რატომ არის ევროპისთვის უფრო მომგებიანი გაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტრანსპორტირება და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოზე გამავალ შაჰდენიზის მილსადენს რუსეთის ენერგოიმპერიის გასანეიტრალებლად
იმ მარტივი მიზეზით, რომ ბუნებრივი აირია ერთ-ერთი ფაქტორი, რის წყალობითაც რფ-ს ევროკავშირი, უხეშად რომ ვთქვათ, „გამოჭერილი“ ჰყავს, სავსებით ბუნებრივია, რომ ეს უკანასკნელი ალტერნატიულ მომწოდებელსაც ეძებს და ალტერნატიულ გზებსაც. ერთ-ერთი ასეთი გზა საქართველოზეც გადის, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი, შაჰდენიზის მილსადენი უკვე დატვირთულია და აზერბაიჯანულ გაზს თურქეთის გავლით ევროპისკენ ატარებს. ამ მილსადენს რომ თურქმენული გაზიც შეუერთდეს (რომელსაც ამჟამად სრულად აკონტროლებს რუსეთი), აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, კერძოდ, კასპიის ზღვიდან (საიდანაც აწარმოებს ბურღვას აზერბაიჯანის შაჰდენიზისთვის), სულ რაღაც, 100-კილომეტრიანი მილის დამატება სჭირდება.
დღეისთვის მოძიებული ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების რაოდენობა 184,48 ტრილიონი კუბური მეტრია, რომელიც 20 წამყვან ქვეყანაში (166,78 მილიონი კუბური მეტრი) შემდეგნაირადაა გადანაწილებული: რუსეთი – 47, 57 ტრილიონი კუბური მეტრი, ირანი – 29,61 ტრილიონი კუბური მეტრი; ყატარი – 25,78 ტრილიონი კუბური მეტრი; გაერთიანებულ არაბთა საემიროები – 6,07 ტრილიონი კუბური მეტრი; საუდის არაბეთი – 7,46 ტრილიონი კუბური მეტრი; ამერიკის შეერთებული შტატები – 6,92 ტრილიონი კუბური მეტრი; ალჟირი – 4,5 ტრილიონი კუბური მეტრი; ვენესუელა – 4,99 ტრილიონი კუბური მეტრი; ნიგერია – 5,25 ტრილიონი კუბური მეტრი, თურქმენეთი – 7,5 ტრილიონი კუბური მეტრი; ერაყი – 3,17 ტრილიონი კუბური მეტრი; ინდონეზია – 3 ტრილიონი კუბური მეტრი; ყაზახეთი – 2,41 ტრილიონი კუბური მეტრი; მალაიზია – 2,35 ტრილიონი კუბური მეტრი. დანარჩენებში – უზბეკეთში, კანადაში, ნიდერლანდებში, ქუვეითში, ჩინეთსა და მექსიკაში თავმოყრილია გაზის მსოფლიო მარაგების 6 პროცენტი. მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყანაში კი – 9,7 პროცენტი.
რაც შეეხება საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობას: ის წლიურად, დაახლოებით, 1,6 მილიარდ კუბმეტრს შეადგენს. ცნობისთვის, მაქსიმალური რაოდენობის გაზი საქართველომ 1988-1989 წლებში მოიხმარა, წლიურად – 6,5 მილიარდი კუბმეტრი. საქართველოს სატრანზიტო მომავლის დეტალებს საინჟინრო და ენერგეტიკული აკადემიის აკადემიკოსი დავით ელიაშვილი განგვიმარტავს.
– აშკარაა, რომ ბუნებრივი აირის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ევრაზიის აზიურ ნაწილში. მსხვილი მფლობელი კი რუსეთია. როგორ შეძლებს ასეთ ფონზე ევროპა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას?
– ყველასთვის ცნობილია, რომ, თუ არ ჩავთვლით ირანში, აფრიკასა და ევროპაში ამჟამად არსებულ მცირე საბადოებს, ევრაზიის კონტინენტის გაზით მომარაგება, ძირითადად, ხორციელდება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რუსეთში, ასევე, შუა აზიასა და ჩრდილოეთის ზღვაში არსებული გაზის საბადოებიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სამომავალო პერსპექტივები და მოქმედი საბადოების ალტერნატივები, რომლებიც განთავსებულია შედარებით მცირე რეგიონში, სადაც არსებობს გაცილებით უკეთესი გარემო მათი მოპოვება-ტრანპორტირებისთვის. დღეისთვის ასეთი რეგიონია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია – ახლო და შუა აღმოსავლეთი. ამ რეგიონის ქვეყნებში – ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი, გაერთიანებული არაბული საემიროები, იემენი, ომანი, ქუვეითი, ყატარი და სხვა – დაძიებული ბუნებრივი აირის მარაგი სჭარბობს რუსეთის ტერიტორიაზე დაძიებულ მარაგებს.
კერძოდ, თუ რუსეთში დღეს დაძიებულია 47,57 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ზემონახსენებ რეგიონში დაძიებული მარაგის რაოდენობაა 77 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც 29,18 ტრილიონი კუბური მეტრით სჭარბობს რუსეთის მარაგებს.
– როდესაც ამბობთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის უკეთესი პირობებია, რას გულისხმობთ?
– დიახ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამხრეთელი მომპოვებლები გაცილებით მომგებიან პირობებში იმყოფებიან. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს რუსეთი და სამხრეთ-დასავლეთი აზია. რუსეთის ტერიტორია მოიცავს 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, რომელშიც ცხოვრობს 150 მილიონი ადამიანი. რუსეთში წელიწადში 500 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება მიმდინარეობს, მაგრამ თავადვე მოიხმარს მოპოვებული ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, ამიტომ იძულებულია, ექსპორტისთვის საჭირო გაზი, 130 მილიარდი კუბური მეტრი, შეიძინოს თურქმენეთისა და ყაზახეთისგან. თუ გავითვალისწინებთ ევროპის მზარდ მოთხოვნილებას ბუნებრივ აირზე, რუსეთს ევროპის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოუწევს ან წელიწადში თავისი მოპოვების 50-60 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდა, ან შესყიდვის გაზრდა. რაც მთავარია, რუსეთს სჭირდება როგორც მოპოვებული, ისე შეძენილი გაზის ტრანსპორტირება ექსპორტისთვისაც და საკუთარი მოხმარებისთვისაც 4 500-6 000 კილომეტრზე. თითოეული მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირის ყოველ 100 კილომეტრზე გადატანას კი, ხმარდება 6,7 ათას კუბმეტრ ბუნებრივ აირამდე.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა უპირატესობა გააჩნია რუსეთის კონკურენტ რეგიონს? მართალია, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ჯერჯერობით მოპოვების მაჩვენებელი დაბალია, დაძიებულ მარაგთან შედარებით, რომელიც, როგორც გითხარით, რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,18 ტრილიონი კუბური მეტრით აღემატება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოპოვება ყოველწლიურად გაიზრდება. რაც მთავარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორია მოიცავს 4,5-ჯერ ოდნავ მეტ მილიონ კვადრატულ კილომეტრს, ანუ რუსეთზე 4-ჯერ მცირე ტერიტორიას, სადაც 73,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთის მოსახლეობაზე 2-ჯერ ნაკლები. ამ ფაქტორებს თუ კლიმატურ პირობებსაც დავუმატებთ და ენერგეტიკისა და მრეწველობის განვითარების დონეს, გამოდის, რომ მათ თავიანთი მარაგების მხოლოდ 30 პროცენტი ეყოფათ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, 70 პროცენტის ექსპორტზე გატანას შეძლებენ.
– რუსეთი ჯერჯერობით ევროპას წელიწადში 130 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, რამდენის მიწოდება შეუძლია ევროპისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონს?
– ამ რეგიონს წელიწადში 400 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების პერსპექტივა აქვს, რაც 3-ჯერ მეტია რუსეთიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირზე. იმას გარდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპის მიმართულებით გაზის საექსპორტო მიწოდება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე რუსეთიდან.
– ჩვენ, ცხადია, დაინტერესებულები ვართ ევროპის ალტერნატიული გაზმომარაგებით, მაგრამ საქართველოს რა როლის შესრულება შეუძლია ამ პროცესში?
– დღეისთვის გამოკვეთილია შავი და კასპიის ზღვის დასავლეთი და სამხრეთი რეგიონების მკვებავი არტერიების განვითარების რეალური სახე. რუსეთიდან 1986 წლიდან წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენი მიემართება ევროპისკენ თურქეთის გავლით; მეორე ეს არის ექსპლუატაციაში 2002 წლიდან შესული „ცისფერ ნაკადად“ წოდებული გაზსადენი, რომელიც წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ატარებს რუსეთიდან თურქეთში მიმავალი შავი ზღვის ფსკერზე; იმავე მაგისტრალთანაა მიერთებული 2001 წლიდან ირანიდან მომავალი გაზსადენი – წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის. ამავე სისტემებს 2007 წლიდან მიუერთდა შაჰდენიზი-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის სიმძლავრე ჯერჯერობით შეადგენს 7,3 მილიარდ კუბმეტრს წელიწადში.
– ოღონდ ჯერჯერობით შაჰდენიზის მილში მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი გადის.
– ამ ახალ მილში გაზის პირველი მიმწოდებელი არის აზერბაიჯანი, თუმცა შემდეგ მას უნდა დაემატოს ყაზახეთი და თურქმენეთი.
– რომელთაგანაც რუსეთი ამჟამად თავად ყიდულობს გაზს, რომ ევროპას მიაწოდოს.
– დიახ. ასევე, ამ მილთან მიერთების სურვილი გამოთქვა ირანმაც, ის რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი აირის დაძიებული მარაგებით, თუმცა ამისთვის საჭირო გახდება გაზსადენის წარმადობის გაზრდა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე. პერსპექტივაში რეგიონის სისტემაში თავმოყრილი გაზსადენების სიმძლავრე, თუ არ ჩავთვლით ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნებს, შეადგენს 65 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში.
– უზრუნველყოფს ჩვენს გაზმომარაგებას აზერბაიჯანის მარაგები?
– დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგება მთლიანადაა დამოკიდებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენების სისტემით მოწოდებულ გაზზე, რომელიც საქართველოში ცალ-ცალკე გაზსადენებით შემოდის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე „ბი პის“ მფლობელობაში არსებული შაჰდენიზის საბადოდან. ტრანზიტით გაზის მოწოდება-მიღება, ასევე, შესაძლებელია ირანიდან, აზერბაიჯანის გაზსადენების მეშვეობით. თუმცა აზერბაიჯანის სადღეისო რესურსების და გაზსადენის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ მომავალი 1-2 წლის განმავლობაში მთლიანად დაკმაყოფილდეს საქართველოს მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე და უზრუნველყოფილი იქნას გაზის სტაბილური მოწოდება.
– ეს არის კითხვათა-კითხვა: ჩვენ ამჟამად რა ფასად ვიღებთ ბუნებრივ აირს?
– აზერბაიჯანთან და „ბი პისთან“ დადებული ხელშეკრულებით, შაჰდენიზის საბადოს საპროექტო მონაცემები და საქართველოსთვის გაზის მოწოდების სახელშეკრულებო პირობები შემდეგნაირია: პროექტის პირველადი სიმძლავრე შეადგენს 7,3 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში. წლების მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია გაზის მოპოვების ზრდა. პირველი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეეძლო, შაჰდენიზის საბადოს გაზის შეძენა წელიწადში 200-400 მილიონი კუბმეტრის მოცულობით, ხოლო მეოთხე წელს, შესაბამისად, 500 მილიონი კუბმეტრი შეღავათიან ფასში – 55 დოლარს პლუს ამ თანხის 1,5 პროცენტი ყოველწლიურად და ამჟამად ამ 500 მილიონი კუბმეტრის საფასურია 60 ამერიკული დოლარი. გატარებული ბუნებრივი აირის 5 პროცენტი უფასოდ გვრჩება, მიწის რენტის სანაცვლოდ. დანარჩენი 500 მილიონი კუბმეტრიც უფასოსავით გამოგვდის. ამას გარდა, დანარჩენ გაზს ვყიდულობთ აზერბაიჯანის სხვა საბადოებისგან, უკვე აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან და არცთუ ძვირად – 160 ამერიკულ დოლარად 1 000 კუბმეტრს. თუმცა ვფიქრობ, ფასი არც ისე დაბალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანული მხარე თავისუფლად იყენებს ჩვენს ტერიტორიას.
– ჩემთვის გაუგებარია, რატომ იკრიბება ეს ჩვენი გაზი – როგორც ფასიანი და უფასო, ისე შეღავათიან ფასად შეძენილთან ერთად – „სოკარში“ და შემდეგ ის ანაწილებს და ადგენს შეწონილ ტარიფს. მსმენია, რომ თითქოს აზერბაიჯანული გაზი რუსულ გაზზე ნაკლები თბოუნარიანობით ხასიათდება და არაეკონომიურია...
– საერთოდ, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გაზი გაცილებით მეტად კალორიულია, ვიდრე ჩრდილოური.
– ანუ აზერბაიჯანული რუსულზე კალორიულია?
– რა თქმა უნდა. 1 000 კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზის თბოუნარიანობა 7 800-დან 8 200 კილოკალორიამდეა. მაგალითად, როდესაც ირანის გაზს ვიღებდით, მართალია, მაშინ თბილისამდე ვერ მოვიტანეთ, ამიტომ აზერბაიჯანს ვაწვდიდით და ისინი ელექტროენერგიას გვაწვდიდნენ, 9 750 კილოკალორია იყო ირანული გაზის თბოუნარიანობა, ამიტომ ისინი თავიანთ გაზს კუბმეტრებით კი არ ყიდიან, არამედ კილოკალორიებით. როდესაც გაზი შემოდის, მოწმდება მისი ხარისხი, ანუ კალორიულობა მარეგულირებელ-გამზომ კვანძში, სადაც აღირიცხება არა მხოლოდ ის, რამდენი კუბმეტრი გადმოდის დღე-ღამესა თუ თვეში, არამედ – თბოუნარიანობაც.
– ირანისგან ამჟამად ვინ იღებს ბუნებრივ აირს?
– თურქეთი. თურქეთი გაზს იღებს ირანიდანაც, რუსეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც.
– ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ შაჰდენიზი გადის.
– დიახ, თან, გაითვალისწინეთ, კასპიის ზღვის სიღრმე 60-80 მეტრია, მაშინ, როდესაც შავ ზღვაში მილები 2,5 კილომეტრზეა ჩაყრილი. შუა ნაწილში კი შავი ზღვის სიღრმე 4 500 მეტრია.
– შაჰდენიზის მილსადენი კარგა ხანია, მუშაობს, მაშინ რატომ აღინიშნა ზარ-ზეიმით ეს პროექტი კიდევ ერთხელ ბაქოში?
– იმიტომ რომ ბაქომ გაზის მოპოვება დღეში 3 მილიონ კუბმეტრამდე გაზარდა. გადააჭარბა იმ რაოდენობას, რაც დაგეგმილი იყო. ჭაბურღილი, საიდანაც შაჰდენიზის მილში მოედინება ბუნებრივი აირი კასპიის ზღვის შუაშია, ნაპირიდან 100 კილომეტრში, ანუ, სულ რაღაც, 100-კილომეტრიანი მილის დამატება სჭირდება, რომ თურქმენეთის გაზი მიუერთდეს, რაც რამდენიმე თვის სამუშაოა.
– რუსეთს თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მიაქვს გაზი, რომ ევროპას მიაწოდოს, პოლიტიკურად რამდენადაა შესაძლებელი შაჰდენიზის მილსადენისთვის თურქმენული და ყაზახური გაზის მიერთება?
– ბუნებრივია, მუშაობს რუსეთის ზეგავლენა თურქმენეთსა და ყაზახეთზე. მათ აწყობილი აქვთ ურთიერთობა, შემოსავალს იღებენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ექნებათ ეს შემოსავალი რუსეთიდან თუ შაჰდენიზის პროექტიდან. თან, რუსეთისადმი ლოიალობა სისხლში აქვთ გამჯდარი. ამიტომ არ მიდიან გამწვავებაზე. რუსეთს მათთვის ისეთი სანქციების დაწესება შეუძლია, რაც დააზარალებს თურქმენეთსაც და ყაზახეთსაც.
– აზერბაიჯანის მიერ შაჰდენიზის მილსადენით მიწოდებულ გაზს რა წილი უჭირავს ევროპის გაზმომარაგებაში?
– ძალიან მცირე, მაგრამ ამ პროექტის პოლიტიკური დატვირთვა და პერსპექტივაა მეტი.