, ესეც თავისებური გარყვნა იყო ხალხის. ამას თავი დავანებოთ. იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების დროს უკვე კორუფციის ელემენტები შემოვიდა. თქვენ მკითხეთ: ეს ქართული ფენომენია თუ ზოგადი? ჩემი აზრით, ასეთია ადამიანის ბუნება და, ამდენად, ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი. თითოეული ადამიანი მიისწრაფის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მაგრამ პოლიტიკოსებთან არის კიდევ ერთი მომენტი: ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნიშნავს, რომ ეს ძალაუფლება უნდა მოხმარდეს მატერიალურ კეთილდღეობას და არა ქვეყნის წინსვლას, მათთვის ეს ილუზორულია. არის კიდევ ერთი მომენტი: უცვლელი დარჩა მანკიერი დამოკიდებულება რეალობისადმი. აშკარად აცხადებენ: ინვესტორი უნდა შემოვიყვანოთ. ანუ ეძებენ სხვა, ძლიერ მფარველს. ლაპარაკია ფინანსურ მფარველზე. აქედან გამომდინარეობს ისეთი ფირმების ძიების სურვილი, რომლებიც ააშენებენ ხუდონჰესს და დიდ პროექტებს დააფინანსებენ. ინვესტორებს, რომლებსაც თავიანთი ინტერესი აქვთ და არ დაგიდევენ ქართული ინტერესების დაცვას.
– რატომ უნდა დაგიდევდნენ?
– დიახ, ანუ დამოკიდებულებაა, საქართველოს ვყიდი იმ გაგებით, რომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს, მთავარია, ფული შემოვიდეს. დამოკიდებულების ეს მოდელი დღემდე მოქმედებს. შევარდნაძემ, როდესაც უსაყვედურეს, სულ დახმარებებს რატომ ეძებო, უპასუხა, მუხლის ჩოქზეც დავდგებიო. ანუ, პირიქით, მიაჩნდა, რომ ამგვარი დამოკიდებულება მას ღირსებას ჰმატებდა. აბა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფალმა თავისი ქვეყნისთვის, თუ არა ის, რომ შემოიტანოს ვიღაცის ფინანსები ქვეყანაში, რომელსაც ეს ფინანსები თავისი ინტერესებისთვის შემოაქვს. ანუ ქვეყანა ორიენტირებულია არა თვითკმარობაზე, არამედ, ინვესტორის სურვილების დაკმაყოფილებაზე. ინვეტსორს ეძებს ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ვითომ ქვეყანას რგებს, სინამდვილეში კი, ინვესტორს აკმაყოფილებს. ინვესტორების ფული კი, როგორც წესი, ძლიერთა ამა სოფლისათა ჯიბეებში ილექება.
– ეგრეთ წოდებული ტრამვაის სინდრომი, როდესაც გადაჭედილ ავტობუსში ცდილობ ასვლას და იბრძვი, მაგრამ, ახვალ თუ არა, აღარ ზრუნავ მათზე, ვინც მანამდე შენთან ერთად იბრძოდა ტრანსპორტში მოსახვედრად. რატომ ვეღარ ამჩნევენ პოლიტიკოსები სკამზე მოკალათების შემდეგ იმას, რასაც დასხდომამდე მკაფიოდ ხედავდნენ?
– ეს ცალკე თემაა, შეიძლება, ხედავენ კიდეც, მაგრამ აღარ აინტერესებთ. როდესაც ჩანდა, მაშინაც არ აინტერესებდათ, აინტერესებდათ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დაპირება გაეცა და ხელისუფლებაში მოსულიყო. ეს ხომ რიტუალია?! მე თვითონაც ვიღებდი მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესში და ვიცი, რაც არის: ყველა ეძებს თემას, განსაკუთრებით, სოციალურს. არიქა, ავსახოთ წინასაარჩევნო კამპანიაშიო. ამის მიზეზია პრაგმატულობა, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ხმა მიიღო და არა ის, რომ ვინმეს დაეხმარო. ეს არც მანამდე აინტერესებთ და არც შემდეგ. ჩვენი საზოგადოება არ არის ორიენტირებული ადამიანზე. ეს არის საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოზეა ორიენტირებული. ადამიანია სახელმწიფოსთვის და არა სახელმწიფო ადამიანისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრების დონე ყოველთვის დაბალი უნდა იყოს და ის უნდა შეეწიროს სახელმწიფოს სიძლიერეს.
– ანუ ხელისუფლებაში მყოფთა ბედნიერებას.
– დიახ, იმიტომ რომ, სახელმწიფო არის სახელმწიფო აპარატი.
– ერთი მგლისკენო: ჩემი აზრით, იმ ადამიანთა კრიტიკული მასა, რომლებიც ხელისუფლების მიღმა არიან, ოცნებობს, მხოლოდ იმიტომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ საფუძვლიანად დანაყრდეს და ფული იშოვოს. აი, ეს მგონია, პირადად მე მთავარი პრობლემა.
– ცხადია, ჩინოვნიკად შედგომა ბიზნესის დაწყების ფორმაა.
– ეყოფა ამდენ მსურველს გასაძღომად ეს ერთი ციდა, ღარიბი ქვეყანა? გამოსავალი რა არის?
– გამოსავალი არსებობს, მაგრამ ამისთვის ვექტორი უნდა შეიცვალოს და სახელმწიფო გახდეს ადამიანისთვის და არა – პირიქით. ეკონომიკურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ხელი უნდა შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას. მცირე ბიზნესის განვითარება ნიშნავს, რომ ადამიანთა დიდი რაოდენობა ჩაებმება ამაში და შეიქმნება საშუალო კლასი. თუ 70 პროცენტი მაინც არ იქნა საშუალო ფენა, ვერ შედგება სამოქალაქო საზოგადოება. ღარიბი კაცი სამოქალაქო საზოგადოებას ვერ შექმნის. ჩვენთან რეგულაციები სჭარბობს სტიმულაციებს, რაც არასწორია. აი, ეს არის ხსნა, მაგრამ ეს უპირისპირდება ხელისუფლების ჩანაფიქრს, რადგან ხელისუფლების ჩანაფიქრია მსხვილი პროექტები: ანაკლია, ხუდონჰესი და ასე შემდეგ; ორიენტაცია მსხვილ ინვესტორზე, არადა, მსხვილი ბიზნესი, მაქსიმუმ, 10 ადამიანს თუ გაამდიდრებს, მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საშუალო ფენის და თვითკმარი საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს.